ვისგან და როგორ მოხვდა მეფე დავითის ჯვარი საქართველოდან პარიზში: "იერუსალიმში გაემგზავრა და იქ მონაზვნად აღიკვეცა, სადაც დავითის ჯვარიც თან წაიღო" - კვირის პალიტრა

ვისგან და როგორ მოხვდა მეფე დავითის ჯვარი საქართველოდან პარიზში: "იერუსალიმში გაემგზავრა და იქ მონაზვნად აღიკვეცა, სადაც დავითის ჯვარიც თან წაიღო"

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ნოტრ-დამი) რამდენიმე დღის წინ ხელახლა გაიხსნა. იშვიათია ხელოვნების ძეგლი, რომელიც კაცობრიობის ყურადღებას იმდენად იპყრობდეს, როგორც ეს ბრწყინვალე ქმნილება. ამიტომაც კაცობრიობა შოკში ჩააგდო მისმა დაწვამ, აღდგენამ კი გაახარა. ტაძრის რეკონსტრუქციაში 1300-ზე მეტი მშენებელი მონაწილეობდა, 840 000 მილიონი ევრო შეგროვდა, თუმცა ტაძარს მხოლოდ 700 მილიონი ევრო დასჭირდა. ტაძრის ხელახალ გახსნას მსოფლიოს 50 ქვეყნის მეთაური და ცნობილი ხელოვანები ესწრებოდნენ. მათ შორის მიწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ასევე, პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი. სწორედ ამ ტაძარში ინახება ქრისტიანთა უდიდესი სიწმინდეები, რომე­ლთაც საუკუნეებით ადრე ქართველები ვინახავდით: დავით აღმაშენებლის ჯვარი და ქრისტეს ეკლის გვირგვინი, რომელიც, გელათის საეკლესიო ნუსხის თანახმად, ერთხანს საქართველოში იყო. 2019 წელს, როდესაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვოდა, მსოფლიო ამ სიწმინდეების გადარჩენაზეც დარდობდა. პარიზის მედიამ მათ შესახებ ცნობები ხანძრის პირველივე წუთებში გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ სიწმინდეების სამშვიდობოს გატანა მოასწრეს.

incendie-notre-dame-de-paris-1736096313.jpg

როგორ მოხვდა მეფე დავითის ჯვარი საქართველოდან პარიზში, ამის შესახებ ისტორიკოსი გაიოზ მამალაძე გვესაუბრება.

- ქრისტიანული ისტორია მართლაც სავსეა ტრაგედიებით. საბედნიეროდ, ამ ბრძოლებისა და სიწმინდეების შესახებ მაინც შემოგვრჩა საეკლესიო ჩანაწერები და ქრისტიანული სიწმინდეები. ისინი 2000 წლის განმავლობაში შეინახა ქრისტიანულმა სამყარომ როგორც ხსნა და შვება არსებობის უძნელეს მომენტებში.

როგორ მოხვდა საქართველოში ჯვრის ის ნაწილი, რომელზეც ქრისტე ჯვარს აცვეს? VII საუკუნის დამდეგს ქრისტეს ვნების­ ჯვარი იერუსალიმიდან სპარსელებმა გაიტაცეს და 14 წლის განმავლობაში ჰყავდათ ტყვედ. მოგვიანებით, როდესაც იერუსალიმმა ჯვარი დაიბრუნა, გადაწყდა, რომ მისი ნაწილები ქრისტიანულ სამყაროში დაენაწილებინათ და ასე დაეცვათ. ნაწილი წილად ხვდა მეფე დავით აღმაშენებელს, საიდანაც მან შედარებით მცირე ზომის ჯვარი გააკეთებინა, რომელსაც მუდამ შესთხოვდა შემწეობას.

1509b40c-9656-4358-9a1c-70d0124b0771-1736096313.jpg

- როგორ მოხვდა საქართველოდან დავით აღმაშენებლის ჯვარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში?

- ისტორია ამბობს, რომ ჯვარი იერუსალიმში დავით აღმაშენებლის პირველმა ცოლმა, წარმოშობით­ სომეხმა დედოფალმა, ანისის მეფის ასულმა რუსუდანმა წააბრძანა. წყაროების მიხედვით, როდესაც დავითი ტახტზე ავიდა, 16 წლის ასაკში უკვე დაქორწინებული იყო. რუსუდანისაგან მას სამი შვილი: თამარი, დემეტრე და კატაი შეეძინა. თამარი შირვანში გაათხოვეს, კატაი - ბიზანტიაში, ხოლო თავად მეფე მოგვიანებით პირველ ცოლს გასცილდა და ყივჩაღთა მეფის ასული გურანდუხტი შეირთო. რუსუდანი იერუსალიმში გაემგზავრა და იქ მონაზვნად აღიკვეცა, სადაც ქმრის, დავითის ჯვარიც თან წაიღო.

- რამდენად ტრაგიკული ყოფილა დედოფალი რუსუდანი, რომ მონაზვნად გამწესებულმა თან ქმრის სალოცავი ჯვარი წაიღო, რისი ნებაც, ალბათ, თავად მეფემ მისცა.

- კი ბატონო. თუმცა ჩვენ ვიცით დავითის მეორე ქორწინებამ, ყივჩაღთა დახმარებამ რამდენად დიდი როლი შეასრულა ქვეყნის გაძლიერებაში. როდესაც სახელმწიფოებრივი ინტერესებია წინ, მას ხშირად ეწირება მეფეთა თუ პოლიტიკოსთა პირადი ცხოვრება. როგორია დავითის ჯვრის შემდგომი ისტორია იერუსალიმის შემდეგ? იმ დროიდან შემონახულია 1108 წლით დათარიღებული კათოლიკე ბერის ანსელის წერილი "წმინდა კანტონის საფლავიდან პარიზის ღვთისმშობლის სამრევლოს", სადაც ის წერს, რომ იერუსალიმში ქართველ მონაზვნებში მსახურობს საქართველოს მეფე დავითის ცოლი და რომ მან გადასცა მეფე დავითის ჯვარი, რათა სანაცვლოდ მონასტრისათვის სარჩო მიეცა და რომელსაც ახლა პარიზის სამრევლოში გზავნიდა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ურთულესი პერიოდია ქრისტიანული სამყაროსათვის. იერუსალიმი თურქ-სელჩუკებისაგან ახალი გათავისუფლებულია, ჯვაროსნებმა ეს ძლივს შეძლეს; თავად დავით აღმაშენებელიც ქვეყნის გათავისუფლებისთვის უდიდეს ომებშია ჩაფლული. Aაქედან გამომდინარე, ვერც იერუსალიმის მონასტრები იცხოვრებდნენ დალხინებულად. კათოლიკე ბერები პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საკუთრებად მოიხსენიებენ მეორე ჯვარს, რომელიც ასევე გამოიკვეთა იმ ჯვრისგან, რომელზეც ქრისტე აწამეს. ეს ჯვარი ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენოსს ეკუთვნოდა და მანვე შესწირა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს. საბედნიეროდ, ხანძარს ორივე გადაურჩა. მე მაშინ მოვუწოდე საქართველოს ისტორიკოსებს, გაეგზავნათ ექსპედიცია, რომელიც შეისწავლიდა მეფე დავითის ჯვარს, თუმცა საქართველოს ეს შესაძლებლობა არ აღმოაჩნდა.

რაც შეეხება ქრისტეს ეკლის გვირგვინს, ის ამჟამად პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში რელიკვარიუმშია დაცული. როგორც ისტორიული წყაროები წერენ, გვირგვინი 1238 წელს თავქარიანმა კონსტანტინოპოლის მეფე ბალდუინ II-მ დააგირავა ვენეციელებთან, რომელთაგან საფრანგეთის მეფე ლუი IX-მ გამოისყიდა.

დავითის ჯვარსა და ქრისტეს ეკლის გვირგვინს პარიზის ტაძარში დროდადრო გამოაბრძანებენ, რომ ქრისტიანულმა სამყარომ ილოცოს. არა მხოლოდ ქრისტიანულმა სამყარომ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კარი ღიაა ნებისმიერისთვის, ვინც მისი დიდებულების ნახვას ისურვებს.