"მთელი ცხოვრება ვშრომობ, გლამურული ცხოვრება არ მქონია. სოფელში ყველაფერს თვითონ ვაკეთებ... შეშა უნდა შემოზიდო, ღუმელი ან ბუხარი აანთო, ათასი რამეა... - კვირის პალიტრა

"მთელი ცხოვრება ვშრომობ, გლამურული ცხოვრება არ მქონია. სოფელში ყველაფერს თვითონ ვაკეთებ... შეშა უნდა შემოზიდო, ღუმელი ან ბუხარი აანთო, ათასი რამეა... ახლა ბოსტნის, ვენახის სამუშაოები მოლეულია"

"თუ საქართველოში ვარ და არა გერმანიაში, ზამთარშიც სოფელში ვარ. ახლა აქციების გამო ჩამოვედი, სოფელში ვერ ვჩერდები, თბილისში იმდენად ელვის სისწრაფით ვითარდება მოვლენები“... - ამბობს მსახიობი ეკა ნიჟარაძე. თუ როგორია მისი დღევანდელობა და განწყობა, ამის შესახებ თავად გვესაუბრა...

- ქალბატონო ეკა, ბერლინში, "დოიჩეს თეატრში" ნინო ხარატიშვილის სპექტაკლში - "პენთესილეა რეკვიემი" მთავარ როლს ასრულებთ, საქართველოში ცხოვრობთ სოფელში, იქ, სადაც ძალიან დიდი შრომა ჩადეთ... თქვენი ცხოვრება შთამბეჭდავია...

- დიახ, შორიდან შეიძლება ასე ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან ცუდად ვარ, რადგან ჩემი განწყობა მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, რაც ახლა საქართველოში ხდება. არ ვარ მშვიდად, ვერ ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მსურს ვაკეთო. თუ გავაკეთებ, ეს იმ ხარისხის ვერ იქნება, როგორიც საჭიროა, ამიტომაც მიჭირს. ეს ეხება როგორც შემოქმედებით, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებას... რაც შეეხება ბერლინს, ძალიან კარგ თეატრში, იმ სპექტაკლში ვთამაშობ, რომელიც მომწონს. ეს არის ნინო ხარატიშვილის პიესის მიხედვით, მისივე რეჟისორობით დადგმული წარმოდგენა. ჩემი როლი უძვირფასესი საჩუქარია ჩემთვის. მოგეხსენებათ, ჩემს ასაკში მსახიობებისთვის როლები იკლებს, უამრავი პიესა ახალგაზრდა მსახიობებისთვისაა დაწერილი, ნინოს პიესა კი ზუსტად ჩემი ასაკის მეომარ ქალზეა. ეს ანტიკური მითის ნინო ხარატიშვილისეული ინტერპრეტაციაა. ჩემი გმირი ამორძალების დედოფალია, რომელიც ტროაში ჩადის, რათა აქილევსი დაამარცხოს და ტროა გაათავისუფლოს. თუმცა ერთმანეთი უყვარდებათ, ყველაფერი უფრო რთულად ვითარდება. ბოლოს ერთმანეთს კლავენ, მაგრამ მანამდე დიდი სიყვარულია.

- თქვენს გმირს რამდენად მიამსგავსეთ თავი ან პირიქით?

- ამ გმირში ჩემი ხასიათი დავინახე. მეც მებრძოლი ვარ, არასოდეს ვნებდები. ეს არ ნიშნავს, თითქოს რომანტიკული არ გახლავართ და ვინმე არ შემიძლია შემიყვარდეს. ჩემი ხასიათი სიყვარულს ხელს არ უშლის. თუმცა, არის რაღაც პრინციპები, მოვალეობები, რაც ზოგჯერ გაიძულებს, რომანტიკა დაივიწყო და შენი მოვალეობა შეასრულო! ჩემი გმირი ასეც იქცევა.

- დღეს ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, რომ მთელი მსოფლიოს დრამატულ თეატრებში სპექტაკლებს სიღრმე აკლია და მხოლოდ სანახაობრივ მხარეზე ფიქრობენ. როგორ შეაფასებდით ამ სპექტაკლს?

- ძალიან მომწონს, რომ ნინომ პიესა თვითონ დადგა. მოგეხსენებათ, ის პროფესიით რეჟისორია. მართლაც განსხვავებული სპექტაკლია თეატრის რეპერტუარში და მაყურებელსაც ძალიან მოსწონს. ბევრ ისეთ რამეს ეხება, რასაც გერმანელები შეიძლება გაურბიან კიდეც. მაგალითად, გრძნობები ასე სააშკარაოზე არ გამოაქვთ. თუმცა აქ ძალიან დიდ გრძნობაზე, დიდ ვნებაზეა ლაპარაკი და ამას რომ ხედავენ, ხიბლავთ. სპექტაკლს არაჩვეულებრივი, ცოცხალი მუსიკა გასდევს, რომელსაც უნიჭიერესი ქართველი კომპოზიტორი და შემსრულებელი - ნესტან ბაგრატიონ-დავითაშვილი გერმანელ მუსიკოსთან ერთად სცენაზე ასრულებს. ცოცხალი მუსიკა შთამბეჭდავია. კოსტიუმებზე, სცენოგრაფიაზე ნინოს დიდი ხნის მეგობარმა იმუშავა, რომელიც გერმანელია... თბილისიდან ორი მსახიობი ვართ, მე და ანანო მახარაძე. სამი იქაური თეატრის ძალიან ცნობილი, წამყვანი მსახიობები მონაწილეობენ, ერთი ქალბატონი და ორი მამაკაცი. სპექტაკლი ორ ენაზეა, ქართულ-გერმანულად. ქართული თარგმანი მაია ფანჯიკიძეს ეკუთვნის, მე ქართულად ვთამაშობ.

- რა ინტენსივობით გიწევთ ბერლინში ყოფნა?

- ბერლინში ყოველ თვეში მივფრინავ. გასული წლის დეკემბრიდან დაწყებული, ოთხი თვე იქ ვიყავი, ჯერ სპექტაკლის მომზადება, შემდეგ სპექტაკლები იყო... ბევრი რამ გადამხდა, ნეკნი მოვიტეხე, შემდეგ ფეხის თითი. ჩემთვის ტრავმული სპექტაკლი აღმოჩნდა, მაგრამ ამად ნამდვილად ღირდა.

- საქართველოში როგორია თქვენი ცხოვრება, ყოველდღიურობა?

- გარკვეულ დროს სოფელში, გარკვეულ დროს კი აქციებზე ვატარებ... სოფელ ართანაში სახლი 2016 წელს ვიყიდე, მაგრამ სამწუხაროდ, ვენახის გარდა, პანდემიამდე ვერაფრის გაკეთება ვერ მოვახერხე. პანდემია რომ დაიწყო, მაშინ მივხვდი, ეს ჩემი ოცნების სახლი ძალიან მჭირდებოდა. ამიტომაც კრედიტი ავიღე და სახლი ნელ-ნელა იმ დონემდე მივიყვანე, იქ ცხოვრება რომ შესაძლებელი ყოფილიყო. მოგეხსენებათ, დიდი ოჯახი მყავს: შვილები, შვილიშვილები...

- ყველაზე მეტად ვინ გიჭერდათ მხარს?

- ჩემი შვილები, რომლებიც სულ გვერდით მიდგანან... მანამდე სოფელთან შეხება არ მქონია, არანაირი გამოცდილება არ გამაჩნდა. ბავშვობაში რვა წელი გარიყულაში ვისვენებდი, მაგრამ იქ მხოლოდ დასვენება და გართობა მიწევდა. ვგიჟდებოდი, იმდენად მიყვარდა იქ ყოფნა, ეს დიდი სიყვარული დღემდე მომყვება. ამიტომაც, ყოველთვის მინდოდა, ჩემი სახლი მქონოდა, სადაც ჩემი შვილები, მეგობრები ჩამოვიდოდნენ. რაც მთავარია, თავად ვიქნებოდი იქ, სადაც თავს კარგად ვიგრძნობდი.

- სოფლის რა საქმის შესრულება მოგიხდათ, რომელიც მანამდე არ გაგიკეთებიათ და ვერც წარმოიდგენდით, თუ შეძლებდით?

- დედაჩემი რომ მირეკავს, სულ ვპასუხობ, რომ რაღაცას ვაკეთებ... აბსოლუტურად სწორად არის ნათქვამი, რომ სოფელში სულ საქმეა. როცა ჩადიხარ, აბლაბუდა, მტვერი გვხვდება, სახლი სულ რომ ორი დღით დატოვო, მაინც ასეა. სანამ ერთ ოთახს დავალაგებ, მეორეში რომ გავდივარ, უკვე აბლაბუდებია, რაც ბავშვებს ძალიან არ მოსწონთ. ზამთარშიც კი ბევრი საქმეა, მიუხედავად იმისა, რომ გარე - ბოსტნის, ვენახის - სამუშაოები მოლეულია. თითქოს უნდა დაისვენო, მაგრამ ასე არ არის, შეშა უნდა შემოზიდო, ღუმელი ან ბუხარი აანთო, ათასი რამეა...

- სახლს ღუმლით ათბობთ?

- მაქვს ცენტრალური გათბობა, მაგრამ ძალიან ძვირია. წარმოუდგენლად დიდი გადასახადი მოდის. ეტყობა, გაზი არ არის კარგი ხარისხის. თბილისში რა გადასახადიც მოდის, იმას ბევრად აღემატება და რთულია. თან ისე ვერ ათბობს, როგორც ღუმელი ან ბუხარი. სვანური ღუმელი მაქვს, რომელიც ანთებისთანავე საოცარ სითბოს და სიმყუდროვეს ქმნის.

- ზამთარშიც სოფელში ხართ?

- დიახ, თუ საქართველოში ვარ, ზამთარშიც სოფელში გახლავართ. ახლა აქციების გამო ჩამოვედი, სოფელში ვერ ვჩერდები, თბილისში იმდენად ელვის სისწრაფით ვითარდება მოვლენები.

- ახალ წელს შეხვედრიხართ სოფელში?

- ახალ წელს არა, მაგრამ პირველ იანვარს დილით, ძალიან ადრე წავსულვარ. შემდეგ ჩემი შვილები ჩამოდიან და ბედობას, შობას ართანაში აღვნიშნავთ. დიდი შემადგენლობით ვართ, ასეთი ტრადიცია გვაქვს. შარშან არ გამოგვივიდა, რადგან საქართველოში არ ვიყავი. წელსაც დაახლოებით იგივე მდგომარეობაა და ყველა წუწუნებს, შობას შენთან გვინდა სოფელშიო.

- როგორ აღნიშნავთ სოფელში დღესასწაულებს?

- რა თქმა უნდა, ადგილობრივ პროდუქტებს ვყიდულობ. ახმეტის ბაზარში დავდივარ და იქაურობა იმდენად მიყვარს, დიდ პოპულარიზაციას ვუწევ. მხოლოდ კვირას დილით იმართება და ვისაც ბაზარი უყვარს, აუცილებლად უნდა ჩავიდეს. იქ მრავალფეროვნებაა. ჩამოდიან თიანეთელი ბებოები, პანკისელი, ულამაზესი გოგონები, თუში ულამაზესი ქალბატონები და არაჩვეულებრივ ატმოსფეროსთან ერთად, პროდუქტებიც შესაბამისია. ყველა თავის ნაწარმს ყიდის, საქართველოს მასშტაბით სხვა ბაზარში ასეთი რამ არსად არის. საოცარი ყველი, დამბალხაჭო, ჩურჩხელები და ასე შემდეგ აქვთ...

- თქვენ თუ გყავთ სოფელში ფრინველი ან ცხოველი?

- არ მყავს. ძალიან მინდოდა, მაგრამ ახლობელმა მითხრა, შენთან სტუმრად ვეღარ მოვალო. ფრინველების ფობია აქვს, ძალიან ეშინია. ფრინველებს მოვაშენებ, რამეს მოვახერხებ, ისეთ ადგილას განვათავსებ, ჩემთან რომ მოვა, ამ შიშით არ შეწუხდეს. ვიღაცებს ბუმბულისაც კი ეშინიათ, არსებობს ასეთი ფობიები.

- ბოსტანში მუშაობთ?

- ნელ-ნელა ვსწავლობ, ყველაფერს თვითონ ვაკეთებ. თუ იქ ყოფნა ვერ მიხერხდება, მეზობლები ძალიან მეხმარებიან. მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, ყველაფერს მიხედავენ.

- როგორც ვიცი, ღვინოსაც ამზადებთ...

- დიახ, მაქვს ჩემი პატარა, ლამაზი ვენახი. არაჩვეულებრივი ღვინო გამოდის, ძალიან მოსწონთ... ჯერ დავწურავ, შემდეგ მოვურევ, რომ არ გადმოდუღდეს. დუღილს რომ მორჩება, უნდა გადმოიღო, რომ დასუფთავდეს, შემდეგ ისევ უნდა გადაიღო და მთელი რიტუალებია...

- ბევრს წარმოუდგენია, რომ გლამურულად უნდა გეცხოვრათ. არ უკვირთ, როცა ასეთ საქმეებს ასრულებთ?

- ალბათ უკვირთ, მაგრამ მთელი ცხოვრება ვშრომობ, გლამურული ცხოვრება არ მქონია. მართალია, ახალგაზრდობაში დავქროდი, ივენთებზე დავდიოდი გასართობად და დღესაც, თუ საშუალება, ხალისია, არც მაგას ვიკლებ. მეგობრებთან ერთად სიამოვნებით ვერთობი, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ფიზიკური იქნება თუ გონებრივი, უსაქმოდ ყოფნა არ შემიძლია. სხვა შემთხვევაში, ალბათ დეპრესიაში ჩავvარდები, საშინელება იქნება.

- შვილები რამდენად დაგემსგავსნენ ამ მხრივ?

- შვილები ჯერ ახალგაზრდები არიან, მაგათ ასაკში ვერც მე წარმოვიდგენდი, ფეხს თუ დავკრავდი და სოფელში წავიდოდი. ალბათ ვინმეს რომ ეთქვა, მაგასაც ვერ დავიჯერებდი, მაგრამ მოდის ასაკი, როდესაც ხვდები, რომ სხვა რამ გჭირდება და გინდა. შვილები ხშირად ჩამოდიან. გიჟდებიან, უყვართ იქაურობა. სულ მეუბნებიან, დედა, ეს რა კარგი რამ გადაწყვიტეო.

- თქვენი გადაწყვეტილებაა, საქართველოში მეტად არ იყოთ დაკავებული?

- არა, მაგრამ საერთოდ, რამე ხდება ამ ქვეყანაში? არა უშავს, ახლა სხვა რამაა მთავარი, ქვეყნის მომავალზე ვართ დღეს ყველა ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ევროპული მომავალი მინდა და როგორ შეიძლება ვინმეს სხვანაირად უნდოდეს?! ამ დროს რუსეთისკენ არათუ მივდივართ, უკვე რუსეთში ვართ! ვერ წარმომიდგენია, ამას ვინმე ვერ ხედავდეს, თუ ძალით არ უნდა თავი დაიყრუოს ან დაიბრმაოს. ეს აღარ არის პოლიტიკა, რა დროს პოლიტიკაა?! არც მე ვარ პოლიტიკოსი და არც მინდა ოდესმე შეხება მქონდეს, მაგრამ ვარ მოქალაქე, რომელიც ხედავს ამ ქვეყანაში რა ხდება! 12 წლის მანძილზე არაფერი გაკეთებულა, ამდენი გაჭირვებულია ირგვლივ. ახლაც მანქანით რომ გამოვედი, ჩვენი პენსიონერები ყველა გზაჯვარედინზე დგანან. ამ დროს ჩავდივარ ბერლინში და ვხედავ, სხვადასხვა ქალაქში პენსიონერები ველოსიპედებით როგორ დაქრიან, კაფეში სხედან, წამოკოტრიალებული არიან სკვერში ბალახზე, ცხოვრებით ტკბებიან. საქართველოში კი პენსიონერები რა დღეში არიან და ახალგაზრდებს სტუდქალაქიც არა აქვთ. რომ ჩამოდიან, ბინა უნდა იქირაონ, რისი საშუალებაც უმეტესობას არ აქვს. აღარაფერს ვამბობ განათლების სისტემაზე, კატასტროფაა, რაც ხდება. პროგრამიდან ისეთი რამეები ამოიღეს, ცოტა ხანში მიხელ ჯავახიშვილის წაკითხვასაც აკრძალავენ. მე მახსოვს ჩემს ბავშვობაში რაღაც წიგნებს ჩუმად ვკითხულობდი. ის დრო შემოტრიალდა ისევ, ცრუ, ყალბ პროპაგანდას ეწევიან, წარმოდგენელი სიბნელეა! გვეუბნებიან, რომ აქ კარგია, კარგი ეკონომიკური ზრდა გვაქვსო. ბევრი კიდევ ვერ ხვდება, რა გველის, 90-იანი წლები მონაგონი იქნება. მე მაინც ოპტიმისტი ვარ და უკეთესი მომავლის მჯერა. აქამდე როგორღაც ხომ მოვედით. საქართველოს ამაზე უარესიც გამოუვლია... ახლანდელი პრეზიდენტის კანდიდატურა თუ ხიბლავს ამომრჩეველს, მაშინ მეტის ღირსი არც ყოფილან. ხელისუფლებამ რადგან ეს ნაბიჯი გადადგა, ვთვლი, რომ ეს მათივე ამომრჩევლის დაცინვა და დაკნინებაა.

მანანა გაბრიჭიძე

ჟურნალი "გზა"