"სულ მქონდა ეჭვი, რომ ლილიპუტინმა ჩვენს მთავრობას მილიარდები მისცა, საქართველო ჩამაბარეთო... ადრე, ბიძინა ივანიშვილმა კი დაგვირიგა ცოტა ფული, მაგრამ..."
12 თებერვალს პირველ ქართველ ჯაზმუსიკოს ქალს, გიული ჩოხელს 90 წელი შეუსრულდება.
ქართველმა საზოგადოებამ კარგად იცის მისი დამსახურებების შესახებ, მაგრამ მაინც შევახსენებთ, რომ ღვაწლმოსილ არტისტსა და თბილისის საპატიო მოქალაქეს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის - ტალინის ფესტივალის ლაურეატის წოდება და საქართველოს კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო "ხელოვნების ქურუმი"... 1967 წელს გიული ჩოხელი სოპოტის სიმღერის საერთაშორისო ფესტივალზე მსოფლიოს 55 ქვეყნის წარმომადგენელთა შორის გრან-პრის მფლობელი გახდა და ევროპის საუკეთესო მომღერალთა ხუთეულში შევიდა. 1995 წელს ქართველი მუსიკოსი აშშ-ში, "კარნეგი ჰოლში" ცნობილი ჯაზკომენტატორის, ულის ქანოვერის მიკროფონით დააჯილდოეს და ამერიკულმა ფირმა "ინტერპრაისისმა" გამოსცა მისი ფირფიტა "მუდამ იქნება მუსიკა". 2015 წლის 28 მარტს თბილისის ივენთჰოლში გიული ჩოხელის საიუბილეო საღამო გაიმართა, მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. 2019 წელს საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიაზე პირველი ქართველი ჯაზმუსიკოსი ქალი "საუკუნის პერსონად" დასახელდა...
დღეს გიული ჩოხელი ამბობს, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად თავს ძალიან ცუდად გრძნობს...
- მოდი, საუბარს ასე დავიწყებ, რომ ესენი სასწრაფოდ უნდა მოგვშორდნენ! რაც ვნახე, ამ ყველაფერმა ლოგინად ჩამაგდო, ვეღარ ვდგები, ძალიან ცუდად ვარ! პოლიციის, სპეცრაზმის თანამშრომლებს როგორ არ რცხვენიათ, პარლამენტთან გაყინული სახეებით რომ დგანან და გვიმტკიცებენ, არაფერი მომხდარა, კარგები ვართო?! ჩვენი ხალხი - გმირი ხალხი ყოფილა. მთელ მსოფლიოში ასეთი ერი არ არსებობს! 15 წლის ბიჭს ასე როგორ უნდა სცემონ, დალეწონ და დაასახიჩრონ? ვეღარც კი ვლაპარკობ, ისეთ დღეში ვარ. ქალებს შვილებს უხოცავენ, რომლებიც ისედაც ღარიბად არიან და გაოხრებულ პირობებში ცხოვრობენ. ასეთი სიმხეცე გამოცდილი მაქვს. შვილი დამეღუპა რუსეთში და ერთი ექიმიც არ გამოჩნდა, გაცივებული ბავშვისთვის სიცხე მაინც გაეზომა... ვიცი, რაც არის, სახეში რომ შეგაფურთხებენ, დაგარტყამენ, გაგაგდებენ. ეს ყველაფერი გამოცდილი მაქვს საბჭოთა კავშირის პერიოდში. ძლივს მოვიტანე თავი აქ, ჩემს სამშობლოში. არც ამერიკაში, არსად არ დავრჩი, რადგან მე საქართველოს შვილი ვარ, ვენაცვალე ჩემს საქართველოს! მე მაქვს თბილი გული, რომელიც სამშობლომ მომცა, ხმა მომცა, სიმღერა მასწავლა საქართველომ.
- ახალგაზრდებზე ნერვიულობთ?
- დიახ. როგორი ერთმანეთზე ულამაზესი არიან ახალგაზრდები, რა საოცარი თაობა მოდის... სახლის გვერდით პატარა ბაღი მაქვს, სადაც ძაღლი გამყავს სასეირნოდ. ვგიჟდები პატარა, ექვსი თვის ბავშვები რომ უკვე დადიან. ჩემი შვილიც ასე პატარა დადიოდა, მაგრამ საერთოდ, 9 თვის ასაკიდან იწყებს ბავშვი სიარულს... არაჩვეულებრივები არიან. ჩემთან მორბიან, როცა ჩემს პატარა ცუგaს ვასეირნებ. ჰგონიათ, ჩემი პუდელი უკბენთ და ისევ გარბიან, თან სიცილით კვდებიან. ზოგი ჩერდება და ცუგaს hბაძავს, თვითონაც ყეფას იწყებს... ბედნიერი ვარ, თბილისში რომ გახლავართ. ეს სხვა ქალაქია და საერთოდ, მთელი საქართველო მუზეუმია. აქ უნდა სწავლობდე, კი არ უნდა იმხეცო და ხალხი გაათახსირო! უკვე რამდენიმე კვირაზე მეტია, საშინელებას უძლებს ეს ხალხი, სცემენ, ასახიჩრებენ. ლამის თავი მოაგლიჯეს, ქალი გადააგდეს... ამის ჩამდენს დედა, და, შვილი არ ჰყავს? არავინ ჰყავთ? ან არ მესმის, ასეთი უემოციო სახეებით როგორ შეუძლიათ საუბარი ე.წ. მთავრობის წარმომადგენლებს...
- ამბობთ, რომ კარგად იცნობთ რუსეთს და ამიტომ არ გინდათ...
- დიახ, ძალიან კარგად ვიცნობ და ამიტომაც არ მინდა! საბჭოთა წყობაშიც იყო არაჩვეულებრივი ხალხი, რომლებსაც ეზიზღებოდათ ის ყველაფერი, მაგრამ ამის გამოხატვას მხოლოდ შემოქმედებით ახერხებდნენ. რანაირი ჯურის ხალხი აღარ მოდიოდა კონცერტზე. მახსოვს, ორნი ისეთი მთვრალები იყვნენ, ვეღარ აზროვნებდნენ, იქვე სცენასთან ეყარნენ. რომ ვმღეროდი, ერთი ქურთუკზე ჩამომეკიდა, საშველს აღარ მაძლევდა და ბოლოს ფეხი ჩავცხე, არ ვიცი, სად მოხვდა... ასეთ პირობებში გვამუშავებდნენ და ფულს არასოდეს გვაძლევდნენ. 16-კაციანი ჯაზორკესტრი მყავდა, სულ გვაშიმშილებდნენ, შემდეგ სადღაც სახალინზე გაგვგზავნიდნენ, არნახული სიღარიბე იყო იქ... რუსებში უმეტესობა შოვინისტია და თან, თავი არისტოკრატები ჰგონიათ. ცხვირაწეულებს რომ ვხედავდი, დავცინოდი. ჯერ მარტო ორკესტრში მყავდა ულამაზესი ბიჭები, მერე მახსენდებოდა ჩემი ლამაზი ქუჩა, ჩემი ლამაზი ქვეყანა, ეს ხალხი და რომ ვადარებდი, სულ მეცინებოდა მათ თავდაჯერებულობაზე. ის კაცი რომ არის, ლილიპუტინი (ეს სახელი მე დავარქვი, მერე მიხეილ სააკაშვილმა სადღაც ყური მოჰკრა და აიტაცა), ბავშვობაში საქართველოში რომ ცხოვრობდა, პატარაობიდან გათახსირებული იქნებოდა და ამიტომაც, ქართველი თანატოლები ალბათ, სულ თავში ურტყამდნენ. ქართველი ბავშვი ვერ მოუთმენდა, ეს გულში ჩაიდო და ახლა ფიქრობს, - ქართველებო, დედას გიტირებთო. თუმცა ვერ გაიგო ქართველის უშიშარი, მეომარი ხასიათი. ახლა ჩანს ამ ახალგაზრდებში, ხმალი და ხანჯალი რომ ისევ იყოს, ამოღებული ხმლით მიადგებოდნენ მთავრობას.
- როდის გაბრაზდით ჩვენს მთავრობაზე, რა იყო თქვენთვის ყველაზე უპატიებელი?
- დანახვა, ხსენებაც აღარ მინდა მაგათი! მინდა როგორმე დამავიწყდნენ. ვხედავ დროდადრო ვიღაც გამხმარი კაცი გამოდის შუშის სასახლეში და ქართველებს ასწავლის, როგორ იცხოვრონ. საერთოდ აღარაფრის რცხვენიათ! ვთქვათ, გაიმარჯვეს, ქუჩაში როგორ უნდა გამოვიდნენ ან თვითონ, ან მათი შვილები?!
- სხვა ქვეყნებში ჰყავს უმეტესობას შვილები.
- იქაც იგივეა, გენაცვალე! ქვეყანა არ არის, სადაც ქუჩაში ძალიან ბევრი ქართველი არ შეგხვდება. ამდენი გაჭირვებული ადამიანია წასული, იქ მოხუცებს უვლიან, ათასნაირ მძიმე სამუშაოს ეწევიან, საქართველოში რომ შვილები შიმშილით არ დაეღუპოთ...
- ხშირად გვახსენებენ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, განსაკუთრებით, კულტურის სფეროში...
- ახლა ყური კარგად დამიგდეთ! ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი თავისი თავისთვის გააკეთა. როცა ადამიანი ქვეყნის გახლეჩის მიზნით მოდის და სხვა არაფერი ანაღვლებს, ის სახელს ფულით იკეთებს. კი დაგვირიგა ცოტა ფული, მაგრამ მე ასე ვიცოდი, რომ კულტურის სამინისტრო მეხმარებოდა. დაახლოებით ერთი წლის წინ გავიგე, როგორც იყო... სად არიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები? მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობის, სახალხო არტისტის - ელენე ჩოხელის შვილი ვარ. ფილმში "მხიარული რომანი" იპოლიტე ხვიჩიას პერსონაჟის უფროსი დაა დედაჩემი, რომელსაც უფროს რობერტ სტურუასთან განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა. მოგეხსენებათ, რობერტ სტურუა დიდებული მხატვარი იყო და ერთხელ დედას უთხრა, - შენ კარგი შვილი გყავს, ჩემთან მოიყვანე, მინდა მისი პორტრეტი დავხატოო. მაშინ მერვე კლასში ვიყავი, როდესაც ჩემი პორტრეტი დახატა, ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასი იყო ის ნახატი. დედასაც ისე უყვარდა, სულ პიანინოს თავზე ჰქონდა შემოდებული. პორტრეტი ნახშირით იყო შესრულებული... ერთხელ გასტროლიდან რომ დავბრუნდი, ნახატი აღარ დამხვდა და დედას მიზეზი ვკითხე. თურმე ჩემი შვილის - დინარას მისახედად ქალი დაუქირავებია, როცა თვითონ თეატრში უნდა ყოფილიყო. ამ ქალს უფიქრია, პორტრეტზე მტვერიაო და სველი ტილო გადაუსვამს. ნახატი გაფუჭდა, გადასაგდები გახდა, რაზეც ძალიან გული დამწყდა... ასეთი ახლობლობა გვაკავშირებდა რობერტ სტურუას ოჯახთან და დღეს მე მრცხვენია რობიკოს გამო, როგორც ის იქცევა!
- როგორც გვახსოვს, ცხრა აპრილს რუსთაველზე იყავით...
- დიახ, ჯერ მარტო ცხრა აპრილს რა დაგვავიწყებს?! რუსთაველზე ვიყავი, საშინელი რამ მომივიდა... იმ დროს „ზაპოროჟეცი“ მყავდა, ჩემი მეგობრის შვილები ჩემთან მოვიდნენ და მთხოვეს, - დეიდა გიული, რუსთაველზე ძალიან ბევრი ხალხია, გთხოვთ, გავიდეთო. ორივე ბავშვი მანქანაში ჩავისვი და გავედით... მიტინგზე ქართულ სიმღერებს უსინათლოები მღეროდნენ, საოცარი ატმოსფერო გახლდათ, ძალიან ამაღელვებელი. ნამდვილი საქართველო იყო იქ. ასე 12 საათისთვის ეს ბავშვები ამხანაგებთან წავიდნენ, იქვე მოძებნეს და ერთად მოძრაობდნენ. მე ვიღაც კაცმა მხარზე ხელი დამადო, - გთხოვთ, თქვენი ავტომობილი გაიყვანეთო. თურმე დიდხანს მეძებდა, ძლივს მომაგნო იმდენ ხალხში... ჩავედი, უკვე ყველა მანქანა გაყვანილი იყო, მეც ჩავჯექი და სახლში წამოვედი. გამთენიისკენ ჩამეძინა, მალე კარზე საშინელი ბრახუნი ატყდა. მეგონა, მეზობელთან წყალი ჩავუშვი, სასწრაფოდ წამოვხტი, გავაღე კარი და ვხედავ, გაწეწილი, გაუბედურებული, ნაცემი ბავშვია, მეგობრის შვილი, რომელიც რუსთაველზე მყავდა წაყვანილი. შემოვარდა კივილით, ყველა დახოცესო, იატაკზე ურტყამდა თავს. ვერაფერი გავიგე, რა ხდებოდა, ძლივს დავაწვინე, ჩახუტებული მყავდა. უცებ გაითიშა და ჩაეძინა, მაგრამ მე რაღა დამაძინებდა?! დილით საუზმე რომ გავამზადე, ვგრძნობდი, რომ შეკითხვები არ უნდა დამესვა, ისტერიკები ეწყებოდა, თავში ხელებს ირტყამდა, მაგრამ მაინც ვკითხე, - შვილო, ეთერი სად არის-მეთქი? აკივლდა, ეთერი "ლაფათკით" მოკლესო... ასე დაგვეღუპა ბავშვი რუსთაველზე. იქ რომ ვყოფილიყავი, მეც მომკლავდნენ, მაგრამ ჩემი თავი ჯანდაბას, მე უკვე 60 წელს ვიყავი გადაშორებული და ის სულ მთლად ბავშვი იყო... ასეთები გამოვიარეთ და ჩვენ კიდევ რუსეთი უნდა გვიხსენოს ვინმემ?! წიგნი გამოვეცი, სადაც ვწერ, რომ უკვე დროა, ქართული ლექსიკიდან რუსეთი ამოვიღოთ, არსად რუსეთი არ უნდა იხსენიებოდეს... თუ ვინმე იქნება ნორმალური, მარტო იმ ხალხთან გვქონდეს ურთიერთობა. ჩემი მეუღლე მამით რუსი და დედით ფრანგი იყო, თვითონ ნამდვილი ევროპელი, ყველა თვისებით. ჩვენ ერთად მოვიპოვეთ საბჭოთა კავშირში "ვარსკვლავის" სახელი. გენიალური ჯაზმენი - ბორის რიჩკოვი ქართული ფილარმონიის სოლისტი გახლდათ. ჩვენი ორკესტრი "ჩანგი" მან ჩამოაყალიბა, ქართული კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
- როგორია თქვენი დღევანდელობა?
- ახლა ცუდად ვარ, ვწევარ... ისე კი, დილას ძალიან ადრე, ექვს საათზე ვდგები და მსუბუქ საუზმეს მივირთმევთ მე და ჩემი ცუგა. მე ძირითადად მოხარშულ კვერცხს, ცუგას ქათმის ბარკალი უყვარს. სამ საათში ერთხელ ვლოცულობ, ჩემს შვილს, ჩემს დაკარგულ ოჯახს ვიხსენიებ... ყოველი წახემსების შემდეგ კი ღვთისმშობლის ხატთან მივდივარ და ვეუბნები, - დიდი მადლობა, ძალიან გემრიელი, საკმარისი იყო-მეთქი. ეს არის ქართული ხასიათი, ჯიგარი! მადლობა უნდა უთხრა ღვთისმშობელს, ღმერთს, შენ რომ საკვები გქონდა...
საუბრის დასასრულს ერთი რამ უნდა გითხრათ: სულ მქონდა ეჭვი, რომ ლილიპუტინმა ჩვენს მთავრობას მილიარდები მისცა, საქართველო ჩამაბარეთო. ახლა ეგ ეჭვი თანდათან მიმძაფრდება, მაგრამ ქართველ ახალგაზრდებს ვერ აჯობებენ! ესენი დაბადებული არიან გამარჯვებისთვის, არაფერი უნახავთ საქართველოს ცისა და სიყვარულის გარდა.
მანანა გაბრიჭიძე