„თბილისურ ეზოში ვცხოვრობდით, როცა საშინელი წივილ-კივილი ატყდებოდა, უკვე ვიცოდი, რომ სადღაც ჩემი გველი იპოვეს“
დაძაბული და მშფოთვარე 2024 წლის შემდეგ მთელი საქართველო ახალი, 2025 წლის მოლოდინშია. აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ეს არის ხის მწვანე გველის წელი, რომელიც სიმშვიდესთან ერთად, ძირეულ ცვლილებებსაც მოგვიტანს. ცნობილია, რომ გველი პერიოდულად იცვლის ტყავს, რის გამოც არაერთ ქვეყანაში მას ცვლილებებისა და ხელახალი დაბადების სიმბოლოდ მიიჩნევენ. ამ იდუმალ არსებაზე სასაუბროდ ილიას უნივერსიტეტის პროფესორს დავით თარხნიშვილს მივმართეთ:
- ფიქრობენ, რომ გველის წელი დედამიწას სიმშვიდეს მოუტანს, ალბათ, იმიტომ, რომ გველი ყოველთვის იყო სიბრძნის, გონიერებისა და სიმშვიდის სიმბოლო. ამ უჩვეულო არსებას შეუძლია ერთდროულად გადაყლაპოს ძალიან ბევრი საკვები და მერე, თვეების განმავლობაში, მშვიდად იწვეს და არაფერი აკეთოს. ალბათ, ამიტომ უკავშირებენ გველის წელს სიმშვიდესა და სტაბილურობას. აღმოსავლურ ქვეყნებში გველი ცნობილია როგორც გონიერი, გამჭრიახი და წინდახედული ცხოველი. მას ყველა კულტურაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა. გველებზე უამრავი მითი და ჭორ-მართალი ვრცელდება. მაგალითად, კასპის რაიონში, საიდანაც ჩემი გვარი მოდის, ამბობენ, რომ მწვანე ხვლიკი ძალიან შხამიანი არსებაა, გველი მას ყლაპავს და შხამს მისგან იღებს. დაახლოებით იგივე რწმენა აქვთ ცენტრალური აფრიკის მკვიდრებს, სადაც სჯერათ, რომ გველი ქამელეონს ყლაპავს და სწორედ ამიტომაა შხამიანი - ეს მაგალითიც მიანიშნებს, როგორი დამოკიდებულება აქვთ გველის მიმართ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს.
63 წლის ვარ და ბავშვობიდან მოყოლებული, ყოველთვის მქონდა ინტერესი გველების მიმართ, ხშირად ვიჭერდი და სახლში მიმყავდა. ოჯახის წევრებს უარყოფითი რეაქცია არ ჰქონდათ, რადგან მენდობოდნენ და იცოდნენ - გველები, რომლებიც სახლში მყავდა, უშხამოები და უვნებლები იყვნენ. სამაგიეროდ, ჩემი მეზობლები ბრაზობდნენ და ხშირად მსაყვედურობდნენ. ვერაზე თბილისურ ეზოში ვცხოვრობდით, ზოგჯერ ეს ჩემი გველები იპარებოდნენ და როცა საშინელი წივილ-კივილი ატყდებოდა, უკვე ვიცოდი, რომ სადღაც ჩემი გველი იპოვეს. ამ ყველაფერს მოთმინებით ვიტანდი და შემიძლია დავიფიცო, რომ ჩემი გველებისგან არასდროს არავინ დაშავებულა.
- თქვენ თუ დაშავებულხართ ოდესმე?
- ერთხანს სახლში მყავდა შხამიანი გველი, რომელიც წოდორეთის მიდამოებში დავიჭირე. მაშინ სკოლაში ვსწავლობდი, კლასელები წავიყვანე და ერთად ვათვალიერებდით, როცა იმ გველმა მიკბინა. ყველას ძალიან შეეშინდა, ექიმთან წამიყვანეს და მიმკურნალეს.
- დღეს გველი სახლში ბევრს ჰყავს?
- ათეულობით სტუდენტი მყავს, რომლებიც გველებს შეისწავლიან და მათ ძალიან კარგად იცნობენ. თუ ჩემს ბავშვობაში თბილისში 3-4 კაცს ჰყავდა სახლში გველები, დღეს უკვე ათეულობით ადამიანია, რომელთაც ეს ცხოველები უყვართ და აინტერესებთ.
ძალიან ბევრ ქვეყანაში გველი კერის მფარველად არის მიჩნეული, მაგალითად, ინდოეთში. იმის მიუხედავად, რომ იქ ძალიან სახიფათო შხამიანი გველები არიან, ინდოელისთვის გველის მოკვლა ცუდის ნიშანია. ეს ხდება ქვეყანაში, სადაც გველის ნაკბენისგან ადამიანები ყოველწლიურად იღუპებიან, ოღონდ, ერთი რამ უტყუარია: გველს თუ არ შეაწუხებთ და გააბრაზებთ, თავს არ დაგესხმებათ.
- ყველა, ვისაც აღმოსავლური კალენდრის სჯერა, ფიქრობს, რომ მწვანე ხის გველი დიდ ცვლილებებს გვპირდება. რით გამოირჩევა ხის გველი "მოძმეებისგან"?
- აღმოსავლეთ აზიაში, სადაც ეს კალენდარი შეიქმნა, ხის გველების ბევრი სახეობა ბინადრობს. მათ შორის შხამიანი გველებიც არიან. ტროპიკებში, მწვანე გველები ხეების ტოტებზე არიან ჩამოკიდებული. მე ბევრი ასეთი გველი შემხვედრია, ხელშიც ამიყვანია და ვიცი, რომ უმრავლესობა აგრესიული არ არის. ზოგიერთი სახეობა დიდი სისწრაფით გამოირჩევა, მაგრამ საკვების მოპოვების მერე შეუძლია საათობით გაუნძრევლად იწვეს ერთ ადგილას. ამ სახეობებს შორის არის მფრინავი ხის გველი, რომელსაც ფრთები არა აქვს, მაგრამ შეუძლია რამდენიმე ასეულ მეტრზე გადახტეს, ტოტიდან ტოტზე გადაინაცვლოს. რით გამოირჩევა ხის მწვანე გველი სხვა ქვეწარმავლებისგან? - ის დაბურული ტყეების ბინადარია, ხეებზე ცხოვრობს და მიწაზე იშვიათად ჩამოდის. საერთოდ, მწვანე ფერი სიმშვიდისა და განახლების სიმბოლოა, ალბათ ამიტომ აქვს ბევრს იმედი, რომ მწვანე ხის გველი ჩვენს ცხოვრებაში სიმშვიდეს შემოიტანს.
აღმოსავლური კალენდრით, 2025 წელი ძალაში 29 იანვრიდან შედის. ის მნიშვნელოვან ცვლილებებს გვპირდება როგორც საზოგადოებრივ, ასევე პირად ცხოვრებაში. მწვანე ხის გველის გამორჩეული თვისება შხამიანი ენაა. ამიტომ 2025 წელს განსაკუთრებით იზრუნეთ საყვარელ ადამიანებზე და კარგად დაფიქრდით, ვიდრე მათ გესლიან სიტყვას ეტყვით - ეს თქვენს ცხოვრებაში კარგს არაფერს მოიტანს. შეეცადეთ არ დაუპირისპირდეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, გაუფრთხილდეთ მათ. მოთმინება გამოიჩინეთ და ბევრი იშრომეთ - გველი მზადაა დაეხმაროს ყველას, ვისაც წარმატების მიღწევა და გამდიდრება სურს.
და ბოლოს: ეცადეთ შეინარჩუნოთ შინაგანი ჰარმონია და სიკეთე აკეთოთ - ამ შემთხვევაში ვარსკვლავები იზრუნებენ, რომ თქვენი ცხოვრება უფრო დალაგებული და ბედნიერი იყოს.
ხათუნა ჩიგოგიძე