უნგრული "პარადოქსი" : ნადირობა "კაგებეშნიკებზე" - ამბავი იმაზე, რომ როდესაც შუშის სახლში ცხოვრობ, ქვების სროლა არ უნდა დაიწყო
ხომ გაგიგიათ ანდაზა: „შუშის სახლში თუ ცხოვრობ, ქვების სროლა არ უნდა დაიწყო“. ამიტომ მკითხველს შესაძლოა გაუკვირდეს: რატომაა ასე აქტუალური ლუსტრაციის პროცესი უნგრეთში, როდესაც ჩვენივე ქვეყანაში გვაქვს ეს პრობლემა ჯერ კიდევ გადასწყვეტიო. პასუხი ამგვარია: უკანასკნელი წლებია საქართველოს ხელისუფლებისთვის უნგრეთი (ხოლო ვიქტორ ორბანი, როგორც ევროპული ქვეყნის “ სამაგალითო ლიდერი“) მისაბაძი გახდა. ღიად და ფარულად მრავალი საშინო და საგარეო გადაწყვეტილება მიიღება „უნგრული რეცეპტით“ და „უნგრული შპარგალკებით“. ამიტომ ამ ქვეყანაში ლუსტრაციის პროცესის შუქ–ჩრდილების ანალიზიც არ უნდა იყოს მიუღებელი.
1994–2004 წლებში მოქმედი ლუსტრაციის კანონის მიხედვით უნგრეთში შეიქმნა სპეციალური ლუსტრაციის კომისია, რომელსაც ჰქონდა შეუზღუდავი წვდომა სპეცსამსახურების არქივებზე, ამასთან, კომისიას უფლება ჰქონდა დაეკითხა სპეცსამსახურების მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ასევე „სპეცკონტიგენტიც“. თუმცა, როგორც თავად უნგრელი პოლიტოლოგები და ექსპერტები აცხადებენ, 1994 წლისთვის სპეცსამსახურების არქივები უკვე „გაწმენდილი“ იყო: დოკუმენტების დიდი ნაწილი განადგურებული, ხოლო ნაწილი კი უკვე გაყალბებული გახლდათ. ამიტომ, ისედაც „რბილი ლუსტრაცია“ უნგრეთში , კახელები რომ იტყვიან „სულ ნარნარად“ ჩატარდა: არც მწვადი დამწვარა და არც შამფური; მგლებიც მაძღრად იყვნენ და „ცხორიც“ ჯანმრთელად ბრძანდებოდა. კომუნისტური რეჟიმის უშიშროების ორგანოების ოფიციალური თანამშრომლებისა და აგენტურული აპარატის მიმართ, არც სისხლის სამართლის დევნა განხორციელებულა და არც საარჩევნო უფლების შეზღუდვა ან საჯარო სამსახურიდან დათხოვნა მომხდარა. პირიქით: რამდენიმე პიროვნება, რომელიც კანონის მიხედვით ლუსტრაციას ექვემდებარებოდა და საჯარო სამსახური უნდა დაეტოვებინა . . . .უნგრეთის პრემიერ–მინისტრები გახდნენ.
კომუნისტური რეჟიმის დამარცხების შემდეგ, 1990–1994 წლებში, უნგრეთის პრემიერ – მინისტრი ჯერ იოჟეფ ანტალი, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, პეტერ ბოროში იყო. ორივე ყოფილი ოპოზიციონერები იყვნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ 1956 წლის აჯანყებაში. ალბათ უნგრელთა პოლიტიკურ ტოლერანტობას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ 1994 წლის საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტურმა (სახელშეცვლილმა კომუნისტებმა) პარტიამ გაიმარჯვა და ქვეყნის პრემიერ–მინისტრი დიულა ჰორნი გახდა. მან უმაღლესი განათლება საბჭოთა კავშირში მიიღო ( როსტოვის საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული). 1956 წლის აჯანყების დროს ახალგაზრდა დიულა ჰორნი საბჭოთა სპეცსამსახურებს ეხმარებოდა პატრიოტი უნგრელების გამოვლენა/დასჯაში, რისთვისაც შემდეგ დაჯილდოვეს კიდეც. დიულა ჰორნი იყო ტიპიური პარტიული ფუნქციონერი და ჩინოვნიკი, რომელიც სამი ათეული წელი ერთგულად ემსახურა რეჟიმს, ხოლო 1989 წელს კომუნისტური „ფერი იცვალა“ და სოციალისტი გახდა. „უნგრული პარადოქსია“, რომ 1956 წლის აჯანყების მონაწილეების (ანტალისა და ბოროშის) შემცვლელად 1994 წელს მათი ფაქტიური ჯალათი, დიულა ჰორნი მოგვევლინა უნგრეთის პრემიერ–მინისტრად.
დიულა ჰორნი
მაშინ ნამდვილად ვერ იმუშავა ლუსტრაციის კანონმა. გავიდა რვა წელი და ახალი პრემიერ–მინისტრი პეტერ მედეშიც გაეხვია დიდ სკანდალში.
უნგრეთის კანონმდებლობა მოითხოვს პოლიტიკოსებისა და სხვა საჯარო პირების თანამდებობაზე დანიშვნამდე მათ შემოწმებას, რათა დადგინდეს, ემსახურებოდნენ თუ არა ისინი კომუნისტურ რეჟიმს, როგორც უშიშროების ორგანოების ინფორმატორები, ან თუ ჰქონდათ წვდომა აგენტი–ინფორმატორების ცნობებზე. მათ, ვინც ამ კატეგორიაში მოხვდება, „ლუსტრაციის კომისია“ ფარულად მოუწოდებს თავად მიიღოს გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოპოვებული საიდუმლო დოკუმენტები გამოქვეყნდება მასმედიაში .
პეტერ მედეშის შემთხვევაში „ლუსტრაციის კომისიამ“ დაადგინა, რომ როდესაც ის 1988–1990 წლებში უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრის მოადგილე იყო, მას ჰქონდა წვდომა უნგრეთის უშიშროების ორგანოების აგენტურის ცნობებზე. ამავე დროს, კომისიის განცხადებით, მათ ვერ იპოვეს მტკიცებულება, რომ მედეში თავად იყო უშიშროების ორგანოების აგენტი–ინფორმატორი. კანონის თანახმად, 1996 წელს უნგრეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრად დანიშვნამდე, „კომისიამ“ მოუწოდა მედეშს უარი ეთქვა პოსტზე. თუმცა მედეში არ დათანხმდა და კომისია იძულებული იყო ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოექვეყნებინა პრესაში. გავიდა ექვსი წელი და პეტერ მედეში ჯერ პარლამენტის დეპუტატი, შემდეგ კი, უნგრეთის სოციალისტური პარტიის მხარდაჭერით, 2002 წლის მაისში ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. ივნისში კი გაზეთებში გავრცელდა ინფორმაცია მისი წარსულის შესახებ. მედეში ამტკიცებდა: უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროში მუშაობისას კონტრდაზვერვის ოფიცერი ვიყავი და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წინააღმდეგ ოპერციებში ვიღებდი მონაწილეობას, „პოლიტიკურ პოლიციის“ ინფორმატორი არასდროს არ ვყოფილვარო. თუმცა პოლიტიკურ კონკურენტებს სად დაემალები! მემარჯვენე კონსერვატიული გაზეთი Magyar Nemzet–ის ფურცლებზე მალევე დაიბეჭდა უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის შსს–ს მესამე (უშიშროების) დეპარტამენტის საარქივო დოკუმენტი, საიდანაც ირკვევოდა, რომ პეტერ მედეშს ასევე ევალებოდა ფინანსთა სამინისტროს ოპოზიციურად განწყობილი თანამშრომლების გამოვლენა და მათზე ინფორმაციის შეგროვება. ამ მიზნით კი, როგორც 1979 წლის ივლისით დათარიღებულ საარქივო დოკუმენტში იყო აღნიშნული: „ის რეგულარულად იღებს მონაწილეობას უშიშროების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ღონისძიებებში, რაც განაპირობებს მისი, როგორც უშიშროების ოფიცრის მუშაობის ხარისხის ამაღლებას“. პეტერ მედეში ბევრს ეცადა, თუმცა მხოლოდ ორი წელი შეძლო თანამდებობის შენარჩუნება და იძულებული იყო 2004 წლის აგვისტოში პრემიერ–მინისტრის პოსტიდან გადამდგარიყო.
ვიქტორ ორბანი „ფიდესის“ წევრებთან ერთად
მაშინაც და ახლაც ბევრი თვლის, რომ პეტერ მედეშის წინააღმდეგ „კომპრომატების ომი“ მისი უშუალო კონკურენტის, პარტია „ფიდესის“ ლიდერის, ვიქტორ ორბანის ორგანიზებული იყო. ეს არც იქნება გასაკვირი, თუ იმ გარემოებას გავითვალისწინებთ, რომ 1998–2002 წლებში ვიქტორ ორბანი თავად გახლდათ უნგრეთის პრემიერ–მინისტრი და უშიშროების ორგანოების არქივებზე თავისუფლად მიუწვდებოდა ხელი.
ვერც თავად ვიქტორ ორბანი გადაურჩა კომუნისტური უშიშროების ორგანოებთან ფარული თანამშრომლობის ბრალდებებს. ზოგიერთი უნგრელი პოლიტოლოგისა და ექსპერტის აზრით, ახალგაზრდული მოძრაობა „ფიდესი“ თავიდანვე უნგრეთის სპეცსამსახურების პროექტი იყო, რომელსაც პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი იშტვან ხორვატი კურირებდა. არაა გამორიცხული. გავიხსენოთ გასული საუკუნის 70–80 –იანი წლების საქართველოს ეროვნული მოძრაობა, რომელსაც კა–გე–ბე „მწყემსავდა“: ნერგავდა აგენტურას, ქმნიდა და შლიდა ახალ–ახალ „პოლიტიკურ ორგანიზაციებს“ (მათ შორის ფაშისტური იდეოლოგიის), უპირისპირებდა ერთმანეთს ახალგაზრდა ლიდერებს და სრულად მართავდა ამ პროცესს. იგივე მდგომარეობა იყო უნგრეთშიც. უნგრულ მასმედიაში გამოქვეყნებულ დოკუმენტებში, რომლებიც უშიშროების არქივებიდან არის მოპოვებული, მრავლადაა აგენტურული ცნობები „ფიდესში“ ჩანერგილი აგენტების („ლასლო“, „ბატონი“, „თემეშვარი“, „გაბორ დიერი“ და სხვ.) შესახებ.
აგენტ ჟოლტ შეშაკის (ოპერატიული მეტსახელი „თემეშვარი“) სარეგისტრაციო ბარათი
თავად ვიქტორ ორბანით უნგრეთის სპეცსამსახურების დაინტერესება ჯერ კიდევ 1981 შემოდგმაზე დაწყებულა, როდესაც მომავალი პრემიერ–მინისტრი სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა. არქივებში იძებნება აგრეთვე აგენტურული ცნობები ვიქტორ ორბანის პიროვნულ–ფსიქოლოგიური დახასიათებით.
აგენტურული ცნობები მრავლადაა ვიქტორ ორბანის მომავალი მეუღლის, ანიკო ლევაის შესახებაც. საინტერესოა ის გარემოება, რომ მათ გარემოცვაში მოქმედი აგენტი–ინფორმატორები ამტკიცებდნენ, რომ ორბანი და ლევაი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, იშტვან ხორვატის მფარვერელობით სარგებლობდნენ და თავისუფლად მოგზაურობდნენ დასავლეთის ქვეყნებში, აკეთებენ ყველაფერს რაც სურთ და არ ეშინიათ პოლიციის დევნისო.
რამდენადაა სანდო უნგრეთის სპეცსამსახურების ეს საარქივო დოკუმენტები?
(მეოთხე ნაწილის დასასრული)