ზელენსკის სკანდალური ინტერვიუ: "მაპატიეთ, მაგრამ ეს ყ...ბაა" - "ლუკაშენკომ დამირეკა და მითხრა, მოდი, ბელარუსს დაარტყიო..." - კვირის პალიტრა

ზელენსკის სკანდალური ინტერვიუ: "მაპატიეთ, მაგრამ ეს ყ...ბაა" - "ლუკაშენკომ დამირეკა და მითხრა, მოდი, ბელარუსს დაარტყიო..."

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - „ბიბისის“ (BBC) რუსულენოვან ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „მაპატიეთ, მაგრამ ეს ყ...ბაა“: ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუ სანქციებზე, დაზავებაზე და ალექსანდრე ლუკაშენკოს ბოდიშებზე“ (ესაუბრება ამერიკელი ბლოგერი-ჟურნალისტი ლექს ფრიდმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვრცელი ინტერვიუ მისცა ამერიკელ ბლოგერსა და ჟურნალისტს ლექს ფრიდმანს, რომელშიც მან გაიხსენა რუსეთის თავდასხმის პირველი დღეები და ჟურნალისტს თავისი აზრი გაუზიარა, ომის შეწყვეტის თაობაზე.

უკრაინელმა ლიდერმა, საუბრობდა რა აშშ-ისა და დასავლეთის დაპირებებზე რუსეთის არმიის შეტევის პირველ დღეებში, უცენზურო სიტყვები გამოიყენა და პირველად აღიარა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს ელაპარაკა, რომელმაც, თავის მხრივ, ბოდიში მოიხადა ვლადიმერ პუტინის თავდასხმის გამო.

ინტერვიუ თითქმის სამ საათს გაგრძელდა. ვოლოდიმირ ზელენსკი უმეტესად უკრაინულ ენაზე ლაპარაკობდა, თუმცა ლექს ფრიდმანს სურდა, რომ პრეზიდენტს მისთვის გასაგებ, რუსულ ენაზე ელაპარაკა.

საუბრის დასაწყისში ბლოგერმა თქვა, რომ იგი აპირებს მოსკოვშიც ჩავიდეს და ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს 25 იანვარს შეხვდებიან, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ და მშვიდობის დამყარებაზე მოილაპარაკებენ.

დასავლეთის დახმარება - ომის წინ და ომის დროს

როცა საუბარი შეეხო რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებთან თავისი საუბრები გაიხსენა.

„ომის წინ მე მათ მხოლოდ ერთს ვთხოვდი, ყველაზე მეტად კი - ამერიკას: თუ დარწმუნებულები ხართ და ამისათვის მტკიცებულებები გაქვთ, რომ ვლადიმერ პუტინი თავს არ დამესხმება, მაშინ ორ საკითხში მაინც დამეხმარეთ - მომეცით იარაღი, პუტინი კი სანქციებით დააშინეთ“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მე მათ ასე ვუთხარი, - ოღონდ, გეთაყვა, ნუ მეტყვით ასეთ რაღაცებს: „თუ პუტინი საზღვარზე გადმოვა, თუ უკრაინელებს დახოცავს, სანქციებს მხოლოდ მაშინ გამოვუცხადებთ“. ეს ხომ ყ...ბაა, ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვის გამო“, - დაამატა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ლექს ფრიდმანმა დააზუსტა - ჰქონდა თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკის მხეველობაში ის, რომ უკრაინას იმ ხანებში დროული დახმარება არ გაუწიეს. „მე ვთვლი, რომ არ დაგვეხმარნენ. ჩვენ დახმარება არ მიგვიღია. თუ ცარიელ დაპირებებს და სიტყვებს დახმარებად ჩავთვლით, მაშინ ჩვენს ასეთ დახმარებას ძალიან ბევრს ვიღებდით“.

როცა რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, იმ დროიდან დასავლეთმა კიევს დახმარების გაწევა დაუწყო - აქტიურად აწვდიდა იარაღს და რუსეთს სანქციებიც გამოუცხადა.

ლუკაშენკოს ბოდიშები

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე გაიხსენა თავისი საუბარი ბელარუსის ლიდერთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან, ომის პირველ დღეებში. როგორც ცნობილია, რუსეთის ჯარები უკრაინაში ბელარუსის ტერიტორიიდანაც შეიჭრნენ და კიევის დაკავება დაგეგმეს, თუმცა მათ მარცხი განიცადეს.

„მე ტელეფონით ველაპარაკე ალექსანდრე ლუკაშენკოს და ვუთხარი (...), მან ბოდიში მოიხადა და მითხრა, რომ მე არაფერ შუაში ვარ, ყველაფერი პუტინმა გააკეთაო. ანუ მისი ქვეყნის ტერიტორიიდან უკრაინისაკენ რაკეტებს პუტინი უშვებდა. იგი მეუბნება, რომ დამიჯერე, სიტუაციას მე ვერ ვაკონტროლებო. მე კი გაბრაზებულმა ვუთხარი, რომ შენც ისეთივე მკვლელი ხარ-მეთქი. ის კი ისევ თავისას აგრძელებს, „დამიჯერე, რუსებთან ბრძოლა არ შეიძლება“.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ლუკაშენკომ მას ბელარუსის ტერიტორიისთვის დარტყმა შესთავაზა: „ლუკაშენკო მითხრა, - კარგი, მოდი, ასე ვქნათ: შენ დაარტყი ჩემს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რომლებიც, იცი, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, მოზირის ქარხანასო. მე ვეუბნები: რას მთავაზობ, რა დარტყმა, რის დარტყმა? და იგი ამას ომის მესამე დღეს მეუბნებოდა“, - ამბობს ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტი, რომელსაც ადრე ამის შესახებ არსად არაფერი უთქვამს.

მოზირის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ერთ-ერთი საწარმო იყო, რომელიც რუსეთის არმიას საწვავით ამარაგებდა. ქარხანა გასული წლის ივლისიდან აღარ მუშაობს - ოფიციალურად, ამის მიზეზი გრიგალია, რომელმაც ქარხნის ინფრასტრუქტურა დააზიანა, არაოფიციალურად კი, უკრაინული მასმედიის ცნობით, ქარხანა უკრაინის არმიის დრონებმა ააფეთქეს.

ტრამპთან ერთად პუტინის წინააღმდეგ

ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილაპარაკა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებისა და ზავის დადების შესახებაც.

„ჩემი აზრით, 25 იანვარი იქნება თუ მომდევნო დღეები, ჩვენ უპირველესად დონალდ ტრამპს შევხვდებით და მოვილაპარაკებთ, თუ როგორ უნდა შევაჩეროთ პუტინი. მჯერა, რომ ტრამპთან შეთანხმებას მივაღწევთ და თუ აშშ-ის პრეზიდენტი ძლიერ გარანტიებს მოგვცემს, ამის შემდეგ რუსებთან მოლაპარაკებასაც შევუდგებით, სამივე ერთად დავსხდებით“.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპას თავისი ხმა ჰქონდეს. ევროპასაც შეუძლია გარანტიები მოგვცეს. რას გააკეთებს ტრამპი, თუ პუტინი სამი თვის შემდეგ ახალ შეტევას დაიწყებს? დღეს კრემლს ტრამპის ეშინია, მაგრამ თუ ტრამპი პუტინს გარანტიების გარეშე შეუთანხმდება, ამერიკა ამით რუსეთს ქულას მისცემს. შესაძლოა, ამის გაკეთება მას არ უნდა, მაგრამ, ფაქტობრივად, ასე გამოვა, იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინს თავში სულ ერთი ფიქრი უტრიალებს - როგორმე წააჩხუბოს ტრამპი ჩემთან“, - თქვა ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

წყარო