იურისტის რჩევები - პროცენტიან ვალზე, ბანკის სესხზე, მემკვიდრეობაზე, ჯარიმებზე და მნიშვნელოვან საკითხზე: გვაქვს თუ არა ძიძის თვალთვალის უფლება
ამჯერად სამართლებრივ რჩევებს მოგცემთ სისხლის სამართლის საქმეების, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი თამარ ფირცხალავა.
ონლაინმაღაზიაში ნივთი ვიყიდე, თანხა ჩავრიცხე ანგარიშზე და რომ მომიტანეს, არ აღმოჩნდა ისეთი, რაც მქონდა შეკვეთილი. კურიერს მოვთხოვე უკან წაღება, მაგრამ უარი მითხრა, მე არა ვარ იმ მაღაზიის თანამშრომელი, კურიერი ვარო. დავუკავშირდი ისევ იმათ, ვისგანაც მქონდა გამოწერილი, მაგრამ ნივთს უკან არ იბრუნებენ. რა შეიძლება გავაკეთო, "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონი ხომ არსებობს? ვის მივმართო?
- მომხმარებელს უფლება აქვს შეძენილ ნივთზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურენციის სააგენტოს მიმართოს, შემოდის 14-დღიანი უპირობო დაბრუნების წესი. ეს წესი იმიტომ მოქმედებს, რომ ელექტრონული ვაჭრობის დროს მომხმარებელი მოკლებულია შესაძლებლობას პირადად შეაფასოს და მოიწონოს საქონელი, ამიტომაც უფლება ეძლევა 14 დღის განმავლობაში უკან დააბრუნოს პროდუქტი. თუ გამყიდველი არ იბრუნებს ნივთს და ირღვევა თქვენი უფლებები, უნდა მიმართოთ საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, რომლის მისამართია: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 154, ასევე შეგიძლიათ დაუყოვნებლივ დარეკოთ ცხელ ხაზზე 0322054422. დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად, ხოლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა.
მაქვს ბანკის ვალი, მაგრამ არა მაქვს ბინა ჩადებული. რამდენიმე თვეა ვერ ვიხდი პროცენტს, თუ ბინა არა მაქვს ბანკში ჩადებული, მაინც შეუძლია თუ არა ბანკს ბინა დამიყადაღოს და შემდეგ გამიყიდოს? ხომ არ ჯობია ბინა სასწრაფოდ სხვაზე გადავაფორმო, ჯერჯერობით საქმის წარმოება დაწყებული არ არის სასამართლოში. რას მირჩევთ?
- დიახ, ბანკს შეუძლია მოითხოვოს ყადაღის დადება თქვენს სახელზე არსებულ ქონებაზე. ასევე შეუძლია მოითხოვოს აუქციონზე რეალიზაცია ვალის ამოღების მიზნით. თუ თქვენს სახელზე ბინა უკვე არის, შესაძლოა გასხვისებამაც ვერ გიშველოთ, რადგან ბანკი მიხვდება, რომ თავის არიდების მიზნით გაასხვისეთ. ხშირად ხდება ამ მიზნით მოჩვენებითი გარიგებების დადება და ამ დროს ბანკი ხშირად ითხოვს მოჩვენებითი და თვალთმაქცურად დადებული ხელშეკრულებების მოშლას.
შეიძლება თუ არა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება და რა შემთხვევაში?
- სამკვიდროს მიღების ვადის გასვლის შემდეგ მემკვიდრემ, რომელმაც ეს ვადა გაუშვა, შეიძლება მაინც მიიღოს მემკვიდრეობა, თუ ამაზე თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. სამკვიდროს მიღების ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომაც, თუ ვადის გადაცილების მიზეზი საპატიოდ იქნება მიჩნეული.
პირის მხარდამჭერ პირად დარეგისტრირება გვინდა სასამართლოში. რა საბუთებია ამისთვის საჭირო და მომიწევს თუ არა ბაჟის გადახდა?
- პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/ განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების შესასრულებლად, რომლებსაც განსაზღვრავს სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე. პირს მხარდაჭერის მიმღებად ცნობს და მხარდამჭერს უნიშნავს სასამართლო მხარდასაჭერად საცნობი პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია, სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ დაინტერესებულმა პირმა სასამართლოს უნდა მიმართოს განცხადებით და ბაჟის გადახდა არ არის საჭირო.
მევახშისგან დედაჩემმა აიღო პროცენტიანი ვალი, 25.000 დოლარი, და სანაცვლოდ ჩადო ბინა. ნოტარიუსთან დაიდო ხელშეკრულება, რომელშიც ჩაიწერა უფრო მეტი თანხა, რადგან მევალემ თავიდანვე მოითხოვა სამი თვის პროცენტი. ხელშეკრულება დაიდო ბინის ყიდვა-გაყიდვა გამოსყიდვის უფლებით, რამდენიმე თვე ვიხდიდით პროცენტს, მაგრამ როცა თანხის დაბრუნების დრო დადგა, დედაჩემმა ვერ შეძლო თანხის სრულად დაბრუნება, ამიტომ ბინა გადავიდა მევალის სახელზე და ბინიდანაც გამოგვასახლეს. ამ ფაქტიდან გავიდა უკვე ორი წელი და ახლა მითხრეს, რომ ასეთი სახის გარიგება უკანონოა, შეგვეძლო გვეჩივლა მევახშისთვის და გარკვეული თანხა მაინც დაგვრჩებოდა ბინის გაყიდვით. გამოდის, 80.000 დოლარად ღირებული ბინა დავკარგეთ და ამას ემატება თვეების განმავლობაში გადახდილი პროცენტიც. ვთხოვეთ მოეცა უფლება გაგვეყიდა ბინა, მაგრამ უარი თქვა. არის თუ არა შანსი ბინის დაბრუნების, ან რომ გაიყიდოს და თანხის ნაწილი მაინც მივიღოთ? ნოტარიუსი იყო თუ არა ვალდებული დეტალურად აეხსნა, რომ ბინას დავკარგავდით?
- დიახ, შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს სარჩელით, ვინაიდან არ არის ხანდაზმულობის ვადა გასული. ნოტარიუსსაც უნდა განემარტა ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგები, თუ მისი თანდასწრებით შედგა ხელშეკრულება, თუ მხოლოდ ხელმოწერის დასამოწმებლად მიიტანეთ, შესაძლოა შინაარსს არ გასცნობოდა, ვინაიდან მარტო ხელმოწერით დაამოწმა.
რას ნიშნავს რეგრესის წესი? ადამიანს აქვს დაზღვეული მანქანა, მომიხდა ავარია, მან გამოიძახა თავისი სადაზღვევო და აუნაზღაურეს ზარალი. მერე მე მომადგა დასაზღვევო და სოლიდურ თანხას ითხოვს ჩემგან. ვისაც დაზღვეული აქვს მანქანა, ის ხომ უხდის ყოველთვიურად თანხას სადაზღვევოს. როგორ დავიცვა თავი? თან ითხოვს იმაზე მეტს, რაც არის ზიანი?
- ამ გარემოებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო არა დამზღვევი პირის მიერ, ხოლო დამზღვევმა გამოიძახა სადაზღვევო. ასეთ შემთხვევაში, ცხადია, დაზღვევა აზღვევს დამზღვევის პასუხისმგებლობის საკითხს, ვინაიდან დამზღვევის ბრალეულობით არ მომხდარა საგზაო შემთხვევა. სადაზღვევო კომპანიას ანაზღაურების ვალდებულება აქვს დამზღვევის მიმართ და არა თქვენ მიმართ. ამიტომ კომპანიამ დამზღვევს ზიანი დროულად და სწრაფად აუნაზღაურა. სადაზღვევომ შეასრულა ზიანის მიმყენებელის მოვალეობა, ხოლო ზიანის მიმყენებლისგან თავად სადაზღვევო კომპანია მოითხოვს იმ ვალდებულების შესრულებას, რაც მის ნაცვლად შეასრულა. რაც შეეხება თანხას, თუკი მიგაჩნიათ, რომ არ არის ზიანის შესაბამისი, შეგიძლიათ ექსპერტიზა ჩაატაროთ და დაადგინოთ, რა დაჯდებოდა მანქანის შეკეთება, თუმცა ესეც გარკვეულ სახსრებთან არის დაკავშირებული. ასევე შეიძლება სირთულეს წააწყდეთ, თუ დაზიანებული მანქანის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა არ მოგეპოვებათ, რომლის საფუძველზეც ჩაატარებთ ექსპერტიზას.
დედაჩემს სურს ბინა აჩუქოს ჩემს ძმას, ოღონდ იმ პირობით, რომ არ გაყიდოს. რა დოკუმენტი უნდა შეადგინოს და რამდენად იქნება დაცული ქონება?
- მხარეებს შეუძლიათ დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პირობის შესრულებაზე, ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდგომ მეპატრონე გახდება თქვენი ძმა, შესაბამისად, სამუდამოდ ვერ აუკრძალავს დედა ბინის გაყიდვას. ეს პირობა შეიძლება დაიდოს გარკვეული ვადით, მაგალითად, ორი წლით ან თუნდაც დედის სიცოცხლეში გასხვისების აკრძალვით. თქვენს შემთხვევაში შესაძლებელია ასევე სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება დაიდოს, რის საფუძველზეც თქვენი ძმა მაშინვე გახდება მესაკუთრე, მაგრამ ვერ განკარგავს დედათქვენის თანხმობის გარეშე მის სიცოცხლეში ამ ქონებას, ხოლო დედის გარდაცვალების შემდეგ სრულად განკარგვას შეძლებს.
მემკვიდრეობით მიღებული ქონებიდან წილის გაცემა შემიძლია თუ არა არასრულწლოვანზე?
- ქონება, რომლის მესაკუთრეა პირი, მნიშვნელობა არა აქვს, რა საფუძვლით მიიღო, შეუძლია განკარგოს თავისუფლად, შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია მათ შორის ნაწილობრივ დაუთმოს ქონების წილი შვილს ან სხვა პირს.
მეუღლეს აქვს რამდენიმე წლის წინ აღებული სესხი და გადახდა დაავალეს, ჩემს სახელზეა მანქანა და ბინა, ხომ არ დამიყადაღებენ ჩემს ქონებას? სესხი ჩვენს ქორწინებამდეა აღებული.
- თუ ბინა და მანქანა ქორწინების პერიოდშია შეძენილი, ხოლო ეს გარემოება ცნობილი გახდა კრედიტორისთვის, მას შეუძლია მოითხოვოს თქვენი მეუღლის წილის დაყადაღება.
ინტერნეტით ვიყიდე მანქანა, აღმოჩნდა, რომ მომატყუა გამყიდველმა და თურმე მანქანას ყადაღა ედო. ერთ დღეს პატრულმა გამაჩერა და მანქანა ჩამომართვეს. მას შემდეგ ვითხოვ იმ პირისგან თანხის დაბრუნებას, მაგრამ მატყუებს, რომ მომცემს. სასამართლოში რომ ვუჩივლო, შევძლებ ფულის ამოღებას?
- ყადაღა არის ქონების მესაკუთრისთვის საკუთრებით სარგებლობისა და განკარგვის აკრძალვა ან შეზღუდვა. შესაბამისად, როგორც წესი, დაყადაღებული მანქანის გასხვისება ვერ ხდება, რადგან ყადაღა სწორედ ემსახურება იმ მიზანს, რომ მფლობელმა არ გაასხვისოს მანქანა. თქვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა წესით შეიძინეთ მანქანა, გადაიფორმეთ თუ არა მომსახურების სააგენტოში, ასევე თანხა როგორ გადაეცით, ნაღდი ფული მიეცით თუ გადაურიცხეთ ანგარიშზე.
ვეძებ ბინას გირაოთი, კომპანია მეუბნება, რომ დამაგირავებინებს ბინას - ანუ თანხას აიღებს ეს კომპანია, რომელიც ჩადებს კომპანიის ქონებას და მე შემიყვანს ბინაში ქირით. ამას გირის ალტერნატივას უწოდებენ. როგორ მოვიქცე, რომ არ დავზარალდე?
- ასეთი შეთავაზება ძალიან სარისკოა. რასაც კომპანია გთავაზობთ, ვერ იქნება იპოთეკა (გირაო), რადგან იპოთეკის ხელშეკრულების დროს იპოთეკარი მხარე (დამგირავებელი) დაზღვეულია იმ საფუძვლით, რომ იპოთეკის საგანი ანუ ბინა იტვირთება იპოთეკით მის სასარგებლოდ და ვალდებულების წარმოშობის პერიოდში, როცა თანხის დაბრუნება უნდა მოხდეს, იპოთეკარს აქვს გარანტია, რომ თუ თანხას ვერ დაუბრუნებენ, მაშინ ბინის რეალიზაციით მაინც დაკმაყოფილდება. ამ შემთხვევაში კი კომპანია გთავაზობთ თქვენ ასესხოთ თანხა და ის გიქირავებთ ბინას. ქირის თანხის გადახდა რომ შეწყვიტოს, თქვენ მოთხოვნის არანაირი ბერკეტი არ გექნებათ. რაც შეეხება თქვენ მიერ გადახდილ თანხას, ის იქნება სესხად გაცემული და მოთხოვნის დროს შეიძლება კომპანიას არ აღმოაჩნდეს არანაირი ქონება და ვერ მოხდეს აღსრულება თანხის დასაბრუნებლად.
დავდივარ აქციებზე და დამაჯარიმეს 2.000 ლარით. რომ არ გადავიხადო, რა მოხდება? ვარ სოციალურად დაუცველი და ჩემს სახელზე არანაირი ქონება არ ირიცხება.
- თუ ნებაყოფლობით არ გადაიხდით ჯარიმას, მაშინ ის მიექცევა იძულებით აღსასრულებლად და დაემატება აღსრულების თანხაც, შესაძლოა დაგიყადაღდეთ ანგარიშები.
- აქციაზე დაკავების დროს წამართვა პოლიციამ მობილური ტელეფონი. რამდენად აქვს აზრი ჩივილს?
- თუ ტელეფონის ყუთი გაქვთ, შეიტანეთ განცხადება პოლიციაში, ვინაიდან აქციებზე არაერთი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა. ვერ გეტყვით, რამდენად ექნება აზრი ჩივილს, თუმცა, ალბათ, მაინც უპრიანი იქნება შეიტანოთ განცხადება.
ვმუშაობ თითქმის ერთი წელია ოჯახში ბავშვების ძიძად, აქვს თუ არა ბინის მფლობელს უფლება დააყენოს კამერები ბინაში ისე, რომ ამაზე ინფორმაცია არ მომაწოდოს? მეუბნება, რომ არა აქვს კამერა დაყენებული, მაგრამ ვფიქრობ, მატყუებს. როგორ მოვიქცე?
- შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, ვინაიდან დაუშვებელია ფარულად კამერების დაყენება. მეპატრონე ვალდებულია იქ, სადაც ვიდეომონიტორინგი მიმდინარეობს, გააკეთოს მითითება ანუ გააკრას სტიკერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა დაჯარიმდეს.