დიდი სკანდალი უკრაინაში ანუ „დეზერტირების ბრიგადა“- რატომ გაიქცა ბრძოლის ველიდან მაკრონის აღჭურვილი სამხედრო შენაერთი?! - კვირის პალიტრა

დიდი სკანდალი უკრაინაში ანუ „დეზერტირების ბრიგადა“- რატომ გაიქცა ბრძოლის ველიდან მაკრონის აღჭურვილი სამხედრო შენაერთი?!

უკრაინაში ახალ წლებზე დიდი სკანდალი აგორდა, რაც ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ძალზე არასასურველია, მით უმეტეს როდესაც საქმე ეხება სამხედროების მასიურ დეზერტირობას...

პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, მიეჩქმალა უკრაინის არმიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, მაგრამ შუბი ხალათში აღარ იმალება, როდესაც დეზერტირების ანუ ფრონტის ხაზიდან გამოქცეული უკრაინელი სამხედროების რიცხვმა, რომლებმაც სამ დღე-ღამეზე მეტი ხნით თვითნებურად მიატოვეს ფრონტის ხაზი, უკვე 100 ათასს მნიშვნელოვნად გადააჭარბა...

რა თქმა უნდა, ფრონტის მეორე ხაზიდანაც გარბიან და ოკუპანტ რუსებსაც არანაკლები დეზერტირები ეყოლებოდათ, მაგრამ იქ რუს გენერლების „გადამღობი“ რაზმები უყენიათ, რომლებიც ხშირად სწორედ იმ „კადიროველებით“ არიან დაკომპლექტებული და რომლებმაც დანდობა არ იციან-ამიტომაც რუს დეზერტირებს უკან გაქცევას ურჩევნიათ ისევ წინ წასვლა და სულაც უკრაინელების ტყვეობაში ჩავარდნაც, რადგან ასე უფრო შეინარჩუნებენ სიცოცხლეს...

უკრაინელ დეზერტირებს კი უკან ტყვიამფრქვევიანი „გადამღობი“ რაზმები არ ეგულებათ და ამიტომაც მოიმატა უკრაინის არმიიდან დეზერტირობის რიცხვმა, მათ შორის მასიურად გაქცევებმაც.

ის, რაც მოხდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ელიტურ 155-ე მექანიზირებულ ბრიგადაში, დიდ სირცხვილს იწვევს თავად უკრაინელ სამხედროებში-ჯერ კიდევ პირველი ტყვიის გასროლამდე, ფრონტის ხაზზე ჩაყვანილი ამ ბრიგადიდან 1 700-მდე სამხედრომ მასიური დეზერტირობა განახორციელა...

ყველაფერი კი დაახლოებით ასე დაიწყო:

უკრაინის ხელისუფლებამ ნატოს წევრ ქვეყნებს შესთავაზა დახმარებოდნენ 14 ახალი უკრაინული ბრიგადის მომზადებასა და შეიარაღებაში, ისე რომ ნატოს თითო წევრ ქვეყანას ერთ კონკრეტულ ბრიგადაზე აეღო შეფობა.

ნატოელებმა წაუყრუეს პრეზიდენტ ზელენსკის ამ თხოვნას და ამჯობინეს ძველი სქემით გაეგრძელებინათ სამხედრო დახმარება უკრაინისთვის.

ერთადერთმა, საფრანგეთმა გამოთქვა ამის სურვილი და 2024 წლის შემოდგომაზე ფრანგმა სამხედრო ინსტრუქტორებმა საფრანგეთის სამხედრო პოლიგონებზე გაწვრთნეს უკრაინიდან ორი თვით ჩაყვანილი 155-ე ბრიგადის 2 300 კაციანი პირადი შემადგენლობა და ამასთან შეაიარაღეს ფრანგული წარმოების ბორბლებიანი ტანკებითა და „ცეზარის“ ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარებით.

ზელენსკის პროპაგანდისტებმა ოფიციალური პარიზის გულის მოსაგებად 155-ე ბრიგადას „ანნა კიევსკაიას“ სახელი უწოდეს ანნა იაროსლავნას საპატივცემულოდ, რომელიც 11-ე საუკუნეში საფრანგეთის დედოფალი გახლდათ.

პრეზიდენტ მაკრონის ეს ინიციატივა საფრანგეთის ბიუჯეტს თითქმის 900 მლნ ევრო დაუჯდა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ფრანგული პოლიგონიდან 50-მდე უკრაინელი სამხედრო გაიქცა და დეზერტირობა ამჯობინა სამშობლოს დასაცავად დაბრუნებას, ჩაითვალა, რომ ეს პროგრამა წარმატებული გახლდათ...

მაგრამ, უკრაინაში დაბრუნებისთანავე, როდესაც 155-ე ბრიგადის პირადი შემადგენლობის გადასროლა მოხდა პოკროვსკთან, იქ სადაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს უკრაინას, 1 700 სამხედრომ ერთი ტყვიის გასროლის გარეშე თვითნებურად დატოვა პოზიციები და ფაქტობრივად დეზერტირად იქცა...

სხვა ბრიგადა 1 700 სამხედროს დატოვების შემდეგ უბრალოდ დაიშლებოდა, რადგან ბრიგადის საშტატო რაოდენობა დაახლოებით 3 ათასი კაცია, თუმცა „ანნა კიევსკაიას“ ბრიგადა თავიდანვე გაზრდილი შტატით-არანაკლებ 4 500 კაცით დაკომპლექტდა და ფრონტის ხაზზე კიდევ რჩებიან ამ ბრიგადის ის ნამდვილი მებრძოლები, რომლებმაც დეზერტირობასა და სირცხვილს, მტერთან გმირულად შებრძოლება ამჯობინეს...

1-sap-1736008402.jpg
ფრანგმა ისტრუქტორებმა საფრანგეთის პოლიგონებზე ორი თვის განმავლობაში მოამზადეს „ანნა კიევსკაიას“ სახელობის 155-ე მექანიზირებული ბრიგადის 2 300 უკრაინელი სამხედრო...

რამ გამოიწვია ასეთი საგანგაშო ფაქტი, როდესაც ბრიგადის თითქმის ნახევარი ჯერ კიდევ პირველ ბრძოლამდე გარბის ფრონტის ხაზიდან?

უკრაინელი დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტები ამაში ღიად და პირდაპირ ადანაშაულებენ ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს - პრეზიდენტ ზელენსკის, მის ადმინისტრაციასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ გენერალ სირსკის მის გენშტაბთან ერთად...

უკრაინელი სამხედრო ექსპერტები აღარ მალავენ და აღარც იმის ერიდებათ, რომ მტერი-პუტინის კრემლი ამას მოისმენს, უთითებენ ერთ-ერთ მთავარ დიდ პრობლემაზე, რის გამოც აღმოსავლეთ ფრონტზე უკრაინის არმია მთელი განვლილი 2024 წლის განმავლობაში უკან იხევდა - ზელენსკი-სირსკის დუეტი უშვებს უზარმაზარ სტრატეგიულ შეცდომას, როდესაც აყალიბებს ახალ-ახალ ბრიგადებს, მაშინ, როდესაც უკვე არსებული ბრიგადები, რომლებიც ფრონტის ხაზზე შეუცვლელად თვეობით იბრძვიან, რჩებიან დაუკომპლექტებლები და სჯობს ახალმობილიზირებულებით შესაბამისი მომზადების შემდეგ, სწორედ ასეთ, ბრძოლებში გამოცდილი ბრიგადების შევსება, ვიდრე ახალი ბრიგადების სახით (რომლებსაც დენთის სუნი არ უყნოსიათ) წინა ხაზზე გადასროლა...

ამასთან, ოპონენტები ზელენკი-სირსკის გუნდს მიუთითებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზის დიდი სიგრძის გამო, ბევრად უკეთესი იქნებოდა ბრძოლების წარმოება არა ბრიგადების არამედ დივიზია-კორპუსების სტრუქტურით, როდესაც ბევრად უფრო მსხვილ სამხედრო შენაერთებს ჩაბარდებოდათ პასუხისმგებლობა ფრონტის ხაზის გარკვეულ მონაკვეთებზე, რაზეც პასუხისმგებლობას დივიზიის მეთაური აიღებდა და არა ისე როგორც დღესაა, როდესაც ბრიგადების მეთაურები ერთმანეთს აბრალებენ ფრონტის ხაზის კონკრეტული მიმართულებიდან უკან დახევასა და თავდაცვითი პოზიციების მიტოვებას...

მოკლედ, 2025 წელს უკრაინის არმია ძალიან დიდი პრობლემებით ხვდება და ეს დიდი პრობლემა ძირითადად თავად უკრაინელებშია და არა დასავლეთის სამხედრო დახმარებაში- პირადი შემადგენლობით მებრძოლი დანაყოფებისა და შენაერთების დაკომლექტების უდიდესი პრობლემა, რაც გამოწვეული არასრულყოფილი მობილიზაციით (უკრაინის ხელისუფლება ჯერ კიდევ თავს იკავებს 18-დან 25 წლამდე მამაკაცების მობილიზაციაზე) და არასწორი სამხედრო-პოლიტიკური მმართველობით, განსაკუთრებით კი ხელისუფლების მაღალ ეშელონებში...