დიდი ტრანსფორმაცია ანუ ვართ თუ არა ქართველები ნამდვილი ევროპელები?! - კვირის პალიტრა

დიდი ტრანსფორმაცია ანუ ვართ თუ არა ქართველები ნამდვილი ევროპელები?!

დასავლურობა და ევროპელობა მხოლოდ კეთილმოწყობილი ქუჩები, მაღალი დონის ცხოვრება და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა არ არის. არის ასეთი ცხოვრება გაზითა და ნავთობით მდიდარ ზოგიერთ აღმოსავლურ ქვეყანაში, მაგრამ იქ ბელადის (პრინცი, ემირი და ა.შ.) სურათს თუ ცერად შეხედე, ყველაზე კარგ შემთხვევაში ციხეში გიკრავენ თავს.ევროპელობა არის საზოგადოების მდგომარეობა - როგორია, რა პრიორიტეტები აქვს და რა სურს. ამ მხრივ ქართველი საზოგადოება ნამდვილი ევროპელი საზოგადოებაა. ამის პრემიერა და შეჯამება იყო 31 დეკემბერს რუსთაველზე გამართული სახალხო ზეიმი. ამდენი ხალხის თვითორგანიზებულობა და ქცევის წესი ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასაც შეშურდებოდა.

როგორ მოვედით 2024 წლის 31 დეკემბრამდე?!

"ახალი ადამიანი" სულაც არ გამოჩეკილა ბოლო წლებში, ქართველი საზოგადოება ყოველთვის ასეთი იყო. უბრალოდ, ჯერ რუსეთის იმპერიაში და შემდეგ საბჭოთა კავშირში გატარებულმა პერიოდმა უზარმაზარი დარტყმა მიაყენა ჩვენს მენტალიტეტს. ნელ-ნელა ამისგან გაწმენდა მიმდინარეობს, რადგან უკვე წინა პლანზე წამოვიდა ის თაობა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, რომელსაც არ ახსოვს ბნელი 90-იანები, რამაც ჰიპერსიღატაკისა და გაჭირვების გამო ჩვენი საზოგადოების დეგრადაციაში დიდი როლი ითამაშა. უფრო ზუსტად, საზოგადოებაც არ გვერქვა მაშინ - ეს იყო გათითოკაცებული საქართველო და თითოეული გადარჩენისთვის იბრძოდა­, კორუფცია ჩვეულებრივი ამბავი იყო, ყვაოდა ქურდულ-კრიმინალური მენტალიტეტი და ნორმალური განათლების მიღების საჭიროებას ჩვენი მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი თუ გრძნობდა. საქართველო დაყოფილი იყო "ქვეყნად" და "სახელმწიფოდ". ქვეყანა ყველას უყვარდა (სუფრებზე განსაკუთრებით), აი, სახელმწიფოს თუ მოჰპარავდი, მაგარი­ კაცი იყავი - ანუ არ იყო შეგრძნება იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო ყველასია, არამედ "სახელმწიფო" ასოცირდებოდა იმ მმართველ გუნდთან, რომელიც ქვეყნის სათავეში იყო მოქცეული.

დღეს ასეთი რამ არ არის. მოდის იმის გათავისება, რომ სახელმწიფო შედგება საქართველოს თითოეული მოქალაქისგან და როგორც საკუთარ სახლს, ისე უნდა მოუარო მას.

საერთო-ეროვნულ დეპრესიას სხვა მიზეზიც ჰქონდა. სამწუხაროდ, ჩვენ რუსული­ პროპაგანდის მხოლოდ პოლიტიკურ ნაწილს ვაქცევთ ყურადღებას. არადა, რუსეთი­ ფილმებით, მოთხრობებით, იუმო­რისტული თუ სერიოზული ტელეგადაცემებით ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ ქართველები გულუბრყვილო ჭკუამხიარული ხალხია, რომლებმაც იციან ცეკვა-თამაში, სმა, ქალებთან ფლირტი, თამადობა, სადღეგრძელოები და სხვა არაფერი. ომი მაგათ არ იციან, რაიმე სერიოზულის შექმნა­ მაგათ არ იციან და ვერც ვერასოდეს ისწავლიან.

სამწუხაროდ, ამ ნარატივებს ქვეყანაშიც ავითარებდა ზოგ-ზოგიერთი, რომ გადავგვარდით, არაფერი შეგვიძლია, მხოლოდ ჩვენს კულტურას (ცეკვა-თამაში, სიმღერები­, თეატრი და ა.შ.) უნდა "მივაწვეთ" და აუცილებლად გვჭირდება "პატ­რონი" ან "დიდი ძმა", რომ ასანთი ხელიდან წაგვართვას, რომ ჩვენივე სახლი არ გადავწვათ. ასევე, დაჟინებით ცდილობდნენ დამარცხებულის მენტალიტეტის დანერგვას.

განსაკუთრებით გაძლიერდა ნიჰილიზმი­ სამხედრო მარცხების შემდეგ - აფხაზეთში 1993 წელს და აგვისტოში 2008 წელს. ყველა ქვეყანაში ასე მოხდებოდა. თუმცა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ამ საკითხისთვის მეორე მხრიდან არასოდეს შეუხედავთ - სანამ 2014 წელს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დაიწყებოდა, ჩვენ ვიყავით ერთადერთი ხალხი, რომელიც ორჯერ ეომა რუსეთს (1993 წელს ლამის შიშველი ხელებით) და მიუხედავად ამისა, ქვეყანა არ ჩამოშლილა და სუვერენიტეტი შევინარჩუნეთ.

დღეს ზემოხსენებული ნიჰილიზმი გაქრა ან ქრება. 2024 წელი ამაში გადამწყვეტი იყო. შეიძლება ბევრი თქვენგანი არ დამეთანხმოს, მაგრამ დიდი როლი შეასრულა საქა­რთველოს საფეხბურთო ნაკრების გასვლამ ევროპის ჩემპიონატზე და იქ წარმატებულმა ასპარეზობამ. რა თქმა უნდა, ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რა შუაშია აქ სპორტიო. სპორტი არა, კონკრეტულად ფეხბურთი.

არავის ეწყინოს. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის თითქმის მუდმივი მონაწილეა და აგერ, მსოფლიოზეც ითამაშა სულ ცოტა ხნის წინ. ჩვენი საამაყო მორაგბეები, 6 ერის გუნდებს­ თუ არ ჩავთვლით, ევროპაში უძლიერესები არიან და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ასევე მუდმივი მონაწილეები. თუმცა მხოლოდ საფეხბურთო წარმატებამ გამოიწვია საერთო-სახალხო ზეიმი, მათ შორის იმ ხალხშიც, ბურთის გაგორებასა და კოჭის გაგორებას რომ ვერ არჩევდა ერთმანეთისგან.

ფეხბურთი ყოველთვის იყო ჩვენი თვითმყოფადობის ერთ-ერთი გამოხატულება - ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, სადაც სტადიონი იყო ერთადერთი­ თავისუფალი სივრცე, სადაც რუსებს ამარცხებდი, რასაც გინდოდა, იმას გაჰყვიროდი და ამისთვის არავინ გიჭერდა. 2024 წლის მარტში საქართველოს ნაკრების წარმატებამ და ამის განვითარებამ უკვე გერმანიაში ყველას გაგვიჩინა განცდა - ხედავ, ჩვენც შეგვიძლია! არავისზე ნაკლები არა ვართ! (ცალკე საამაყოა, თუ როგორ იქცეოდა გერმანიაში ჩასული ქართველი გულშემატკივარი). ეს წარმატება დიდი ნაბიჯი იყო ეროვნული სიამაყის "აფეთქებისკენ" (ეს არ არის ხმამაღალი სიტყვები. თუ არა გაქვს ეროვნული სიამაყე, ვერაფერს მიაღწევ) და დამარცხებულის მენტალიტეტის ჩახშობისკენ.

გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. დიდი მღელვარებების­ დროს საზოგადოება შეიძლება დაიქსაქსოს და უფსკრულში გადავარდეს, ან შეიძლება გაუძლიერდეს თვითიდენტიფიკაცია. ავიღოთ უკრაინის მაგალითი. სანამ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი ამ ქვეყანას თავს არ დაესხა, უკრაინელი საზოგადოების დიდი ნაწილი რაღაც შუალედურ მდგომარეობაში იყო - თითქოს უკრაინელი იყო, მაგრამ საუბრობდა რუსულად, ფილმებს უმეტესად რუსულად იღებდნენ (მაგალითად, ზელენსკის ფილმი "ხალხის მსახური" რუსულ ენაზეა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე იყო 2014 წელი, როდესაც პუტინმა ყირიმი მიიტაცა­ და დონბასში სიტუაცია ააფეთქა) და ა.შ. 2022 წლის შემდეგ უკრაინაში­ დაიწყო დიდი თვითიდე­ნტიფიკაცია. იგრძნეს, რომ უკრაინელები არიან და უკრაინელებმა უნდა დაიცვან უკრაინა, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით - მათ შორის რუსული ენის ტელე-კინო თუ საყოფაცხოვრებო სივრციდან განდევნით.

ვფიქრობთ, ქართველ საზოგადოებაში თვითიდენტიფიკაციის დიდი ეტაპი დასრულდა, ყოველგვარი პარტიებისა და მაღალი ტრიბუნებიდან ჭკუის დარიგებების გარეშე. ქართველი საზოგადოება შედგა, ის არის ევროპული და თავს დებს პატრიოტიზმზე.

რა არის დღეს ნამდვილი პატრიოტიზმი?!

ზოგიერთმა პარტიამ სიტყვა "პატრიოტიზმს" იმიჯი კი შეულახა, მაგრამ არა უშავს... სიტყვით პატრიოტიზმი ადვილია, მოქმედებაა საჭირო. ასევე, ეს მხოლოდ აქციებში მონაწილეობას არ ნიშნავს.

დღეს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა გაზრდილი ემიგრაცია და აქედან გამომდინარე დემოგრაფიული კატასტროფის საფრთხე. საგანგაშოა, რომ ამ ემიგრაციის ტალღაში დიდ წილს შეადგენენ ახალგაზრდები, მათ შორის საქართველოში უკვე წარმატებულები. საზღვარგარეთ მიდის ის ხალხი, რომელსაც იდეაში საქართველოს ეკონომიკა უნდა დაექოქა, მიეღო დიდ რეფორმებში მონაწილეობა და სამომავლოდ აქტიური მონაწილეობა მიეღო ქვეყნის მართვაში - უკვე განსხვავებული მენტალიტეტითა თუ ხედვებით.

თუ ეს პროცესი გაგრძელდა, ჩვენი ქვეყანა "გამოიფიტება" და განვითარების შანსს დაკარგავს - ელემენტარულად განმავითარებელი აღარ გვეყოლება, დარჩება­ სხეული ტვინის გარეშე, რომელიც კი გააგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ ყოველგვარი ნორმალური პერსპექტივების გარეშე. თაობის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე ვართ.

შესაძლოა ვინმეს ძალიან ხმამაღლა ან ტრაფარეტულად მოეჩვენოს, რასაც დავწერთ, მაგრამ...

დღეს ვისაც ქვეყანა ნამდვილად უყვარს ანუ პატრიოტია, ეს სიყვარული ამ ქვეყანაშივე უნდა დაამტკიცოს. დარჩეს საქართველოში და აქტიური მონაწილეობა­ მიიღოს ყველა იმ პროცესში (ეკონომიკური, პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ა.შ.), რაც საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანას განვითარებულ სახელმწიფოდ აქცევს­ და დასავლურ ნაპირზე სამშვიდობოს გაიყვანს. ძნელია, მაგრამ ესეც ბრძოლაა, დაახლოებით ისეთივე, მტერი რომ შემოგესევა­ და იარაღით დაუპირისპირდები­ - ამ შემთხვევაში შენი იარაღი ტანკი კი არა, სახელმწიფოს მშენებლობაში ჩადებული თითო აგურია.

გამოსვლა-არგამოსვლა...

2024 წლის ბოლოს ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე საკამათო თემა იყო, უნდა გამოსულიყო თუ არა სალომე ზურაბიშვილი­ პრეზიდენტის რეზიდენციიდან. ზურაბიშვილი გამოვიდა და ძალიან სწორედაც მოიქცა. სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლიდან რომ არ გამოსულიყო, ეს იქნებოდა ესკალაციის კერის ხელოვნურად შექმნა. ამ შემთხვევაში რა გეგმა ჰქონდა ხელისუფლებას, არ ვიცი. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რეზიდენციაში გამაგრებული ზურაბიშვილის ძალით გამოყვანა ეცადათ. მსოფლიოს თვალში ძალიან მაგრად შევრცხვებოდით და მეორეც - ასეთი ესკალაციისას კვლავ მოგვიწევდა ბეწვის ხიდზე გავლა და ბედს ნუ ვეთამაშებით...

რომელ შენობაში იჯდება სალომე ზურაბიშვილი, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ის უკვე გაფორმდა მთავარ ოპოზიციურ ფიგურად (მიუხედავად იმისა, მას პრეზიდენტს ვუწოდებთ თუ ყოფილ პრეზიდენტს) და "ჯიბეში ჩაისვა" ყველა ოპოზიციური პარტია. 2018 წლის საპრეზიდენტო­ არჩევნების პერიპეტიები, ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ. ისიც ფაქტია, 2018 წლის შემდეგ სალომე არ იყო პოპულარული პოლიტიკური ფიგურა. არცთუ ისე იშვიათად სცოდავდა ხოლმე თავისი განცხადებებით, რომლებიც საზოგადოებისთვის გაუგებარი იყო. დღეს ის, ალბათ, ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც ტაშით ხვდებიან. მართლაც უნიკალური ტრანსფორმაციაა.

შესაბამისად, ხელისუფლებასთან მთავარი მომლაპარაკებელი, ალბათ, ის იქნება. ასეთ "მანდატს" პროტესტის მონაწილეები სწორედ სალომე ზურაბიშვილს მისცემენ, განსხვავებით ოპოზიციური პარტიებისგან­ (ზოგადად, სუსტი და დისკრედიტირებული­ ოპოზიცია რომ არანაკლებ პრობლემატურია ქვეყნისთვის, ვიდრე "ტორმუზაწყვეტილი" ხელისუფლება, ეს ცალკე თემაა).

შევეცდებით პროგნოზის გაკეთებას: მოლაპარაკებები აუცილებლად დაიწყება, თუნდაც მხოლოდ საგარეო ფაქტორების გამო. ჯობს ადრე დაიწყოს, ვიდრე გვიან, უფრო გაუარესებულ სიტუაციაში.

მოლაპარაკებებისა და დიალოგის დაწ­ყება უკვე ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი­ იქნება.

P.S. ჩვენი საზოგადოების ტრანსფორმაციის შემდეგი ეტაპი, ალბათ, უნდა იყოს ის, რომ არჩევნებს შიშნარევად აღარ ველოდებოდეთ, პოლიტიკური ძალები თემატურ საკითხებზე კამათობდნენ და ერთმანეთში "ხალხის მტრებსა" თუ კრემლის ან ვაშინგტონის აგენტებს აღარ ეძებდნენ.

გიორგი კვიტაშვილი