ჩემი და მამას გურია - კვირის პალიტრა

ჩემი და მამას გურია

2 დღეში ჩემი დაბადების დღეა...

ბავშვობიდან ვღელავ ეს დღე რომ ახლოვდება, წლებმა საერთოდ არ შეცვალა ეს მოლოდინი, სულ არ მადარდებს  რა გადის, მიხარია რომ მოდის...

წელს კი ამ თაბაშირებმა და ათასნაირმა დისკომფორტმა სულ დამაკარგინა დღეების რიგი და უცებ აღმოვაჩინე რომ მოახლოვებულა, მოპარულასავით ამჯერად...

3 წელია ერთი აუცილებელი რიტუალი გამოაკლდა ამ დღეს და შეიძლება ეს მიზეზია ყველა ტკივილზე უტკივილესი – დედ და მამა აღარ არიან...

ჩემს დაბადების დღეს, დილითვე პირველად მათ ვურეკავდი და მადლობას ვეუბნებოდი... რომ მაჩუქეს შესაძლებლობა მეცხოვრა, შემესრუტა რაც შემეძლო, ამდენი რამ მესწავლა  და ამდენი რამე შემყვარებოდ. მერე კი, კიდევ ერთხელ დავბადებულიყავი როგორც დედა - ნინოსთან ერთად და როგორც ბებია - ნიკოლოზთან ერთად. ეს მადლიერება მათი კუთვნილებაა ახლაც, ორონდ მთავარი ის არის, რომ ის სიხარული აღარ მესმის რაც ჩემს აღფრთოვანებას ახლდა პასუხად...

და დღეებიც არ იწყება მამის სატელეფონო ზარით

- როგორ ხარ მამიკო?

- რა ვიცი, არა მიშავს.

ინფორმაციის გაცვლა და მორიგი ფრაზა

- ჩემო სიცოცხლე, იცოდე ჩემზე მეტად არავის, არასოდეს არ ეყვარები.

- კარგი რა მამა...

ყურმილს ვკიდებდი და მეგონა მამა სულ იქნებოდა...

ეხლაც კი ვერ  ვეჩვევი, რომ ეს ზარები გაქრა ჩემი ცხოვრებიდან...

მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ მასავით არავის ვეყვარები და ჩემს გამოჩენასაც ასე არავინ დაელოდება...

წარმომიდგენია, რა დაემართებოდა გურიის დიდი მიტინგის დანახვაზე, არ ვიცი იქნებ წასულიყო კიდევაც. დაუზარელი, მღელვარე და გურიაზე გაგიჟებული იყო ... ამიტომ გაგვაბრუებდა ტრაბახით  - აი რა ქნეს ამ მიძინებული, რომ გგონიათ მაგ გურელებმაო... და კიდევ ერთხელ ხალისით გაიხსენებდა იმ ძველ იატორიას...

მე ცოტა წინათქმას დავამატებ...

არაფერი არ ეზარებოდა, მხოლოდ ერთ რამეს ვერ პატიობდა ვერავის, სიზარმაცეს... სულ მუშაობდა და თანაც ბევრ ადგილას. საყვარელი ქალისთვის და ჩვენთვის... რომ არაფერი მოგვკლებოდა... ყველაფერი თავისით გააკეთა...პირველი ლურჯი მოსკვიჩი, რომ იყიდა, მგონი თვითონაც ძლივს დაიჯერა, გაოცებულიც დარჩა - ესეც მოახერხა... ახალი სიყვარული დაიწყო, სიყვარული კი ცოტა გურულად გადარეული იცოდა. უვლიდა ზედმეტად და განსაკუთრებით, ყველ ნაწილს თავისი მაჭერი ჰქონდა: ბამბაზიის, მიტკლის, ტილოსი...   სულ ამოწმებდა, ასუფთავებდა, ალაგებდა, ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა... მოკლედ მანქანა ქალაქს, რომ მოარგო და გასაზიარებელი არეალი შემოაკლდა  - გამოაცხადა მამათში უნდა წავიდეთო და წავედით.

აქედან იწყება მამას და ჩვენი გურია...

შუადღე იყო რომ მამათში ავაღწიეთ. გაიხარეს მამას ბიძაშვილებმა. გაიშალა სუფრა და არ გაჩერდა გივი. ეს რა მანქანაა, როგორ დადის, ამას შვება, იმას აკეთებს... ასეთი საჭეა აქვს და ასეთი ბორბლებიო.  გურულებიც ზრდილობიანად და მოთმინებით  მარტო შორისდებულებით პასუხობდნენ - მართლა... კაი, კაცო...  რას ამბობ...

უცებ მამამ ფანჯარაში გაიხედა და მოუბოდიშა - ერთი წუთით, მანქანას  მზე მოადგა და ჩრდილში გადავაყენებო...  და იქ მოითქვეს სული გურულებმა

- რავა ოფლიც იცისო?..

ია ასეთი გურია, უცაბედი და მოსხლეტილი, არაფერი გამორჩება და არც დაბრუნებას დაგიგიგვიანებს, მთავარია არ დაივიწყო.

ამიტომაც არ გამკვირვებია ამდენი ხალხი ოზურგეთში, მაგრამ გამეხარდა კი...

და მამას რა დაემართებოდა მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია...