ბრიტანეთის პრემიერი, "ნიუს კორპი" და საქართველო - კვირის პალიტრა

ბრიტანეთის პრემიერი, "ნიუს კორპი" და საქართველო

უკვე მთელი წელია, რაც ბრიტანეთის მედია ყურადღებას არ აკლებს ერთ თემას. საქმე ეხება კაცს, რომლის სახელია რუპერტ მერდოკი. ის აკონტროლებს საერთაშორისო მედიაკორპორაციას, რომელიც თავის მხრივ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში არსებულ გაზეთებს (მათ შორის, ბრიტანეთის გაზეთების ერთ მესამედს), რადიო თუ სატელევიზიო არხებს ფლობს. ამჟამად მერდოკი ცდილობს, ერთ-ერთი დიდი სატელევიზიო სადგური, ამერიკული გაზეთები, ტელე-რადიოარხები, მათ შორის, "უოლ-სთრით ჯორნალი" და "ფოქს-ნიუსი" შეიძინოს.

შარშან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი გაზეთი და შეიძლება არა მარტო ეს გაზეთი - მოქალაქეთა სატელეფონო საუბრებს უსმენდა და სხვადასხვა მოვლენასთან დაკავშირებულ პოლიციელებს ქრთამავდა. თუმცა, ამ დროს ჩრდილში მოექცა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ამბავი. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ ამჟამად ბრიტანეთის მმართველობაში მყოფი კონსერვატიული პარტია ძალიან ახლოს ყოფილა მერდოკსა და მის გარემოცვასთან, რითაც გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებში გავლენის სანაცვლოდ მედიასაშუალებების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა.

ორიოდე დღის წინ კი არაორდინარული რამ მოხდა. ბრიტანეთის პრემიერს პირდაპირი სატელევიზიო ჩართვის რეჟიმში მთელი ხუთი საათის განმავლობაში აყრიდნენ კითხვებს ამ უხერხულ თემაზე. როგორც მაღალი რანგის ბრიტანელი პოლიტიკოსი, იგი ნიჭიერი ორატორია. თუმცა, ამ შემთხვევაში მის სახეზე ხშირად იხატებოდა კითხვებითა და კითხვებში საეჭვო ურთიერთობების ხსენებით გამოწვეული დისკომფორტის გრძნობა. იგი წამდაუწუმ გაიძახოდა, რომ ვერ იხსენებდა კითხვებში მითითებულ ამა თუ იმ საუბრის დეტალებს.

ამ ისტორიიდან საქართველოსთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტია გასათვალისწინებელი, რადგან ისინი უშუალოდ უკავშირდება ქვეყანაში დემოკრატიული პრაქტიკის, ჩვევებისა და ინსტიტუტების მშენებლობას.

პირველი ასპექტია ის პროფესიული ჟინი, როგორითაც ჟურნალისტები არ ანებებდნენ თავს ამ თემას. სკანდალი დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ ბევრი ჟურნალისტი განაგრძობდა საქმეში ჩაძიებას და ახალ-ახალი უცნობი დეტალის გამოვლენას. თავიდან მთავრობამ ეს თემა არც ისე საშიშად მიიჩნია და ყურადღება არ მიაქცია. თუმცა, რაც უფრო მეტი დეტალი გამოჰქონდათ ჟურნალისტებს სააშკარაოზე, მით უფრო აღვივებდა ის უხერხულობის გრძნობას მთავრობაში.

რაც შეეხება საქართველოს, აქ ცოტა თუ მეგულება ისეთი ჟურნალისტი, რომელიც მსგავსი ტიპის თემატიკებზე ასეთ მოთმინებას გამოიჩენს. საერთოდ, მე არსად მინახავს ისეთი ქვეყანა, რომელსაც ასეთი ხანმოკლე ახალი ამბები აქვს. მგონი, ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ჟურნალისტებს არ ჰყოფნით პროფესიული ჟინი საიმისოდ, ერთსა და იმავე საკითხზე უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად უფრო ღრმად და უფრო დიდხანს აწარმოონ გამოძიება.

მეორე ასპექტია საზოგადოების მოლოდინი, რომ ბრიტანეთში მოქმედი ინსტიტუტები ერთმანეთთან კავშირში არ არის. მაგრამ თუ არის, მაშინ საზოგადოება ასეთ ვითარებას არასწორად მიიჩნევს. არადა, საქართველოში მიღებულია, რომ სამაუწყებლო, განსაკუთრებით კი ახალი ამბების, მედიასაშუალებებსა და პოლიტიკურ ძალებს შორის ახლო ურთიერთობა ჩვეულებრივი ამბავია. საზოგადოდ, დემოკრატიულ ქვეყნებში საზოგადოება გაცილებით მეტ ინსტიტუციონალურ დაშორიშორებას მოითხოვს, ვიდრე ეს საქართველოშია ამჟამად, განსაკუთრებით კი მის მედიაში.

ბრიტანეთში განვითარებული მოვლენების მესამე ასპექტი, რომელიც საქართველოსთვის კარგი სახელმძღვანელო მაგალითი შეიძლება იყოს, დაკავშირებულია იმ ფორუმთან, სადაც უამრავი კითხვა დაისვა. კამერონს ის თვითონ არ შეურჩევია. რატომ შეარჩევდა ის პირდაპირი ჩართვის რეჟიმში მისთვის არასასიამოვნო თემაზე ხუთსაათიან სატელევიზიო კითხვა-პასუხების სესიას? მაგრამ ამ თემის შემსწავლელი კომისია იმდენად დამოუკიდებელი იყო, რომ სხვანაირი ფორუმის მოწყობაც შეეძლო, რომელიც კამერონისთვის საერთოდ მიუღებელი იქნებოდა. ეს ძალაუფლების შეკავების ინსტრუმენტის მოქმედების ნათელი, თვით დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობისთვისაც კი შთამბეჭდავი მაგალითია. აი, საქართველოში კი ასეთი ფორუმის მოწყობა იოლი ნამდვილად არ იქნება. ქვეყანაში არიან უმაღლესი რანგის ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც უარს ამბობენ თუნდაც ოდნავ მკაცრ კითხვა-პასუხში მონაწილეობაზე, თუ ფორუმი მათ კონტროლს არ დაექვემდებარება.

ზოგიერთისთვის მართლაც ძნელია იმის წარმოდგენა, თუ როგორ არიან ძველი დემოკრატიის ქვეყნებში სახელმწიფოს შტოები და მნიშვნელოვანი არასახელმწიფო სექტორები, მათ შორის, მედია, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. ალბათ, ეს საქართველოს საბჭოთა წარსულისა და კიდევ იმის ბრალია, რომ ამდენი ათწლეულის განმავლობაში პარტია და სახელმწიფო ურთიერთჩანაცვლებადი იყო. ამ არასწორი წარმოდგენის ერთ-ერთი გამოვლინებაა ის, რომ ბევრს უცხო ქვეყნების მეთაურები იმაზე უფრო ძლიერი ჰგონია, ვიდრე სინამდვილეში არიან. ხშირად გამიგია, რომ საქართველოსთან თუ სხვასთან დაკავშირებული ესა თუ ის საკითხი ობამას გადასაწყვეტია. ეს ნამდვილად არაა ასე. მართალია, უფლებამოსილებები შეიძლება დიდად განსხვავდებოდეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ძველ დემოკრატიებში ძალიან მკაცრი შეზღუდვები არსებობს იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ მთავრობის ხელმძღვანელებს და განსაკუთრებით სახელმწიფოს მეთაურებს, თუნდაც ზოგ ქვეყანაში ეს ორი თანამდებობა გაერთიანებული იყოს. სისტემა მათ ავალდებულებს, რომ მათთვის სასურველი ნებისმიერი საქმე პარლამენტსა თუ კანონმდებლობასთან შეთანხმებით გააკეთონ. გარდა ამისა, აღმასრულებელი შტოები დაკომპლექტებულია პროფესიონალი საჯარო მოხელეებით, რომლებიც პოლიტიკოსებზე უფრო დიდხანს რჩებიან სამუშაოზე და დიდ ზეგავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ან არ მიმდინარეობს პროცესები.

შემოდგომაზე საქართველოს ამომრჩევლებმა ხმა უნდა მისცენ ახალ პარლამენტს. რა თქმა უნდა, ცალკეულ კანდიდატზე ცხარე დისკუსიები გაიმართება. ამ დროს ცუდი არ იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ პარლამენტიც ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი ასეთი ინსტიტუტია. რამდენად დამოუკიდებელი იყო ის წარსულში? რამდენად დამოუკიდებელია ამჟამად და რამდენად დამოუკიდებელი იქნება მომავალში? კანდიდატების შერჩევის დროს საკითხავია, თუ რამდენად დამოუკიდებელი იქნებიან ეს კანდიდატები მათი პარტიების ხელმძღვანელობებისგან, რამდენად ლოიალური იქნებიან პარლამენტისადმი, როგორც ინსტიტუტისადმი, რა როლს შეასრულებენ ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში და როგორ შეუთავსებენ ერთმანეთს ამ როლსა და პარტიულ ლოიალობას?

ყოველდღიურად მსოფლიოს ნებისმიერ პარლამენტშია ამ ორი ლოიალობის დაპირისპირება. საკითხავიც სწორედ ის არის, თუ რომელი გაიმარჯვებს. ამ მხრივ ბრიტანეთი აშკარად დადგა პრობლემის წინაშე. თუმცა, ნამდვილად შთამაგონებელია იმის ყურება, თუ როგორ იძიებენ ამ ისტორიას ამ ქვეყნის ინსტიტუტები საჯაროდ. მათ უთუოდ აქვთ პრობლემის მოგვარების უნარი.