"ოჯახში ბევრი გველი ვართ. მჯერა, 2025 კარგ ამბებს მოგვიტანს", "ჩემი წელია, ბედნიერი დღეების მოლოდინი ყოველთვის მაქვს"
"თქვენ თუ გველის წელში დაიბადეთ, იცოდეთ, რომ ბუნებამ თანდაყოლილი ნებისყოფით,
ინტუიციით და გამჭრიახობით დაგაჯლიდოვათ. მამაკაცები რომანტიკულები არიან, ქალები კი ხშირად ახერხებენ, საკუთარი მისტიკურად ლამაზი გარეგნობა ძლიერი სქესის წარმომადგენელთა დასატყვევებლად ოსტატურად გამოიყენონ. მათ აქვთ უნარი, უშეცდომოდ გამოიცნონ გარშემო მყოფთა ფარული ზრახვები. მიზნის მისაღწევად დედამიწის გადაბრუნება შეუძლიათ. სიყვარულის ობიექტს ხშირად მას შემდეგაც ვერ თმობენ, როცა ის უკვე აღარ უყვართ. ბევრ გველს აქვს მიდრეკილება, გარს შემოეხვიოს ყოფილ პარტნიორს და ცხოვრება თავისუფლების შეზღუდვით მოუწამლოს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები გველის წელში დაბადებულ ადამიანებს.
კრისტი ყიფშიძე:
- გველის წელში დაბადებული სასწორი ვარ. ოჯახში ბევრი გველი ვართ. გველის წელშია დაბადებული ნატალია, გიორგი, ზურა, ლენუკას შვილი. კი მერიდება, მაგრამ გეტყვით, როდესაც პირადი რუკა შემიდგინეს, მითხრეს, "ბრძენი ლამაზმანი" ხარო და ძალიან მესიამოვნა. ყოველთვის მირჩევნია, მითხრან, "რა ჭკვიანი ხარ", ვიდრე "რა ლამაზი ხარ", ეს სიტყვები ბოლო დროს ძალიან გაუფასურდა.
- კრისტი, თვლი, რომ ბუნებამ თანდაყოლილი ნებისყოფით, ინტუიციითა და გამჭრიახობით დაგაჯილდოვა?
- კარგი ინტუიცია ნამდვილად მაქვს, კონკრეტულ სიტუაციაში შეგრძნებების დონეზე ჩემში რაღაც იღვიძებს, მაგრამ რა არის ეს რაღაც, ამის ახსნა რთულია.
- "გველი თუ განათლებულია, მისი ინტუიცია წინასწარმეტყველებაშიც კი გადადის".
- წინასწარი შეგრძნებები არაერთხელ მქონია, თუმცა სიტყვა "წინასწარმეტყველება" მაინც გადაჭარბებული მგონია.
- აღმოსავლეთის ქვეყნებში, როდესაც სურთ ქალს კომპლიმენტი უთხრან, ეუბნებიან, თქვენ ნამდვილი გველი ბრძანდებითო, ეს იქ საუკეთესო კომპლიმენტად ითვლება, საქართველოში კი სხვაგვარად აღიქვამენ.
- მენტალობას გააჩნია, ვიღაცას გველი ცუდი არსება ჰგონია, ხომ გაგიგიათ, ადამიანის მისამართით ნათქვამი, როგორი გველიაო, ანუ ცუდი ენა აქვს, ადამიანს სიტყვით კლავსო. ჩემთვის ეს არსება ლამაზია, თავისი ტყავით, სხარტი გონებით, მოქნილობით... ტყუილად კი არ ამბობენ, ბრძენიაო. ტყავის ცვლილებაც გარკვეული მინიშნებაა, დროთა განმავლობაში ჩვენც ხომ ვიცვლებით, განვითარება ხომ უკეთესობისკენ შეცვლაა. უსიამოვნო ამბავსაც სიმშვიდით უნდა შევხვდეთ და ისე მივიღოთ, როგორც გამოცდილება. რამდენი ფილმიც უნდა ვნახოთ, რამდენი წიგნიც უნდა წავიკითხოთ, კონკრეტული ამბავი სანამ ჩვენ არ გადაგვხვდება, მთელი სიმძაფრით მაინც ვერ შევიგრძნობთ. ადამიანები ერთხელ დაშვებულ შეცდომასაც ვიმეორებთ, შეიძლება ამ გამეორებას სხვაგვარი ინტერესიც კი ახლდეს, მაგრამ ცხოვრებაც ესაა.
- მარცხს სიმშვიდით ხვდები?
- მქონია შემთხვევები, როცა რაღაც ისე არ გამოსულა, როგორც მინდოდა, მაგრამ მარცხი არასდროს განმიცდია არც კარიერაში, არც - პირად ცხოვრებაში. მართალია, პირად ურთიერთობაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ უმეტესად ხომ ასე ხდება, ადამიანი ურთიერთობის დასაწყისში ხარ ანთებული, მოტივირებული, ძალიან მოგწონს ის, რაც შენს თავს ხდება, პირველ ეტაპზე მოჯადოებული ხარ, მაგრამ დროთა განმავლობაში იმ ადამიანს ვერ მიიღებ ან ის ვერ მიგიღებს და შორდები, მაგრამ ეს არ არის დამარცხება. ეს არშემდგარი ურთიერთობაა და მასაც პატივს ვცემ, მადლიერი ვარ. ტელეშოუებში არაერთხელ გამოვსულვარ, მითამაშია, ზოგჯერ ფინალშიც არ გავსულვარ, მაგრამ ახლაც მხვდებიან ადამიანები და მეუბნებიან, ამ გადაცემაში რა კარგი იყავიო, ჩემთვის ესეც უდიდესი გამარჯვებაა.
- "ის საკუთარ შეგრძნებებს მეტად უჯერებს, ვიდრე ფაქტებს საკუთარი თუ სხვისი გამოცდილებიდან".
- ერთდროულად რომანტიკულიც ვარ და რეალისტიც. შეგრძნებაზე გამახსენდა, გუშინ საპროტესტო აქციაზე სამოდელო სფეროს წარმომადგენლებს ერთობლივი მარში გვქონდა. ჩვენ თუ ვაკუუმში აღმოვჩნდებით, ყველაფერი თუ ჩაიკეტება, რა განვითარებაზე შეიძლება ლაპარაკი? გუშინ საოცარი შეგრძნება მქონდა. ლოზუნგივით კი გამოითქმის, მაგრამ გეყოფათ ოცნება, გონს მოდით, ფეხი დაადგით მიწაზე და რეალობას შეხედეთ! სიტყვა "ოცნება" ძალიან აბსტრაქტულია. მე არ ვოცნებობ, რომ რაღაც მქონდეს, "მე მაქვს სურვილი, მე მჭირდება, მე მინდა. ყოველთვის ვიტყვი, "მე მჭირდება მშვიდობა" და არა - "მე ვოცნებობ მშვიდობაზე".
- "კომუნიკაბელურობა ამ ადამიანისთვის საუკეთესო ნიღაბია, დასახულ მიზნამდე რომ ფარული სვლებით შეძლოს მისვლა".
- ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით, ფარული სვლები არ მჩვევია, ასეთი ადამიანი არ ვარ. ჩემთვის მთავარია გულწრფელი ვიყო, ჩუმად, ვიღაცის ზურგს უკან კი არა, გულწრფელად ვმოქმედებდე.
- "ხშირად შორიდან ისე ჩანს, რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში წარმატება მოულოდნელად მოდის, თუმცა რეალურად, ეს ყველაფერი ხანგრძლივი შრომის შედეგია".
- ხშირად შორიდან ბევრი რამ სხვანაირად ჩანს. მეუბნებიან, შენ როგორი ცივი გვეგონეო. გააჩნია ადამიანს, ვინ რას როგორ აღიქვამს, რა სიტუაციაში დაგინახავს. ზოგჯერ გინდა მოეშვა, სულ მომართული ვერ იქნები. სიმართლე გითხრათ, არ ვარ პოპულისტი, ცნობადი რომ გახლავართ, ესეც არ მომწონს. შეიძლება კარიერის დასაწყისში, ეს ახალი ხილი მსიამოვნებდა; მიხაროდა, როდესაც საკუთარ თავს ეკრანზე ან ჟურნალის გარეკანზე ვხედავდი, მაგრამ ამ ასაკში, ზოგჯერ უკვე მაღიზიანებს კიდეც. ხშირად მიჩნდება სურვილი, საერთოდ არავინ მიცნობდეს. ძალზე მნიშვნელოვანია სწორ დროს სწორ ადგილზე მოხვედრა, მერე უკვე ყველაფერი დამოკიდებულია შენს ნიჭზე, შრომის სიყვარულზე, საქმისადმი შენს დიდ სიყვარულზე.
- "სიყვარულის ობიექტს ხშირად მას შემდეგაც ვერ თმობს, როცა ის უკვე აღარ უყვარს. ბევრ გველს აქვს მიდრეკილება, გარს შემოეხვიოს ყოფილ პარტნიორს და ცხოვრება თავისუფლების შეზღუდვით მოუწამლოს".
- ეს ჩემი თვისება საერთოდ არ არის. ურთიერთობაში რაღაც თუ არ მომეწონება, იქვე ვამთავრებ. არც ძველი ურთიერთობის აღდგენა და გახსენება მიყვარს. ყველა მიყვარს შორიდან, მინდა კარგად იყოს, პატივს ვცემ, სულ ესაა.
- კრისტი, 2024-მა წელმა რა მოგიტანა?
- ჩემთვის ყოველი წელი ძალზე საინტერესოა. ყოველთვის, როცა წელი მთავრდება, ვფიქრობ, რა მომიტანა? 2024-მა წელმა ძალიან დიდი გამძლეობა მომიტანა. რაც წლები გადის, ეს შეგრძნება მემატება და რაც მთავარია, ეს პროცესი ჩემთვის აუტანელი არ არის. ცხოვრება ხომ ერთი დიდი თამაშია, აღმართ-დაღმართია, შენი ადგილი და ნიშა არ უნდა დაკარგო.
- რა განცდით ეგებები 2025 წელს?
- ვიცი, კარგ ამბებს მოგვიტანს. უკვე აღვნიშნე, ოჯახში ბევრი გველი ვართ. რომ დავორსულდი 2000 წელი იყო და შემდეგ წელს მოდიოდა გველის წელი. მეც და გიორგისაც გვიხაროდა, რომ ჩვენი შვილიც ჩვენს წელში იბადებოდა. სხვათა შორის, ნატალიასაც აქვს სურვილი, რომ შვილი გველის წელში გააჩინოს. გამიგონია, რომ ბევრი ცნობილი ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსებიც ასტროლოგებს რჩევებს ეკითხებიან, გეგმავენ შეხვედრებს, საჯარო გამოსვლებს... ჩემთვის ეს სფერო ასეთი მნიშვნელოვანი არ არის, ამით ცხოვრებას ვერ დავგეგმავ, მაგრამ ვთვლი, რომ ცოდნაში ცუდი არაფერია.
"გველი ხელშიც მჭერია. ვერც აღვიქვი, ნამდვილი რომ იყო, სათამაშოს ჰგავდა"
ანანო მგალობლიშვილი, მსახიობი:
- ყოველ ახალ წელს დიდი იმედით ვხვდები. ახლა რომ გითხრათ, რადგან ჩემი წელია, მოლოდინიც განსხვავებული მაქვს-მეთქი, მთლად ასეც არ არის, თუმცა ბედნიერი დღეების მოლოდინი ყოველთვის მაქვს.
- გველის წელში დაბადებული კირჩხიბი ხართ. საინტერესოა, ამ არსებისადმი თქვენი დამოკიდებულება როგორია?
- ზოგს ხომ უსიამოვნო განცდა აქვს, ზოგს ეშინია, მეც დაახლოებით ასე ვარ. რომ ვთქვა, განსაკუთრებულად მეშინია-მეთქი, ასე არ არის, ფობია არ მაქვს. გველი ხელშიც მჭერია. ძალიან ლამაზი, ყვითელი გველი იყო. მგონი, ვერც აღვიქვი, ნამდვილი რომ იყო, სათამაშოს ჰგავდა და შეხებისას დიდად რეაქცია არ მქონია.
- "თქვენ თუ გველის წელში დაიბადეთ, იცოდეთ, რომ ბუნებამ თანდაყოლილი ნებისყოფით, ინტუიციით და გამჭრიახობით დაგაჯიlდოვათ".
- ნებისყოფით დიდად არ გამოვირჩევი, ინტუიცია ნამდვილად მაქვს, შეიძლება ითქვას - გამჭრიახობაც.
- "ამ წელს დაბადებული ქალები ხშირად ახერხებენ, საკუთარი გარეგნობა ძლიერი სქესის წარმომადგენელთა დასატყვევებლად ოსტატურად გამოიყენონ".
- ახლა დავფიქრდი და მსგავსი "ოსტატობა" არასდროს დამჭირვებია, არც გამოვირჩევი, ეგეთი ტიპაჟი საერთოდ არ ვარ. ბუნებრივი, უშუალო ურთიერთობები მირჩევნია.
- "უნარი, უშეცდომოდ გამოიცნოს გარშემო მყოფთა ზრახვები, გველის წელში დაბადებული ბევრი ადამიანისთვის არის დამახასიათებელი".
- ეს უნარი მაქვს, ადამიანების აურას ვგრძნობ, ვხვდები, დადებითია თუ - პირიქით. შემიძლია, ადამიანზე შთაბეჭდილება ძალიან მალე შემექმნას, ალბათ ამაში შედის ზრახვების ამოცნობაც.
- ეს უნარი მნიშვნელოვან მომენტებში რამდენად გეხმარებათ?
- ვფიქრობ, საჭირო უნარია, როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებ, იცი, ვისთან რა დოზით უნდა დაიჭირო საქმე, როგორ იურთიერთო და რა კუთხით წაიყვანო საუბარი, მისგან რა მოლოდინი უნდა გქონდეს.
- "შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გადაწყვეტილებას სწრაფად იღებს, თუმცა მას ნებისმიერი სვლა წინასწარ აქვს გათვლილი და გაანალიზებული".
- მართალია, გადაწყვეტილებას მარტივად არასდროს ვიღებ, ძალიან ბევრს ვფიქრობ და ამ ბევრი ფიქრის შემდეგაც კი მიჭირს, მაგრამ თუ გადავწყვეტ, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ყველაფერი გააზრებული მაქვს.
- "შეყვარებული გველი პარტნიორის მიმართ მზრუნველი და მოსიყვარულეა, მაგრამ მოუთმენელი და ეჭვიანი. სიყვარულის ობიექტს ხშირად მას შემდეგაც ვერ თმობს, როცა აღარ უყვარს".
- ამ ბოლო წინადადებას ვერ დავეთანხმები, მაგრამ ეჭვიანი ვარ.
- გამოხატავ?
- არა, ჩემთვის მაქვს ეს ფიქრები. ძალიან ეჭვიანი არ ვარ, მეორე ადამიანს რომ თავს მოვახვიო ან შევიტყო.
- "ეს ადამიანი ხშირად ტოვებს გულჩათხრობილის და უკარებას შთაბეჭდილებას".
- მართლა? ეს ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს. ალბათ იმიტომ, რომ სინამდვილეში არც გულჩათხრობილი ვარ და არც უკარება.
- განმარტოება გიყვართ?
- რაც ბავშვი მყავს და ზოგჯერ სუნთქვის საშუალება არ მაქვს, განმარტოებას ცოტა ხნით მაინც თუ შევძლებ, ძალიან მიხარია, ისე კი ხალხმრავლობა მირჩევნია.
- "ძალიან რთულად გადააქვს წარუმატებლობა, როგორც პირად, ისე პროფესიულ ასპარეზზე, ამიტომ მთელი ცხოვრების მანძილზე ეძებს ადამიანს, რომელიც მისთვის მყარი ემოციური დასაყრდენი იქნება".
- ისეთი წარუმატებლობის შემთხვევები არ მქონია, მძიმედ რომ გადამეტანოს. თუმცა, კარგია, თუ გყავს ადამიანი, რომელიც შეიძლება შენი საყრდენი იყოს. ასტროლოგების ნათქვამის მეორე ნაწილს ვეთანხმები, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, არ გამომდინარეობს ის წარუმატებლობის შემთხვევიდან.
- მიზანდასახული ხართ?
- დინებას უფრო ხშირად მივყვები, ნაკლებად მებრძოლი ვარ.
- გინდათ მებრძოლი იყოთ?
- ძალიან მინდა, მაგრამ არ ვარ.
- არადა, თქვენი ნიშნით დაბადებულ ადამიანებზე ამბობენ, მიზნის მისაღწევად დედამიწის გადაბრუნება შეუძლიათო.
- ეს პოტენციალი შეიძლება არის ჩემში და უნდა განვავითარო. ამ წერტილამდე არასდროს მივსულვარ.
- რისკზე თამამად მიდიხართ?
- არა, ფრთხილი ვარ, ყველა ნაბიჯი გაცნობიერებული უნდა მქონდეს.
- "ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შეუძლია, რომელიც არ არის რისკთან დაკავშირებული".
- არ მიყვარს ისეთი სამუშაო, რომელიც გარისკვას მოითხოვს. წყნარად ყოფნა მირჩევნია, ჩემთვის სიმშვიდე უფრო დიდი კომფორტია.
- "მას შესანიშნავად ეხერხება საკუთარი პოზიციის სისწორეში ნებისმიერი ადამიანი დაარწმუნოს".
- ეს ყველა შემთხვევაში შეიძლება ვერ შევძლო, თუმცა მსგავსი შემთხვევები მქონია. თავად უნდა მჯეროდეს, სხვა რომ დავარწმუნო. შეკითხვები თუ გამაჩნია, ამ შემთხვევაში უფრო გამიჭირდება.
- ანანო, რა იყო მნიშვნელოვანი 2024 წელს?
- გლობალური მასშტაბით ძალიან რთული წელი იყო. ბუნებრივია, ეს მოვლენები თითოეულ ჩვენგანზე მოქმედებს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სერიალში "სიყვარულს მიღმა" ვითამაშე, ასეთი მასშტაბური როლი მაინც სიახლე იყო. 2024 წელს ბინა შევიძინე, რაც ძალიან მიხარია და უმთავრესი ამბავი, ოჯახში მატება გვაქვს, ამ წელს ტყუპი დისშვილი შემეძინა, ეს ყველაფერი კი ძალიან მიხარებს და მაბედნიერებს.
თამუნა კვინიკაძე