გია ხუხაშვილის პროგნოზი: "ოცნებაზე", ოპოზიციაზე და სალომე ზურაბიშვილზე - "რასაც ვამბობ, მტკივნეულია და სასაცილო ნამდვილად არ არის, რადგან..." - კვირის პალიტრა

გია ხუხაშვილის პროგნოზი: "ოცნებაზე", ოპოზიციაზე და სალომე ზურაბიშვილზე - "რასაც ვამბობ, მტკივნეულია და სასაცილო ნამდვილად არ არის, რადგან..."

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ გია ხუხაშვილის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 6 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა.

- ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ ქვეყანა ორად არის გაყოფილი, ხელისუფლება ცდილობს ვითარების ასე წარმოჩენას, მაგრამ გასული წლის ბოლოს აშკარად სხვა რამ ვნახეთ - ერთ მუშტად შეკრული და ერთ აზრზე მყოფი ქვეყანა.

თუ რამ გაყოფა არსებობს, ეს ხალხსა და უზურპატორ ხელისუფლებას შორის ხდება, მე სხვა წყალგამყოფს ვერ ვხედავ.

რაც შეეხება იმას, აქამდე როგორ მივედით, ამას, სამწუხაროდ, ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის ის, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფალი, რომელიც ძალაუფლებას ეპოტინება და სხვა ფასეულობა აღარ შერჩა. ის ცდილობს მსახურების ნაცვლად იბატონოს საზოგადოებაზე და ეს ძალადობრივი გზით უწევს. სხვა ინსტრუმენტი მას აღარ დარჩა, რადგან ხალხთან მისასვლელი ყველა ხიდი ჩატეხა.

გარდა ამისა, ბევრი სხვა განზომილებაც აქვს სახელმწიფოებრივი დეგრადაციის იმ პროცესს, რომელიც დაიწყო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

ბიძინა ივანიშვილმა ფატალურად არასწორი ანალიზის შედეგად გაკეთა არასწორი პროგნოზი, მან მიიჩნია, რომ რუსეთი ამ ომს ძალიან მალე მოიგებდა და შემდეგი სამიზნე ჩვენ ვიქნებოდით, რადგან რუსეთის სტრატეგიული გეგმა მოდერნიზებული საბჭოთა კავშირის აღდგენა იყო.

ის დაფრთხა და დაიწყო რუსეთის მიმართ ლოიალურობის დემონსტრირება. როდესაც იმპერიას ასე ექცევი, ამას კეთილ ნებად კი არ გითვლის, არამედ სისუსტედ მიიჩნევს და კიდევ უფრო მეტი აგრესიით გიტევს, ლოიალურობის გარანტიებს ითხოვს. ამის შემდეგ დაიწყო ექსპანსიის მცდელობა, რაც დასრულდა საქართველოს ხელისუფლების ოკუპაციით. დიახ, რუსეთმა მოახდინა საქართველოს ხელისუფლების სრულად ოკუპირება, დააწესა მასზე კონტროლი. ბოლო ხანს ჩვენ ვაკვირდებოდით, როგორ ეხსნებოდა აქ რუსეთს ყველა კარი, როგორ მიმდინარეობდა მიგრაციული, ეკონომიკური, კულტურული თუ საინფორმაციო ექსპანსია და ამას არათუ ხელს არ უშლიდნენ, არამედ ახალისებდნენ კიდეც, თან ისე, რომ რუსული გავლენით ყველაფერი დასავლეთის დემონიზაციისთვის კეთდებოდა, მიდიოდა ანტიდასავლური განწყობის კულტივირება და პოლიტიკაში ინტეგრირება, ანუ, ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო მოქმედება იმ ინსტრუქციებით, იმ შპარგალკებით, რაც კრემლიდან მოდიოდა. ხელისუფლების მოქმედების, პროპაგანდის თუ რიტორიკის შინაარსი ერთი ერთზე იმეორებდა რუსულ თუ ბელარუსულ გამოცდილებას. ჩვენი საზოგადოებისთვის წყალგამყოფი სწორედ ეს გახდა.

ვიღაც ამას აკეთებდა ანგაჟირებით, სხვა იმიტომ, რომ ამაში ხედავდა ძალაუფლებისა და კეთილდღეობის შენარჩუნების საშუალებას. ჩვენს საზოგადოებას აღმოაჩნდა პოლიტიკური კულტურა და გადაწყვიტა, კვანძი გახსნილიყო არჩევნების გზით, ანუ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების გზა დასავლეთისკენ თუ რუსეთისკენ გადაწყვეტილიყო სწორედ არჩევნებით, თუმცა ამის პარალელურად ხელისუფლებამ გადაწყვიტა ძალაუფლების სხვადასხვა მეთოდით უზურპაცია.

ბევრს ვლაპარაკობთ არჩევნების გაყალბებაზე, რისი ერთ-ერთი ელემენტიც, შეიძლება პარადოქსია, მაგრამ იყო ოპოზიციის მიზანმიმართული დასუსტება.

ჩვენ, ფაქტობრივად, გვქონდა არჩევნები, რომელშიც ამომრჩევლის უმრავლესობა ირჩევდა ევროპას, მაგრამ მას ამ მიმართულებით არ ჰყავდა პოლიტიკური ლიდერი. ასეთი ლიდერი იყო სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ მისი ლიდერობის კაპიტალიზაცია არჩევნებზე შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ ინსტრუმენტების მეშვეობით, რასაც არჩევნებ­ში მონაწილე პარტიები წარმოადგენდნენ, ოპოზიციამ კი დაუშვა დიდი შეცდომა, როდესაც გადაჰყვნენ საკუთარ ამბიციებს და არ აღიარეს ზურაბიშვილი ლიდერად, რამაც პროცესში მორალური სიცხადის შეტანას ხელი შეუშალა, ეს კი პრობლემად იქცა. ხელისუფლებამ მანიპულაციებით მოა­ხერხა, რომ ცხადი არჩევანიც კი ბუნდოვანი გაეხადა. ამას დაემატა ძალაუფლების სხვადასხვა რესურსის ბოროტად გამოყენება, საბოლოოდ კი დაიწერეს ის პროცენტი, რაც აწყობდათ. დღევანდელ ვითარებაში მთავარი დამნაშავეა სწორედ ხელისუფლება, მაგრამ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე აქვს ოპოზიციასაც. ისინი ვერ იქცნენ რეალურ ლიდერებად და დღემდე ასეა.

ეს უპრეცედენტო პროტესტი, რისი მომსწრენიც ვართ, არ აღიარებს ოპოზიციას ლიდერად, მეტიც, ამ პროცესში პოლიტიკური ლიდერები, გარდა სალომე ზურაბიშვილისა, ნორმალურ, ეფექტიან ინტეგრაციასაც ვერ ახერხებენ.

რაც მთავარია, მათ თითქმის არაფერი შეუცვლიათ, ისევ მორალს გვიკითხავენ, რომ არ უნდა ვაკრიტიკოთ ისინი, რადგან თურმე ამით პროცესი ზიანდება. კი ბატონო, მზად ვართ არ ვაკრიტიკოთ, მაგრამ რაღაც ხომ თვითონაც უნდა გააკეთონ.

არჩევნებამდე სალომე ზურაბიშვილი რომ ეღიარებინათ ლიდერად და გაჰყოლოდნენ მის გეგმას, ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს სულ ყურებზე რომ გაევლო, ვერაფერს იზამდა, რადგან ძალიან დიდი სხვაობით წააგებდა არჩევნებს.

- როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, პროტესტი არ წყდება, აშშ და ევროპაც ახალ-ახალ სანქციებზე ლაპარაკობენ. ორიოდე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა სტივ კოენმა აშშ-ის კონგრესში კვლავ წარადგინეს "მეგობარი აქტი", რომელიც "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს. თქვენი აზრით, "ქართული ოცნება", ბოლოს და ბოლოს, წავა დათმობაზე და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები?

- რაღა დაგიმალოთ და, საერთოდ არ ველი რაიმეს დათმობას. ხელისუფლებას არა აქვს ამის რესურსი, ის ახლა თავს გრძნობს კედელთან მიყენებულად და რაღაც პირობითი სტაბილურობის დემონსტრირებას ცდილობს.

სხვა გზაც არა აქვს, იძულებულია ასე მოიქცეს - გაათავისუფლოს განსხვავებული პოზიციის მქონე საჯარო მოხელეები, ღირსების ორდენებით დააჯილდოოს დასანქცირებული პირები და ა.შ. ეს არის ერთგვარი ისტერიკა, იმის დემონსტრირების ცდა, თუ მიერთგულებთ, არ მიგატოვებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაგსჯითო...

ხელისუფლების დათმობაზე აღარც არის უკვე საქმე, საზოგადოებაზე ივანიშვილი პირადად არ ძალადობს, არსად დარბის და არც არავის ეხმალავება. ის ეყრდნობა სისტემას, მის საშუალო და ქვედა რგოლებს. აქ კი ის ხალხია, ვინც პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს და ახლა ამ რგოლებში, ჩემი აზრით, სერიოზული რყევებია დაწყებული. სისტემა არ არის უჭკუო, მასზე არ მოქმედებს ხელისუფლების პროპაგანდა და მის შიგნით უკვე გაჩნდა სერიოზული კითხვები.

ბიძინა რას აკეთებს? ის ეუბნება სისტემას, მაცალეთ 2 კვირა და დავალაგებ ყველაფერსო. გრძელვადიანად უკვე ვეღარავის ვერაფერს ჰპირდება და ცდილობს მოკლე ვადით როგორმე შეაკავოს სისტემაში დაწყებული პროცესები, რადგან მშვენივრად იცის, რომ თუ სისტემა ჩამოეშალა, მისი საქმე დასრულებულია. ამიტომაც ახლა ცდილობს ტყუილებით, მოკლევადიანი დაპირებებით ამ პროცესს შეუშალოს ხელი. არადა, მშვენივრად იცის, რომ მის თავზე კიდია ერთი მისთვის ძალიან მძიმე კითხვა - სხვისი პრობლემები როგორ უნდა გადაწყვიტოს, როდესაც საკუთარი ვერ მოუგვარებია?! ბიძინას უძლეველობის, მისი სიბრძნის მითის ნგრევა მიდის. ეს არ არის დასრულებული, რყევები გაგრძელდება და ჩემი აზრით, სისტემა 2-3 თვეში ჩამოიშლება. ბიძინამ ამას როგორ უნდა შეუშალოს ხელი, არ ვიცი, მით უფრო, რომ ეს სისტემა უმრავლესობით მაინც პროდასავლურია. რა თქმა უნდა, იქ არიან პრორუსები, მაგრამ უმცირესობაში, რაც მშვენივრად იციან "ოცნების" ლიდერებმა და ამიტომაც ცდილობენ ისევ ამოეფარონ ევროკავშირის დროშას, დასანქცირებული პირები გაიძახიან, ევროპისკენ მივდივართო, ამაზე დიდი უტიფრობა და ტყუილი არ გაგონილა! რაღაც გამოგონილ იმედებს ქმნიან, მაგალითად, ტრამპის ინაუგურაციაზე გაუთავებელი ლაპარაკი გავიხსენოთ, თუმცა ამ ბოლო დროს აშკარად მოუკლეს, რიხი აღარ უვარგათ. ამ ილუზიების შეიძლება ვიღაცას სჯერა, მაგრამ სისტემა ჭკვიანი, თუმცა კონფორმისტია და საბოლოო, კონსოლიდირებულ საბოტაჟს დაიწყებს მაშინ, როდესაც საბოლოოდ მიიჩნევს, რომ ამათი საქმე დამთავრებულია. ამას დიდი კი არაფერი სჭირდება, საჭიროა სისტემამ დაიწყოს პოლიტიკური დავალებების საბოტირება, ანუ კანონის თანახმად იმოქმედოს და პოლიტიკური დავალებების შესრულებაზე უარი თქვას. როგორც უკვე ვთქვი, 2-3 თვე სჭირდება ამ ყველაფერს.

ამ პროცესს აქვს 3 კომპონენტი:

1. პოლიტიკური კომპონენტი, რასაც განსაზღვრავს ხალხის ნება;

2. ეკონომიკური კომპონენტი, რაც გადაიზრდება სოციალურ პრობლემებში, ეს კი 15 იანვრის შემდეგ უკვე შესამჩნევი გახდება. როგორც კი საიმპორტო აქტივობა გაიზრდება, სერიოზული დეფიციტი იქნება სავალუტო ბირჟაზე - სამწუხაროდ, უკვე აღარ ჩანს ვალუტაზე მოთხოვნის დაბალანსების წყაროები. ერთ-ერთი პირველი სფერო, რასაც ეს შეეხება, იქნება უძრავი ქონების ბაზარი, რომელიც ისედაც ძალიან გაბერილია, ლამის ფინანსურ პირამიდად არის ქცეული. უპირველესად, სწორედ ამ სფეროში იქნება პრობლემები...

აქვე პატარა გადახვევას გავაკეთებ - ერთპიროვნული მმართველობითი რეჟიმები, რაც ასე ეოცნებება ბიძინას, არსებობს სამყაროში, მაგრამ ასეთი რეჟიმის გამოკვებას სჭირდება დიდი რესურსები, მაგალითად, ნავთობი, წიაღისეული და ა.შ. გარდა ამისა, ასეთ რეჟიმებს სჭირდებათ იდეოლოგია, იდეა, რომლისთვისაც საზოგადოება მზად იქნება იშიმშილოს. აბა, "ქართულ ოცნებას" რა იდეა აქვს? ის მედროვეების დაჯგუფებაა! მაგალითად რუსეთი ავიღოთ, სადაც არის რესურსებიც, რითაც იკვებება ერთპიროვნული რეჟიმი, მაგრამ ამასთანავე აქვთ რუსული ველიკოდერჟავული იმპერიული იდეა, ძალიან ბოროტი და მძიმე, მაგრამ ამისთვის რუსები მზად არიან უკიდურეს გაჭირვებაში იცხოვრონ. ისევ სისტემის ჩამოშლის პროცესს რომ დავუბრუნდეთ, მე-3 კომპონენტი გახლავთ ქვეყნის გრძელვადიანი ევროატლანტიკური განვითარებისკენ სწრაფვა, რაც საქართველოს არჩევანია, და რომელსაც სულ უფრო და უფრო შორდება "ოცნების" ხელისუფლება, არადა, ქვეყნის დასავლური ვექტორი კონსტიტუციით არის განსაზღვრული.

მოკლედ, დღეს საქართველოში უფრო რეჟიმის პაროდიაა. რასაც ვამბობ, მტკივნეულია და სასაცილო ნამდვილად არ არის, რადგან მძევლები ჰყავთ აყვანილი და როგორც ტერორისტები, ბავშვებით ვაჭრობენ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ ვიცი, როგორ აპირებენ ძალაუფლების შენარჩუნებას. ერთადერთი გზა რჩებათ - პირდაპირ ორჯონიკიძის მანტია მოირგონ, დაუძახონ რუსულ ტანკებს და დაგვიყენონ რუსთაველზე.

წაიკითხე ვრცლად