ეკუთვნის თუ არა ფიროსმანს ველისციხის ისტორიული სახლის კედელზე აღმოჩენილი ნახატები - კვირის პალიტრა

ეკუთვნის თუ არა ფიროსმანს ველისციხის ისტორიული სახლის კედელზე აღმოჩენილი ნახატები

ნიკალა - ასე დაარქვა ხალხმა მხატვარს, რომლის შედევრებიც მილიონობით დოლარად არის შეფასებული. ფიროსმანი ხშირად სტუმრობდა მშობლიურ კახეთს და იქ არსებულ დუქნებში, მწირი ანაზღაურების სანაცვლოდ ხატავდა. "ძველებისგან ვიცი, რომ სადილის სანაცვლოდ დაუხატავს ნიკალას ორი ნახატი, რომელიც ჩემი სახლის კედელზე დღემდეა შემორჩენილი", - გვითხრა გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის მკვიდრმა თეიმურაზ გაბიტაშვილმა.

- ორსართულიანი სახლი, რომელიც სოფლის განაპირასაა, 1990-იან წლებში შევიძინე. ეს ისტორიული შენობა დაახლოებით 1860 წელს არის აგებული. იმხანად ველისციხის ბაზარი მთელ საქართველოში იყო განთქმული. პაპაჩემისა და მისი ტოლებისგან გამიგონია, რომ ბაზრობა სწორედ ამ სახლის წინ იმართებოდა. პირველ სართულზე დუქანს ყოველთვის ბევრი სტუმარი ჰყავდა, ხოლო ზედა სართულზე - სასტუმრო იყო. გადმოცემის თანახმად, ამ დუქანში სტუმრად ყოფილა ფიროსმანი, უქეიფია, შემდეგ კი ეს ნახატი დაუხატავს. შეიძლება ეს ნახატები მის ცნობილ შედევრებს ვერ შეედრება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ნახატებს საფუძვლიანი შესწავლა სჭირდება.

me-2-naxati-1736096313.jpg

- ალბათ, თქვენს სახლს საინტერესო ისტორია აქვს...

- ბოლშევიკებმა მისი პატრონი განაკულაკეს და ამ სახლში წლების განმავლობაში ავეჯის საწყობი იყო. მოგვიანებით აქ ცხოვრობდნენ პედაგოგები რობერტ აკოლაშვილი და მისი მეუღლე, ლია სტურუა. მე სახლი ქალბატონ ლიასგან შევიძინე. სხვათა შორის, ამ სახლშია გადაღებული ბევრი ქართველისთვის საყვარელი ფილმი "ხარება და გოგია".

ortqlmavali-1736096313.jpg

- მოგვიყევით ნახატებზე, რომლებიც სახლის კედელზეა შემორჩენილი.

- ერთს "ორთქლმავალი" დაარქვეს. ცნობილია, რომ ნიკალა რკინიგზაში კონდუქტორად მუშაობდა და ამ ნახატის თემატიკა შემთხვევითი არ უნდა იყოს. რაც შეეხება მეორე ნახატს, მასზე ორი კაცი საწნახელში ყურძენს წურავს. ნახატს ქვემოთ აწერია "შენ გვაცხონე, მარანო". იატა­კზე ამოტვიფრულია ასო-ბგერა "ფ". კარგად მახსოვს, როგორ ჩამოვიდა მხატვართა კავშირიდან დელეგაცია, რომელსაც ცნობილი მხატვარი ელგუჯა ამაშუკელი ხელმძღვანელობდა, და აღიარეს, რომ ნახატები ფირომანს ეკუთვნის.

73 წლის ვარ. მამაჩემი 1925 წელს დაიბადა, ხოლო პაპაჩემი თითქმის ფიროსმანის ასაკისა იყო. სწორედ მისგან და მისი ასაკის ხალხისგან ვიცი, რომ ნიკალა ველისციხის დუქანში რამდენჯერმე ყოფილა. ისიც ცნობილია, რომ ფიროსმანი ვალებს კედლებზე ხატვით ისტუმრებდა. სწორედ ძველებისგან შემოგვრჩა გადმოცემა, რომ დუქანში მოხეტიალე მხატვარი შესულა და ნახატები სადილის სანაცვლოდ დაუხატავს. მართალია, მე არც მხატვარი ვარ და არც ხელოვნებათმცოდნე, მაგრამ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ეს ყველაფერი დამთხვევა არ უნდა იყოს... ყველაფრის მიუხედავად, ამ შენობასა და ნახატებს ძალიან ვუფრთხილდები, მით უმეტეს, რომ ერთი მათგანი დაზიანებულია. შეიძლება ეს ნახატები შედევრები არ არის, მაგრამ ჩემთვის მაინც ძვირფასია. სხვა მხატვრის დახატულიც რომ იყოს, როგორც ზოგიერთი ამტკიცებს, ეს მაინც ისტორიული სახლია, ამ ნახატებსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს და თვალისჩინივით ვუფრთხილდები!

ხათუნა ჩიგოგიძე