"კრემლი კრახის წინაშე დგას! რუსეთი კატასტროფულ მდგომარეობაშია - ვლადიმერ პუტინი ომის კიდევ ერთ ასეთ წელს ვეღარ გადაიტანს" - რას მოუტანს დიქტატორს საგა - კვირის პალიტრა

"კრემლი კრახის წინაშე დგას! რუსეთი კატასტროფულ მდგომარეობაშია - ვლადიმერ პუტინი ომის კიდევ ერთ ასეთ წელს ვეღარ გადაიტანს" - რას მოუტანს დიქტატორს საგანგაშო 2025?

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) 3 იანვრის ნომერში ბეჭდავს სტატიას სათაურით „ვლადიმერ პუტინი ომის კიდევ ერთ ისეთ წელს, როგორიც 2024 იყო, ვეღარ გადაიტანს - რუსეთი კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფება“ (ავტორი - რიჩარდ კემპი, სამხედრო ანალიტიკოსი, გადამდგარი პოლკოვნიკი). მასში გაანალიზებულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური მდგომარეობა, განსაკუთრებული ყურადღება კი ექცევა კრემლის პოლიტიკის ჩავარდნებს ბოლო პერიოდში. ავტორი მიდის დასკვნამდე, რომ მცდარია წარმოდგენა, თითქოს რუსეთი ომში იმარჯვებს - პირიქით, კრემლი კრახის წინაშე დგას.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დაიწყო 2025 წელი, უკრაინის ბედთან დაკავშირებით პესიმიზმი იმატებს. გაუგებარია, რატომ მეფობს უიმედო განწყობა მაშინ, როცა ომი რუსეთის პრეზიდენტის - ვლადიმერ პუტინისათვის უკვე სამარცხვინო ჩავარდნად და მარცხად უნდა ჩავთვალოთ.

კრემლმა სამი წლის განმავლობაში ვერ მიაღწია თავის მიზანს - ვერ დაიმონა მის მეზობლად მდებარე შედარებით პატარა ქვეყანა, სამაგიეროდ, ვლადიმერ პუტინმა საკუთარ ხალხს უდიდესი ტანჯვა მიაყენა, დაანგრია ეკონომიკა და იმავდროულად, ძირს დასცა რუსეთის პრესტიჟი და სტრატეგიული გავლენა მთელ მსოფლიოში.

არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ რასაც ვლადიმერ პუტინი სამდღიან „სპეციალურ ოპერაციად“ გეგმავდა, სამწლიან კოშმარად გადაიქცა. რუსეთმა მხოლოდ მცირეოდენ ტერიტორიულ წარმატებას მიაღწია და ვერ შეძლო დონეცკის ოლქის მთლიანად ხელში ჩაგდებაც კი, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში. წარუმატებელი აღმოჩნდა გასული წლის მასშტაბური შეტევა ხარკოვთან ბუფერული ზონის შექმნის მიზნით, სადაც მოსკოვმა საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის დაკავება მოახერხა. გარდა ამისა, კრემლს აშკარად ჩაეშალა გათვლები, რომ უკრაინას ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვით, სიბნელითა და სიცივით დააჩოქებდა.

ამასობაში კი, ვლადიმერ პუტინმა დაკარგა კურსკის ოლქის ნაწილი, სადაც უკრაინის არმიის ქვედანაყოფები შეიჭრნენ გასული წლის აგვისტოში. რუსეთმა ვერ შეძლო მათი უკან გამოდევნა და ეს ხდება პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა რუსეთის ტერიტორია მოწინააღმდეგე ქვეყნის არმიას აქვს ოკუპირებული - მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა დახმარება ჩრდილოეთ კორეას სთხოვა.

ვლადიმერ პუტინის მიერ ნაქები რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები ვერაფერს გახდნენ უკრაინის დრონების მიმართ, რომლებიც გამუდმებით თავს ესხმიან რუსეთის აეროდრომებს, იარაღის საწყობებს, ნავთობის ბაზებს, სამხედრო ბაზებს და ქარხნებს. უკრაინის დრონებმა მოსკოვშიც კი შეაღწიეს. უკრაინის დაზვერვა წარმატებით მოქმედებს და რუს გენერლებს ანადგურებს. ფაქტობრივად, განადგურებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, რომელმაც წინააღმდეგობა ვერ გაუწია უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აღდგენას. უკრაინელებმა ჩაძირეს რუსეთის ფლოტის 15-მდე ყველაზე ძლიერი ხომალდი, ხოლო ამდენივემ დაზიანება მიიღო. მოკლედ, რუსული ფლოტი იმდენად დაჩაჩანაკდა, რომ მთავარი ბაზიდან - სევასტოპოლიდან გაიქცა და თავს ნოვოროსიისკს აფარებს, უკრაინის ნაპირებიდან საკმაოდ შორს.

ვლადიმერ პუტინის სკლეროტიკული სამხედრო კამპანიით გამოწვეული მსხვერპლიც ძალიან დიდია. უკრაინის შეფასებით, 2024 წელს რუსეთის დანაკარგებმა, ცოცხალი ძალის სახით, 427 ათასი სამხედრო მოსამსახურე შეადგინა. რაც შეეხება ტერიტორიას, ამერიკული ცენტრის Institute for the Study of War-ის შეფასებით, იმავე პერიოდში კრემლმა უკრაინის მხოლოდ 4168 კვადრატული კილომეტრი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი კვადრატული კილომეტრის ხელში ჩაგდება მოსკოვს 100 ჯარისკაცის სიცოცხლედ უჯდებოდა.

ფინანსური ხარჯები მსხვერპლთა კომპენსაციასთან და დაჭრილთა მკურნალობასთან დაკავშირებით ფედერალური ბიუჯეტის მხოლოდ 6%-ს მოიცავს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. საპროცენტო განაკვეთებმა 23%-ს მიაღწია 9%-იანი ინფლაციის პირობებში, რაც ეკონომიკის სამხედრო რელსებზე გადასვლით არის გამოწვეული. რუსეთი ასევე ძალიან დაზარალდა გლობალური სანქციებით. რუსეთის ფინანსური მდგომარეობა კრახის ზღვარზეა - მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი თავს იწონებს მთლიანი შიდა პროდუქტის მატებით. სინამდვილეში გრძელვადიანი ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია, თუნდაც ომი 2025 წელს შეწყდეს.

გარდა ამისა, ომმა სერიოზულად გამოუთხარა ძირი რუსეთის ავტორიტეტს ახლო აღმოსავლეთში. ვლადიმერ პუტინის ჩარევამ სირიის სამოქალაქო ომში 2015 წელს ბაშარ ასადს ხელისუფლება რამდენიმე წლით გაუგრძელა, თუმცა ბოლო მოვლენებმა დაადასტურა, რომ კრემლის იმედები გაიფანტა - სირიის დიქტატორს ვერც „ვაგნერის“ დაჯგუფებამ უშველა და ვერც - რუსეთის არმიის „შეზღუდულმა კონტინგენტმა“. სირიაში რუსეთის ბაზების ბედი ბეწვზე ჰკიდია. თუ სირიის ხელისუფლება მხარს დაუჭერს იმ ჯიჰადისტებს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ, სრულიად შესაძლებელია, რომ კრემლს ახალი ძლიერი თავის ტკივილი გაუჩნდება.

ვლადიმერ პუტინის ოცნების მიუხედავად, რუსეთის იმპერიის ისტორიული აღორძინების თაობაზე, პრეზიდენტი რისკავს, რომ ქვეყანა ჩინეთის შესაძლო დაქვემდებარებაში მოექცეს - სავაჭრო და ეკონომიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით. რუსეთის ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების კვალობაზე ჩინეთთან ვაჭრობაში დისბალანსი სულ უფრო გაღრმავდება. რუსეთი ძალიან არის დამოკიდებული ჩინური ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებზე, რომლებიც აუცილებელია სამხედრო მრეწველობისათვის. გარდა ამისა, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩრდილოეთ კორეა თავის ჯარისკაცებს რუსეთ-უკრაინის ომში ისე არ გაგზავნიდა, თუ ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის ნებართვა არ ექნებოდა. მოკლედ, ყველა პირობა იქმნება იმისათვის, რომ მოსკოვი პეკინისადმი დაქვემდებარებული გახდეს.

რუსეთის წინაშე მდგარი პრობლემების მიუხედავად, ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ ისე, რომ თითქოსდა უკრაინა და დასავლეთი გამარჯვებასთან ახლოს დგანან. სამწუხაროდ, მტკიცე წარმატების მიღწევის შესაძლებლობა უკრაინამ ხელიდან გაუშვა ჯერ კიდევ ორი წლის წინათ - დასავლეთისა და ევროპის ყოყმანის გამო - მიეცა თუ არ მიეცა უკრაინისთვის შესაბამისი რაოდენობის იარაღი, რომლის მეშვეობით რუსეთს უკან დაახევინებდა. ამჟამად ისეთი მდგომარეობაა, რომ უკრაინა რუსეთს, დასავლეთის მნიშვნელოვანი დახმარების გარეშე, უკვე ვეღარ შეაჩერებს. კიევის მოკავშირეები სულ უფრო იღლებიან, განსაკუთრებით 2023 წლის წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ. დასავლეთში ბევრს უკვე ეჭვი ეპარება უკრაინის გამარჯვებაში და ამიტომ, სულ უფრო მეტად იხრებიან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისა და შესაბამისი შეთანხმების გაფორმებისაკენ. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ამასწინანდელი კომენტარებიც იმას მოწმობს, რომ იგი უკვე ტერიტორიულ დათმობებზეც კი მზად არის.

ვლადიმერ პუტინი მკაცრ თამაშს აგრძელებს და უარყოფს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის წინადადებას, რომლის თანახმად, უკრაინა ნატოში 20 წლის განმავლობაში არ გაწევრიანდება, თუმცა უსაფრთხოების გარანტიას მიიღებს დასავლეთისაგან, ბუფერული ზონის შექმნისა და ამ ზონაში ევროპული სამშვიდობო ძალების განლაგების სახით. ვლადიმერ პუტინის პოზიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შერბილდება, თუ იგი რუსეთის ეკონომიკის ჩამონგრევას დაინახავს და მხედველობაში მიიღებს დონალდ ტრამპის სავარაუდო უპროგნოზო მოქმედებას თეთრ სახლში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო