როგორ ხვდებიან შობა-ახალ წელს ლაპლანდიაში - კვირის პალიტრა

როგორ ხვდებიან შობა-ახალ წელს ლაპლანდიაში

ალბათ, ნებისმიერ ჩვენგანს ჰქონია სურვილი, ერთხელ მაინც შეხვედროდა შობა-ახალ წელს ლაპლანდიაში - საიდუმლო მხარეში, სადაც სანტა-კლაუსი და ელფები­ ცხოვრობენ. იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც ეს სურვილი აისრულეს, ბიზნესის განვითარების მენეჯერი ირა მელიმონაძეც­ არის. როგორ იმოგზაურა ჯადოსნურ სამყაროში, ის თავად გვიამბობს:

- კომპანიის დამფუძნებელი ვარ და მთელი წლის განმავლობაში სტრესულ გარემოში ყოფნა მიწევს. მოგზაურობა ერთადერთი საშუალებაა, ჩემს ყოველდღიურ დამქანცველ რუტინას რომ გავექცე. ჩემს შვილებს დედასთან ურთიერთობა სულ ენატრებათ, ამიტომ ტრადიციად შემოვიღეთ, წელიწადში ორჯერ სამოგზაუროდ წავიდეთ და არდადეგები ერთად გავატაროთ.

სულ ვფიქრობდი, სად უნდა წავსულიყავი ბავშვებთან ერთად, რომ ეს მოგზა­ურობა არასდროს დავიწყებოდათ და უეცრად­ გადავწყვიტე, სანამ უმცროსი­ ჯერ კიდევ პატარაა და თოვლის პაპის არსებობისა სჯერა, უმჯობესია, ლაპლანდი­ის ტური დავგეგმოთ-მეთქი. 2022 წელი დაუვიწყარია ჩვენთვის, 2 იანვრიდან­ 11 იანვრამდე, ლაპლანდიაში გავატარეთ. ჩემი უმცროსი შვილი, რუსა, მაშინ 9 წლის იყო, მარიამი 18-ის. საოცარი რეაქცია ჰქონდათ, როცა იქაურობა იხილეს.

- ალბათ, ასე შორს მოგზაურობა ძვირი­ სიამოვნებაა.

- გეთანხმებით, ლაპლანდიის ტური არც ისე ბიუჯეტურია: თბილისიდან ჯერ ფინეთში უნდა გადაფრინდე და მერე როვანიემში, თუმცა ეს ნამდვილად ღირს იმ საოცრების სანახავად, რომელიც ლაპლანდიაში გხვდება. ფინეთი ძალიან მშვიდი­ და ლამაზი ქვეყანაა. ჰელსინკის აეროპორტიდან როვანიემში გადაფრენას 1 საათი­ და 20 წუთი სჭირდება. როვანიემი ციცქნა­ სოფელია, ულამაზესი­ პატარა აეროპორტით. იქ არაერთი მყუდრო, კომფორტული სასტუმროა, სადაც ვერც გრძნობ, რომ გარეთ მინუს 29 გრადუსია. ლაპლანდიაში თოვლი წელამდე გწვდება და ფანტელების ნაცვლად, ციდან ყინულის ნაფლეთები ცვივა. ჩვენ შედარებით ბიუჯეტურ სასტუმროში­ დავბინავდით - სამი კაცის დარჩენა ერთ ღამეში 150 ევრო ღირდა. როვანიემში შობა-ახალი წლის დღეებში ვიყა­ვით, როგორც გვითხრეს, სხვა სეზონებზე ყველაფერი შედარებით იაფია. სანტას სოფელში სასტუმროები 400-500 ევროც ღირდა.

ლაპლანდიაში სულ ღამეა, შუადღისას ოდნავ თენდება და საღამოს 4-5 საათზე უკვე ბნელა. სანტას სოფელი ნამდვილი ჯადოსნობაა: იქ ბავშვებისთვის ყველაფერია: სანტას სახლები, თოვლის ბებო, ელფები, ულამაზესი ირმები და ეს ყველაფერი ისეთი ლამაზია, როგორც ფილმებში გვინახავს. იქვეა ფოსტა, საიდანაც სანტას წერილს უგზავნი და იცი, რომ წერილს ელფები აუცილებლად მიუტანენ. წელიწადში რამდენიმე ადამიანს მართლა უსრულებენ სურვილს და ამის გამო წერილის გაგზავნა კიდევ უფრო საინტერესოა. თოვლის ბებოსთან ფოტოების გადაღებაც შეიძლება და სურვილების ჩაფიქრებაც. როვანიემში საოცრად ლამაზი ადგილებია: სასრიალო ტრასები, გაყინული­ მდინარე და ულამაზესი ხიდი.

სანტას სოფ­ელი ხომ ცალკე თავგადასავალია! იქ შეგიძლიათ ისეირნოთ ულამაზესი ირმებით, იქვეა ყინულის სახლი, სადაც ყველაფერი ყინულისაა - სკამები, საწოლები, მთელი შენობა...­ ამ ჯადოსნურ სანახაობას ემატება ჩრდილოეთის ციალი, განუმეორებელი სანახაობა.

- როგორც ვიცი, ეს­ არც ისე ხშირი სანახაობაა...

- ჩვენ რამდენიმე ტური ვიყიდეთ ამ სანახაობისთვის. სხვათა შორის, ჩემი ოცნება იყო ჩრდილოეთის ციალის ნახვა და როცა ფოტოებს ან ვიდეოებს ვნახულობდი,­ ფოტოშოპით დამუშავებული მეგონა. ძალიან მეწყინა, როცა მითხრეს, იანვარი არც ისე ხელსაყრელი თვეა ჩრდილოეთის ციალის სანახავადო. სპეციალურად წავედით მთაში, მაგრამ ძალიან ხანმოკლე ციალი ვნახეთ, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება ვერ დატოვა... მაშინ კიდევ ერთხელ გავიფიქრე, რომ ყველაფერი ფოტოშოპის დამსახურებაა. ლაპლანდიაში ჩვენი­ ყოფნის ბოლო დღეს ყველა ტური გააუქმეს,­ რადგან 35 გრადუსი ყინვა და ძალიან ღრუბლიანი ამინდი იყო. მიუხედავად ამისა, გავრისკეთ და წავედით. 35 კაციდან ჩვენთან ერთად არავინ წამოვიდა და ჯგუფურის ნაცვლად, კერძო ტური გამოგვივიდა.­ ძალიან გაგვიმართლა და კარგი გიდი შეგვხვდა, რომელიც საქართველოს კარგად იცნობდა. გადაირია, რომ დაგვინახა, ქართული სიმღერები ჩაგვირთო და გვითხრა, სიურპრიზს მოგიწყობთ - უკიდურეს ჩრდილოეთში, გაყინულ ტბაზე წავიდეთ, რადგან როვანიემში ჩრდილოეთის ციალს ახლა ვერ ნახავთო. ბავშვებს ვუთხარი, აქედან ისე არ წავალთ, ჩრდილოეთის ციალი რომ არ ვნახოთ-მეთქი. მანქანაში ჩავსხედით და გაყინული ტბისკენ წავედით. სწორედ იქ ვნახეთ სასწაული, ჩრდილოეთის ციალი - ნამდვილი საოცრება, რომელიც დედამიწაზე ხდება! შენახული მაქვს ვიდეოები, რომლის ნახვისას ვერავინ იჯერებს, რომ ამ დროს იქ ვიყავით. სხვათა­ შორის, იმ დღეს ყველა ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაცხადა, რომ ამ მასშტაბის და ხანგრძლივობის ციალი ბოლო ორი წლის განმავლობაში ლაპლანდიაში არ ყოფილა. სწორედ მაშინ დავარწმუნე ჩემი შვილები, რომ სასწაულები მართლა არსებობს. ლაპლანდია ის ადგილია, რომელიც ყველა ბავშვმა უნდა ნახოს, თუმცა მოზრდილებისთვისაც დაუვიწყარია. მისი ნახვის მერე სულ ვამბობ, ჯობია რამდენიმე წლის განმავლობაში­ ფული დაზოგო და ლაპლანდია ერთხელ მაინც ნახო... ძალიან მიყვარს მოგზაურობა.­ მსოფლიოს 35 ქვეყანა და 70 ქალაქი მაქვს ნანახი, ნეპალის ჯუნგლებით დაწყებული, ბუდას დაბადების ადგილამდე, ვიმოგზაურე აფრიკაში, სადაც ზანზიბარამდე მივედი... კუბაც საოცრებაა, ინდოეთი, ეგვიპტე, მაგრამ ლაპლანდიასთან­ ყველაფერი უფერულდება! იქ მართლა გიჩნდება შეგრძნება, რომ სანტა-კლაუსი ნამდვილად არსებობს და ყველა სურვილს აგისრულებს.

ხათუნა ჩიგოგიძე