რა "სარგებლობა" მოაქვს ლუსტრაციას?.. - "ჩეკისტები" არა მარტო რუსეთს მართავდნენ და მართავენ. "გავლენის აგენტების" შერჩევა, კარიერულ წინსვლაში დახმარება - კვირის პალიტრა

რა "სარგებლობა" მოაქვს ლუსტრაციას?.. - "ჩეკისტები" არა მარტო რუსეთს მართავდნენ და მართავენ. "გავლენის აგენტების" შერჩევა, კარიერულ წინსვლაში დახმარება და შემდეგ მათზე მზრუნველობა, ყველა ქვეყნის სპეცსამსახურისთვის "უმაღლესი პილოტაჟია"

ახალი წელი დაიწყო, თუმცა პრობლემები კვლავ ძველია. „რა გითხრათ, რით გაგახაროთ“ , – ჩვენს რეალობაში იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის , უკვე მესამე ათწლეულია, კვლავ ძველი პრობლემაა აქტუალური: ეს მტრის მიერ ჩანერგილი აგენტურაა. “გავლენის აგენტების“ შერჩევა, კარიერულ წინსვლაში დახმარება და შემდეგ მათზე მზრუნველობა, ყველა ქვეყნის სპეცსამსახურისთვის დიდი ამოცანა და „უმაღლესი პილოტაჟია“. ამავე დროს, არანაკლები წარმატებაა „აგენტი–ინფორმატორის“ ან „ღრმა დაშიფვრის ოფიცრის“ ქვეყნის მმართველობის უმაღლეს ეშელონებში გაყვანა.

მინდა შორეული წლები გაგახსენოთ, კერძოდ კი 1999 წლის 20 დეკემბერს, „ჩეკისტის დღეს“, რუსეთის მაშინდელი პრემიერ–მინისტრის მიერ ვეტერანი „ჩეკისტების“ წინაშე დაუფარავი სიამაყით და ვითომ ხუმრობით წარმოთქმული სიტყვები: თქვენი დავალების პირველი ნაწილი წარმატებით შესრულდა და მთავრობის მეთაურის პოსტი უკვე ჩვენს ხელშიაო.

ამ „ხუმრობის“ ავტორი რუსეთის მომავალი (და ალბათ სიკვდილამდე უცველი) პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო. მან მალევე მოაქცია თავისი ქვეყანა „ჩეკისტური კონტროლის“ ქვეშ, რითაც დადასტურდა, რომ მისი სიტყვები ძალზე ახლოს იყო სიმართლესთან.

putin-3-1735893909.jpg

პრემიერ–მინისტრი პუტინი „ჩეკისტების“ წინაშე თავს იწონებს, 1999 წლის 20 დეკემბერი

გუშინ და დღეს „ჩეკისტები“ არა მარტო რუსეთს მართავდნენ და მართავენ.

2002 წლის 19 ივნისის დილა უნგრეთში დიდი სკანდალით დაიწყო: გაზეთ „Magyar Nemzet“– მა გამოაქვეყნა სენსაციური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 27 მაისს უნგრეთის პარლამენტის მიერ ქვეყნის პრემიერ–მინისტრის პოსტზე დამტკიცებული სოციალისტური პარტიის წევრი პეტერ მედეში წლების მანძილზე დაკავშირებული იყო „კომუნისტური უნგრეთის“ უშიშროების ორგანოებთან. აღნიშნულმა გაზეთმა დაბეჭდა 1978 წლის მარტით დათარიღებული საარქივო დოკუმენტის ასლი, რომელშიც მაშინდელი უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ანდრაშ ბენკეი უფროსი ლეიტენანტის მორიგ (!!!) სამხედრო წოდებას ანიჭებდა „ამხანაგ D-209“– ს, რომელიც 1961 წლიდან ირიცხებოდა უშიშროების კარტოთეკაში. დოკუმენტში არ იყო მითითებული, თუ ვინ მიიღო სამხედრო წოდება, თუმცა მისი დაბადების თარიღი და დედის ქალიშვილობის გვარი (ეს უნგრული სპეციფიკაა) ემთხვეოდა მედეშის მონაცემებს.

სანამ ამ სკანდალური ისტორიის შესახებ თხრობას გავაგრძელებ, მინდა მკითხველს პეტერ მედეშის ბიოგრაფიის ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები გავაცნო: დაიბადა 1944 წელს, განათლებით ეკონომისტია, 1966–1988 წლებში მუშაობდა უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროში, სადაც გაიარა გზა რიგითი თანამშრომლიდან – მინისტრამდე. პეტერ მედეში ფინანსთა მინისტრის მოადგილის რანგში მონაწილეობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საიდუმლო მოლაპარაკებებში, რაც 1982 წელს ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში უნგრეთის შესვლით დასრულდა. 1988–1990 წლებში პეტერ მედეში უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებების შემდეგ, რამდენიმე წელი, სხვადასხვა კომერციულ ბანკებს ხელმძღვანელობდა. იმ პერიოდში შეიცვალა მისი „პოლიტიკური გემოვნებაც“: ყოფილი კომუნისტი უნგრეთის სოციალისტური პარტიის წევრი გახდა და 1996 წელს ის უნგრეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრად დანიშნეს.

medesh-1735893953.jpg

პეტერ მედეში

1998 წელს უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს დიდი სიურპრიზი მოჰყვა: ხმების დამაჯერებელი უპირატესობით „ დისიდენტების“ პარტიამ, – „ფიდესმა“ გაიმარჯვა და პრემიერ–მინისტრი 35 წლის ვიქტორ ორბანი გახდა. უნგრელი “ჩე გევარა“ უკვე 1990 წლიდან იყო პოსტკომუნისტური უნგრეთის პირველი მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ შექმნილი პარლამენტის წევრი და ოსტატურად მიიწევდა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის ხელში ჩასაგდებად. ამის შემდეგ პეტერ მედეშს და მისი პარტიას ოპოზიციაში მოუწიათ გადაბარგება : სწორედ აქედან იწყება ვიქტორ ორბანისა და პეტერ მედეშის პიროვნული დაპირისპირება.

2002 წლის მაისში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ფიდესი“ და ორბანი დამარცხდნენ, ხოლო ოპოზიციურმა კოალიციამ გაიმარჯვა და უნგრეთის ახალ პრემიერ–მინისტრად პეტერ მედეში აირჩიეს. ახალი მთავრობის მეთაურის სიტყვა ძალზე შთამბეჭდავი იყო: ის, ვიქტორ ორბანისგან განსხვავებით, თანახმა იყო მკაცრ საპარლამენტო კონტროლზე; პირობას დებდა, რომ მართლმსაჯულების სისტემა (სასამართლოები და პროკურატურა) დამოუკიდებლები გახდებოდნენ, არ შეიზღუდებოდა პრესის თავისუფლება და ა.შ. უნგრელებმა სწორედ ამ დაპირებებისთვის ამჯობინეს ორბანს მედეში.

გავიდა სულ რაღაც ერთი თვე და 2002 წლის 19 ივნისს, ყველასთვის მოულოდნელად, ეს სკანდალური დოკუმენტები გავრცელდა. თავიდან პრემიერ–მინისტრი პეტერ მედეში ყველაფერს უარყოფდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ იძულებული იყო პარლამენტის წინაშე თავი ემართლებინა: ხუთი წლის განმავლობაში ვმსახურობდი უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის კონტრდაზვერვაში და ვიყავი არა აგენტი– ინფორმატორი, არამედ კადრი ს ოფიცერი, რომელიც ქვეყნის საფინანსო–ეკონომიკურ უშიშროებაზე ზრუნავდაო. მედეშის ვერსია ამგვარი იყო: 1978–1982 წლებში ის უნგრეთის ფინანსთა სამინისტროში მუშაობისას, იყო უშიშროების ოფიცერი და ახორციელებდა უცხოელი (როგორც კა–გე–ბეს, ასევე სხვა ქვეყნების) ჯაშუშების წინააღმდეგ სპეციალურ ღონისძიებებს.

რეალურად ვინ იყო უნგრეთის მაშინდელი პრემიერ–მინისტრი: „ღრმა დაშიფვრის ოფიცერი“, „ოდეერი“, თუ აგენტი – ინფორმატორი?

pghdph-1735893984.jpg

„კომუნისტური სპეცსამსახურების“ ტიპური არქივები

მკითხველს შევახსენებ, რომ 1945–1991 წლებში ე.წ. „სოციალისტური ბანაკის“ ქვეყნების უშიშროების ორგანოები საბჭოურ ყაიდაზე იყო აწყობილი: არსებობდა ფარულად მოქმედი კადრის ოფიცრის შტატი („მოქმედი რეზერვის ოფიცერი“ – ე.წ. „ოდეერი“ და „ღრმა დაშიფვრის ოფიცერი“ ) და ე.წ. „სპეცკონტიგენტი“ (აგენტი, სანდო პირი, შტატგარეშე ფარული თანამშრომელი და სხვ.), რომელთა შორის განსხვავება ის იყო, რომ ერთნი ოფიციალური თანამშრომლები და ოფიცრები იყვნენ, რაც ასევე აისახებოდა საფინანსო–საბუღალტრო უწყისებში, ხოლო მეორენი „აგენტურულ აპარატს“ მიეკუთვნებოდნენ და მათი ანაზღაურება/წახალისება ე.წ. „მეცხრე მუხლით“ („ფარული ხარჯები“) ხორციელდებოდა. ორივე კატეგორია კომუნისტური რეჟიმის ერთგული „ცერბერები“ იყვნენ, თუმცა ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში ჩატარებულ ლუსტრაციის პროცესში მათი „წვლილი“ განსხვავებულად იყო შეფასებული: „ოფიციალურ ცერბერებს“ ის მცირე შეღავათი ჰქონდათ, რომ ისინი კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ, ხოლო მრავალრიცხოვანი „სპეცკონტიგენტი“ ყველაზე მარგინალურ და საძულველ ფენად იყო აღქმული.

„სოციალისტური ბლოკის“ დაშლის შემდეგ ლუსტრაციის პროცესი საზოგადოების ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნა გახდა და ყველა ახალი პოლიტიკურ ძალა იძულებული იყო მისთვის ანგარიში გაეწია. უნგრეთში ლუსტრაციის „რბილი“ ფორმა აირჩიეს, რასაც თავისი ისტორიული მიზეზები ჰქონდა.

უნგრეთი ითვლებოდა სოციალისტური ბანაკის „ყველაზე მხიარულ ყაზარმად“, ანუ, ყველაზე რბილი რეჟიმის მქონე ქვეყნად, ამიტომ მოსახლეობას არ ჰქონდა ისეთი ძლიერი მოტივები, რომ შური ეძიათ უშიშროების ოფიცრებსა და აგენტებზე.

1989 წელს უნგრელმა კომუნისტებმა და ოპოზიციამ დადეს სიტყვიერი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მრავალპარტიული სისტემის დანერგვისა და თავისუფალი არჩევნების სანაცვლოდ, კომუნისტების დევნა და დისკრიმინაცია მომავალში არ უნდა მომხდარიყო. ამიტომ თავიდან უნგრეთში ლუსტრაციის კანონი არ მიიღეს. მხოლოდ 1994 წელს მიიღო პარლამენტმა ლუსტრაციის კანონი, რომლის ამოცანა უშიშროების ორგანოებთან პოლიტიკოსებისა და კულტურული ელიტის კავშირების გამოვლენა და ამ ინფორმაციის გასაჯაროება უფრო იყო, ვიდრე დასჯა.

ლუსტრაციას ექვემდებარებოდნენ ისინი, ვინც იღებდა უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობის წერილობით ვალდებულებას, წერდა „ცნობებს“ და იღებდა რაიმე მატერიალურ სარგებელს „პოლიტიკური პოლიციისგან“.

უნგრეთში კანონით განისაზღვრა იმ პირთა წრე ვინც ლუსტრაციას ექვემდებარებოდნენ, ესენი იყვნენ: პარლამენტის წევრები, პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, ეროვნული ბანკისა და ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელობა, მოსამართლეები, პროკურორები. ასევე სახელმწიფო მედიის, და რაც ძალზე მნიშვნელოვანია კერძო მედიის სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირები.

თუ ზემოჩამოთვლილი პირების უშიშროების ორგანოებთან თანამშრომლობის ფაქტი გამომჟღავნდებოდა, პირს შესაძლებლობა ჰქონდა გადამდგარიყო საკუთარი სურვილით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი საქმე 30 დღის განმავლობაში გამოქვეყნდებოდა ოფიციალურ სამთავრობო გაზეთში. საინტერესოა, რომ ამის შემდეგ სხვა სამართლებრივი მოქმედება ან სამსახურიდან გათავისუფლება არ ხდებოდა. ასე, რომ უნგრეთის ლუსტრაციის კანონმდებლობის მთავარი მიზანი მოქალაქეების ინფორმირებულობა უფრო იყო, ვიდრე ყოფილი აგენტების დასჯა. საინტერესოა რამდენად გაამართლა ამ მიდგომამ?

(მესამე ნაწილის დასასრული)