"ჩემი ერთადერთი შემოსავალი ჩემი პროფესიაა და კერძო დაკვეთებზე უარს ვერ ვიტყვი. ყველას ერთი პატარა, ლამაზი სამშობლო გვაქვს, რომელსაც თვალისჩინივით უნდა - კვირის პალიტრა

"ჩემი ერთადერთი შემოსავალი ჩემი პროფესიაა და კერძო დაკვეთებზე უარს ვერ ვიტყვი. ყველას ერთი პატარა, ლამაზი სამშობლო გვაქვს, რომელსაც თვალისჩინივით უნდა მოვუფრთხილდეთ"

ქართველი მსახიობები და მომღერლები აქტიურად მონაწილეობენ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში

და თავიანთ პოზიციას დაუფარავად გამოხატავენ, მათ შორისაა მომღერალი გიორგი სუხიტაშვილიც, რომელიც საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს:

- საქართველოში შექმნილი დაძაბული სიტუაცია ყველას ერთნაირად გვაღელვებს, როგორ მოქმედებს ეს დაძაბულობა თქვენზე?

- ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს სიტუაცია ყველას აღელვებს, რადგან არსებობს ხალხი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა მიზანმიმართულად მიიყვანა ამ ზღვრამდე. მთელი 2024 წლის განმავლობაში, გაზაფხულიდან მოყოლებული დღემდე, მმართველი პარტია, რომელსაც "ქართული ოცნება" ჰქვია, გაურკვეველ ვითარებაში გვაცხოვრებს: მიიღებენ რაღაც გაუგებარ კანონებს და მერე ხალხი აპროტესტებს. მარტის აქციების შემდეგ თითქოს ყველაფერი დამშვიდდა, არჩევნებისთვის ვემზადებოდით და ბოლოს, ის სიგიჟეები ვნახეთ, რაც არჩევნებზე მოხდა. ცოტა ხანში ამას მოჰყვა განცხადება, რომ ცალმხრივად აჩერებენ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან, რასაც ხალხის სამართლიანი აღშფოთება და პროტესტი მოჰყვა. ამ განცხადებით "ოცნების" ის მომხრეებიც გაანაწყენეს, რომლებსაც გულწრფელად სჯეროდათ, რომ ევროპაში "ღირსებით" შევიდოდნენ. მათაც პირში ჩალა გამოავლეს და უთხრეს, - ჩვენ სულ სხვა ქვეყნის აშენებას ვგეგმავთ და 2028 წლამდე დაგველოდეთო... ამ ყველაფერს დაემატა სისასტიკე, რომლითაც საპროტესტო აქციები დაარბიეს.

- თუმცა, როდესაც ვინმე ამ სისასტიკეზე ლაპარაკობს, "ოცნების" მომხრეები მაშინვე 7 ნოემბრის დარბევას იხსენებენ...

- მე ბევრი დარბევა მინახავს და დავიტოვებ უფლებას ვთქვა - ასე დაუნდობლად პოლიციელები 7 ნოემბერსაც არ მოქცეულან. მაშინაც რუსთაველზე ვიყავი და ეს კარგად ვიცი. თანაც, წინა ხელისუფლება ხომ დარბევების, დაჭერებისა და უსამართლო სასამართლოს გამო შევცვალეთ? სამწუხაროდ, ახლა მივიღეთ 7 ნოემბერი კვადრატში კი არა - კუბში. როცა გათიშულ ხალხს სახეში "ბათინკებს" ურტყამენ ვიღაც მოძალადე ნიღბიანები, ამას რა ჰქვია?! 2024 წელია და რას ვხედავთ? - 1990-იანი წლების მსგავს მმართველობას და სრულ განუკითხაობას ქუჩებში. ხალხს, რომელიც თავისი ქვეყნის მომავალს იცავს და მისი კურსის ცვლილებას აპროტესტებს, ვიღაც ნიღბიანები უმოწყალოდ უსწორდებიან! ძალიან ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, რადგან ადრე პატივისცემით ვიყავი განმსჭვალული პოლიციის მიმართ, მაგრამ რაც ახლა ჩაიდინეს, არც ქართველობაში წერია, არც ვაჟკაცობაsa და არც ევროპელობაში. ამიტომ ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს სიტუაცია ყველას აღელვებს. ყველას რომ აღელვებდეს, ამ ძალადობას პირველივე დღეს აღკვეთდნენ, მაგრამ არა - ერთ მცდარ ნაბიჯს მეორე და მესამეც მიაყოლეს, თითქოს სია ჰქონდათ ჩამოწერილი, რომელ დღეს რა უნდა გაეკეთებინათ და რა მიზეზით უნდა დაეჭირათ აქციაზე მყოფი ხალხი. ძალიან ბევრი დეტალია, რაც ჩემთვის და ბევრისთვის გაუგებარია. სამწუხაროა, მაგრამ ასეთი ახალი წელი დაგვიდგა: ასეულობით ნაცემი და დაპატიმრებული ადამიანი გვყავს, უფრო მეტი - დაჯარიმებული და კიდევ, კაცმა არ იცის, მათ თავში რა იხარშება!

- მგონი, ასეთი რთული და მძიმე წელი კარგა ხანია, არ გვქონია.

- 2019 წელს თვალებდათხრილი ხალხი რომ ვნახეთ, მძიმე სანახავი არ იყო?! იმ დღეებშიც დიდი ტრაგედია დატრიალდა, მე ამას პოლიტიკოსების არასწორ გადაწყვეტილებებს ვაბრალებ! სხვა ქვეყნებში რატომ არ ხდება მსგავსი რამ? - იმიტომ, რომ გონიერი და ერთგული ხელისუფლება საკუთარ ხალხს ასე არ ექცევა! სხვათა შორის, აქციის მონაწილეთა დევნა ახლა არ დაწყებულა: ე.წ. აგენტების კანონი რომ შემოაგორეს, მაშინაც დევნიდნენ პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს, მაშინაც აპატიმრებდნენ. სამწუხაროდ, ჩვენმა საზოგადოებამ ბევრ რამეზე დახუჭა თვალი და ამ ყველაფერმა უფრო სასტიკი სახე მიიღო. რაც ხდება, იმ საშინელი ტრადიციის გაგრძელებაა, რომელიც მმართველმა ძალამ კარგა ხანია დაამკვიდრა.

- ეს იმიტომ ხომ არ ხდება, რომ ხელისუფლება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს მტრებად აღიქვამს?

- დიახ და ეს დიდი პრობლემაა, რომელიც ყველას ეხება, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. ჩვენ დღემდე ვერ გავიაზრეთ, რომ პოლიციაც, "სასწრაფოც", სამაშველოც ყველას თანაბრად უნდა ექცეოდეს, სულ ერთია, "ნაცი" იქნება ის, "ქოცი", მუსულმანი, კათოლიკე თუ მცირე სექტის წარმომადგენელი. ამ დროს სამართალდამცველმა თავისი დამოკიდებულება გვერდზე უნდა გადადოს, მაგრამ ჩვენ რას ვხედავთ? - სასამართლოზე გამოდიან პოლიციელები და ყველა დაკავებულის წინააღმდეგ ერთნაირ ჩვენებას აძლევენ. მეორდება ის, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა! იმეორებენ, "ნაციონალების" დროს გამამართლებელი განაჩენის რაოდენობა ნული იყოო, ახლაც ასე არ არის?! ამდენი ნაცემ-ნაბეგვი ხალხი დაგვიგროვდა და აბა, მაჩვენეთ, რამდენი მოძალადე პოლიციელი ჩასვეს ციხეში! კაციშვილი ვერ გვეუბნება, რადგან თვითონ მისცეს დაუსჯელობის გარანტია, სახეები დაფარული აქვთ და იციან, რომ ცემა-ტყეპისთვის არ დაისჯებიან.

- ალბათ, თქვენც გაწუხებთ შეკითხვა - როგორ მივედით ამ დონემდე?

- სამწუხაროდ, ეს ჩვენი ბრალიცაა: საზოგადოების პასიურობამ მიიყვანა ჩვენი ქვეყანა ამ ზღვრამდე! ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს პროტესტი მინელდეს, თორემ მერე, ყველას სათითაოდ დაიმარტოხელებენ, ყველას მიადგებიან. ვინმე რამეს დაუმტკიცებს?! ვინმე იტყვის, მე მართალი ვარო?! ადამიანს აბრალებენ, ამა და ამ საათზე გზა გადაკეტეო მაშინ, როცა კამერაში ჩანს, რომ ბრალდებული ამ დროს სახლში იყო... კამერას აჩვენებს და მაინც არავინ უჯერებს. უმოწყალოდ ნაცემი ხალხი თავისი ფეხით ვერ მიდის სასამართლო დარბაზში, ტვინის შერყევით და დამტვრეული ძვლებით წევს და მოსამართლე ისევ ამ ხალხს აჯარიმებს. აშკარაა, ასეთი მიდგომა აქვთ: ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია. მე არც რევანშის მომხრე ვარ, არც ვინმეს განადგურების და ცემა-ტყეპის, მაგრამ ეს ამბავი ქართველი ხალხის გამარჯვებით უნდა დასრულდეს, მერე კი, ყველას პასუხი უნდა გაეცეს, ოღონდ, ცემა-ტყეპით კი არა - კანონით. ადამიანი თუ დამნაშავეა, უნდა დააკავო და შესაბამისი მუხლით გაასამართლო.

- როგორ ფიქრობთ, ამ ჩიხიდან გამოსავალი რა არის?

- ასეთ ჩიხში ჩვენ ჯერ არ ვყოფილვართ. დამოუკიდებლობის აღდგენის მერე, ჩვენს ევროპულ მომავალს ასეთი საშიშროება ჯერ არ დამუქრებია. ევროპა მარტო მატერიალურ სიკეთეს კი არ ნიშნავს - ეს ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებები დაცული იქნება, პროკურატურა - დამოუკიდებელი, სასამართლო - მიუკერძოებელი. ვიდრე ამ ქვეყანაში სამართალი არ იქნება, ვერაფერს შევცვლით და სულ ერთ წრეზე ვიტრიალებთ. რა უნდა ვიღონოთ, რომ ასე არ მოხდეს? - ვინც უნდა იყოს, ჩვენი ოჯახის წევრიც რომ იყოს, 8 წელიწადს და მეტხანს ქვეყანას არ უნდა მართავდეს. რატომ? - თანდათან ეჩვევიან ძალაუფლებას, კორუფციაში ეფლობიან და ხდება ის, რასაც ახლა ვხედავთ ან წინა ხელისუფლების დროს ვხედავდით. ერთპიროვნულ მმართველობას დამღუპველი შედეგი მოაქვს და ეს მანკიერი პრაქტიკა ჩვენს სამშობლოში უნდა დასრულდეს.

- თუმცა, ოქტომბრამდე ოპოზიციაც გვარწმუნებდა, რომ ელექტრონულ არჩევნებს ვერ გააყალბებდნენ...

- ამიტომ, ამ არჩევნებზე პასუხისმგებლობა მარტო მმართველ პარტიას კი არა, ოპოზიციასაც ეკისრება, რადგან მას ხალხი ენდო. რატომღაც, ყველამ გადავწყვიტეთ, რომ ელექტრონულ არჩევნებს ჩაატარებდნენ, სკამებს დათმობდნენ და ხალხი გაიმარჯვებდა. ამ ყველაფერს უფრო მეტი ყურადღებით უნდა მოვკიდებოდით, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს... იქნებ, მმართველ გუნდშიც გამოჩნდნენ გამბედავი ადამიანები, რომლებიც ხალხს არ დაუპირისპირდებიან და ახალ არჩევნებს დანიშნავენ. წკიპზე ვართ, რადგან ხიდზე ერთმანეთს ორი ჯიუტი თხა რომ შეხვდება და არც ერთი არ თმობს, სავარაუდოდ, ორივე უფსკრულში გადაიჩეხება! შიდა დაპირისპირების დროს გამარჯვებული მხარე არ არსებობს, მაგრამ ძირითადი პასუხისმგებლობა ასეთ სიტუაციაში, მაინც მმართველ ძალას ეკისრება.

- არაერთმა მომღერალმა დაგეგმილი კონცერტები გააუქმა, თქვენც ამას აპირებთ?

- ძალიან სამწუხაროა! ნაცვლად იმისა, რომ რეგიონებში კონცერტები გამემართა, ერთმანეთისთვის ახალი წელი მიგველოცა და ოჯახებთან ერთად გვეზეიმა, ახლა იმაზე ვმსჯელობთ, მომღერალმა უნდა იმღეროს თუ არა. მე უკვე გადავწყვიტე, სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობა არ მივიღო. ბევრი ასეთი ღონისძიება იყო დაგეგმილი, მაგრამ ამ მოცემულობაში სწორად არ მიმაჩნია, ბიუჯეტიდან კონცერტები დააფინანსონ. თუ ახლა სახელმწიფო ბიუჯეტიდან რაიმე უნდა დაფინანსდეს, ეს ახალი საარჩევნო კომისიის შექმნა და ახალი არჩევნების მომზადებაა. ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია, რომ ყველა გადავრჩეთ - მათ შორის, "ქართული ოცნების" წევრები და მომხრეებიც. როდესაც მმართველ პარტიას დასავლეთი ასანქცირებს და რუსეთი აქებს, ნამდვილად ვერ გამოვალ და თბილისის ცენტრში ვერ ვიმღერებ, მაგრამ რამდენიმე კერძო კონცერტზე გავალ, რომელიც რესტორანშია დაგეგმილი - ასე გადავწყვიტე. ცხადია, ჩვენი ვალდებულებები მომღერლებსაც გვაქვს. ჩემი ერთადერთი შემოსავალი ჩემი პროფესიაა და კერძო დაკვეთებზე უარს ვერ ვიტყვი. არ მესმის, ამის გამო რატომ მაკრიტიკებს ხალხი, რომელიც თვითონაც მუშაობს?! აქციებზე ისინიც დადიან და მეც, მაგრამ სიმღერა რატომღაც, ყველას აღიზიანებს, თითქოს ეს ჩემი საქმე არ იყოს!

- დაბოლოს, რას უსურვებთ ჩვენს ხალხს 2025 წლისთვის?

- მშვიდ და სამართლიან ქვეყანაში ცხოვრებას - ამაზე უკეთესი რა უნდა ვუსურვო? ქართველ ხალხს ვთხოვ, გამოფხიზლდეს, სხვანაირად ვერ გადავრჩებით. ჩვენს საქმეს სხვა ვერ გააკეთებს და ჩვენს სათქმელს სხვა არ იტყვის. ჩვენ ერთი პატარა, ლამაზი სამშობლო გვაქვს, რომელსაც თვალისჩინივით უნდა მოვუფრთხილდეთ და მოვუაროთ!

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"