„რუსეთი ამერიკასაც ფეხებზე ჰკიდია და ჩინეთსაც და ჩვენ რატომ უნდა გვაინტერესებდეს?“ - კვირის პალიტრა

„რუსეთი ამერიკასაც ფეხებზე ჰკიდია და ჩინეთსაც და ჩვენ რატომ უნდა გვაინტერესებდეს?“

"ეს სანქციები "კოჭლი იხვის" ეტაპზე გაკეთებული მანევრებია, როდესაც მათ დასაკარგი აღარაფერი აქვთ და ჭკუა არ უნდა მოეკითხებოდეთ"

რამაზ საყვარელიძე: - ივანიშვილის­ დასანქცირება იდიოტობა იყო, რადგან ამერიკაც და ევროპაც ამ სანქციებით რუსეთისკენ გვიბიძგებენ. მადლობა ღმერთს, არ გვეტყობა მოძრაობა რუსეთისკენ, მაგრამ, როდესაც ასეთი გამეტებით გირტყამს ის მხარე, ვისკენაც მიდიხარ, ძალაუნებურად მეორე მხარეს გრჩება არჩევანი. ახლა მაინცდამაინც რუსეთისკენ თუ არ წავალთ, შეიძლება აღმოვჩნდეთ ბრიკსის სივრცეში და რატომ? იმიტომ, რომ იქიდან ასეთი მძიმე­ აგრესიაა. ამიტომაც სანქციების პოლიტიკა სწორია თუ არა, კიდევ საკითხავია.­

ბევრს უხარია, ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარიაო, და ზელენსკიმ მადლობა უთხრა ამერიკას სანქციისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სანქციები პოლიტიკურ პერსპექტივაში გამართლებულია, ამიტომ მე მაინც მგონია, სანქციები დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო.

ეს "კოჭლი იხვის" ეტაპზე გაკეთებული მანევრებია, როდესაც მათ დასაკარგი აღარაფერი აქვთ და ჭკუა არ უნდა მოეკითხებოდეთ, ამიტომ ტრამპი რას იზამს, ძნელი სათქმელია.

- ადმინისტრაციები გარდამავალ ეტაპზე რომ საკითხებს ათანხმებენ, ეს მნიშვნელ­ოვნად არ მიგაჩნიათ? ტრამპის გარემოცვის განცხადებებიც რომ გავითვალისწინოთ, არ გეჩვენებათ, რომ ასე მარტივად არ არის საქმე?

- ჩვენ დიდხანს გვჯეროდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი რაც არ უნდა სულელი იყოს და შეცდომებს უშვებდეს, სარისკო არ არის, იმიტომ, რომ მუშაობს უზარმაზარი აპარატი. თუმცა მერე აღმოჩნდა, რომ ასეც არ არის და თუ პირველი პირი იდიოტია, ბევრი იდიოტობის წყარო შეიძლება გახდეს. ბუში-უმცროსიც ცნობილი იდიოტი იყო, ასეთივე დამოკიდებულება აქვთ ბაიდენის მიმართ სრულიად სამართლიანად. პრეზიდენტები­ რაღაცას დაიჟინებდნენ დათვლის გარეშე და ქვეყანას შარში გახვევდნენ... მაგალითად, ბუშმა­ დაიჟინა, რევოლუციებით პაკისტანამდე უნდა მივიდეო და დაიწყო რევოლუციები, მაგრამ ყირგიზეთში გაჩერდა, რადგან აღმოაჩინეს,­ რომ პუტინი სვამდა თავის ხალხს ამათი რევოლუციების მერე. ესე იგი, ცუდად დათვლილი იყო ხომ? რაც შეეხება ტრამპს, თუ რას იზამს ამ სანქციებთან დაკავშირებით, ეს დამოკიდებულია იმაზე, საქართველო რა მნიშვნელობის იქნება ტრამპისთვის. ჩემი აზრით, ორი ვარიანტია: პირველი უხეშია, განსაკუთრებით იქიდან გამომდინარე, რომ ყაველაშვილის პრეზიდენტობის მოლოცვა მოვიდა ჩინეთიდან - ანუ ჩინეთის თემა თუ გახდება ტრამპისთვის წამყვანი, და დიდი ალბათობით, გახდება, მაშინ შესაძლოა ჩვენ ცუდ დღეში ჩავცვივდეთ და ისევე, როგორც ჩინეთის გამო გვირტყამდა ბაიდენი, იგივე გააგრძელოს ტრამპმა.­ ამ ჩინურ თემაშივე არის კიდევ ერთი ვარიანტი - ამერიკას კავკასიური ტრანზიტის ჩაშლა­ კი არა, კონტროლი უნდა და აქ საქართველომ შეიძლება ითამა­შოს გარკვეული როლი, რომ ორივე მხარეს ურთიერთმომგებიანი ვარიანტები შესთავაზოს. ეს შანსი გვაქვს და ამას კარგი მუშაობა უნდა.

- თქვით, რომ სანქციები ივანიშვილს რუსეთისკენ უბიძგებს... თუ ხედავთ საფრთხეს, რომ ივანიშვილმა არჩევანი რუსეთზე გააკეთოს?

- ჩემი აზრით, ეს გამორიცხულია სწორედ ბიძინას გამო. პუტინი ხელისუფლებაში რომ მივიდა, ბიძინა იქიდან წამოვიდა­, 9 წელი ჭორვილაში იჯდა და იქიდან მართავდა თავის ბიზნესს - ანუ პუტინი მისთვის კომფორტული ფიგურა არ არის. ბიძინა არც ისეთი დიდი ფიგურაა, რომ არიქა­, პუტინი გამოეკიდოს და ჩაიში ატომური ბომბი ჩაუგდოს. პუტინს მილიარდერების ცვენა ჰყავს, მაგრამ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და როგორც ჩანს, არ უნდა მის თვალსაწიერში იყოს, ამიტომ რუსეთთან ახლო ურთიერთობა მისთვისაც მისაღები არ არის. რაც შეეხება პოლიტიკას, რამდენჯერ ითქვა რუსეთიდან, მოდი, აღვადგინოთ საქართველოსთან ურთიერთობაო, და საქართველომ არც ერთხელ მხარი არ აუბა ამ ინიციატივას. შევხედოთ რეალობას­, რატომ უნდა გვინდოდეს რუსეთთან ურთიერთობა? მოტივს ვერ ვხედავ, რადგან ეკონომიკურად რუსეთი ჩვენთვის საინტერესო არ არის, პოლიტიკურად კი სახიფათოა... თუმცა ეს სულ არ ნიშნავს, რომ თუ რუსეთს დასჭირდება, აქ მონასტერს არ აგვირევს, მაგრამ ურთიერთობების დათბობისა და სიახლოვის სურვილიც არ უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას, რომელსაც ისედაც აქვს ფართო დიაპაზონის ურთიერთობები - ერთი მხრივ, ხიდი გადებული აქვს ამერიკასთან, მეორე მხრივ, ჩინეთთან. რუსეთი კი ამერიკასაც ფეხებზე ჰკიდია და ჩინეთსაც და ჩვენ რატომ უნდა გვაინტერესებდეს?

- მთავარი ხომ მაინც ის არის, რატომ დასანქცირდა ივანიშვილი და რას გააკეთებს, შეიძლება დათმობებზე წავიდეს?

- დათმობაზე რომ წავიდეს, გარკვეული უნდა იყოს, მისგან რას ითხოვენ, რა უნდა ამ ჯგუფს ხელისუფლებისგან? ვამბობთ, რომ სურთ ახალი არჩევნები, მაგრამ ვის? დავუშვათ, თქვა ხელისუფლებამ, მოვილაპარაკოთ როგორი იქნება ახალი არჩევნებიო, ვისთან უნდა დაჯდეს? როგორც ჩანს, ოპოზიცია ამ ახალგაზრდებისთვის ავტორიტეტი არ არის, შეაგინებენ და გააგდებენ. ოპოზიციას ეს ახალგაზრდები არ აღიარებენ და ვის უნდა მოელაპარაკონ? მინიმუმ მოლაპარაკებების პირობები არ არსებობს. არა გყავს სუბიექტი, ვისაც უნდა დაუთმო. მეორეც - ახალი­ არჩევნები რის საფუძველზე­ უნდა ჩატარდეს? ეს ხომ ნიშნავს, მილიონ ორასი ათასი კაცი, რომელმაც "ოცნებას" ხმა მისცა, უკმაყოფილო იქნება, რომ მისი ხმები ვერ დაიცვეს...

- იმის გამო უნდა ჩატარდეს, რასაც­ ხალხი აპროტესტებს - ევროკავშირზე უარს...

- ვინ თქვა უარი? ამის დოკუმენტი არ არსებობს. კობახიძე რომ შემოგიტრიალდეს და გითხრას, დოკუმენტი მაჩვენეო, რა უნდა აჩვენო?

- დოკუმენტი მისი განცხადებაა, სადაც თქვა, რომ ვწყვეტთ გაწევრების პროცესსო.

- ეგ არ არის დოკუმენტი... წინადღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ყველაფერზე ჩაგვარტყეს და ბოლოს­ თქვეს, სააკაშვილიც გამოუშვითო. ეს იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაზე პასუხი. არის პოლიტიკური ნაბიჯები, რომელთა ფუნქცია საგარეო ურთიერთობების მოგვარებაა. ეს ფუნქცია შეიძლება ყოველთვის "პადხალიმაჟი" კი არა, პირიქით, მკაცრი იყოს, კობახიძემ ასეთი მკაცრი სტილის ფრაზა თქვა, ჩემი ინიციატივით არ დავიწყებო. იმათთვის გასაგონი ფრაზა იყო და ინტონაციაც საიმათო იყო. ამ დროს ესენი გამოიშალნენ. რატომ გამოიშალნენ? იმიტომ, რომ ევროპამ დაავალა, მაგაზე წამოიკიდეთო.

- ანუ ევროპამ ევროპარლამენტს მიაღებინა რეზოლუცია იმ გათვლით, რომ კობახიძეს ეს განცხადება გაეკეთებინა და პარალელურად ათასობით ადამიანს დაავალა, გამოდით გასაპროტესტებლად, რომ კობახიძე ამაზე წამოვიკიდოთო? ძალიან ჩახლართული და ულოგიკო სქემა არ გგონიათ, მით უმეტეს, რომ ამდენი ხალხი სპონტანურად გამოვიდა ქუჩაში.

- საქართველოში სპონტანურად უკვე დიდი ხანია არაფერი ხდება, განსაკუთრებით ე.წ. აგენტების კანონის მიღების მერე. ამათი სპონტანურობა როგორ გესახება, როდესაც ოფისებში ჩალაგებულია პიროტექნიკა და მოლოტოვის კოქტეილები?­ ისიც ნუ გაგვიკვირდება, თუ ქუჩაში პროტესტით გამოვიდა, ვთქვათ, ასი კაცი, მას მეორე ასი შეუერთდება. ადამიანის ბუნება­ ასეთია, ერთმანეთს ვბაძავთ. ძალიან ხშირად­ გავლენის აგენტები წყვეტენ ყველაფერს...

- ამ პროტესტში ვინ არის გავლენის აგენტი ან აგენტები?

- შეიძლება გავლენის აგენტი იყოს რამდენიმე ახალგაზრდაც კი... იმაში ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ახალგაზრდების მოტივი ის იყო, ევროპისკენ მივდივართ თუ არაო, მაგრამ ხომ ვიღაცამ დააჯერა, ეს ევროპისგან გადახვევააო?

- რატომ გეპარებათ ეჭვი ამ ხალხის შესაძლებლობაში, რომ ვიღაცის დაჯერების გარეშე შეუძლიათ დასკვნების გაკეთება და იქნებ­ სწორედ "ოცნების" ქმედებებმა და კონკრეტულად კობახიძის ამ განცხადებამ დააჯერა?

- ვიღაც შუაში აუცილებლად იქნებოდა. როდის აქეთაა, ასე ყურადღებით უსმენენ ახალგაზრდები კობახიძის განცხადებებს? ანუ ვიღაცების მეშვეობით მიიყვანეს ეს პროცესი იქამდე, აი, ევროპა აღარ იქნებაო. პოლიტიკურ ბრძოლაში მოსულა, რომ ადამიანები საბრძოლველად უნდა წაიყვანო და რითი წაიყვან, უკვე სხვა საკითხია.

სხვათა შორის, ძალიან კარგი პროცესია, რომ ამ ახალგაზრდებმა თვალსა და ხელშუა­ ისწავლეს სამშობლოს ისეთი სიყვარული, როგორიც არც დაგვესიზმრებოდა. ამ ახალგაზრდებიდან გამოიკვეთებიან ლიდერებიც­ და ახალი ძალებიც ჩამოყალიბდება. დღეს რომ დაიძახო, ლიდერი გამოკვეთეთო, ვერ გამოიკვეთება, ქაოსური მასაა. რაღაც ფორმა უნდა მოიძებნოს, რომ მათი პოლიტიკური კულტურა ამაღლდეს იქამდე, რომ მომავალი არჩევნებისთვის უკვე გვყავდეს ახალი თაობის პოლიტიკოსები...

რუსა მაჩაიძე