„ახლაც ყურში ჩამესმის აღტაცებით ნათქვამი მისი სიტყვები, ბიჭებო წავიდეთ, დავხვდეთ, გავაჩეროთო...“ - კვირის პალიტრა

„ახლაც ყურში ჩამესმის აღტაცებით ნათქვამი მისი სიტყვები, ბიჭებო წავიდეთ, დავხვდეთ, გავაჩეროთო...“

უკრაინაში საოკუპაციო ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა. "თავისუფალი საქართველოს" დანაყოფის მეთაური ჯაბა კვარაცხელია კურსკის ოლქში კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა. როგორც უკრაინელი თანამებრძოლები ამბობენ, ჯაბას სამ თანამებრძოლთან ერთად, ასეულობით რუს ჯარისკაცთან მოუწია დაპირისპირებამ. "ერთ-ერთი საუკეთესო კი არა, ყველაზე საუკეთესო მებრძოლი და ასევე ძალიან მაგარი ადამიანი იყო", - ამბობს "ქართული ლეგიონის" მებრძოლი გიორგი მურადაშვილი და ჯაბა კვარაცხელიაზე, სხვა ქართველ მებრძოლებსა და მათ იდეალებზე უფრო მეტს გვიამბობს.

- ჯაბა უკრაინელ მებრძოლებთან ერთად კურსკში ერთ-ერთ პოზიციაზე იყო შესული. იქ ძალიან რთული სიტუაციაა, ფრონტის ხაზი არ არის გასწორებული, მაგალითად, 200 მეტრი რომ ჩვენია, 100 მეტრით უკან რუსები არიან, მერე 300 მეტრში ისევ ჩვენები და ა.შ. შესაბამისად, რუსებმა იოლად მოახერხეს ზურგიდან მიპარვა, ჯაბა და მისი სამი თანამებრძოლი ბლინდაჟში ჩაცხრილეს...

ჯაბა 2022 წლამდეც უკრაინაში იყო, მაგრამ მე 2023 წლის მარტში გავიცანი. იმხანად ბახმუტში იყო, იქ, სადაც ბევრი ქართველი იღუპებოდა. მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი ბახმუტში ჩავედით. ჯაბა ჯგუფის მეთაურის, ლევან გელენავას მოადგილე იყო. ხუთი თვე ვიყავით ერთად და ხუთი წელი არ მეყოფა მის დადებით თვისებებზე სალაპარაკოდ. კეთილი, გულთბილი და უღალატო იყო ჩემი ძვირფასი ძმაკაცი. მეომრად იყო დაბადებული. ახლაც ყურში ჩამესმის აღტაცებით ნათქვამი მისი სიტყვები, ბიჭებო წავიდეთ, დავხვდეთ, გავაჩეროთო...

4 აპრილს ბახმუტში პოზიცია დავიკავეთ.­ შევედით და დაგვხვდა ჯოჯოხეთი! ღამის 3 საათზე საშინელება დატრიალდა, რუსებს­ რაც კი რამ ჰქონდათ არსენალში, ყველაფრიდან გვბომბავდნენ. ჩვენ ვაგნერელებთან გვიწევდა ბრძოლა. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, რუსებს გაუგიათ, რომ იქ ქართველები იყვნენ და ამიტომაც ყველაფერი დაგვიშინეს, რაც ჰქონდათ. ვხუმრობდი კიდეც, რისი სროლაც შეიძლება ყველაფერს გვესვრიან, მგონი, ბოლოს ქვებზე გადავიდნენ-მეთქი. ჩვენამდე ბახმუტში ქართველები არ ყოფილან. სავარაუდოდ, რაციებით დაადგინეს ჩვენი იქ ყოფნა. ჩვენ იერიში დაგეგმილი არ გვქონდა, დავალება იყო პოზიციის შენარჩუნება და მტრის შეკავება. მაშინ ვნახე პირველად, თუ რა შეეძლო ჯაბას. მოკლედ, რუსებმა დაიწყეს შეტევა და ჩვენც დავხვდით. ჯაბა განსაკუთრებული იყო, ის არა მარტო მტერს ებრძოდა, თითოეულ ჩვენგანზე ზრუნავდა. უკრაინელებთან ერთად ორი ქართველი მოგვიკლეს - დავით ქუჩუკიანი­ და ვახო ბარაბაძე. 7-საა­თიანი ბრძოლის შემდეგ მტერი შევა­ჩე­რეთ, დაჭრილი ვიყავით, ზოგს კონტუზია გვქონდა მიღებული, ზოგი სახეში ვიყავით დაჭრილი, ზოგიც ფეხში და ზოგიც ხელში. მეორე დღეს როტაციამ მოგვიწია, წამოვედით, მაგრამ ვახო და დავითი იქ დაგვრჩა, ისინი რუსების კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიღუპნენ. ჯაბამ არ მოისვენა, მეორე დღესვე მივბრუნდით უკან. საშინელ დაბომბვაში მოვყევით, ღმერთმა დაგვიფარა, რომ ყველა გადავრჩით. მოგვყავდა ქუჩუკიანი და ბედნიერი ვიყავით...

- ბედნიერი იყავით?

- კი, რადგან ვიცოდით, რომ ჩვენს ძმას საფლავი ექნებოდა. იცით, რა უცნაური შეგრძნებაა, როდესაც დაღუპული თანამებრძოლი გამოგყავს ბრძოლის ველიდან?! წუხილსა და ტკივილს კი არა, სიხარულს გრძნობ... დიახ, ომს ბევრი უცნაურობა ახასიათებს... იმ დღეს ვახო ვერ გამოვიყვანეთ. ჯაბამ ფიცი დაგვადებინა, რომ სანამ მასაც არ გამოვიყვანდით, არც ერთი არ გამოვიდოდით იქიდან. უკვე დაკარგულ ბახმუტში ყოველდღე შევდიოდით. მეორმოცე დღესაც რომ ხელცარიელი გამოვედით, გავიგეთ, რომ ქართველმა პარტიზანებმა გამოიტანეს ვახოს ცხედარი. დღემდე იმ ბიჭების მადლიერი ვარ, ისინი რომ არა, ჩვენ ისევ გავაგრძელებდით უკვე რუსების კონტროლირებად ბახმუტში შეპარვას და შეიძლება ამას დიდი მსხვერპლიც მოჰყოლოდა. განა ჩვენ დავტოვებდით ჩვენი ძმების ცხედრებს, მაგრამ ჯაბა სხვანაირ მუხტს გვაძლევდა და ბრძოლის ჟინს გვიღვიძებდა. ცოცხალი თავით არ დატოვებდა თანამებრძოლს, არც დაჭრილს და არც დაღუპულს. ახლა თავად არის გამოსაყვანი... ძალიან მძიმეა ამის გააზრება, მით უფრო, რომ ის ახლა ჩვენთვის ძალიან მიუდგომელ ადგილზეა, ბახმუტი მაინც უკრაინელების მიწა იყო და ვიცოდით, როგორ გვემოძრავა, კურსკში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. საქმეს ისიც ართულებს, რომ ძალიან არეული ფრონტის ხაზია, ვერ გაიგებ, სად ჩვენი პოზიციაა და სად მტრის.

- თქვით, რუსებმა გაააქტიურეს დაბომბვა, როდესაც ქართველების პოზიციაზე ყოფნის ამბავი გაიგესო. ქართველებს უფრო გერჩიან?

- ძალიან არ მოსწონთ ქართველების ამ ომში მონაწილეობა, ხშირად ყვირიან ხოლმე, აბა, გამოდით, ქართველებო, სად ხართო! ვერ გვიტანენ, იციან, რომ ქართველები კარგი მეომრები არიან, არც უკან დახევა იციან და არც დაღუპულ ან დაჭრილ თანამებრძოლებს ტოვებენ ბრძოლის ველზე. მეორე მიზეზი ის არის, არ მოსწონთ, უკრაინელებს რომ ვეხმარებით.

- თუ გისაუბრიათ ჯაბასთან ამ ომში მონაწილეობის მოტივზე?

- არ არსებობს ადამიანი, რომელიც­ თა­ვისი ნებით მიდის ომში და არა აქვს იდეა. ფულის გამო ომში ვერ წახვალ, იმიტომ,­ რომ შეიძლება ისე მოკვდე, ფული თვალითაც ვერ ნახო. მე და აქ მებრძოლ ქართველ ბიჭებს გვამოძრავებს ჩვენი­ სამშო­ბლოს სიყვარული, მტერთან ბრძოლა­ გვწყურია. არ თენდება და არ ღამდება, საქართველოზე რომ არ ვილაპარაკოთ. ჩვენ სიმართლის მხარეს ვართ და ამის ცოდნა გვაძლიერებს.

- ჯაბას ოჯახი, ცოლ-შვილი თუ დარჩა?

- ასაკიანი მშობლები და ძმა ჰყავს. ერთ­ხანს უკრაინაში ცოლ-შვილი მყავდა ჩამოყვანილი, კიევში დავაბინავე და ჯაბაც ხშირად გვსტუმრობდა. სულ ვეუბნებოდი, შენ უკვე შენი გასაკეთებელი გააკეთე, დროა დაანებო ომს თავი და ოჯახს მოეკიდო-მეთქი... ვერ ტოვებდა თანამებრძოლებს, იდეას ვერ ღალატობდა.

- მესამე წელია ეს ომი მიმდინარეობს და ბოლო ჯერ არ უჩანს, გადაღლასა და იმედგაცრუებას ხომ არ გრძნობთ ხოლმე?

- ომის დაწყებიდან ოთხ დღეში ჩამოვედი უკრაინაში. დაღლით ვიღლებით, მაგრამ გადის ორი-სამი დღე და სამშობლოს სიყვარული, მტრის ჯავრი არ გასვენებს. ვაცნობიერებ, რომ ჩემი ნასროლი ერთი ტყვიაც კი მნიშვნელოვანია. მე "ქართულ ლეგიონს" წარმოვადგენ, ის ჩემი ოჯახია. მადლობა ღმერთს, ჩემი ქვეყნის წინაში ვალის მოხდის შესაძლებლობა მომეცა.

რაღაცები შეიცვალა მსოფლიოს პოლიტიკურ წესრიგში და იქნებ ეს ომიც დასრულდეს, ისე როგორც უკრაინელ ხალხს სურს. ტრამპის გაპრეზიდენტება სწრაფი გადაწყვეტილებების იმედს გვაძლევს, ვნახოთ, რა იქნება...

- თქვენც პროფესიონალი სამხედრო ხართ?

- ოთხი წელი ვიმსახურე რეინჯერის ბატალიონში. ფსიქოლოგიურად და მორალურად ვიყავი მზად, ვიცოდი, სად მივდიოდი და რატომ.

- რა ნახეთ ამ ომში ისეთი, რაც არასდროს დაგავიწყდებათ?

- ბახმუტი - ჯოჯოხეთი დედამიწაზე. იყო ასეთი მომენტიც, როდესაც ერთი შეტაკებისას 72 მებრძოლი მოკლეს და მარტო მე გადავრჩი... ბახმუტში 3 თუ 4-საათიანი ბრძოლა იყო. ვაგნერელები გაშლილად მოდიოდნენ, მათ უკან კი არტილერია მუშაობდა, ვაგნერელები კი "კანტროლკას" აკეთებდნენ... ყველა დაიხოცა, მე ღვთის სასწაულმა გადამარჩინა, ყურებიდან, ცხვირიდან, პირიდან სისხლი მომდიოდა, ბეჭები, გვერდები ნამსხვრევებით მქონდა დაცხრილული, მაგრამ გადავრჩი... მადლობა უფალს, ღმერთი ყოველთვის ჩემთან არის.

ხათუნა ბახტურიძე