ფარმაცევტული ბაზარი და პოლიტიკა - კვირის პალიტრა

ფარმაცევტული ბაზარი და პოლიტიკა

"ხელისუფლებასა და უმსხვილეს ფარმაცევტულ ქსელებს შორის, როგორც ჩანს, ძლიერი კავშირია. PSP-ს მფლობელი და დამფუძნებელი კახაბერ ოქრიაშვილი, 2004 წლის აპრილიდან პარლამენტის წევრია, სადაც ის "გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს. ის ასევე ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების წევრიც არის.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ ჩატარებულმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კვლევამ აჩვენა, რომ "ავერსი ფარმა", "PSP" და GPC მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიების უმსხვილეს დამფინანსებლებს შორის იყვნენ. "ავერსი ფარმამ" 2007-2010 წლებში "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიები 200.000 ლარით დააფინანსა და 823.997 ლარის საერთო ღირებულების კონტრაქტები გააფორმა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში. PSP-მ მმართველი პარტიისთვის 200.000 ლარი გაიღო და სახელმწიფოსთან 141.044 ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა. GPC-მ 2007-2010 წლებში მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიები 175.000 ლარით დააფინანსა და 61.847 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები გააფორმა", - "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ქართული ფარმაცევტული ბაზრის შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე დომინირებს რამდენიმე დიდი კომპანია, რომლებიც იმპორტი/დისტრიბუციის, საცალო ვაჭრობისა და წარმოების სექტორებს აკონტროლებს. ეს კომპანიებია PSP, AVERSI და GPC. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, ჩამოთვლილმა კომპანიებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოში ფარმაცევტული სექტორის განვითარებაში, ბაზარზე მათმა დომინირებამ გამოიწვია ის, რომ მედიკამენტებზე არის მაღალი ფასნამატი, რაც, თავის მხრივ, იწვევს მოსახლეობის ხარჯების ზრდას ფარმაცევტულ პროდუქციაზე. საქართველოში მედიკამენტებზე ფასნამატი ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ხშირია შემთხვევები, როცა ექიმების მიერ პაციენტისთვის მედიკამენტის დანიშვნა მოტივირებულია დიდი ფარმაცევტული კომპანიების გარკვეული და მათ შორის ფინანსური შეთავაზებებით. "არის შემთხვევები, როდესაც დიდი ფარმაცევტული ქსელები თავიანთი აფთიაქების თანამშრომლებს აძლევენ მითითებას, რომ გაყიდონ ამ კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტები და რეკლამა გაუწიონ მათ. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, რომელიც პასუხისმგებელია მედიკამენტების ხარისხის კონტროლზე, როგორც ჩანს, თავისი როლის ეფექტიანად შესრულებისთვის საჭირო რესურსები არა აქვს", - ნათქვამია კვლევაში.

ერეკლე ურუშაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" პროექტის მენეჯერი: "ეს ისეთი სფეროა, რომელიც დიდ გავლენას ახდენს თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე, რადგან საქართველოში ოჯახების დანახარჯის დიდი წილი სამედიცინო მომსახურებაზე მოდის, ხოლო ამ სამედიცინო მომსახურებაზე დახარჯული თანხის 60% იხარჯება მედიკამენტებზე. გარდა ამისა, წლების განმავლობაში ხშირად იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ამ ბაზარზე არსებობს მონოპოლია, თუმცა, ეს უფრო სპეკულაციური განცხადებები იყო და გვაინტერესებდა, რეალურად შეგვესწავლა, რა მდგომარეობაა ბაზარზე.

არ მოიპოვება საკმარისი მასალა იმისთვის, რათა ვამტკიცოთ, რომ კომპანიებს შორის კარტერული გარიგება და ფასზე შეთანხმება ხდება, თუმცა, ბაზარზე რამდენიმე კომპანიის დომინირების ნიშნები მართლაც არის. ჩვენ გვინდოდა საზოგადოდ ბაზარი განგვეხილა, როგორც კონკურენციის თვალსაზრისით, ისე ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებითაც. ყველაზე საინტერესო, ალბათ, ის არის, რომ ხარჯები სამედიცინო მომსახურებაზე იზრდება საშუალოდ 23%-ით ყოველწლიურად. მთლიანი შიდა პროდუქტის წილი, რომელიც იხარჯება მედიკამენტებზე, საქართველოში საკმაოდ მაღალია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ან ევროპის ქვეყნებთან შედარებით. ბუნებრივია როცა ხარჯები იზრდება, ჩნდება კითხვა - რატომ? ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ რამდენიმე კომპანია აკონტროლებს ბაზარს და ამ პოზიციას იყენებენ შემდეგ მაღალი ფასის დაწესებისთვის და დიდი მოგების მისაღებად.

2009 წელს საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გამარტივდა მედიკამენტების იმპორტი და ამან დადებითი შედეგი მოგვცა, მედიკამენტების ზოგ ჯგუფზე ფასები მართლაც შემცირდა. თუმცა, ბოლომდე ეს პრობლემა არ გადაჭრილა, ზოგი მედიკამენტზე თუ დაიწია ფასმა, სხვა ჯგუფის მედიკამენტებზე, პირიქით, მოიმატა ან უცვლელი დარჩა. კვლევამ ცხადყო, რომ ფასნამატი საქართველოში საკმაოდ მაღალია - ანუ დიდია სხვაობა მედიკამენტის თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასს შორის. საბოლოოდ გამოიკვეთა, რომ კონტროლი, რომელსაც ბაზარზე რამდენიმე კომპანია ახორციელებს, ძირითადად, ხორციელდება იმპორტის სფეროში მათი დომინირების გზით. საქართველოში ძალიან ბევრი აფთიაქია, მათ შორის წვრილი აფთიაქებიც, არის ბევრი კომპანია, რომლებიც 1-2 აფთიაქს ფლობენ, და ყველა მათგანი დამოკიდებულია 2-3 კომპანიაზე, რომლებიც ახორციელებენ მედიკამენტების იმპორტს. შესაბამისად, სწორედ ამ იმპორტის სექტორში დომინირების წყალობით ახერხებენ ეს კომპანიები, რომ გავლენა მოახდინონ ბაზარზე წამლის ფასის საბოლოო ფორმირებაზე.

საინტერესო საკითხი იყო ასევე მედიკამენტების წარმოება. წარმოება იზრდება ოფიციალური მონაცემებით. მართალია, ბოლოს ჩვენთან კორესპონდენციისას კომპანია "ავერსის" ხელმძღვანელმა ეჭვქვეშ დააყენა ეს მონაცემები, მაგრამ ოფიციალური სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 22 მილიონი ლარიდან დაახლოებით 60 მილიონ ლარამდე გაიზარდა ადგილობრივი წარმოება. დაახლოებით 90% ადგილობრივი წარმოებისა მოდის "ავერსის" საწარმო "ავერსი რაციონალზსა" და PSP-ს კი GMP-ზე. უჩვეულო მდგომარეობაა, როცა ერთი და იგივე კომპანია დაკავებულია იმპორტით, დისტრიბუციით, საცალო ვაჭრობითა და წარმოებით. როგორც წესი, ასეთი ვითარება დასავლეთის ქვეყნებში არ გვხვდება და ამას რეგულირება სჭირდება.

ის, რომ კომპანიები პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებენ, კანონსაწინააღმდეგო არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი ამავე დროს პარლამენტის წევრია და იმ კომიტეტის წევრი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოხდინოს შესაბამის კანონმდებლობაზე ქვეყანაში. ეს კი ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეს ქმნის".

(სპეციალურად საიტისთვის)