კიბე ზეცისკენ - კვირის პალიტრა

კიბე ზეცისკენ

ეგვიპტის დიდი პირამიდები მართლაც უნიკალური ნაგებობებია. მსოფლიოს საოცრებათაგან არც ერთი არ გამხდარა ასე ხანგრძლივი კამათის საგანი. დღესაც გვესმის ლამის მარადიულად ქცეული კითხვები: ვინ ააშენა პირამიდები და როგორ? რა იყო მათი აგების მიზანი? იყო კი პირამიდები ძველ ეგვიპტელთა შემოქმედების ნაყოფი? რა დაემართა იმ უმდიდრეს საგანძურს, რომელიც ოდესღაც თითოეულ მათგანში ინახებოდა?

დროთა განმავლობაში პირამიდებმა "გაამხილეს" თავიანთი საიდუმლო, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ არის იდუმალებით მოცული.

პირამიდების ისტორია დასაბამს იღებს დაახლოებით ძვ.წ. 2630 წლიდან, როცა ფარაონმა ჯოსერმა სავსებით ახალი ტიპის განსასვენებლის აგება ბრძანა. ის უნდა ყოფილიყო უფრო დიდი, ვიდრე მიწისქვეშა სამარხები ან ტალახის აგურებისგან ნაშენი დაბალი და ბრტყელი მასტაბები, რომლებშიც ეგვიპტის მმართველთა უმრავლესობა იყო დაკრძალული.

ჯოსერმა არაერთი ომი მოიგო, დაპყრობილი მიწებით გავრცობილი სამეფო ყვაოდა და რა გასაკვირია, თუკი ასეთი სურვილი გაუჩნდა. ეს იყო უფრო დიდი რამ, ვიდრე წადილი თვითგანდიდებისა. ფარაონისთვის ეს იყო რწმენა, რომ ის ცოცხალი ღმერთია და იმქვეყნიურ ცხოვრებაშიც სათანადო პატივი უნდა მიგებოდა. ძველი ეგვიპტელებისთვის სიკვდილი სხვა სამყაროში მოგზაურობის დასაწყისს ნიშნავდა და მმართველები სულთა ქვეყანაში გადასასახლებლად რაც შეიძლება კარგად უნდა მომზადებულიყვნენ.

ჯოსერმა ახალი განსასვენებლის აგება თავის პირველ ვეზირ იმჰოტეპს დაავალა. იმჰოტეპი არა მხოლოდ შემოქმედი, შესანიშნავი არქიტექტორიც აღმოჩნდა. სწორედ მისი შთაგონების ნაყოფია მსოფლიოში პირველი პირამიდა.

თავდაპირველად ეს იყო ჩვეულებრივი, მასტაბის ტიპის კონსტრუქცია, მაგრამ რაც უფრო წინ მიიწევდა სამუშაო, ნაგებობა უფრო და უფრო გრანდიოზული ხდებოდა - ერთ მასტაბას ზემოდან მეორე ემატებოდა, სანამ ექვსსაფეხურიან პირამიდად არ იქცა და სიმაღლით დაახლოებით 60 მეტრს არ მიაღწია. ამიტომაც შევიდა ისტორიაში საფეხურებიანი პირამიდის სახელით. პირამიდას აგებდნენ კირქვის ბლოკებისა და უდაბნოს თიხისგან. ფარაონის დასაკრძალავი კამერა და სათავსები მიწის ან ქვისგან იყო გამოკვეთილი. ფარაონის განსასვენებელი მისი სასახლის ზუსტი ასლი უნდა ყოფილიყო.

პირამიდის შუაგული ფარაონის დასაკრძალავად იყო განკუთვნილი. მის გარშემო ოთახებში კი ეწყო ავეჯი, ძვირფასეულობა და ფარაონის საყვარელი ნივთები, ყველაფერი ის, რაც ძველ ეგვიპტელთა რწმენით, ფარაონს იმ ქვეყნად გამოადგებოდა.

ვერასოდეს გავიგებთ, როგორ მოიფიქრა იმჰოტეპმა ეს გრანდიოზული გეგმა. ჩანს, მან ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, გამოეყენებინა ყველა რესურსი, იქნებოდა ეს ადამიანური, მატერიალური თუ სხვა საშუალება, რაც მის განკარგულებაში იყო, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ამ დიდებული ნაგებობის უკან, ალბათ, სულიერი სრულყოფილების მიღწევის სურვილიც იმალებოდა. საფეხურებიანი პირამიდა იყო არა უბრალოდ კიბე, არამედ უფრო მნიშვნელოვანი რამ - ეს იყო გზა, რომლითაც გარდაცვლილი ფარაონის სული ზეცაში ადიოდა და უკვდავი ღმერთების საუფლოს უერთდებოდა. ხატოვნად რომ ვთქვათ, ეს იყო ზეცად მიმავალი კიბე.

მოგვიანებით, დაახლოებით ძვ.წ. 2540 წელს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი რამ მოხდა: ფარაონმა ხუფუმ (ხეოფსმა) პირამიდათა შორის უდიდესის აგება ბრძანა. ისტორიაში ის დიდი პირამიდის სახელით შევიდა. პირამიდის სიმაღლე 146 მეტრია, თითოეული გვერდის სიგრძე კი 230 მეტრი. ხუფუს (ხეოფსის) პირამიდა ერთადერთია მსოფლიოს იმ შვიდ საოცრებათაგან, რომელიც დღემდე შემორჩა.

წინამორბედთა მსგავსად, როგორც კი ტახტზე ავიდა, ხუფუ მაშინვე შეუდგა "სამარადისო სავანის" გეგმაზე მუშაობას. პირველად ადგილი შეარჩია. ეს იყო ნილოსის დასავლეთი სანაპირო - გიზა, რომელიც საკარის საფეხურებიანი პირამიდის ჩრდილოეთით, რამდენიმე მილზე იყო. დასაკრძალავ ადგილებს, ჩვეულებრივ, ნილოსის დასავლეთ ნაპირზე ირჩევდნენ, რადგან მზე ყოველდღე დასავლეთით ჩაესვენებოდა. ამასთან, გიზას ხელსაყრელი მდებარეობა ჰქონდა - ის ახლოს იყო ქვის სამტეხლოებთან, საიდანაც დაახლოებით 2 მლნ 300 ათასი ქვის ბლოკის წამოღება იყო საჭირო პირამიდის ასაშენებლად.

მშენებლობას, სავარაუდოდ, 30 წელიწადი და ასიათასობით მუშა დასჭირდა. ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე, რომელიც ეგვიპტეში დაახლოებით ძვ. წ. 450 წელს იმყოფებოდა, წერს, რომ პირამიდის მშენებლობაზე დაახლოებით ასიათასი მონა მუშაობდა.

თანამედროვე ეგვიპტოლოგთა აზრით კი მუშების რაოდენობა დაახლოებით 30 ათასი იყო და როგორც ზოგიერთი სპეციალისტი ამტკიცებს, ისინი მონები არ ყოფილან. ზოგიერთი მუდმივად იყო მშენებლობაზე დასაქმებული, სხვებს კი მხოლოდ მაშინ უხმობდნენ, როცა მდინარე ნილოსი ადიდდებოდა (ამ დროს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს გლეხები დროებით თავს ანებებდნენ) და ქვის სამტეხლოებიდან კირქვის ბლოკების გადმოზიდვა ადვილი გახლდათ.

მუშების ნაწილს გრანიტის მოსაპოვებლად სამხრეთში მდებარე ქვის სამტეხლოებში აგზავნიდნენ, დანარჩენებს კი ნილოსის გასწვრივ ჩარიგებულ კირქვის კარიერებზე ამუშავებდნენ. ზოგიერთი მშენებლობის დასრულებამდე შავ მუშად რჩებოდა, ზოგს კალატოზობას ასწავლიდნენ, ზოგს კი, თუ ხელმძღვანელობის ნიჭი აღმოაჩნდებოდა, სამუშაოების გამრიგედ გაამწესებდნენ.

მშენებლობაზე მუდმივად 15 ათასი კაცი მუშაობდა. ისინი ახლომდებარე პატარა ქალაქში ცხოვრობდნენ, დანარჩენ 15 ათასს სეზონურად ასაქმებდნენ. მათი უმრავლესობა, სანამ ძალა შესწევდა, პირამიდის მშენებლობაზე მუშაობდა და ამაყობდა კიდეც ამით.

ძველი ეგვიპტელებისთვის პირამიდა იყო მთავარი ნაწილი რელიგიური რიტუალებისა, ზეცად ასამაღლებელი "გზა" ფარაონის სულისთვის; შესაძლოა, მისი ფორმა სიმბოლურად მზის ირიბ სხივებსაც გამოხატავს.

დიდი პირამიდის ოთხივე გვერდი თანხვდება ჩრდილოეთს, სამხრეთს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს, მისი კონსტრუქცია ისეთი მათემატიკური სიზუსტით არის შესრულებული, რომ არაერთი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება წარმოიშვა.

მაგალითად, XIX საუკუნის შუა ხანებში ბრიტანელი ასტრონომი, დიდი პირამიდის მკვლევარი და, როგორც უწოდებენ, პირამიდოლოგიის კლასიკოსი, ჩარლზ პიაცი სმითი ამტკიცებდა, რომ ძველ ეგვიპტელთა წინასწარმეტყველებანი პირამიდებშია კოდირებული, რომლებიც მან ამოხსნა. ზოგიერთი სპეციალისტის თქმით კი პირამიდები იყო გიგანტური ობსერვატორიები და არა სამარხები. ეს უკავშირდება კიდევ უფრო ახალ თეორიას, რომ პირამიდები უხსოვარ დროს გამქრალი სუპერცივილიზაციის (ისეთი, როგორიც იყო ატლანტიდა) ან გარე სამყაროდან, კოსმოსიდან მოსული ხალხის, უცხოპლანეტელების ქმნილებაა. ფაქტი კი ის არის, რომ ჩვენ არ ვიცით, როგორ მიაღწიეს ეგვიპტელებმა ამ დონის მათემატიკურ სიზუსტეს, თუმცა ეგვიპტოლოგები დარწმუნებული არ არიან, რომ ეს სწორედ ეგვიპტელთა მიღწევაა და არა სხვა ხალხისა. არც ის ვიცით დანამდვილებით, როგორ მიიტანეს უზარმაზარი ბლოკები მშენებლობის ადგილას.

ერთი თეორიის მიხედვით, ბლოკებს მიწაზე წინასწარ დაგებულ მორებზე ხის მარხილებით მიაგორებდნენ. როცა ბლოკების პირველ წყებას დააწყობდნენ, ტალახის აგურით, კირქვის ღორღითა და თიხით აკეთებდნენ ბაქნებს, რომელთა საშუალებითაც ბლოკები პირამიდის წვერზე აჰქონდათ.

მეორე ვერსიის მიხედვით, ბლოკები სიმაღლეზე ხის ბერკეტებით აჰქონდათ.

კიდევ მეტი იდუმალებით არის მოცული, თუ რა დაემართა იმ განძს, რომელსაც თან ატანდნენ ფარაონებს. ყველა ის პირამიდა, რომლებიც მეცნიერებმა აქამდე გამოიკვლიეს, გაძარცულია. მიუხედავად სიფრთხილის იმ ზომებისა, რომელსაც პირამიდის მშენებლები მიმართავდნენ სამარხის შესასვლელებისა და შიგ არსებული განძის დასაცავად, ბევრი პირამიდა მაინც გაიძარცვა.

ჩანს, ამიტომაც გადაწყვიტეს ეგვიპტელებმა, პირამიდის შიგნით წითელი გრანიტის ვეებერთელა სარკოფაგი დაედგათ, რომელშიც ფარაონის მუმიფიცირებული სხეული უნდა ჩაესვენებინათ. ამით დასაკრძალავი კამერიდან მისი გამოტანა შეუძლებელი ხდებოდა. სანამ გრანიტის სარკოფაგს დასაკრძალავ კამერაში დადგამდნენ, მის თავზე ააშენეს მეორე, ზედა კამერა, სადაც სარკოფაგს მანამდე ინახავდნენ, სანამ დასაკრძალავი კამერის კედლები არ ამოშენდებოდა. სარკოფაგთან ერთად კამერაში დგამდნენ ავეჯს, ჭურჭელს, ფარაონის პირად ნივთებსა და ქოთნებს - კანოპებს, რომლებშიც ხუფუს შინაგანი ორგანოები ინახებოდა.

რა მოხდა მერე?

ისტორიული წყაროების თანახმად, ახ.წ. 820 წელს დიდ პირამიდაში პირველად შევიდნენ განძზე მონადირე არაბთა ხალიფა ალ-მამუნის მეომრები და რამდენიმე თვის განმავლობაში ეძებდნენ მთავარ შესასვლელს. მათი შეცდომა ის იყო, რომ თხრა ჩრდილოეთის ფასადიდან დაიწყეს, მაშინ როცა ყველა ძირითადი შესასვლელი აღმოსავლეთით არის. ერთ მშვენიერ დღეს ბედმა გაუღიმათ - პირამიდის შიგნით ქვების ცვენის ხმის მიხედვით მიხვდნენ, რომ თხრა მარცხნივ გაეგრძელებინათ და დაღმა მიმავალ დერეფანთან გავიდნენ. იქ გრანიტის საცობს წააწყდნენ, რომლითაც აღმა მიმავალი დერეფანი იყო ჩაკეტილი. ალ-მამუნმა მას მარჯვნიდან შემოუარა და ალბათ, პირველი ადამიანიც გახდა, რომელმაც პირამიდის მშენებლობიდან დაახლოებით 3400 წლის შემდეგ ფეხი შედგა დიდ გალერეაში.

განძის პოვნის იმედით ძალამოცემულებმა ამოაძვრეს ქვის საცობები, რომლებიც წინა კამერას კეტავდა, შეანგრიეს მისი ქვის საფარი და მთავარ, ფარაონის განსასვენებელ კამერაში ამოყვეს თავი. მაგრამ ალ-მამუნს იმედი გაუცრუვდა, იქ ვერაფერი ნახა ცარიელი გრანიტის სარკოფაგისა და ტალკივით თეთრი, სქლად დადებული მტვრის გარდა. სარკოფაგის მასიური სახურავიც არსად ჩანდა. ხალიფას თავისი ხალხის ამბოხებისა შეეშინდა და იძულებული გახდა, ბაღდადიდან ოქრო ჩამოეტანა და პირამიდის ერთ-ერთ კამერაში მოებნია. ასე რომ, არაბებმა ფარაონის განძეული ვერ იპოვეს.

მაშ, რა დაემართა ხუფუს საგანძურსა და მისი მუმიის ნაშთებს? თუ ალ-მამუნსა და მის მხლებლებს დავუჯერებთ (და რატომ უნდა ეცრუათ?), ბლოკები, რომლითაც ჩახერგილი იყო პირამიდის ერთადერთი შესასვლელი, ხელუხლებელი აღმოჩნდა. არანაირი ნიშანი არ ჩანდა, რომ იქ ალ-მამუნზე ადრე ვინმე იმყოფებოდა. მაგრამ ბევრი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ხუფუს პირამიდა გაიძარცვა. მაშ, როგორ შევიდნენ იქ მძარცველები ან როგორ გამოვიდნენ? შესასვლელის ბლოკები ხომ ხელუხლებელი ყოფილა ალ-მამუნის "სტუმრობის" დროს?

არქეოლოგებმაც ვერ ნახეს ისეთი ფართო შესასვლელი, რომ მძარცველებს პირამიდიდან საგანძურის გამოტანა შეძლებოდათ, რომ არაფერი ვთქვათ დიდი გრანიტის სარკოფაგის სახურავის გამოთრევაზე. როგორც ჩანს, ხუფუმ და იმჰოტეპმა მოხერხებულად მოატყუეს არა მარტო საფლავის მძარცველები, არამედ ეგვიპტოლოგებიც.

ვინ იცის, იქნებ მსოფლიოს ეს უნიკალური საოცრება - ხუფუს პირამიდა სადღაც უფრო ღრმად ინახავს თავის საიდუმლოს.

მომზადებულია National Geographic-ის გამოცემა "ისტორიის საიდუმლოებანის" მიხედვით