"ჩემი მეუღლე ნებისმიერ სიტუაციაში მხარს მიჭერდა. იყო პერიოდი, როცა ფინანსურად გვიჭირდა, მაგრამ არასდროს უთქვამს, ეს საქმე არ გამოგდისო. მისმა თანადგომ - კვირის პალიტრა

"ჩემი მეუღლე ნებისმიერ სიტუაციაში მხარს მიჭერდა. იყო პერიოდი, როცა ფინანსურად გვიჭირდა, მაგრამ არასდროს უთქვამს, ეს საქმე არ გამოგდისო. მისმა თანადგომამ და სიყვარულმა ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში"

"ურსას" პირველი ნაბიჯები და წარმატების საიდუმლო

ანსამბლ "ურსას" ემოციური, სულში ჩამწვდომი სიმღერები საქართველოში ბევრს უყვარს, რადგან თითოეული ეს სიმღერა ქართულ ფესვზეა აღმოცენებული.

ანსამბლის სოლისტი - გიორგი გრიგალაშვილი თავის ცხოვრებაზე გვესაუბრა.

- ხშირად მეკითხებიან, თუ როდის გახდა ქართული მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი... ძალიან პატარა ვიყავი, დაახლოებით 5 წლისა, როცა ყველაფერზე ვუკრავდი, რაც კი ხმას გამოსცემდა: სკამზე, მაგიდაზე, ტაშტზე და ა.შ... ჩემს მეზობლად ცხოვრობდა არაჩვეულებრივი მუსიკოსი თამარ ბუაძე, რომელიც ანსამბლ "თუთარჩელას" ხელმძღვანელი იყო. ერთ მშვენიერ დღეს, ქალბატონმა თამარმა მომისმინა და დედაჩემს უთხრა, რომ ძალიან კარგი ხმა და მონაცემები მქონდა. მერე სთხოვა, - მომიყვანე, მოვუსმენთ და შევამოწმებთო. მართლაც, მომისმინა და მისი წყალობით დაიწყო ჩემი მეგობრობა ქართულ სიმღერასთან. ბავშვობაში ძალიან კარგი პირველი ხმა მქონდა, რომელიც ასაკთან ერთად შეიცვალა და ახლა მეორე ხმა მაქვს. ხმის ტემბრის ცვლილებით, ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცლილა - ქართულ სიმღერებს ისევ ძველებური გატაცებით ვასრულებ.

- გიორგი, მუსიკალური განათლება სად მიიღეთ?

- ქალაქ რუსთავში, მეორე მუსიკალური სკოლა დავამთავრე, სადაც ქალბატონი თამარი ასწავლიდა. ამ სკოლაში არა მხოლოდ ვოკალს ასწავლიდნენ, არამედ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას, რაც ასე ძალიან მომწონდა. სხვათა შორის, ჩემი მთავარი გულშემატკივარი და მხარდამჭერი ბავშვობაში ბაბუაჩემი - პლატონ გრიგალაშვილი იყო. მას ძალიან უნდოდა მუსიკა მყვარებოდა და ყველგან დავყავდი: ფანდურზე, ვოკალზე, გიტარაზე... მუსიკასთან ერთად, სწავლასაც ვასწრებდი - სკოლის წლებში, სწავლაშიც პირველი ვიყავი და სიცელქეშიც, მაგრამ მასწავლებლებს მაინც ძალიან ვუყვარდი. ახლა რომ ვფიქრობ, ბაბუას თანადგომა ჩემთვის უდიდესი მოტივაცია იყო - სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ქართული სიმღერის გარეშე არსებობა ვერ წარმომიდგენია.

- როგორ მოხვდით ანსამბლ "ურსაში" და რას ნიშნავს თქვენთვის ეს ანსამბლი?

- ეროვნულ გამოცდებამდე, ჩემმა მასწავლებლებმა მთხოვეს, ერთ-ერთ სასწავლებლად ტექნიკური უნივერსიტეტი ჩამეწერა. ამის მიზეზი მარტივი იყო: ამ უნივერსიტეტში ხელოვნებას ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ და ამიტომ, ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბევრი წარმატებული მომღერალი, მსახიობი გამოვიდა. მართლაც, 2009 წელს ჩავაბარე ამ უნივერსიტეტში, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, სადაც ჩემი მომავალი კოლეგები - გიორგი ძოწენიძე და სხვები სწავლობდნენ. პირველი სემესტრის ბოლოს, ჩემმა კურსელმა მითხრა, რომ მისი ახლობელი უნივერსიტეტში ქართული სიმღერის ანსამბლს ქმნიდა და მირჩია, კასტინგზე მივსულიყავი. მართლაც, მეორე დღეს მივედი, დამახვედრეს ფანდური, რომელზეც დავუკარი, ვიმღერე და მაშინვე მითხრეს, – ხვალ დილით მოდი, უკვე ჩვენი ანსამბლის წევრი ხარო. ამის შემდეგ, დაახლოებით ათ დღეში გიორგი ძოწენიძეც შემოგვიერთდა. ორ კვირაში 15 სიმღერა მოვამზადეთ და სოლო კონცერტი გავმართეთ უნივერსიტეტის თეატრში, რომელიც დღემდე არსებობს და "მოდი-ნახე" ჰქვია. რა თქმა უნდა, ჩვენი ლექტორებიც გვესწრებოდნენ. კონცერტს დაესწრო გიორგი უშიკიშვილი, რომელიც მაშინ უკვე პოპულარული შემსრულებელი იყო. იმ დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს ჩემი გზა იყო, რომ ქართული სიმღერით უნდა მესულდგმულა...

- რა როლი შეასრულა თქვენს შემოქმედებით წინსვლაში ოჯახმა?

- დაოჯახებული ვარ. ჩემი მეუღლე, ნინო მჭედლიძე ჩემი უახლოესი მეგობარი და უსაყვარლესი ადამიანია. ის ნებისმიერ სიტუაციაში მხარს მიჭერდა. იყო პერიოდი, როცა ფინანსურად გვიჭირდა, მაგრამ არც მე მიფიქრია და არც ჩემს მეუღლეს უთქვამს, - გიორგი, ხომ ხედავ, რომ ეს საქმე არ გამოგდის და იქნებ სიმღერას შეეშვაო. პირიქით, ყოველთვის იმედს მისახავდა, მამხნევებდა. მისმა თანადგომამ და სიყვარულმა ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში. საერთოდ, როცა ასეთ სფეროში ხარ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მეუღლე და ოჯახი რამდენად გიჭერს მხარს. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა! დღეს უკვე ორი გოგონას მამა ვარ: უფროსი, ელენე 10 წლისაა, ხოლო უმცროსი, ნიცა 5-ის. ორივე ცეკვაზე დამყავს. ელენე ძალიან ლამაზად ცეკვავს, მაგრამ ცოტა კომპლექსი აქვს, როცა ხალხს ხედავს. დარწმუნებული ვარ, ამ ხარვეზს ნელ-ნელა დაძლევს და რომ გაიზრდება, ყველაფერი კარგად გამოუვა. რაც შეეხება ნიცას, მას შეუძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში იმღეროს და იცეკვოს. თანაც, ეს ძალიან კარგად გამოსდის. ტიკ-ტოკზე მიდევს ვიდეო, სადაც ის საკმაოდ ლამაზად ასრულებს "სიყვარულის განდაგანას" და ამ ვიდეოს ძალიან ბევრი ნახვა აქვს. მიხარია, რომ ჯერ პატარაა, მაგრამ ნიჭი უკვე ეტყობა, საკმაოდ კარგი ხმა, სმენა და მონაცემები აქვს.

- თქვენი ანსამბლის წარმატების საიდუმლო რაში მდგომარეობს?

- ჩვენი ანსამბლის წარმატება რამდენიმე კრიტერიუმმა განსაზღვრა, მათგან რამდენიმეს ჩამოგითვლით: პირველი, რა თქმა უნდა, სიმღერის სიყვარულია, მეორე - შრომა და თავდადება, მაგრამ ყველაზე მთავარი ანსამბლის წევრებს შორის არსებული ურთიერთგაგება და პატივისცემაა. ანსამბლში სულ 5 კაცი ვართ და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს ერთი მთლიანი ოჯახია. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და იმდენად კარგად ვიცნობთ, თვალებში რომ შევხედავთ, უკვე ვიცით, რა გვინდა. შეიძლება ითქვას, ერთმანეთის უსიტყვოდაც გვესმის. ჩემი აზრით, ეს მარტო მუსიკას კი არა, ნებისმიერ სფეროს სჭირდება: თუ გუნდი შეკრული არ არის და მის წევრებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არა აქვთ, მათი ნებისმიერი ნაბიჯი წარუმატებელი იქნება. ამიტომ, ერთიანობა ნებისმიერ საქმეში აუცილებელია. ალბათ, სწორედ ეს ერთიანობა და ურთიერთპატივისცემაა მიზეზი იმისა, რომ ჩვენს ემოციას ხალხი სწორად აღიქვამს. მადლობა ღმერთს, ჩვენი მსმენელები სიყვარულით გვპასუხობენ და მათთან ურთიერთობაც კარგად გამოგვდის.

- გასაგებია, ქართველები სიამოვნებით რატომაც გისმენენ, მაგრამ უცხოელებს რატომ მოსწონთ?

- მე ვფიქრობ, რომ ენას, რომელზეც სიმღერას ასრულებ, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ის ემოციაა, რომელსაც მუსიკა ქმნის. რომ ვაკვირდები, შეიძლება მსმენელს ერთი სიტყვაც არ ესმოდეს, რასაც ჩვენ ვმღერით, მაგრამ იმ ემოციას, რომელიც სიმღერაშია ჩადებული, უცხოელებიც გრძნობენ. რამდენიმე ისეთი სიმღერაც გვაქვს, რომელსაც უცხო ენაზე ვასრულებთ, მაგრამ ქართული სიმღერა იმდენად ემოციური და ლამაზია, თარგმნა არ სჭირდება. ასეთი სიმღერაა მაგალითად, "სულიკო" ან "ჩიტო-გვრიტო" - ეს იმდენად ცნობილი სიმღერებია, რომ თითქმის ყველამ იცის. უკვე არაერთ ქვეყანაში ვართ ნამყოფი და ეს კარგად ვიცი. ჩვენს ანსამბლს დიდი სიყვარულით ხვდებიან გერმანიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, მაგრამ ყველაზე ემოციური, კარგი კონცერტი დუბლინში, ირლანდიაში გავმართეთ. იქ ქართველ მოცეკვავეებთან ერთად ვიყავით და ძალიან ლამაზი პერფორმანსი მოვაწყვეთ. ამიტომ ირლანდიაში გამართული კონცერტები ყველაზე კარგად მახსენდება.

- სულ მალე ახალი წელი შემოაბიჯებს... თქვენს ცხოვრებაში თუ ყოფილა ახალი წლის დღესასწაული, რომელიც ყველაზე ტკბილად გახსენდებათ?

- ყველაზე ლამაზი და სამახსოვრო შობა-ახალი წელი შარშანწინ, გუდაურში გავატარე. იქ კონცერტი გვქონდა და ანსამბლის წევრები ერთად წავედით, შვილებთან და მეუღლეებთან ერთად. ძალიან გემრიელი, თბილი და ოჯახური ახალი წელი გამოგვივიდა. წარმოიდგინეთ: გარეთ თოვლია, შინ ბუხარი ღუღუნებს და თან, ძალიან ლამაზი კონცერტი გავმართეთ. მოკლედ, ეს გამორჩეული დღესასწაული იყო ჩემს ცხოვრებაში! სხვათა შორის, უცხოეთში ახალ წელს არასდროს შევხვედრივარ, რადგან მირჩევნია, 31 დეკემბერს ჩემს ქვეყანაში, ოჯახთან ერთად ვიყო.

- დაბოლოს, როგორია თქვენი საახალწლო სურვილები ქართველი ხალხის მიმართ?

- ძალიან მოკლედ გეტყვით: მინდა, რომ ქართველებს ძალიან დიდი სიყვარული ჰქონდეთ ერთმანეთის მიმართ. ერთად დგომას თუ შევძლებთ, არ არსებობს ძალა, რომელიც მოგვერევა და დაგვამარცხებს. ამიტომ, მხოლოდ ეს ერთი საახალწლო სურვილი მაქვს! თუ ამას შევძლებთ, ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"