Financial Times: "რუსული გაზის ევროპისათვის მიწოდება, უკრაინის ტერიტორიის გავლით, მთლიანად შეწყდა: კიევი ციმბირული გაზის ტრანზიტით გატარების კატეგორიული წინააღმდეგია" - კვირის პალიტრა

Financial Times: "რუსული გაზის ევროპისათვის მიწოდება, უკრაინის ტერიტორიის გავლით, მთლიანად შეწყდა: კიევი ციმბირული გაზის ტრანზიტით გატარების კატეგორიული წინააღმდეგია"

ცნობილი ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 2 იანვრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით - „რუსული გაზის ევროპისათვის მიწოდება, უკრაინის ტერიტორიის გავლით, მთლიანად შეწყდა: კიევი ციმბირული გაზის ტრანზიტით გატარების კატეგორიული წინააღმდეგია“ (ავტორები - შოტარო ტანი და ელის ჰენკოკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„ახალი 2025 წლის პირველ იანვარს, რუსული გაზის მიწოდება, უკრაინის ტერიტორიის გავლით (ტრანზიტით), ევროკავშირის რიგ სახელმწიფოებს მას შემდეგ შეუწყდათ, რაც ვადა გაუვიდა ომის დაწყებამდე, 2019 წელს დადებულ სატრანზიტო ხელშეკრულებას. ცნობილი „ურენგოი-პომარი-უჟგოროდის“ გაზსადენი, რომელიც საბჭოთა კავშირმა 1983 წელს ციმბირის გაზის საექსპორტოდ ააშენა, შეიძლება ითქვას, წარსულს ჩაბარდა.

„პირველ იანვარს, დილის 8 საათიდან მოსკოვის დროით, უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის მიწოდება აღარ ხდება“, - ნათქვამია „გაზპრომის“ განცხადებაში.

უკრაინაზე გამავალი გაზსადენის გაჩერებით, ანუ რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტით, ევროკავშირის ქვეყნებმა შუა ზამთარში გაზის მთლიანი იმპორტის მოცულობის 5% დაკარგეს.

მიუხედავად იმისა, რომ გაზის მიწოდების შეწყვეტა მოულოდნელი არ ყოფილა (ტრეიდერები დიდი ხანია ელოდნენ გადაწყვეტილებას), უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტული მილსადენის იმ დროს გაჩერება, როცა საწვავზე მოთხოვნა გასათბობად განსაკუთრებით მაღალია, მაინც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ევროპის გაზის უზრუნველყოფის ბალანსზე. ყველაზე ძალიან დაზარალდება სლოვაკეთი, რომელიც რუსული გაზის პირდაპირ მიმღებ სახელმწიფოს წარმოადგენს (სლოვაკეთ-უკრაინის საზღვარზე არსებული საკომპრესორო-გამანაწილებელი სადგურის „უჟგოროდის“ მეშვეობით).

„არ არის გამორიცხული, რომ იაფი რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტიდან გარკვეული დროის განმავლობაში ბუნებრივ საწვავზე ფასი ნახტომისებურად გაიზრდება და ასე იქნება ალტერნატიული გაზის მიღებამდე“, - ამბობს ალდო სპანჯერი, კომპანია BNP Paribas-ის უფროსი ანალიტიკოსი.

რუსული გაზის ევროპაში ექსპორტის მიზნით ხუთწლიანი სატრანზიტო ხელშეკრულება უკრაინასთან 2019 წლის დეკემბრის ბოლოს გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ იმ დროს ამ შეთანხმების დადებას ევროკავშირი აქტიურად უჭერდა მხარს, მაგრამ 2022 წლის თებერვლის ბოლოს, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, ევროკომისიამ გადაწყვიტა უარი ეთქვა რუსული გაზის იმპორტზე და, შესაბამისად, ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას მოუწოდა, რომ დაეწყოთ აქტიური ძიება ალტერნატიული გაზის მიღების მიზნით. რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილმა უნგრეთის და სლოვაკეთის მთავრობებმა წინააღმდეგობა გაუწიეს ევროკომისიის გადაწყვეტილებას და შეეცადნენ 2019 წლის დეკემბრის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელებულიყო 2025 წლის იანვრის შემდეგაც.

უკრაინის მთავრობამ ტრანზიტის ვადის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე მიანიშნა, რომ არ აპირებდა 2019 წლის ხელშეკრულების გასაგრძელებლად მოლაპარაკების დაწყებას - იმიტომ, რომ კიევს მოსკოვისათვის გაზის ექსპორტით მიღებული შემოსავლების წართმევა სურდა.

ბრიუსელში მდებარე ანალიტიკური ცენტრის Bruegel-ის მონაცემებით, ამ მილით გაზის მიწოდების შეწყვეტა რუსეთისათვის წელიწადში 6,5 მილიარდი დოლარის ზარალს ნიშნავს. რასაკვირველია, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფინანსური დარტყმა უკრაინისთვისაც, რომელიც ტრანზიტით მიღებულ დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს კარგავს.

ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ რადგან უკრაინის გაზსადენში რუსული გაზი აღარ არის, კრემლი ქვეყნის გაზგამანაწილებელ სისტემას, რომელსაც ბოლო დრომდე არ ბომბავდა, ახლა დიდი ალბათობით, დაბომბავს და სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო გაზის კონტრაქტის როგორმე გაგრძელების ან ახლის დადების მიზნით, 22 დეკემბერს, რუსეთის დედაქალაქს - მოსკოვს ეწვია. მან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას უკრაინა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კიევს უფლება არ აქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს ზიანი მიაყენოს. აღსანიშნავია, რომ მოსკოვში ვიზიტამდე რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთმა თავის უკრაინელ პარტნიორს გაზის ტრანზიტის შესანარჩუნებლად, ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისიც უარყო (როგორც ჩანს, მხედველობაშია აზერბაიჯანული ან ცენტრალური აზიის გაზის ტრანზიტი). კიევის უარის საპასუხოდ სლოვაკეთმა განაცხადა, რომ იფიქრებს იმ ელექტროენერგიის შეწყვეტაზე, რომელიც უკრაინას ევროკავშირის ქვეყნებიდან სლოვაკეთის ტერიტორიის გავლით მიეწოდება. მოკლედ, სლოვაკეთი იძულებული გახდება რუსულზე ბევრად უფრო ძვირი ნორვეგიული გაზით ისარგებლოს, პოლონეთის ტერიტორიაზე არსებული მილსადენის მეშვეობით.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანიც ასევე ცდილობდა უკრაინაზე ზეწოლას რუსული გაზის მიღების გაგრძელების მიზნით, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ ბუდაპეშტმა თავისი მზერა მიაპყრო ერთადერთ დარჩენილ მილსადენს, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობს და მისი საშუალებით რუსული გაზი სამხრეთ ევროპის ქვეყნებს, მათ შორის, მოსაზღვრე რუმინეთს მიეწოდება - „თურქულ ნაკადს“, შავი ზღვის ფსკერზე ჩადებულს და თურქეთის ტერიტორიაზე გამავალ გაზსადენს.

ავსტრია, რომელიც ასევე სარგებლობდა რუსული გაზით 2024 წლის განმავლობაში, უკვე გადავიდა ალტერნატიულ წყაროებზე, მათ შორის, თხევადი გაზის იმპორტზე. აღსანიშნავია, რომ ავსტრიული ენერგოკომპანია OMV და რუსული „გაზპრომი“ დიდი ხანია დავობენ მიწოდებული გაზის ფასზე, ამიტომ, ავსტრია ბევრად უფრო მომზადებული შეხვდა რუსული გაზის შეწყვეტას.

მოლდოვაც ზეწოლას განიცდის რუსეთის მხრიდან: მართალია, მოლდოვა ექს-საბჭოთა გაზსადენით „სოიუზით“ სარგებლობს (აშენდა 1980 წელს, სამხრეთ ევროპის სოციალისტური ქვეყნების - რუმინეთ-ბულგარეთის მომარაგების მიზნით, მისი დიდი მონაკვეთი მდებარეობს უკრაინის ტერიტორიაზე), მაგრამ მასშიც ასევე რუსული გაზი გადის (ორენბურგის საბადოდან), ამიტომ „გაზპრომმა“ პროევროპული მოლდოვას წინააღმდეგ, ფასის გადაუხდელობის გამო, დაგროვილი ვალის საკითხი წამოსწია და მიწოდება კიშინიოვსაც შეუწყვიტა. რასაკვირველია, დაზარალდება პრორუსული სეპარატისტული „დნესტრისპირეთის რესპუბლიკაც“, მაგრამ, როგორც ჩანს, კრემლისათვის „ჩიტი ბრდღვნად ღირს“. მოლდოვას ენერგეტიკულ სექტორში უკვე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. კაცმა რომ თქვას, კიშინიოვს აქვს ალტერნატიული წყარო - მას რუმინეთიდან შეუძლია გაზის მიღება, მაგრამ უფრო ძვირად, მაღალი ფასით.

როგორც ჩანს, რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტა, დიდი ალბათობით, ევროპაში ამერიკულ, არაბულ და აზიურ თხევადი გაზზე მოთხოვნას გაზრდის, რომელიც რუსულზე გაცილებით ძვირია. ევროკავშირის გადაწყვეტილება ურყევია: „რუსეთი აგრესიული ქვეყანაა. რუსული გაზი, მართალია, იაფია, მაგრამ მისი გამოყენება უნდა შეწყდეს, თუნდაც ამისთვის მეტი ფულის გადახდა იყოს საჭირო“. ევროკომისიამ უკვე განაცხადა, რომ 2025 წლიდან მაინცდამაინც დიდ პრობლემებს არ ელოდება: „ევროპული გაზმომარაგება-განაწილების სტრუქტურა ისეთია, რომ ალტერნატიული წყაროებისა და მარშრუტების პოვნა-გამოყენება იოლია“.

რაც შეეხება თურქეთის ტერიტორიაზე გამავალ გაზსადენ „თურქულ ნაკადს“, ის სრული დატვირთვით მუშაობს და ევროკავშირის ქვეყნების მთლიანი გაზმომარაგების თითქმის 5%-ს უზრუნველყოფს. მაგრამ დასავლეთის „დამსჯელი ხელი“ მასაც მისწვდა: ამასწინათ, აშშ-მა „გაზპრომბანკს“, რომელიც „თურქულ ნაკადსაც“ ემსახურება, როგორც რუსულ გაზზე ფასის გადახდის ერთ-ერთი არხის სახით, სანქციები დაუწესა.

თუმცა, სანქციების შედეგები რომ შერბილდეს, ვლადიმერ პუტინმა დეკემბრის ბოლოს გააუქმა ადრე მოქმედი მოთხოვნა უცხოელი მყიდველების მიმართ, რომ თანხის გადახდა აღნიშნული ბანკის მეშვეობით მომხდარიყო. „ევროკავშირის იმ ქვეყნებმა, რომლებიც იყენებენ „თურქული ნაკადით“ მიწოდებულ რუსულ გაზს, შვებით ამოისუნთქეს“, - ამბობს ნატაშა ფილდინგი, სააგენტო Argus Media-ს ექსპერტი.

სხვათა შორის, ტრეიდერები არ გამორიცხავენ რუსული გაზის ევროპაში მიწოდების გაზრდას სამომავლოდ. ევროპული კომპანიები, რომლებიც ზარალს განიცდიან ალტერნატიული გაზის მაღალი ფასების გამო, იძულებული გახდებიან შეზღუდონ ძვირიანი თხევადი საწვავის შესყიდვა და როგორმე ისევ იაფ რუსულ გაზს დაუბრუნდნენ.

„ბოლოს და ბოლოს, ყველა ომი საბოლოოდ მთავრდება. ისეთი პირი უჩანს, რომ მალე დაიწყება სამშვიდობო მოლაპარაკება და რუსეთსა და უკრაინას შორის ზავი დაიდება. ალბათ, მშვიდობის დამყარების ერთ-ერთი შედეგი და პირობა ის იქნება, რომ რუსეთი კვლავ დაბრუნდება ევროკავშირში თავისი იაფი გაზით“, - ამბობს ერთ-ერთი ტრეიდერი.

შესაძლოა ამ მხრივ ევროპულმა მთავრობებმა რაიმე შეზღუდვები დააწესონ, რომ კონტინენტი ისევ ძალიან არ გახდეს დამოკიდებული რუსულ გაზზე, მაგრამ როგორც ანონიმმა ტრეიდერმა აღნიშნა - „გეოგრაფია არ შეცვლილა. ინფრასტრუქტურაც იგივე რჩება. აქედან გამომდინარე, ევროპა იძულებული იქნება გარკვეულწილად ისევ რუსული გაზით ისარგებლოს“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო