"სიძულვილის ხაფანგი" რუსების გამოგონილი არაა. იულიუს კეისრიდან მოყოლებული, ყველა იმპერია იყენებდა პრინციპს - სიძულვილით უნდა "დაჰყო და იბატონო". ამას ქართველები ისევ გულმოდგინედ ავყევით"
საშინაო და საგარეო პოლიტიკაში როგორი შედეგებით შეხვდა საქართველო 2025 წელს და ამ შედეგების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას 2025 წელს საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
- ბატონო რამაზ, იმის გამო, რომ 29 დეკემბერს პარლამენტის შენობაში „ქართული ოცნებისა“ და მხოლოდ ამ პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერების მიერ არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია შედგა, საუბარი საშინაო პოლიტიკით უნდა დავიწყოთ.
შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ, ფაქტია, რომ დამდეგ ახალ 2025 წელს საქართველო პოლიტიკური თვალსაზრისით ისე არეულ-დარეული 1991 წლის შემდეგ, ანუ, როცა თბილისში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა არ შეხვედრია.
ვგულისხმობ იმას, რომ ვინც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, ასევე იმას არ ეთანხმება, როგორც ეს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა - „საქართველო 2028 წლამდე არ დააყენებს ევროკავშირის წინაშე საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხს დღის წესრიგში“, თვეზე მეტია რუსთაველზე საპროტესტო აქციებს მართავენ.
„ქართული ოცნების“ ლიდერები არჩევნების შედეგად 4 ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიას, ასევე მომიტინგეებს „უსამშობლოებად“, „აგენტებად“, „ლიბერალური ფაშისტებად“ მოიხსენიებენ.
ხელისუფლებამ მომიტინგე პროტესტანტთა წინააღმდეგ აშკარად არაპროპორციული ძალა გამოიყენა. დაზარალებულების რიცხვმა 400 გადააჭარბა. მათ მიმართ ძალის გამოყენების ფორმებმა და მასშტაბმა არათუ არასასიამოვნო განცდა დატოვა საზოგადოებაში, არამედ, ფაქტია, რომ პოლიციისადმი უნდობლობის ბზარიც გააჩინა.
მიუხედავად ამისა, მას შემდეგ რაც აშშ-მ შს მინისტრი გომელაური არა მარტო დაასანქცირა, არამედ „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა, პრემიერ ირაკლი კობახიძისგან მოვისმინეთ დაპირება რომ გომელაური და სხვა პოლიციის მაღალჩინოსნებს პრეზიდენტი ყაველაშვილი გორგასლისა თუ ღირსების ორდენებით დააჯილდოვებდა. მეტიც, შს მინისტრი გომელაური ვიცე -პრემიერად იქნა დანიშნული.
ფაქტია ისიც, რომ ქვეყანამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე გაიარა. ის რომ აქციებზე დაკავებულების ცემა-ტყეებისას არავინ გარდაცვლილა, შეიძლება ითქვას, უფლის წყალობით, გაგვიმართლა. ამისთვის რომ სამართალდამცავებს არ უზრუნიათ, ცხადზე უცხადესი. საშინაო პოლიტიკაში რა შედეგებით შეხვდა საქართველო ახალ 2025 წელს?
- დავიწყებ იმით, რითაც იწყება ეს დღეები - ყველას ვულოცავ ახალ 2025 წელს, ყველას ვუსურვებ ახდენოდეს სურვილები და, რაც მთავარია, ვისურვებ, რომ გვაერთიანებდეს ეს სურვილები ქვეყნისა და თითოეული მოყვასისთვის რთულ დროს, როცა გვიწევს ცხოვრება მსოფლიო პოლიტიკის და ეკონომიკის ტექტონიკური ძვრების პირობებში.
იმედია, საბოლოოდ მოიძებნება მოვლენების განვითარების ყველასთვის მეტ-ნაკლებად ხელსაყრელი ვარიანტი. ვარიანტების მოძებნას ფიქრი სჭირდება და მადლობა თქვენ, რომ წლების გასაყარის მომიზეზებით ცდილობთ განაახლოთ საფიქრალი.
თქვენ, ბუნებრივია, განაცალკევეთ კითხვები შიდა და გარე პროცესებზე, მაგრამ მხოლოდ შიდა ფაქტორებით მოქმედება ჩვენთვის იშვიათობაა. ვთვლი, რომ ახლაც გარე ფაქტორები მოქმედებენ საქართველოს შიდა მდგომარეობაზე ისევე, როგორც თქვენს მიერ ნახსენებ 90-იან წლებში.
გეთანხმებით, ბევრი საერთო აქვს დღევანდელობას 90-იანებთან და სწორედ ამიტომ არ მიმაჩნია, რომ ეს შიდა პროცესები მხოლოდ შიდაა. მაშინ რუსეთი აქეზებდა საქართველოს ერთ ნაწილს მეორესთან საჩხუბრად თბილისში, აფხაზეთში თუ ცხინვალის რეგიონში. გარედან წაქეზებულმა ამ აგრესიამ და წაქეზებულთა დაუფიქრებლობამ მოგვიტანა სამოქალაქო ომები სადაც, ერთი შეხედვით, საქართველოს მოქალაქეები ებრძოდნენ ერთმანეთს, მაგრამ რეალურად -რუსეთი ებრძოდა საქართველოს, რაც ღიად გამოჩნდა მხოლოდ 2008 წელს.
რუსეთი რუსეთად, მაგრამ ჩვენს ბრალზეც დავფიქრდეთ. შიმშილით ან შიშით შეწუხებული ცოცხალი არსება უფრო სწრაფად და დაუფიქრებლად ხტება ხაფანგში. ამიტომაა, რომ მასზე მონადირეც მსხვერპლის წინაშე სასიამოვნო-უსიამოვნოს ალტერნატივას აყენებს და ამაშია ხაფანგის არსი.
ესე იგი, ემოციურობის ფონზე უფრო მეტი შანსია ხაფანგში მოხვედრის. ამიტომ ვთვლი, რომ 90-იანებშიც და ახლაც ჩვენი ბრალი ის არის, რომ ზედმეტი ემოციების გამო ადვილად ვხვდებით ხაფანგში.
რუსებმა მრავალი წლის წინ აფხაზებს და ოსებს დაუგეს ხაფანგი, დააშინეს ქართველებით და, ფაქტობრივად, მხოლოდ ამ მიზეზით 90-იანებში დააწყებინეს ბრძოლა ქართველებთან. ქართველებისადმი სიძულვილი დღემდე მოჰყვებათ ორივეს... ხოლო, ჩვენ დაგვარწმუნეს, რომ „ერთ სტადიონ ხალხს“ ადვილად მოვერეოდით, თვითონ დაეხმარნენ ჩვენს მეტოქეებს და ამის შედეგად წაგვართვეს ტერიტორიის 20%.
„სიძულვილის ხაფანგი“ რუსების გამოგონილი არაა. იუილიუს კეისარიდან მოყოლებული ყველა იმპერია გამარჯვებისთვის იყენებდა პრინციპს, რომ სიძულვილით უნდა „დაჰყო და იბატონო“.
რუსებმა 90-იანებში ეთნოკონფლიქტების გარდა „სიძულვილის ხაფანგი“ საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებშიც გამოიყენეს, რასაც ქართველები ისევ გულმოდგინედ ავყევით. იმხელა სიძულვილის ნაპრალი გაჩნდა პირველი პრეზიდენტის მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს შორის, რომ დაიშალა ოჯახები, სანათესავოები და სამეგობროები. იმდროინდელი სიძულვილით დღესაც ერჩიან ერთმანეთს ადამიანებიინტერვიუში წარსულს ბევრი ადგილი დავუთმე იმიტომ, რომ ის დაგვეხმაროს აწმყოს გაგებაში. საქართველოში დღესაც დიდი არის სიძულვილის მუხტი, რაც ალბათ ისევ ვინმეს აწყობს და გველოდება ხაფანგი. ხაფანგისგან თავის დაღწევის პირობა არის რეალური მიზეზების დანახვა. ზოგჯერ დღევანდელი აქციების მიზეზად სახელდება ის, რომ 26 ოქტომბრის შედეგებს საქართველოში მოსახლეობის რაღაც ნაწილი არ დაეთანხმა და ამიტომ საპროტესტო აქციებს მართავენო.
მიზეზად მოაქვთ კობახიძის განცხადებაც ევროპისკენ ინიციატივების შეჩერებაზე. ბოლომდე დამაჯერებელი არაა ეს ვერსიები. ადრეც არ ეთანხმებოდნენ არჩევნების შედეგებს, მაგალითად 2020-ში. იყო საპროტესტო აქციები.
თუმცა, არ იყო ასეთი დაუნდობელი დაპირისპირება პიროტექნიკით და მოლოტოვის კოქტეილებით, ერთი მხრიდან, და მეორე მხრიდან, ცემით და დაპატიმრებებით. სხვათა შორის, ამ დღეებში პიროტექნიკიანი დაპირისპირება პოლიციასთან და ასეულობით ადამიანის დაპატიმრება მოხდა გერმანიასა და საფრანგეთში, თუმცა არჩევნების შედეგების გაპროტესტება არ იყო მიზეზი. შეიძლება პროტესტის სცენარი იყოს საერთო და არა პროტესტის მიზეზი.
2020-თან შედარებით შეიცვალა საქართველოს პრეზიდენტის და ევროპის (შარლ მიშელი) ქცევაც. მაშინ ისინი მხარეთა შერიგებას ცდილობდნენ, ახლა -აღვივებენ კონფლიქტს. ხოლო ირაკლი კობახიძის ზეპირ განცხადებას ამხელა პროტესტს არ უნდა მოსდევდეს, ის განცხადება ხომ რეალურად არაფერს ცვლიდა და ხანმოკლე პროტესტიც საკმარისი იქნებოდა სიგნალის ფუნქციით. ყველაფერზე ამ მიზეზზე უფრო ძლიერი რეაქციაა მიცემული, ვიდრე უნდა ყოფილიყო.
გააგრძელეთ კითხვა - რამაზ საყვარელიძე - საქართველო 2025 წელს სიძულვილის ხაფანგში მოხვედრილი შეხვდა