კურახოვოს ალყა: ახალი მარიუპოლის საფრთხე?! - დაუშვებს თუ არა ზელენსკი საბედისწერო შეცდომას
მაშინ, როდესაც ორგანიზებული უკანდახევა გარდაუვალ ალყაში მოხვედრას სჯობს...
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის არმია ცდილობს რუსეთის კურსკში შეტევითი ოპერაცია გააგრძელოს, რუსეთ-უკრაინის ფრონტის აღმოსავლეთ მიმართულებაზე უკრაინის დამცველებს ძალიან კრიტიკული მდგომარეობა აქვთ და ბოლო ძალებით ცდილობენ არ ჩამოეშალოთ ფრონტის ეს მონაკვეთი...
უკრაინული დამოუკიდებელი ინტერნეტრესურსი DeepState ყოველდღიურად ანახლებს ფრონტის ოპერატიულ რუკას, რომელზეც კარგად მოჩანს რუსი ოკუპანტების ნელი ტემპებით, მაგრამ მაინც მუდმივი წინსვლა დასავლეთისკენ, უკრაინის ახალი მიწების დაპყრობის ხარჯზე...
ამ რუკაზე ერთი დახედვაც კმარა იმის მისახვედრად, რომ მორიგი უკრაინული პატარა ქალაქი კურახოვო ფაქტობრივად უკვე დაპყრობილია პუტინის აგრესორი არმიის მიერ, მაგრამ ერთია მოსახლეობისგან დაცლილი და ფაქტობრივად მიწასთან გასწორებული დასახლებული პუნქტის დაკარგვა და მეორე ამ ნანგრევებში შენი მებრძოლების ჩატოვება ბოლომდე საომრად...
სამხედრო ხელოვნებაში არსებობს ასეთი მცნება - ორგანიზებული უკანდახევა თავდაცვითი ზღუდის ტაქტიკურად უფრო მომგებიან ადგილზე მოსაწყობად - რისი სისწორეც მსოფლიო ომების ისტორიაში არაერთხელ დამტკიცდა...
ანუ, სამოქალაქო ენაზე ეს შემდეგნაირად ჟღერს - ნუღა შეაკლავ შენს ჯარისკაცებს იმას, რაც იმ მომენტისთვის დაკარგულია და იფიქრე, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით ორგანიზებულად უკან დაიხიო (ოღონდ პანიკაში უთავბოლოდ არ გამოიქცე) და რელიეფისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ახალი თავდაცვითი ზღუდე მოაწყო კარგად ჩასანგრებით, სანგრებთან მისასვლელების საინჟინრო უზრუნველყოფით(ტანკსაწინააღმდეგო თხრილების, „ზღარბების“, ესკარპებისა და კონტრესკარპების მოწყობით), „უხვად“ დანაღმვით (ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებისა და დისტანციურად მართვადი ფუგასების გამოყენებით), საზენიტო საშუალებების განთავსებით და თავდაცვით ზღუდეებთან მისადგომების არტილერიით წინასწარ „გამოთოფვით“...
ეს ელემენტარულზე ელემენტარულია, მაგრამ რაღაც აუხსნელი სიჯიუტით უკრაინის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ერთი და იგივე საბედისწერო შეცდომას იმეორებდა და იმეორებს სოლედარის, ბახმუტის, ავდეევკისა თუ უგლედარის დაკარგვისას, როდესაც უკვე დაცემული ამ ქალაქებიდან მათი დამცველების ორგანიზებულ უკანდახევაზე ბრძანებებს აგვიანებდა ან სულაც არ გასცემდა...
რის შედეგადაც უკრაინის დამცველებს უკანდახევა უკვე ბოლო წუთებში უწევდათ, როდესაც მტერს თითქმის შეკრული ჰქონდა ალყის „ტომრის“ პირი და ეს უკანდახევა დაქსაქსულად, პანიკაში გამოქცევას ემსგავსებოდა, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვებოდა...
კურახოვო - ახალი მარიუპოლის საფრთხე?!
ასეთი დიდი შეცდომა უკრაინის ხელისუფლებამ მარიუპოლის დაცვისასაც დაუშვა, როდესაც „აზოვსტალის“ ქარხნის სარდაფებიდან ბოლომდე აბრძოლა თავისი სამხედროები მაშინ, როდესაც რუს ოკუპანტებს ეს ქალაქი უკვე დიდი ხნის დაპყრობილი ჰქონდათ-შესაბამისად მტრის ტყვეობაში რამდენიმე ათასი უკრაინის დამცველი აღმოჩნდა...
და ეს ყველაფერი დღეს, თითქოს ერთი-ერთზე მეორდება კურახოვოს შემთხვევაშიც, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა ფაქტობრივად, უკვე დაიპყრეს და ორმაგი „ტომრის“ შეკვრასაც კი ცდილობენ...
პირველი ალყის შეკვრის საშიშროება არის კურახოვოდან დასავლეთით სამიოდე კმ-ში, სადაც „ტომრის“ ყელის „გამოფსკვნამდე“ 1,5 კმ-მდეა დარჩენილი.
მეორე ალყა კი შეიძლება შეიკრას კიდევ უფრო დასავლეთით, სადაც რუსი ოკუპანტები ჩრდილოეთიდან (შევჩენკოდან) და სამხრეთიდან(ზელენივკადან) მხოლოდ ხუთიოდე კმ-ით არიან ერთმანეთისგან დაშორებულნი.
პუტინის საოკუპაციო ძალების სარდლობამ ამ საბრძოლო უპირატესობას მას შემდეგ მიაღწია, როდესაც შუბლა შეტევების ტაქტიკა ფლანგური შეტევებით შეცვალა და ამ ახალი ტაქტიკით გვერდებიდან უვლის უკრაინულ დასახლებულ პუნქტებს, ფლანგებიდან შედის უკრაინის თავდაცვითი პოზიციების ზურგში და უკრაინის დამცველებს უკეტავს ლოგისტიკური მომარაგების სატრანსპორტო დერეფნებს...
ამ ორმაგ ალყაში აღმოჩენის უზარმაზარი საფრთხე ემუქრებათ იმ რამდენიმე უკრაინული ბრიგადის პირად შემადგენლობას, რომლებიც ჯერ კიდევ იცავენ კურახოვოს დასავლეთ ნაწილსა და განადგურებულ თბოელექტროსადგურს - მათთვის ორგანიზებულად უკანდახევის ბრძანება აქამდეც უნდა მიეცა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს გენერალ სირსკის, მაგრამ...
რატომ აგვიანებს ზელენსკი უკანდახევის ბრძანების გაცემას?!
მაგრამ ის, რომ მთავარსარდალ სირსკის მაღლა იერარქიულად დგას უმაღლესი მთავარსარდალი-პრეზიდენტი ზელენსკი, რომლისთვისაც ეტყობა გადამწყვეტია არა სამხედრო აუცილებლობა, არამედ, პოლიტიკური გათვლები - მას სურს, რომ 20 იანვრამდე არანაირად არ დაკარგოს მორიგი უკრაინული ქალაქი და აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ტრამპის ინაუგურაციას ასე შეხვდეს - რუსეთის კურსკში 5 იანვარს წამოწყებული შეტევაც, რომელიც ძალიან ძნელად მიმდინარეობს უკრაინული საექსპედიციო კორპუსისთვის, ეტყობა სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა...
ალყაში მოქცევა, რამდენად დამთრგუნველია, სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა უკრაინელმა მებრძოლმა იწვნია ამ სამწლიან ომში (ალყიდან გამოსვლის სიმწარე ჩვენც გამოგვიცდია სოხუმიდან უკანდახევისა და კოდორის ხეობაზე გადმოსვლისას) და გასაგები ხდება, რომ ბევრ მათგანს აღარ სურს ამის ხელახლა განცდა თავის თავზე, რის გამოც, უკრაინის არმიიდან დეზერტირობის რიცხვმა საგანგაშო ნიშნულს მიაღწია და მოქალაქეებიც ამიტომ გაურბიან ჯარში მობილიზაციას...