"მე და ბაბუა სვეტიცხოველში, ჯვარზე, გელათში დავდიოდით, დავით აღმაშენებლის საფლავზე ვყოფილვართ. ჩოხა პატარა ასაკიდანვე მქონდა, 14 წელი რომ შემისრულდა, - კვირის პალიტრა

"მე და ბაბუა სვეტიცხოველში, ჯვარზე, გელათში დავდიოდით, დავით აღმაშენებლის საფლავზე ვყოფილვართ. ჩოხა პატარა ასაკიდანვე მქონდა, 14 წელი რომ შემისრულდა, მერე აღარ შემიკერავს"

რა ახსენდება და რა არა თავისი ბავშვობიდან კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიას,

რომელთანაც ახალ წელზე სასაუბროდ მივედი, მაგრამ ამ თემაზე ვერ ვისაუბრეთ არასაახალწლო განწყობის გამო. ამის მიუხედავად, დამთანხმდა ინტერვიუზე და ბაბუასთან, მშობლებთან, მამიდასთან, შვილებთან დაკავშირებული რამდენიმე ეპიზოდი გაიხსენა...

- ახალ წელზე ისეთი არაფერი მაქვს მოსაყოლი და 60 წლის წინანდელი ამბები არც მახსოვს. კოლხურ კოშკში განსაკუთრებული რამ არ ხდებოდა, ამ დღეს ჩვეულებრივად აღვნიშნავდით. ზამთარსა და დათოვლილ მიდამოზე ფასანაური მახსენდება, სადაც მგონი 1969 წელს, 8 წლისა ვიყავი... როგორც გაირკვა, ფასანაურში ჩადიოდა კონსტანტინე გამსახურდია ზედიზედ რამდენიმე წლის მანძილზე და ისვენებდა სასტუმრო "ინტურისტის" ნომერ მეცხრე ოთახში. ეს ხდებოდა სექტემბრის თვეში და დაახლოებით 5-6 დღე რჩებოდა. ინფორმაცია მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ბატონმა კობა ბუჩუკურმა მომაწოდა. კონსტანტინე იქ მიდიოდა, ალბათ, განმარტოებისთვის და მორალურად რომ დაესვენა, გასცლოდა ქალაქის აურზაურს. კოლხური კოშკი თავისთავად მოცილებული იყო ქალაქს, სადღაც მის სიახლოვეს სრულდებოდა თბილისის ეს უბანი, ბოლომდე არ იყო აშენებული სემიონოვკას დასახლება, არც შატბერაშვილის ქუჩა გახლდათ, მაგრამ კოლხურ კოშკში საკმაოდ ბევრი სტუმარი მოდიოდა დილიდან და ალბათ, ბაბუა ცდილობდა განრიდებოდა ხალხს.

- ბატონი კონსტანტინე, ძირითადად, ღამე მუშაობდაო...

- ზოგჯერ დღისითაც მუშაობდა და მაშინაც, როცა ძალიან ცხელოდა. წერდა, კითხულობდა, დოკუმენტებს ალაგებდა, გადახედავდა. ბაბუას კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა. მის ოთახშიც უამრავი წიგნი იყო. ხშირად წიგნს გადმოიღებდა კარადიდან და მისთვის საჭირო მასალებს წინასწარ მონიშნულ გვერდებზე ეძებდა. მახსოვს, ოთახში იდგა სვეტიცხოვლის მაკეტი, რომელიც ბაბუას აჩუქეს, სიმაღლით დაახლოებით ერთ მეტრზე მაღალი იყო. კედელზეც იყო სვეტიცხოვლის სურათი, მის ქვემოთ კი ქართველ მწერალთა ერთი ჯგუფის ფოტოზე ვხედავდით აკაკის, დავით კლდიაშვილს, იროდიონ ევდოშვილს, გალაკტიონს, ტიციანს, კონსტანტინეს და მის გვერდით ჯაჯუ (კონსტანტინე) ჯორჯიკიას... სულ 15 მწერალი იყო აღბეჭდილი.

- ბაბუასა და თქვენი ურთიერთობიდან რას გაიხსენებთ?

- მისთვის შესაძლოა მეკითხა, ესა თუ ის სიტყვა ქართულია თუ რუსული? რადგან მაშინ რუსულ სიტყვებს ურევდნენ ქართულ ენაში. მაგალითად, ერთხელ ვკითხე სიტყვაზე "ბოჩკა", მითხრა, რომ რუსული არაა და არც ქართულიაო. მაინტერესებდა, რა იყო სიტყვა "ყაღი", ეს არის გამოყვანილი ხორცი, ლორის, აპოხტის მსგავსიო. ასეთი დეტალები მახსოვს. ერთად წავსულვართ სვეტიცხოველში, ჯვარზე, გელათში. დავით აღმაშენებლის საფლავზე ვყოფილვართ... გერმანულ საბავშვო ბაღში დავდიოდი და კონსტანტინემ იკითხა: იქ პლატის გერმანულს ხომ არ ასწავლიანო? პლატი არის სახალხო დიალექტური გერმანული და როდესაც დაესწრო ერთ-ერთ გაკვეთილს, თქვა, რომ ნამდვილი სალიტერატურო გერმანულიაო. ვინც იმ პერიოდში ბაღში დადიოდა, მათგან დღეს გერმანისტები არიან ნათია ფანჯიკიძე, ია თიკანაძე.

- ბებიები განებივრებდნენ და მშობლები მკაცრები იყვნენ?

- ორივე ბებია, მირანდა და ქეთო, ძალიან ბევრს აკეთებდნენ ჩემთვის, ზრუნავდნენ და მანებივრებდნენ, რის გამოც ხშირად საყვედურობდნენ მშობლები, ასე არ შეიძლებაო. შედარებით მკაცრები იყვნენ მშობლები, მაგალითად, მუსიკის სწავლების დროს, ხან დედა მასწავლიდა, ხან - მამა. 3 წელი გავძელი და მერე, თავი დავანებე მუსიკას. უფრო ენების სწავლაზე გადავერთე. ბავშვობაში მიყვარდა კოსტიუმის ჩაცმა და ჰალსტუხის გაკეთება. ჩემს მშობლებს ეს არ მოსწონდათ და ამბობდნენ - ბავშვს უნდა ეცვას ბავშვურადო. კონსტანტინე ამბობდა, როგორც უნდა, ისე იყოსო. ჩოხა პატარა ასაკიდანვე მქონდა, ვიზრდებოდი და ახალს მიკერავდნენ. 14 წელი რომ შემისრულდა, მერე აღარ შემიკერავს ჩოხა.

- მას მერე, რაც თქვენი მშობლები გაიყარნენ, კოლხურ კოშკში აღარ ცხოვრობდით?

- როგორ არა, კიდევ ორი წელი ვცხოვრობდი იქ, ბაბუას გარდაცვალებამდე. ოღონდ, ბაბუასეულ სახლში ვიყავი სამი დღე, ხოლო 4 დღე - დედის სახლში. ასე იყო თითქმის ყოველ კვირას.

- მამიდა თამარი ისტორიკოსი იყო და სტუდენტები დაჰყავდა ძეგლების სანახავად. თქვენ თუ ყოფილხართ მათთან ერთად?

- მეც გავყევი რამდენჯერმე. მახსოვს, როგორ უხსნიდა მამიდა (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო) სტუდენტებს ამა თუ იმ ისტორიულ მოვლენას და აცნობდა ისტორიულ პიროვნებებს, ესაუბრებოდა მათ როლსა და მნიშვნელობაზე. დაჰყავდა ისინი ყინწვისში, მცხეთაში, ბეთანიაში... მამიდას ბიბლიოთეკიდან ბევრ ისტორიულ წიგნს ვკითხულობდი, მას ვბაძავდი და ჯერ კიდევ ბავშვი მეც ვკითხულობდი "ლექციებს". რაღაც გარკვეულ თემას მოვამზადებდი და შემეძლო 20-30 წუთის მანძილზე მესაუბრა. დავაჯენდი ოჯახის წევრებს და ვუყვებოდი საქართველოს ისტორიიდან სხვადასხვა მომენტზე. სწორედ ამან განსაზღვრა ჩემი მომავალი და გადავწყვიტე ისტორიულ ფაკულტეტზე ჩამებარებინა, მაგრამ ბიძამ - სვიმონ გამსახურდიამ მირჩია: აღმოსავლეთმცოდნეობაზე ჩააბარე, ისტორიას იქაც ისწავლიო. ირანისტი ვარ, სპარსულ ენას ვსწავლობდი. მერე ვისწავლე საშუალო სპარსულიც, ეს არის ენა, რომელზეც მეტყველებდნენ და წერდნენ ისლამამდელ ირანში.

- როგორ შეძელით უცხოეთში თქვენი ვაჟებისთვის (დემეტრე და ზვიადი) ქართული სული შეგენარჩუნებინათ?

- 1992 წლის გაზაფხულიდან შვეიცარიაში აღმოვჩნდით და 12 წელი იქ ვიყავით გამოუსვლელად. მე და ჩემმა მეუღლემ ერთგვარი "სკოლაც" კი შევქმენით სახლში. ჩვენ შვილებს ვასწავლიდით ქართულად კითხვას, გრამატიკას, ლიტერატურულ ქართულს და რაც მთავარია, წერას. ისინი ჩვენი მეგობრების შვილებს ქართულად სწერდნენ წერილებს, ის ბავშვებიც პასუხობდნენ და გაჩაღდა მიმოწერა. ოჯახში ვმღეროდით მრავალხმიან სიმღერებს, ვისწავლეთ 30-ზე მეტი ქართული სიმღერა და საგალობელი, ვკითხულობდით "ვეფხისტყაოსანს", მათ არაერთი სტროფი ისწავლეს ზეპირად.

- ახალი წელი მოდის. რას იტყვით?

- ამ ყველაფრის გამო, რაც ხდება, დიდი ენთუზიაზმი არ მაქვს ახალ წელთან დაკავშირებით. ძალიან ვწუხვარ და ვდარდობ ჩემი სამშობლოს მომავალზე, რადგან მომავალი არცთუ ნათელ ფერებში მესახება. ასეთმა დაპირისპირებამ და სიძულვილმა ფაქტობრივად, ერთხელ უკვე დაანგრია საქართველო და ძალიან არ მინდა, იმავე მოვლენების განმეორება ვნახო, სადაც ჩვენი მტრები თავს აიშვებენ. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ გარშემო საკმაოდ ბევრი მტერია, ვისაც უნდა საქართველო დაინაწილოს. ეს არ უნდა დავუშვათ, უნდა გვეყოს სიბრძნე.

ნანული ზოტიკიშვილი

ჟურნალი "გზა"