რა არის 2025 წლის მოდის მთავარი ტენდენცია და რას გვირჩევენ მოდის სახლები? - კვირის პალიტრა

რა არის 2025 წლის მოდის მთავარი ტენდენცია და რას გვირჩევენ მოდის სახლები?

2025 წელს დიზაინერები ვარაუდობენ, რომ მოდური იქნება თამამი არჩევანისა და ახალი იდეების საინტერესო კომბინაციები. ეკომეგობრული მასალები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მოდის სამყაროში, რომელიც მომავალ წელს უფრო მეტ აქტუალურობას შეიძენს, რადგან მოდის ინდუსტრია მეორე უდიდესი გარემოს დამაბინძურებელია ნავთობის ინდუსტრიის შემდეგ. დღეს დიზაინერები ცდილობენ აქცენტები გააკეთონ ეკომეგობრულ მასალაზე. მაგალითად, ნაქსოვ პროდუქციაზე, რადგან ის არ არის გარემოს დამაბინძურებელი, შესაძლებელია დაშლა და ახალი მოდელის შექმნა. დიდი ყურადღება ექცევა ვინტაჟურ გადამუშავებულ სამოსსაც - ძველი სამოსისგან ახლის შექმნა პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზაა. საერთაშორისო მოდური გამოცემების ცნობით, 2025 წელს მოდური იქნება მეტი ინდივიდუალიზმი, რომელიც პერიოდულად პოპულარულ ტენდენციებში იკარგება ხოლმე.­ ამიტომაც გვთავაზობენ "მზა რეცეპტს", თუ რა ჩავიცვათ, რათა არ ჩამოვრჩეთ მოდას და თან შევინარჩუნოთ პერსონალური სტილი.

ბოჰემური ოცნება

img-0523-1736097416.jpg

2024 წლის მეორე ნახევარში მოდის სახლებმა თავიანთ კოლექციებში შეიტანეს ბოჰოს სტილი, რომელიც ძალიან ჰგავს­ გასული საუკუნის 70-იანი წლების მოდას. ბოჰემური ჩაცმის სტილი პირველად მე-19 საუკუნეში გაჩნდა. ეს მიმდინარეობა ხასიათდება ტანსაცმლის თავისუფალი ჩაცმის ხასიათითა და არატრადიციული მიდგომით, რომელიც ხშირად შთაგონებულია მხატვრული და ინტელექტუალური მისწრაფებებით. ბოჰემური სტილი მოდურ ტენდენციებს უარყოფს და უფრო პიროვნების ხასიათსა და ინტერესებს უსვამს ხაზს.

შანელი და ისევ შანელი

მეთიუ ბლაზის "შანელის სახლის" სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ საზოგადოების ყურადღება ამ ლეგენდარული მოდის სახლისკენაა მიპყრობილი და ყველანი გამადიდებელი შუშით შესცქერიან, რას შემოგვთავაზებს 41 წლის ფრანგი­ დიზაინერი, რომელიც ჩვენებას 2025 წლის შემოდგომაზე გამართავს. შავი და თეთრის რეინტერპრეტაცია - შანელისეური შავ-თეთრი 2025 წელსაც მოდური იქნება, რადგან ელეგანტურობასთან, კლასიკასა და სისადავესთან ასოცირდება.

img-0524-1736097417.jpeg

"გამარჯობა, მეზღვაურო"

მეზღვაურის სტილი - ტენდენცია, რომელიც აქტუალური გახდა 2024 წლის მეორე ნახევარში, 2025 წელს პოპულარობის პიკს მიაღწევს. მეზღვაურის ჩაცმის სტილი, ელემენტები, აქსესუარები, ქსოვილები და შტრიხები წლების განმავლობაში ბრუნდებოდა მოდაში. ცნობილი გამოთქმის, "მოდა ბრუნავს" სიცხადეში კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რადგან მოდის წამყვანმა სახლებმა სწორედ მეზღვაურის თემა შეიტანეს კოლექციებში. საზღვაო მოდის ფუძემდებელი დედოფალი ვიქტორიაა, რომელმაც 1846 წელს მკერავებს დაავალა მისი 4 წლის ვაჟისთვის, უელსის პრინც ალბერტ ედუარდისთვის მეზღვაურის ფორმა შეეკერათ. 1858 წელს საფრანგეთის საზღვაო ძალების მეზღვაურებმა ზოლებიანი, იგივე ბრეტონის პერანგი ჩაიცვეს, პერანგი მათთვის უნიფორმა გახდა - მისი 21 ზოლი, სავარაუდოდ, ბრიტანელებზე ნაპოლეონის გამარჯვებების რიცხვს ასახავს. 1917 წელს, როდესაც კოკო შანელმა მეზღვაურის ზოლებიანი პერანგი ჩაიცვა, ის ბოჰემური ცხოვრების, ელეგანტურობისა და მოდურობის სიმბოლო გახდა. მალევე ასეთ სამოსში გამოჩნდნენ ბრიჟიტ ბარდო, ჯეიმზს დინი, ოდრი ჰეპბერნი და ა.შ.

შექმენი შენით!

საკუთარი ფანტაზიით შექმნილი სამოსი ან თუნდაც მცირედი შტრიხი ჩაცმულობაში, რომელიც თქვენს ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს, 2025 წლის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა. როგორც მოდის სახლები გვირჩევენ, წლების წინ შეძენილი კაბა, რომელიც გარდერობშია მივიწყებული, შეგიძლიათ გააცოცხლოთ, როგორც ეს საფრანგეთის ყოფილმა პირველმა ლედიმ, კარლა ბრუნიმ გააკეთა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე.

moda1-1736097417.jpg

მშვიდად ფუფუნებაში!

მოდის სამყაროში არსებობს ტერმინი "მშვიდად ფუფუნებაში" ანუ მინიმალიზმში გამოხატული ფუფუნება. ამ ტერმინის დამკვიდრებას ხელი შეუწყვეს მოდის სახლებმა "ლორო პიანამ" და "ბოტეგა ვენეტამ". სისადავე, ხარისხი და დახვეწილი ფორმები­ სწრაფად გახდა მდიდრული ჩაცმის მოყვარულთა ერთ-ერთი აქტუალური მიმდინარეობა. 2025 წელს ეს კიდევ უფრო პოპულარული იქნება და თუ არ გინდათ ბევრი ფიქრი და არც დიდი ხარჯის გაწევა, ჩაიცვით თეთრი პერანგი და შავი შარვალი ან შავი კლასიკური ჭრილის კაბა.