„ქართველები ასე გამეტებით რომ არ ვწირავდეთ ერთმანეთს, ისე მტერი რას მოგვერეოდა!“
ხანდახან ჩემს ქვეყანას ზღვაში მოტორტმანე ნავს ვამსგავსებ, რომელსაც დროდადრო გრიგალი ტალღებში დანთქმას უპირებს. თუმცა სასწაულის წყალობით ნავი სწორდება, გზას განაგრძობს და გზადაგზა აფრებს ლაღად შლის. ბოლოდროინდელი მოვლენები სწორედ ამის სიმბოლოა: თითქოს საგანგებოდ აყირავებული, დაპირისპირებული ქვეყანა, რომელიც საჭის გასწორებას ცდილობს. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ "საჭის გასწორება" აღარ გამოვა. არადა, უნდა გამოვიდეს! ვინ იცის, რამდენმა ჩვენმა მოქალაქემ იწვნია სამოქალაქო ომის შედეგები. მათ შორის არის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პირადი მფრინავი ზაურ ბედიაც, რომელმაც სამშობლოდან ლტოლვილი პრეზიდენტი სიცოცხლის რისკით გაიყვანა სამშვიდობოს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ის ასეთ წარსულსა და დღევანდელობას შორის საშიშ პარალელებს ავლებს. ზაურ ბედიას, რომელსაც წარსულის მძიმე დღეები ცხადად ახსოვს, ამ და სხვა თემებზე ვესაუბრეთ:
- არაერთი თაობაა შემსწრე, რა ფასად დაგვიჯდა პოლიტიკური დაპირისპირება და სამოქალაქო ომი. თქვენ შეძელით სამშვიდობოს გაგეყვანათ ქვეყნის პრეზიდენტი, რასაც შეუძლებელია თქვენთვის ტკივილი არ მოეყენებინა. დღეს კი ისევ პოლიტიკურ დაპირისპირებას უყურებთ.
- დიახ და რომ გითხრათ, მშვიდად ვუყურებ-მეთქი, არ იქნება მართალი, მით უფრო, ჯანმრთელიც აღარ ვარ. ვერ გეტყვით, დღევანდელი მოვლენების არ მეშინია-მეთქი და ეს კიდევ უფრო მიმძიმებს მდგომარეობას. ქართველების საუბედუროდ, კარგად გვეხერხება საკუთარი ინტერესებისათვის ქვეყნის ინტერესებზე გადაბიჯება. სხვა მართლაც დიდ ნიჭებთან ერთად ეს "ნიჭიც" გვაქვს. ქვეყანას ფეხზე დადგომას არ ვაცლით და რამდენი წამოიწევს, იმდენჯერ ჩავაჩოქებთ. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია ძალიან მაშფოთებს. იმასაც ვიტყვი, რაც სხვასაც ბევრჯერ უთქვამს: ქართველები ასე გამეტებით რომ არ ვწირავდეთ ერთმანეთს, ისე მტერი რას მოგვერეოდა! ჩვენი დაპყრობის მოსურნემ იცის ჩვენი ხასიათი, ამიტომ წინასწარ წაგვასევს ერთმანეთს, დაგვასუსტებს, მერე მოდის დანგრეულზე და ბატონდება. თუმცა იმედია იმ უბედურებას არ გავიმეორებთ. ამის იმედი ის ხალხია, რომელსაც ახსოვს, რა დავმართეთ არც ისე დიდი ხნის წინ ქვეყანას, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ის დედები, რომელთაც ამ დაპირისპირებაში შვილები დაეხოცათ.
- თქვენ, ალბათ, არც თვალებიდან და არც გონებიდან არ ამოგდით მძიმე მოვლენებისას სამშობლოდან გაძევებული ადამიანების და კერძოდ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სახე. როგორ გამოიყურებოდა ის, როდესაც სომხეთში თავშეფარებული გროზნოში გადაგყავდათ. სამშობლოს იძულებით დატოვებაზე დიდი სასჯელი, ალბათ, არც არსებობს.
- პრეზიდენტი, მისი ოჯახი და მცველები პირველად მაშინ ვნახე, როდესაც ზვიადის სომხეთიდან გროზნოში გადაყვანა დამავალეს და ერევანში ამის გამო ჩავედი. მართალია, არჩევნებში ხმა ზვიად გამსახურდიას მივეცი, მაგრამ თვალით არ მყავდა ნანახი. სხვათა შორის, ჩემსავით სოხუმის უმეტესობამ ხმა ზვიად გამსახურდიას მისცა, მათ შორის აფხაზებმაც. ბევრი აფხაზიც ეძახდა ზვიად "ჩემს პრეზიდენტს", მაგრამ ამით რა გამოვიდა? ბევრჯერ მითქვამს, იქნებ აფხაზეთიც არ დაგვეკარგა, საქართველოში რომ მოღალატე ქართველებს რუსეთის დახმარებით გადატრიალება არ მოგვეწყო. მოკლედ, სოხუმის აეროპორტის მაშინდელმა უფროსმა ზაურ ხაინდრავამ, პატრიოტმა კაცმა, მითხრა, გროზნოში უნდა წახვიდე, ჯოჰარ დუდაევს უნდა დაელაპარაკო, რომ ზვიადი მიიღოსო, თან კაბინეტში ფაფახებიანი ხალხი დამახვედრა, ესენი ჩეჩნები არიან, დაგეხმარებიან, რომ ჯოჰარ დუდაევს შეხვდეო. გროზნოში ჩასულს დუდაევს საღამომდე ვერ შევხვდი. საქართველოს პრეზიდენტის გადარჩენა მქონდა დავალებული, ეს პასუხისმგებლობა ისე მაწვა მხრებზე, როგორც ლოდი, მაგრამ როდესაც დამიძახა, თითქმის 5 საათი ვისხედით ერთად და საქართველოს პრეზიდენტის გროზნოში გადაყვანის გეგმას ვამუშავებდით. საუბარს რომ მოვრჩით, დუდაევმა სომხეთში ვიღაცას დაურეკა, თუ ზვიად გამსახურდიას რაიმე დაუშავდება, ჟანგბადს გადაგიკეტავო. ლაპარაკი რომ დაამთავრა, ვკითხე, ვის ელაპარაკებოდი-მეთქი და სომხეთის პრეზიდენტისო, მითხრა. სომხეთში გადაფრენისას კი თან ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და ოთხი სპორტსმენი გამაყოლა. სხვათა შორის, ვკითხე, თქვენც ფიქრობთ, რომ მე უნდა ავიღო თავზე პრეზიდენტის გროზნოში ჩამოყვანა, იქნებ უფრო გამოცდილი მფრინავი გყავთ-მეთქი. დუდაევი თავადაც მფრინავი იყო, ერთი კი შემომხედა და მითხრა, მხოლოდ თქვენ, თანაც ზვიადს მხოლოდ ქართველმა უნდა გამოატაროს ეს გზაო. მითხრა კიდეც, ისე რომ მოხდეს, თვითმფრინავი რუსეთის ხელში აღმოჩნდეს, უნდა იცოდნენ, რომ პრეზიდენტს სიცოცხლით უერთგულებო.
ჩუმად უნდა გავფრენილიყავით, დისპეტჩერისთვის თვითმფრინავის ნამდვილი ნომერი არ უნდა გვეთქვა, არსად უნდა გამოჩენილიყო, რომ ეს საქართველოს თვითმფრინავია.
დიდი პატივით მიგვიღო სომხეთის აეროპორტის უფროსმა და ავტომანქანები გაგვაყოლა იმ ადგილამდე, სადაც საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა დროებითი თავშესაფარი. აი, მაშინ ვნახე პირველად ზვიად გამსახურდია. ძალიან გამხდარი და ფერმკრთალი იყო, ფაქტობრივად, ნაშიმშილები. მკითხა, რას აპირებ, როგორ უნდა გადაგვიყვანოო, და დავამშვიდე, ნუ იდარდებთ, ჩემი საქმე ვიცი-მეთქი, მაგრამ როდესაც სომხეთის აეროპორტში ასაფრენად მივედით, ტრაპი არ დაგვახვედრეს. მისი მოტანისთვის მოცდა არც მიფიქრია და პირდაპირ თვითმფრინავის კიბე ჩამოვაშვებინე ასასვლელად. ჯერ ზვიადის ოჯახი ავიდა, მერე თავად ზვიადიც აპირებდა ასვლას, როდესაც რუსი ჟურნალისტი მოვარდა. ზვიადი შეჩერდა, ის მიმნდობი კაცი იყო და ჟურნალისტთან გაჩერებაში ვერანაირი საფრთხე ვერ დაინახა, არადა ვგრძნობდი, რომ ამ აეროპორტიდან ჩვენი გაშვება არ უნდოდათ. ტრაპი ხომ არ მოიტანეს და ამას ისიც დაერთო, რომ ჩვენს თვითმფრინავს ორივე მხრიდან თვითმფრინავები ამოუდგნენ, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ცდილობდნენ გაფრენა გაგვჭირვებოდა. ამიტომ იძულებული გავხდი პრეზიდენტისთვის მეთქვა: ბატონო ზვიად, მართალია, თქვენ საქართველოს პრეზიდენტი ხართ, მაგრამ აქ პრეზიდენტი მე ვარ და უნდა წავიდეთ, საუბრის დრო არა გვაქვს-მეთქი. ის რუსი კი მაინც არ გვშორდებოდა, მაშინ თანმხლებმა ჩეჩენმა კარატისტმა ხელი ჰკრა და ასე მოიცილა. სხვათა შორის, ის ჟურნალისტი ერთადერთი არ იყო, აფრენის წინ ჟურნალისტებისა და უცნობი ადამიანების ავტომანქანები მოგვადგნენ. ამიტომ იძულებული გავხდი გამეთამაშებინა, თითქოს თვითმფრინავს ვძრავდი, ამის შეეშინდათ და ავტომანქანებით აქეთ-იქით გაიფანტნენ.
- ალბათ, რამდენი ადამიანი ცდილობდა პრეზიდენტი ამ მძიმე დღეში ენახა და მსოფლიოსთვის გადაეცა, რომ საქართველო დაეცა. ცხადია, მოღალატეებს რუსეთის დახმარებით არც პრეზიდენტის ცოცხლად გაშვება უნდოდათ.
- რა თქმა უნდა. მანამდე, როდესაც ზვიად გამსახურდიას სამყოფელს მივუახლოვდი, ეზოში ხალხი დავინახე, ქართულად საუბრობდნენ. გამოველაპარაკე და ზვიადის დაცვიდან არ აღმოჩნდნენ, სავარაუდოდ, პრეზიდენტს "ყარაულობდნენ", ალბათ, გასანეიტრალებლად, თუ საქართველოში დაბრუნებას დააპირებდა.
მოკლედ, როდესაც ავფრინდით, სომხეთის დისპეტჩერმა მითხრა, 6000 მეტრის სიმაღლე დაიჭირეო. შემდეგ სხვა დავალებაც მომცა. არადა, რა დროს ეს სიმაღლე იყო, როცა საქართველოს პრეზიდენტი წუთების დათვლით უნდა გამეყვანა სამშვიდობოს! ამიტომ რადარები გამოვრთე და 3000 მეტრზე ვიფრინე, ანუ გავუჩინარდი. სხვათა შორის, როდესაც გროზნოში ჩავფრინდი, მითხრეს, რუსულმა საინფორმაციოებმა გამოაცხადეს, სომხეთიდან აფრენილი თვითმფრინავი ბედიას მეთაურობით გაუჩინარდაო.
როდესაც თბილისს გადავუფრინეთ თანაშემწემ მითხრა, ნახე, "მეზობლები" გვაცილებენო - მფრინავები "მეზობლებს" რუსულ სამხედრო გამანადგურებლებს ვეძახდით. ერთი სიტყვით, ერთი მარცხნივ მომდევდა, მეორე - მარჯვნივ. თბილისში დაშვებას მაიძულებდნენ, რომ პრეზიდენტი სიგუა-კიტოვანისთვის, მოღალატეებისათვის ჩამებარებინა. ამას სიკვდილი სჯობდა. სხვა გზა არ იყო და, ტარანზე წავედი.
- ავიაგამანადგურებლების მანევრი, როდესაც თვითმფრინავი მოწინააღმდეგეს ცხვირით ეჯახება. ეს გადაწყვიტეთ?
- ამან გაამართლა. როგორც ჩანს, ამ პილოტებისათვის ჩვენი თბილისში დაჯდომა არ იყო იმის საპირწონე, რომ შეჯახებისაგან ისინიც დაღუპულიყვნენ. ამიტომ შეგვეშვნენ. ამის შემდეგ ყაზბეგისაკენ ავიღე გეზი და უკვე როსტოვიდან მეუბნება დისპეტჩერი, მინვოდის აეროპორტში უნდა დაჯდეო. როდესაც ამას გეუბნებიან, მფრინავი უნდა დაემორჩილო, არადა, შესაბამის ზომებს მიიღებენ. მეც დავეთანხმე, კარგი, დავჯდები-მეთქი. სინამდვილეში კი ფრენა განვაგრძე, კავკასიონზე გადავედი და გროზნოსკენ ავიღე გეზი.
- წარმომიდგენია, როგორ გრძნობდა თავს პრეზიდენტი.
- ზვიადი დევნილობით ისე იყო გაწამებული, მისთვის შიში აღარ არსებობდა. გროზნოში ჩასვლისა და იქ ყოფნის ამბებს გამოვტოვებ, პრეზიდენტის მასპინძლობაში ჯოჰარ დუდაევის ვაჟკაცობის ამბავი კი მთელმა საქართველომ იცის. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ შეცდომების, ამ ტრაგედიის განმეორება წარმოუდგენელია. მე პირადად ზვიად გამსახურდიას მეტი პრეზიდენტი არასოდეს მყოლია. მისი გადაგდების გამო ერთხელ განწირული ჩემი ქვეყნის ფეხზე მყარად დგომას ვერ ვეღირსე. უკვე 84 წლის ვარ, თუკი გონი არ გვეყო და იგივე განმეორდა, ვერც ჩემი, თქვენი, ვერავის შვილთაშვილებიც კი ვერ ნახავენ ამ ქვეყნის სიკეთეს.