უკრაინელების ახალი შეტევა კურსკზე - ზელენსკი ტრამპი-პუტინის მოლაპარაკებებამდე „კოზირების“ მოპოვებას ცდილობს?!
5 იანვარს უკრაინის საექსპედიციო კორპუსმა, რომელსაც 2024 წლის 6 აგვისტოდან ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის სამხრეთ ნაწილის გარკვეული ტერიტორია, წამოიწყო მოულოდნელი შეტევითი ოპერაციები რამდენიმე მიმართულებით...
იმის ფონზე, როდესაც უკრაინის არმია თავისივე ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ ფრონტზე, თითქმის ყოველკვირეულად კარგავს მორიგ სოფელს დონბასში და უკან იხევს, მართლაც მოულოდნელად მოჩანს მისი გააქტიურება ჩრდილოეთ ფრონტზე, თანაც - მტერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
რატომ დაიწყეს უკრაინელებმა ახალი შეტევა?!
რუსეთის კურსკის რაიონში შეჭრიდან ხუთი თვის თავზე ახალი შეტევის წამოწყებას, რუსეთის ტერიტორიის უფრო დიდ სიღრმეში შესაჭრელად, ძნელად მოეპოვება სამხედრო აუცილებლობით ახსნა.
მართალია, ახალი შეტევის მიმართულებაა ქალაქ სუჯის ჩრდილო-აღმოსავლეთით ბოლშოე სოლდატსკოეს დასახლებისკენ, რომელზეც გადის ქალაქ კურსკისკენ მიმავალი ცენტრალური საავტომობილო გზა, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ უკრაინის არმიამ შეძლოს, ბრძოლებით გადალახოს ამ გზის 70 კმ-მდე და დაიპყროს კურსკი.
უკრაინის საექსპედიციო კორპუსმა 5 იანვრის შეტევა ხუტორ ბერდინიდან ბოლშოე სოლდატსკოეს დასახლებისკენ დაიწყო ორი ტანკითა და 18 ერთეული ჯავშანმანქანით, რომლებშიც დესანტი იჯდა. უკრაინულ ჯავშანჯგუფს გზას უკვალავდა გამნაღმველი საინჟინრო ტანკი. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინულ ჯავშანტექნიკაზე ამოქმედებული იქნა რადიოელექტრონული ჩახშობის სისტემები, რომლებმაც მოიგერიეს უმეტესი რუსული რადიომართვადი FPV-დრონები, რუსებმა მაინც მოახერხეს უკრაინული ჯავშანტექნიკის ნაწილის მწყობრიდან გამოყვანა, ოპტიკურბოჭკოვანი კაბელებით მართვადი კამიკაძე-დრონებით, რომელთა მართვაზე ვერ მოქმედებს რადიოელექტრონული ჩახშობის სისტემები.
აქვთ თუ არა უკრაინელებს წარმატების შანსი?!
ზამთარში იმავეს გამეორება, რასაც უკრაინელებმა გასული წლის ზაფხულში, 6 აგვისტოს კურსკის ოლქში მოულოდნელი შეჭრისას შეძლეს, ძალიან რთულია, რადგან ტყეებში და ქარსაცავ ზოლებში ხეებს ფოთლები გაცვენილი აქვთ, რაც შეუძლებელს ხდის ხეების ქვეშ ჯავშანტექნიკის დამალვას. ამასთან, თოვლით დაფარულ მინდორზე ჯავშანტექნიკის მუხლუხები და საბურავები შორი მანძილიდან ძალიან კარგად შესამჩნევ ორ შავ კვალს ტოვებენ, რაც მოწინააღმდეგის საჰაერო დაზვერვას უადვილებს სამიზნეების აღმოჩენას და მასზე არტილერიის ცეცხლის კორექტირებასა და კამიკაძე-დრონების „მისევას“...
უკრაინელთა მიერ ახალ 2025 წელს დაწყებული პირველი შეტევითი ოპერაცია რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მის საბოლოო შედეგზე თქმა ნაადრევია, მაგრამ მაინც, რა მიზანს ისახავდა კიევი ამით?
ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, კურსკის ოლქში უკრაინის არმია კიდევ ორ-სამ ხუტორს დაიპყრობს თუ არა, ამით უკრაინელების მძიმე სამხედრო მდგომარეობა, მთლიანად ფრონტზე, ბევრით არაფრით შეიცვლება, მაგრამ ამას შეიძლება მეტი მნიშვნელობა ჰქონდეს პოლიტიკური თვალსაზრისით, რადგან რუსეთის კურსკის ოლქის ნაწილის ოკუპაცია პრეზიდენტ ზელენსკისთვის შეიძლება მოგებიან „კოზირად“ გადაიქცეს, მომავალი მოლაპარაკების დაწყებისას...
თითქმის მთელი მსოფლიო ელოდება 20 იანვარს, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაცია შედგება და ის ოფიციალურად დაბრუნდება თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში.
ამის შემდეგ მოსალოდნელია ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებების დაწყება, რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტასა და ზავის დადებაზე.
სწორედ ამ შემთხვევისთვის ინახავს ზელენკი მთავარ „კოზირად“ უკრაინის არმიის მიერ ხუთი თვის განმავლობაში ოკუპირებულ რუსეთის კურსკის ოლქის ნაწილს, რათა მოგებიანად ივაჭროს და ეცადოს, რომ ის პუტინს რუსების მიერ ოკუპირებული უკრაინის დონბასის ნაწილში მაინც „გაუცვალოს“...
თუმცა რა გამოვა ამ ყველაფრიდან, როდესაც პუტინის არმია კვლავ აგრძელებს უკრაინის ახალი მიწების დაპყრობას აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ძალიან ძნელი სათქმელია...