"მხოლოდ და მხოლოდ არჩევნები, სხვა არაფერი ამ სიტუაციას არ განმუხტავს“ - კვირის პალიტრა

"მხოლოდ და მხოლოდ არჩევნები, სხვა არაფერი ამ სიტუაციას არ განმუხტავს“

როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები ახალი წლის შემდეგ და რა როლს შეასრულებს სალომე ზურაბიშვილი, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოსებს, ვახტანგ ძაბირაძესა და რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრეთ.

"ფართომასშტაბიან რეპრესიებს არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს იქნება გზა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ და არა დიქტატურისკენ"

ვახტანგ ძაბირაძე: - სამწუხაროდ, დიდი იმედი, რომ ყველაფერი კარგად და მშვიდად იქნება, არა მაქვს. მძიმე პერიოდი გველის, დაძაბული და ხიფათიანი. ყველა ჩვენგანს, ალბათ, მოუწევს, უფრო მეტი სიფრთხილე და გონიერება გამოიჩინოს, რათა პრობლემა ისე გადავჭრათ, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მივიდეთ.

- ამაში სალომე ზურაბიშვილს რა როლის თამაში შეუძლია?

- მისი პრობლემა სწორედ ის იქნება,­ როგორ გაუკეთოს ორგანიზება არსებულ პროცესს, ქვეყნის გარეთ მას არ ექნება პრობლემები ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ რას მოიმოქმედებს ქვეყანაში. დიდი ალბათობით, უნდა გაიხსნას ოფისი, თუმცა საკითხავია, ფინანსურად ამას ვინ უზრუნველყოფს. ასევე აუცილებელია, მუხტი იქნეს შენარჩუნებული, გავიდეს რეგიონებში, შეხვდეს პროტესტის მონაწილეებს იმ ქალაქებში, სადაც თბილისის მსგავსად უწყვეტი პროტესტია. აუცილებელია ყველა იმ ქმედების კოორდინირება, რაც ამ პროტესტს უკავშირდება­. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ შეიქმნება რამდენიმე საკონსულტაციო საბჭო, ცალკე პოლიტიკური, ექსპერტული, საქველმოქმედო.­

- ამ პროცესში ნათლად გამოჩნდა, რომ საზოგადოებამ, ასე ვთქვათ, გაუსწრო პოლიტიკურ პარტიებს, სულ სხვა დონეზეა, რაც, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, პარტიული ნაწილის პოლიტიკური აქტიურობაც­ აუცილებელია. ამ პროცესში პოლიტიკური ნაწილის გააქტიურება როგორ წარმოგიდგენიათ, სალომე ზურაბიშვილს რისი გაკეთება შეუძლია, რა იქნება შედეგიანი? ცალკე პარტიის შექმნა, მთავარი პარტიების კოორდინირება თუ კიდევ სხვა რამის მოფიქრებაა შესაძლებელი?

- როდესაც ვამბობ, რომ პოლიტიკური­ ჯგუფი უნდა შეიქმნას, სწორედ ამას ვგულისხმობ, მაგრამ არა მარტო ამ ოთხი ოპოზიციური პარტიის, არამედ, ვფიქრობ, პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც გაცხადებული აქვს ევროპული მიმართულება და რომელიც 1%-იან ზღვარს მაინც არის გაცდენილი, თუ ისინი მოისურვებენ, ამ საკოორდინაციო ჯგუფში უნდა გაერთიანდნენ. ჯერჯერობით პოლიტიკოსების, გნებავთ, ამ ოთხი პარტიიდან, გნებავთ, სხვების,­ პროტესტში მონაწილეობა არ უნდა იყოს ისეთივე, როგორიც აქამდე იყო - ანუ გარკვეული პერიოდის შემდეგ დადგება დრო, როდესაც ლაპარაკი იქნება ახალი არჩევნების ჩატარებაზე, რაშიც უკვე წამყვანი პოლიტიკური ძალები იქნებიან. ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა, ალბათ, ექსპერტებთან თუ ცალკე, უნდა მოამზადოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი და ა.შ. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ამ ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანების კოორდინაცია. პოლიტიკური ჯგუფები უნდა შეთანხმდნენ, თუ როგორი არჩევნები უნდა ჩატარდეს და როგორი უნდა იყოს საარჩევნო კოდექსი, რომელიც მისაღები იქნება ყველა არჩევნებში. გასათვალისწინებელია ყველა­ ის ფაქტორიც, რომლებითაც ყველა ხელისუფლება აყალბებდა არჩევნებს და მოსაძებნია გზა, როგორ შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ არჩევნები ვეღარ გაყალბდეს და შედეგები ეჭვს არ იწვევდეს. ეს კი უნდა გაკეთდეს არა მარტო პოლიტიკოსებთან, არამედ ექსპერტებთან ერთად, ვისაც პირადი ინტერესი არ გააჩნია, მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი და რაც მთავარია, ამ საკითხის მცოდნეები არიან. დღეს ასე ვხედავ პოლიტიკური პარტიების სამოქმედო არეალს. ხვალ რა იქნება, ვნახოთ.

- "ქართული ოცნება" დათანხმდება ამას? დღეს ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ თითქოს არაფრის დათმობას არ აპირებენ.

- რა თქმა უნდა, "ოცნება" ამაზე არ წავა არც დღეს და არც ხვალ, მაგრამ პროცესი უნდა გაგრძელდეს ზეგაც, მაზეგაც და უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ მოუწევს ამაზე წასვლა, და როცა წავა, იმ დროისთვის ყველაფერი მზად უნდა იყოს. დღეს მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს ახალი არჩევნები­ და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. თუ გვინდა არჩევნები, უნდა ჩატარდეს ისე, რომ შედეგებზე არ გვექნება პრეტენზია, ამის ორგანიზება, ალბათ, სწორედ ზურაბიშვილს მოუწევს. დღეს ხშირად გაიგონებთ, ვის ელაპარაკონ, არ იციანო, უნდა ელაპარაკონ ზურაბიშვილს. მისი ფუნქცია ის იქნება, რომ სათავეში ჩაუდგეს ამ დოკუმენტის მომზადებას და ვიცოდეთ, ვინ რაზეა წამსვლელი. მეც ვფიქრობ, რომ დღეს "ქართული ოცნება" ამას არ დათანხმდება, მაგრამ პროცესი თუ ასე წავიდა, იძულებული იქნება, გაზაფხულისთვის დათმობაზე წავიდეს. თუ იმ დროისთვის კოდექსში შესატანი ცვლილებები მზად არ იქნება, ჩატარდება ისე, როგორც გაიმართა ცოტა ხნის წინ. დღეს ძალიან ბევრი საკითხია დასმული, თუნდაც სახალხო დამცველის გადადგომა, მაგრამ უნდა შეთანხმდნენ არჩევნების ნორმალურად ჩატარებისთვის ეს არის აუცილებელი თუ სხვა საკითხებია უფრო მნიშვნელოვანი? არც ხელისუფლებას და არც რიგით მოქალაქეს არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ ოპოზიციამ რაღაც დოკუმენტი დადო. თავის დროზე ზურაბიშვილმა რაღაც დოკუმენტები გააკეთა, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, მთლად დახვეწილი არ იყო. ასეთი რამ არ უნდა მოხდეს. რთული სამუშაოა, მაგრამ გაუკეთებელი არაფერია. ხალხი დღედაღამ ქუჩაში დგას, არ იღლება და ახლა პოლიტიკურმა ძალებმა და მათ, ვისაც ქვეყნის მომავალი აინტერესებს, დრო უნდა გამონახონ, რომ შეთანხმებას მიაღწიონ, რათა ხვალ-ზეგ იმავე პრობლემის წინაშე არ აღმოვჩნდეთ.

- ამბობთ, რომ გაზაფხულისთვის მაინც მოუწევს "ოცნებას" დათმობაზე წასვლა. თქვენ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას გულისხმობთ თუ ფიქრობთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლების შესანარჩუნებლად დაიწყებს საკადრო ცვლილებებს და ამით შეეცდება ვითარების განმუხტვას? რა შანსია, რომ არათუ რაიმეს დათმობა, არამედ პირიქით, დაიწყოს რეპრესიები და ა.შ., ანუ აირჩიოს ბელარუსიზაციის გზა?

- არ გამოვრიცხავ, რომ რეპრესიები­ უფრო მასშტაბურად განმეორდეს, მაგრამ რამდენადაც ძლიერი იქნება, როგორი რეაგირებაც ექნება საზოგადოებას და რა შედეგს მოიტანს, რთული სათქმელია.­

არა მგონია, საქართველოში შესაძლებელი იყოს იმის ორგანიზება, რაც გაკეთდა ბელარუსში ან თუნდაც ყაზახეთში. საქართველოში ძალიან რთული იქნება ადგილობრივი ძალებით დიქტატორული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ფართომასშტაბიან რეპრესიებს არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს იქნება გზა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ და არა დიქტატურისკენ, თუ, რა თქმა უნდა, არ შემოიყვანენ რუსულ სამხედრო შენაერთებს. ეს უკვე სხვა თემაა, ამას მე არც ველოდები. რეპრესიებს ნამდვილად არ გამოვრიცხავ, თუმცა ივანიშვილს მაინც მოუწევს წასვლა დათმობაზე.

- ხელისუფლების კომპრომისად რა ჩაითვლება?

- მხოლოდ და მხოლოდ არჩევნები, სხვა არაფერი ამ სიტუაციას არ განმუხტავს.­

ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა შეთანხმდნენ ისეთ საარჩევნო სისტემასა და ისეთ გარემოზე, რომ არჩევნებამდე თქვან, კი ბატონო, არჩევნებს ვაღიარებთო - ეს იქნება გადამწყვეტი. ოპოზიციამ უნდა თქვას, რას ითხოვს და რა შემთხვევაში აღიარებს არჩევნების შედეგებს, ხელისუფლება კი უნდა დათანხმდეს. ამის შემდეგ თუ მოსახლეობის ისევ ორი მესამედი იტყვის, რომ "ქართული ოცნება" ურჩევნია ყველას, მაშინ ვერავინ ვერაფერს იტყვის, ყველამ უნდა აღიაროს. მანიპულირება, რომ ვიღაცას გადააყენებენ, შედეგს არ მოიტანს. შედეგს მოიტანს ახალი არჩევნები, იმ პირობით, რომ წინასწარ იქნეს შეთანხმებული ყველა სადავო საკითხი. მშვიდობიანად და ნაკლები დანაკარგით რომ გავაგრძელოთ ცხოვრება, ეს უპირველესია, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლება ჯერ ამისთვის მზად არ არის.

- რა შემთხვევაში იქნება მზად?

- ვფიქრობ, როდესაც ეკონომიკური­ და პოლიტიკური სანქციები რეალურად დაიწყებს მოქმედებას და უმრავლესობას­ შეეხება, მაშინ ივანიშვილი იძულებული გახდება დათმოს.

რუსა მაჩაიძე