რატომ დაუჭრა ნატომ კიევს 400 ათასი ავტომატი და ტყვიამფრქვევი?!
მესამე წელია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეუჩერებლად ამარაგებს უკრაინის არმიას იარაღით, რომ მან თავი დაიცვას აგრესორი რუსეთის შეტევებისგან.
ნატოს თანდათან უფრო და უფრო უჭირს შესაბამისი რაოდენობის შეიარაღების მიწოდება უკრაინელებისთვის, მაგრამ ეს უდიდესი პრობლემა არც დადგებოდა, თავის დროზე იმავე ნატოს თითქმის ნახევარი მილიონი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი რომ არ გაენადგურებინა... უკრაინისთვის!
ერთი შეხედვით ხომ დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, ორი ათეული წლის წინ სწორედ ნატო აფინანსებდა უკრაინის არმიის საწყობებში დახვავებული "კალაშნიკოვების" სასწრაფო უტილიზაციას.
ყველაფერი კი 2001 წლიდან დაიწყო, როდესაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ტექნიკური უზრუნველყოფისა და მომარაგების სააგენტო NAMშA-ს დაფინანსებითა და ორგანიზებით დონეცკის ქიმიურ ქარხანაში უკრაინის არმიის არსენალში საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების უტილიზაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც უკრაინა შეუერთდა "ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულებას" და კიევმა აიღო ვალდებულება ამ ტიპის ნაღმების შეიარაღებიდან მოხსნაზე.
არადა, როგორ ნანობენ ახლა უკრაინელი გენერლები, რომლებიც იქით ეხვეწებიან ნატოს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მიწოდებას - ათიათასობით ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი მაშინ რომ არ გაენადგურებინა ნატოს ოფიციალური კიევის დასტურით, დღეს ფრონტის ხაზი უფრო აღმოსავლეთით იქნებოდა, რადგან სწორედ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები ნაწილობრივ შეაჩერებდნენ რუსი ოკუპანტების ქვეით შეტევებს - მაგალითად, 2023 წლის ზაფხულის მთავარი უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლაც კმარა, როდესაც რუსმა სამხედროებმა სწორედ ქვეითი და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების უხვად დაყენებით შეინარჩუნეს თავდაცვითი ზღუდეები სამხრეთ ფრონტზე.
როგორც იტყვიან, მადა ჭამაში მოდისო, და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების განადგურების შემდეგ, 2004 წელს აშშ გამოვიდა ინიციატივით, რომ უკრაინას გაენადგურებინა ზედმეტი რაოდენობის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები.
ვის შეეძლო მაშინ განესაზღვრა რა იყო ზედმეტი, მაგრამ უკრაინელ მეზენიტეებს გაუნადგურეს ათასი საზენიტო რაკეტა, სწორედ ის საბჭოთა "სტრელები" და "იგლები", რომლებსაც დღეს სანთლით ეძებენ უკრაინელი გენერლები პოსტსაბჭოთა სივრცეში, რათა როგორმე თავი დაიცვან რუსი აგრესორების კამიკაძე-დრონების, შვეულმფრენებისა თუ თვითმფრინავების გამუდმებული საჰაერო თავდასხმებისგან.
გასაგებია, რომ ოცი წლის წინ აშშ-ის მაშინდელ ხელმძღვანელობას თავისი ინტერესები ამოძრავებდა და ძალიან უფრთხოდა, რომ უკრაინის არმიის საწყობებიდან "სტრელები" და "იგლები" რომელიმე პრაპორშჩიკს არ გაეყიდა და შემდეგ ამ საზენიტო რაკეტებით ამერიკული "ბლექ ჰოუკები" და "აპაჩები" არ ჩამოეგდოთ ისლამისტებს ერაყის, ხოლო თალიბებს ავღანეთის ცაში...
შედეგად, 2006 წლის სამ თვეში ნატომ თავისი დაფინანსებითა და თავად უკრაინელების ხელით 1 000(!) საზენიტო რაკეტა და 500 მათი გასაშვები მოწყობილობა გაანადგურა, თანაც აფეთქების გზით და არა დაშლით, როდესაც ამ რაკეტებიდან ძვირფასი ლითონების შემცველი დეტალების ამოღება იქნებოდა შესაძლებელი. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ნატოდან მოწვეულ სტუმრებს განსაკუთრებით მოსწონდათ "სტრელებისა" და "იგლების" პოლიგონზე აფეთქების მომენტი...
ათასი საზენიტო რაკეტა, მათ შორის 86 "სტრელა-2", 167 "სტრელა-3", 607 "იგლა-1" და 140 "იგლა" დღეს უკრაინელ მეზენიტეებს ძალიან წაადგებოდათ ირანულ-რუსული "შაჰიდ/გერან-2"-ებისა და ფრთოსანი რაკეტების "კალიბრების" მოსაგერიებლად.
უკრაინული არმიის არსენალის განადგურების ეპოპეა ამით არ დამთავრებულა - 2007-2011 წლებში ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კიდევ უფრო გრანდიოზული მასშტაბის ღონისძიება გაატარა უკრაინის არმიის ცეცხლსასროლი იარაღის მარაგის შესამცირებლად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი უკვე მომხდარი იყო და ნატოში, წესით, უნდა გამოეღვიძათ და დაენახათ პუტინის კრემლის გააქტიურება მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დასაპყრობად.
მცირე ანალიზიც კმაროდა იმის მისახვედრად, რომ საქართველოს შემდეგ რუსეთის საკბილო სწორედ უკრაინა გახდებოდა, მაგრამ ნატოს წევრი აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების მაშინდელი "გამჭრიახი" პოლიტიკური ლიდერები და გენერალიტეტი აგრძელებდნენ სტრატეგიული დონის ისტორიული შეცდომის დაშვებას, რაშიც მათ მხარს უბამდა უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი იუშჩენკოც.
საერთო ჯამში 2011 წლის 30 აპრილისთვის განადგურდა უკრაინის არმიის... 400 ათასი(!) ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის 212 719 "კალაშნიკოვის" ავტომატი, 22 650 კარაბინი და შაშხანა, 98 796 პისტოლეტი, 10 184 ტყვიამფრქვევი, 2 199 ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნი, 53 452 სპორტული და სავარჯიშო დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღი.
ყველა განადგურებული "კალაშნიკოვი", რომლებიც მარტენის ღუმელებში გადაადნეს, პირველი კატეგორიის იყო, თავის დროზე ქარხნიდან მიღებული და გაუსროლელი.
ამ რაოდენობის უტილიზებული ცეცხლსასროლი იარაღი (რომელიც არ ძველდებოდა და არ იჟანგებოდა) დღეს უკრაინის გენშტაბს საშუალებას მისცემდა არ ეხვეწნა ნატოსთვის და სრულად აღეჭურვა 70(!) ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით.
ამ ყველაფერში მარტო ნატოს წევრი ქვეყნებისა და უკრაინის მაშინდელი პოლიტიკური ლიდერებისა და გენერალიტეტის სიბეცე როდი ჩანს, დიდი ალბათობით, სწორედ დასავლელი საიარაღო კორპორაციების ხელმძღვანელების ინტერესებშიც შედიოდა, რომ მსოფლიოს იარაღის ბაზარზე უკრაინას კონკურენცია ვერ გაეწია საბჭოთა შეიარაღების დემპინგურ ფასებში მასობრივად გაყიდვისთვის აფრიკისა და აზიის განვითარებად ქვეყნებში, და საიარაღო ლობიმ, რომელსაც ისტორიულად დიდი გავლენა აქვს ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებაზე (განსაკუთრებით კი აშშ-ში), მოახერხა როგორც დასავლელი, ისე უკრაინელი პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების მოსყიდვა, რის მძიმე შედეგებსაც ახლა უკრაინის მოსახლეობა იმკის რუსი აგრესორების გამუდმებული თავდასხმებისას.
უკრაინის სხვადასხვა დროის ხელისუფლებამ სხვა, კიდევ უფრო მძიმე შეცდომებიც დაუშვა, როდესაც რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების ვალში 1999 წელს კრემლს გადასცა საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი რვა Ту-160 და სამი Ту-95МС ტიპის სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი და 575 ერთეული Х-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტა, რომლებსაც სამი წელია რუსეთი უკრაინის ქალაქების დასაბომბად იყენებს.
დღეს, როდესაც კიევი თეთრ სახლს ეხვეწება 300 კმ-მდე მფრენი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ATACMS -ის აერობალისტიკური რაკეტების გადაცემას, უკრაინის არმიის შეიარაღებაში 2011 წლამდე ინახებოდა Р-17 "Эльбрус"-ის ტიპის 185 ბალისტიკური რაკეტა და მათი გასაშვები 50 სარაკეტო დანადგარი.
ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების "ელბრუსის" რაკეტას (რომელსაც ნატოში "სკადს" ეძახდნენ) 989 კგ-იანი საბრძოლო ქობინის გადატანა მაქსიმალურ 300 კმ-ზე შეეძლო და ადვილი წარმოსადგენია, დამატებით რა საბრძოლო შესაძლებლობები მიეცემოდათ უკრაინელ მერაკეტეებს "ელბრუსები", ამ ომამდე რომ შემოენახათ.
ქართული არმიის რა შეიარაღების უტილიზაცია მოახდინა ნატომ...
საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან დასავლეთი ძალიან უფრთხოდა, რომ დამოუკიდებლობამოპოვებულ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს მათ ტერიტორიაზე დარჩენილი საბჭოთა დროინდელი შეიარაღება სანქციადადებული ქვეყნებისთვის (მაგალითად, ირანისთვის თუ ჩრდილო კორეისთვის) ან საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისთვის არ მიეყიდათ.1990-იანი წლების ბოლოსთვის აშშ-მა მკაცრად გააფრთხილა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი შევარდნაძე, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიეყიდა Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები თეირანისთვის მას შემდეგ, რაც ირანის პრეზიდენტმა სპეციალურად დაათვალიერა თბილისის საავიაციო ქარხანა.ნატო, ისევე როგორც უკრაინაში, საქართველოშიც აფინანსებდა ქართული არმიის არსენალში არსებული საბჭოთა შეიარაღების ნაწილის უტილიზაციას.ნატოს "პარტნიორობა მშვიდობისთვის" (PfP) პროგრამის ნდობის ფონდის ეგიდით საქართველომ ნატოს უზრუნველყოფის სააგენტო NSPA-სთან (ყოფილი ნატოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტო, NAMSA) თანამშრომლობა 2002 წლის ივნისში დაიწყო.2002 წლის 1-ლ ოქტომბერს გაფორმდა საქართველოსა და ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოს (NSPA) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის ეგიდითაც შემდეგი პროექტები განხორციელდა: "საქართველო III" - "მიწა-ჰაერი" კლასის მართვადი რაკეტების დემილიტარიზება" - პროექტი შედგებოდა ორი ფაზისაგან: 1) С-75 ტიპის რაკეტების დემილიტარიზაცია; 2) "კრუგის" ტიპის რაკეტების დემილიტარიზაცია. "საქართველო II" - "უმართავი რაკეტების დემილიტარიზაციის შესახებ" - "ალაზნისა" და "კრისტალის" ტიპის სეტყვასაწინააღმდეგო და С-8 "ჰაერი-მიწა" ტიპის უმართავი საავიაციო რაკეტების დემილიტარიზაცია. "საქართველო III" - "ომის ფეთქებადი ნარჩენების შესახებ" - შეიარაღებული ძალების ასეულის (66 სამხედრო მოსამსახურე) ჰუმანიტარულ განაღმვაში წვრთნა და აღჭურვა. ფიზიკური სარეაბილიტაციო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება გორის სამხედრო ჰოსპიტლის რეაბილიტაციის ცენტრში.2014 წლის ოქტომბერში გაიმართა პროექტის "საქართველო IV" ოფიციალურად გახსნის ცერემონია. პროექტი გულისხმობდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს აფეთქებული საბრძოლო მასალის სკრის საცავისა და მიმდებარე ტერიტორიის გაუვნებლებასა და საინჟინრო ასეულის საერთაშორისო განაღმვის სტანდარტების მე-3 და მე-4 დონეებზე გაწვრთნას.