"თოვლის ბაბუ, გთხოვ, ჩემს ქვეყანაში სიმშვიდე მოიტანო, ქართველები შეგვარიგე" - ცნობილთა საახალწლო ნატვრები
ახალი წლის მოახლოებისას სასწაულის მოლოდინი მძაფრდება...
წელიწადში არის მხოლოდ ერთი დღე, როცა ნებისმიერ ჩვენგანს შეგვიძლია, სურვილები ფურცელზე ჩამოვწეროთ და თოვლის ბაბუას გავუგზავნოთ. ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს, ეს კეთილი მოხუცი აუცილებლად გვესტუმრება.
"ეს წერილი სულ მემახსოვრება"
გიორგი ძოწენიძე, მომღერალი:
- თოვლის ბაბუის არსებობის 10-11 წლამდე მჯეროდა (იცინის). ეს ოჯახის, უფრო ზუსტად კი, დედის დამსახურება იყო, მას ჰქონდა ჩემთვის ასეთი ზღაპრული გარემო შექმნილი. ჩემი ძმა 4 წლით უფროსია. ერთხელ მან თოვლის ბაბუაზე რაღაც ცუდი მითხრა და ისე გავბრაზდი, სერიოზულად ვეჩხუბე.
- რადგან მისი არსებობის გჯეროდა, ალბათ წერილებსაც სწერდი, არა?
- ყოველთვის. ერთხელ თოვლის ბაბუა ჩემთან სახლში მოვიდა, რომ ვნახე, დღემდე მახსოვს ის ემოცია (იცინის), იმდენად ძვირფასი იყო. წერილების წერის პროცესი ნაკლებად მახსოვს, მაგრამ მახსოვს ყველა სათამაშო, რომელიც ჩემთვის ყოველ ახალ წელს მოჰქონდა. სხვათა შორის, მის მიერ ნაჩუქარ სათლში ჩაყრილი სათამაშო „კუბიკები“ დღემდე მაქვს და ახლა ზოგჯერ ჩემი შვილი თამაშობს. რამდენიმე „კუბიკი“ აკლია, დაკარგულია, მაგრამ მაინც ძვირფასი რელიკვიაა და ვინახავთ.
- გიორგი, შენი მეორე შვილი ჯერ პატარაა, მაგრამ უფროსი გოგონასთვის თუ ცდილობ, შექმნა თოვლის ბაბუის ზღაპრული გარემო?
- რა თქმა უნდა, ვცდილობ, რადგან ვთვლი, ეს ყველა ბავშვისთვის აუცილებელია. ჩემი ბავშვობის ის ნაწილი, როცა თოვლის ბაბუის არსებობის მჯეროდა, როცა მისი მოლოდინი მქონდა, იმდენად ტკბილად მახსენდება, ყველა ბავშვს სჭირდება, დაიჯეროს კეთილი ბაბუaს არსებობა, მისი განვითარებისთვის, კეთილ ადამიანად ჩამოყალიბებაში ეს "თამაში" გარკვეულ როლს ასრულებს.
- ახლა თოვლის ბაბუას რას სთხოვ?
- წერილი დავწერო? სიამოვნებით (იცინის). ეს წერილი სულ მემახსოვრება.
"თოვლის ბაბუ!
ჩემო ძვირფასო, ახლა ბავშვობის წლებისგან სრულიად განსხვავებული სურვილები მაქვს. თუ მხოლოდ ერთი და ყველაზე გულწრფელი სურვილი გაინტერესებს, გთხოვ, ჩემს ქვეყანაში სიმშვიდე მოიტანო, ქართველები ერთმანეთს შეგვარიგე. ახლა ამაზე მეტად მართლა არაფერი მინდა, ღმერთთანაც ესაა ჩემი სათხოვარი. მადლიერი ვარ, რომ კარგი ოჯახი მყავს, მეუღლე და შვილები მაბედნიერებენ, ვაკეთებ საქმეს, რომელიც დიდ სიამოვნებას მანიჭებს, თითქოს სხვა რაღა უნდა მინდოდეს? მაგრამ ამ წერილს რომ ვწერ, თამუნა მეუბნება, საერთო სურვილთან ერთად, პირადად შენთვის რას სთხოვო? ამ წერილს მას ვატან და რადგან ასეა, თოვლის ბაბუ, ჯერ აუხდენელ ერთ სურვილსაც გაგიმხელ: ბავშვობაში სათამაშო ლამბორგინი მყავდა, თან რამდენიმე. დიდი ხანია სურვილი მაქვს, ერთი, ოღონდ ნამდვილი ლამბორგინი მყავდეს და რა ვიცი, აბა, დავწერ მაინც, ახლა ჩუქებას თუ ვერ მოახერხებ, წლების შემდეგ თავად მაინც ვიყიდი.
ძალიან მიყვარხარ!
შენი გიორგი ძოწენიძე".
- გიორგი, ახალ წელს უჩვეულო გარემოში შეხვედრიხარ?
- კი, ბევრჯერ შევხვედრივარ. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო, როდესაც სხვის სახლში ახალ წელს, როგორც თოვლის ბაბუა, ისე შევხვდი. მაშინ 18 წლის ვიყავი და ეს ჩემი პირველი სამსახური იყო. გამოძახებაზე ვიყავი, ერთ პატარა ბავშვს გული გავუხარე, ვუმღერე, ერთად ვიცეკვეთ, მერე მამამისთან ერთად 2 ჭიქაც დავლიე (იცინის) და სახლში წამოვედი.
- ყველა ოჯახშია წინასაახალწლო სამზადისი, თავად ამ პროცესში რამდენად ხარ ჩართული?
- ყოველთვის ჩართული ვარ, რადგან ეს პროცესი დიდ სიამოვნებას მანიჭებს: კერძების მომზადებაც მეხერხება, ნაძვის ხის მორთვა, სახლის გალამაზება, საჩუქრების შერჩევა. ანიტას თოვლის ბაბუისთვის წერილს ვაწერინებ და ეს ტრადიციული ფუსფუსი ძალიან მომწონს.
- არის კერძი, რომელსაც დამოუკიდებლად ამზადებ?
- დამოუკიდებლად არაერთი კერძის მომზადება შემიძლია, ეს საქმე ვიცი, მაგრამ ახალი წელი მაინც ისეთი დღესასწაულია, უმჯობესია, ყველა კერძის მომზადებას ჰქონდეს საოჯახო სახე, ჩემთვის ეს ერთობლიობაც ძალიან სიმბოლურია.
- გარდა იმ მთავარი მოვლენისა, რომ 2024 წელს მამა მეორედ გახდი, ეს წელი კიდევ რით იყო დასამახსოვრებელი?
- წელს ბევრი კარგი რამ მოხდა, ჩემი ჯგუფისთვის წარმატებული წელი იყო, ბევრი კარგი კონცერტი გვქონდა, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი და რაც მთავარია, ამ წლის მთავარი შეხვედრა მქონდა ჩემს მეორე შვილთან.
"ახალი წელს პლაჟზე შევხვდი"
დოდონა ნამორაძე, მომღერალი:
- ახალი წელი ის დღესასწაულია, რომელიც გამორჩეულად მიყვარს. 5-6 წლამდე თოვლის ბაბუის არსებობის მჯეროდა. წერილი ერთადერთხელ მაქვს დაწერილი, მაშინ კახეთში, ბებოსa და პაპასთან ერთად ვიყავი. ბებომ მითხრა, წერილი დაწერეო. მივწერე, ძალიან ნუ შეწუხდებით (თქვენობით ველაპარაკებოდი), საჩუქრად მხოლოდ წიგნები მომიტანეთ-მეთქი და იმდენი წიგნი მოვითხოვე, რაც ხურჯინში ჩაეტეოდა. კითხვა ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა და მახსოვს, იმ ახალ წელს თოვლის ბაბუამ ბევრი წიგნი მომიტანა.
- ახლა რას მისწერ?
"თოვლის ბაბუ!
ახლა ჩემი ყველაზე დიდი სურვილია შენთან ერთად, შენი ირმებით მაფრინო, ეს დამგზავრება იქნება საუკეთესო თავგადასავალი. ჩვენ ერთად დავარიგებთ საჩუქრებს და ვნახავთ ძალიან ბევრ ბედნიერ და გახარებულ ადამიანს".
- ახალ წელს უცნაურ გარემოში შეხვედრიხარ?
- კი, 6 წლის განმავლობაში ფილიპინებზე ვცხოვრობდი, ერთ ახალ წელს პლაჟზე შევხვდი. მოგეხსენებათ, იქ ზამთარი არ არის და სოციალურ ქსელში, სანაპიროზე გადაღებული საახალწლო ფოტოები რომ ნახეს, ყველას ძალიან გაუკვირდა. ფილიპინებში სულ ზაფხულია, ეს სახელმწიფო ათასობით კუნძულისგან შედგება. ჩვენს სახლთან ახლოს არაერთი კუნძული იყო და ხშირად დავდიოდით. ეს იქ იმდენად ჩვეულებრივი მომენტი იყო, ახლა რომ ვიხსენებ, იმავეს სიამოვნებით გავიმეორებდი, ვფიქრობ, დღევანდელი გადმოსახედიდან სულ სხვა დატვირთვა ექნებოდა.
- ადგილობრივები ამ დღესასწაულს როგორ აღნიშნავენ, რა ტრადიცია აქვთ?
- იქ ახალ წელზე უფრო გრანდიოზულად შობას აღნიშნავენ. 25 დეკემბერი უფრო დიდი დღესასწაულია. ბოლო რამდენიმე წელია, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ახალი წლის შეხვედრა სცენაზე მიწევს. 2025 წელს ბაკურიანში შევხვდები. ბავშვობაში ყველა ახალ წელს ოჯახთან ერთად ვხვდებოდი, უმეტესად - კახეთში და ყოველთვის საახალწლო სუფრით, ბევრი ბედნიერი მოგონება მაქვს.
- საჩუქრების შერჩევა, შეძენა... ამ საახალწლო სამზადისზე რა გვეტყვი?
- საამისოდ 1 თვით ადრე ვიწყებ ფულის შეგროვებას. ვზრუნავ, რომ ახლობლები გავახარო. მშობლები და ჩემი ძმა ამერიკაში არიან, ამ ახალ წელს ერთად ვერ ვიქნებით. სხვათა შორის, ჩემს ძმას დაბადების დღე 29 დეკემბერს აქვს და მისთვის დაბადების დღის და საახალწლო საჩუქარს ხშირად ვაერთიანებ. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ჩემი ოჯახისგან შორს ყოფნა, მაგრამ გარშემო არაერთი ისეთი ადამიანი მყავს, რომლებიც თავს მარტო არ მაგრძნობინებენ.
როცა ახალ წელს კახეთში ერთად ვხვდებოდით, იქ ყოველთვის დიდი სამზადისი გვქონდა; დედა, დეიდა, ბებია, ოჯახის მამაკაცები, ყველანი ჩართულნი იყვნენ ამ პროცესში. პირადად მე, ყოველთვის საცივს ველოდები და იმდენს მივირთმევ, მთელი წელი რომ აღარ მომინდეს.
- სახლის საახალწლოდ მორთვაზე რამდენად ზრუნავ?
- ახლა თბილისში პატარა, მოკრძალებულ ბინაში ვცხოვრობ, მაქვს ციცქნა ნაძვის ხე, რომელსაც მორთვაც არ სჭირდება, ისეთი დეკორაციაა, მაგრამ მაბედნიერებს. კახეთში კი ყოველთვის დიდ ნაძვის ხეს ვაწყობდით. ჩემი ძმა ჩემზე 4 წლით პატარაა, ბავშვობაში ვერც ერთ ახალ წელს 12 საათამდე ვერ ფხიზლობდა, სულ ეძინებოდა. ამიტომ, 9 საათზე, სანამ დაიძინებდა, გავიდოდა გარეთ, ფeიერვერკს ისროდა და იძახდა, ახალი წელი მოვიდაო.
- დოდონა, 2024 წელი რით დაგამახსოვრდება?
- დამამახსოვრდება, როგორც წარმატებული წელი კარიერაში. ჩემი ბენდი მყავს, თან ძალიან კარგი, ეს ისაა, რაზეც ვოცნებობდი და ახლა უბედნიერესი ვარ.
"გამორჩეული ის ახალი წელი იყო, რომელსაც მონასტერში, ჩემს მოძღვართან ერთად შევხვდი"
მაკა შალიკაშვილი, მსახიობი:
- ჩემი ბავშვობის ახალი წლები დღევანდლისგან სრულიად განსხვავებული და ძალიან საინტერესო იყო. რა საოცარია, ამ დღეს მაშინ ყოველთვის თოვლი იყო, ახლა აღარ თოვს და ეს ჩემთვის ცოტათი სევდიანი ამბავიც კი არის.
- თოვლის ბაბუაზე რას ფიქრობდი?
- ამ ზღაპრული არსების გულწრფელად მჯეროდა, ის ჩემთვის სიკეთესთან ასოცირდებოდა, რაც გულით გინდოდა, ეტყოდი და ნატვრას აგისრულებდა. ხშირად ჩვენი ოჯახის კეთილი თოვლის ბაბუა მამაჩემი იყო, ყოველთვის ყველაფერს გვისრულებდა, რაც კი გვინდოდა, ასაკის შესაბამისად, თავის სიკეთეებს ჯერ თოვლის ბაბუას მიაწერდა, შემდეგ სიმართლეს პირდაპირ ამბობდა. ის დღეები ძალიან მიყვარდა.
- ახლა რას სთხოვ თოვლის ბაბუას?
"ჩემო ძვირფასო და ზღაპრულო ბაბუ!
ძალიან, ძალიან გთხოვ, ქართველებს ერთმანეთი შეგვაყვარე! წლებია ერთი აუსრულებელი სურვილი მაქვს, ძალიან ბევრს ვშრომობ, მაგრამ დღემდე ბინის შეძენა ვერ შევძელი. მჯერა, ყოვლისშემძლე ხარ და გთხოვ, საახალწლოდ ერთი პატარა ბინის გასაღები მაჩუქე. აქვე გეტყვი, რომ მე მთელი წლის განმავლობაში კარგად ვიქცეოდი.
მიყვარხარ, შენი მაკა შალიკაშვილი".
- ახალი წლის შეხვედრის როგორი ტრადიცია გაქვს?
- ბოლო წლებში სულ ღონისძიებები მიმყავს, ამ დღეს შინ არასდროს ვარ.
- გამორჩეულად რომელი ახალი წელი გახსოვს?
- ასეთი ის ახალი წელი იყო, რომელსაც მონასტერში, ჩემს მოძღვართან ერთად შევხვდი. ძალიან მშვიდი, თბილი და კარგი ახალი წელი იყო.
- ბავშვობის პერიოდის ახალი წლები როგორი იყო?
- ახალ წელს თოვლს სხვაგვარი სიხარული მოჰქონდა, ეზოში თოვლის ბაბუას ვაკეთებდით. ბებიას ჰქონდა ამბარი, სადაც ბევრი რამ ინახებოდა. საახალწლოდ ამ ამბარიდან გამოიტანდა ნიგოზს, ჩურჩხელას, იქ ბავშვებს არ გვახედებდნენ, მაგრამ მე და ჩემი და მაინც ვიპარებოდით. ამბარი სავსე იყო სიმინდით, ხორბლით, სხვა პროდუქტებით... ბებია შეშის ღუმელთან თბებოდა, იქვე იჯდა პაპა, ამბებს, ზღაპრებს გვიყვებოდნენ. ბებია მატყლისგან ძაფს ამზადებდა, ჩვენთან მოდიოდნენ მეზობლის თეთრთმიანი ქალები, სათვალეებით, წინდებს ქსოვდნენ... - აი, ასეთი მისტიკური იყო ჩემი ბავშვობის საახალწლო დღეები. ბებია სულ გოზინაყს აკეთებდა, უფრო სწორად, მე მაკეთებინებდა.
- ახლა ამზადებ?
- ვერა და სულ მინდა დავიწყო რაღაცების მომზადება. რა ვქნა, სულ გარეთ, სულ საშოვარზე გახლავართ გადასული. მარტოსული მგელი ვარ, მე სხვა არჩევანი არ მაქვს. ახლაც მსახიობებმა გაფიცვები რომ დაიწყეს, ვის გავეფიცო, საკუთარ თავს?
"მიმაგრებული წვერები ხელით ჩამოვგლიჯე, დავრწმუნდი, მამაჩემი იყო"
ლიზი დარასელია, მომღერალი:
- ახალი წლის ოჯახში შეხვედრის ტრადიცია ძალიან მიყვარს. შინ ვშლით სუფრას, ყოველთვის გვაქვს საცივი და ღომი.
- მეგრულ ოჯახში სხვა რა უნდა იყოს?
- აბა, რა. ამ ყველაფერს დედა და ბებო ამზადებენ.
- თავად?
- ყოველთვის ვცდილობ, დავეხმარო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბენდი მყავს და ივენთებზე ვმღერი, შინ ვეღარ ვხვდები.
- ბავშვობის პერიოდის ახალი წლები როგორ გახსოვს?
- მაშინ თოვლის ბაბუის არსებობის გულწრფელად მჯეროდა, მაგრამ ნაადრევად გავიგე, რომ ასე არ იყო.
- როგორ გაიგე?
- თქვეს, - თოვლის ბაბუა მოვიდაო, მე კი იმ თოვლის ბაბუას რომ დავაკვირდი, აღმოვაჩინე, მამას ფეხსაცმელები ეცვა. მერე ვუთხარი, შენ თოვლის ბაბუა არ ხარ-მეთქი და მიმაგრებული წვერები ხელით ჩამოვგლიჯე. ასე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ის თოვლის ბაბუა მამაჩემი იყო.
- წარმოიდგინე, რომ თოვლის ბაბუა ნამდვილად არსებობს და რასაც გულით სთხოვ, აუცილებლად შეgiსრულებს. რას ინატრებ?
"თოვლის ბაბუ!
ყველაზე მეტად მინდა ჩემი ოჯახის წევრები ჯანმრთელები და ბედნიერები მყავდნენ.
კიდევ ორი სურვილი მაქვს: ერთი მამას უკავშირდება, რომელიც 3 წელია არ მინახავს და ძალიან მენატრება, ის ამერიკაშია. ჩემი მეორე სურვილია დიდ სცენაზე ვიდგე და ჩემები ამაყობდნენ, რომ მე ეს შევძელი. საამისოდ ბევრს ვიშრომებ და ცოტათი შენც დამეხმარე.
მიყვარხარ!"
- მამამ ამერიკაში ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია დაaარსა და იქ ქართველებთან ერთად, უცხოელი ბავშვებიც დადიან. დედას 1-ლ იანვარს დაბადების დღე აქვს. მთელი ცხოვრება ამ დღეს ყოველთვის დედასთან ერთად ვხვდებოდი, მაგრამ ბენდი რომ შევკარი, იმ წელს ბაკურიანში დედას გარეშე შეხვედრამ მომიწია. მის გვერდით რომ ვერ ვიყავი, ამ ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, ტირილით დავურეკე, ახლა რომ შენ გვერდით არ ვარ-მეთქი; მერე ყველამ, ვინც სცენაზე იმყოფებოდა, დედას დაბადების დღე და ახალი წელი ერთდროულად მიულოცეს. ეს საღამო რომ დამთავრდა, ვეღარ მოვითმინე და ეგრევე თბილისისკენ წამოვედი, შინ მალე რომ მივსულიყავი.
- შენთვის 2024 წლის მთავარი ამბავი რა იყო?
- ჩემთვის გარდამტეხი წელი იყო. ცოტათი ბევრი "სიარული" კი მომიხდა, მაგრამ განვვითარდი. ჯერ "პაატა გულიაშვილის შოუში" ვიყავი, მერე - "ქავერ შოუში", ახლა "ზურას შოუში ვარ".
- რას ელი 2025 წლისგან?
- გული მიგრძნობს, ძალიან კარგი წელი იქნება. ვისარგებლებ შემთხვევით, შობა-ახალი წლის დღესასწაულებს მოგილოცავთ, თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებული წელი იყოს!
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი "გზა"