B ჯგუფი – A ჯგუფი 2-0 (ევრო 2012, დღე XV) - კვირის პალიტრა

B ჯგუფი – A ჯგუფი 2-0 (ევრო 2012, დღე XV)

გუშინდელმა სათამაშო დღემ საბოლოოდ ცხადყო, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა მაინცდამაინც თანაბარი არ ყოფილა, თუმცა ჩემპიონატის დაწყებამდე შედარებით გვეიმედებოდა ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნისა, სადაც ბუნდესლიგის გამარჯვებული გუნდის სამი მოთამაშე ირიცხებოდა. ეს მართალია უკვე წარსულია, მაგრამ მეოთხედფინალური წყვილები, რომ აქედან გამომდინარე აშკარად არათანაბრად დაკომპლექტდა, ისიც ცხადია. მეორეს მხრივ დღეს და ხვალ, რომ სათამაშო კლასის მიხედვით ფინალური მატჩის ტოლფასი ორი შეხვედრა გველის, ესეც ფაქტია.

ესპანეთის ნაკრების თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე ფრანგებთან მატჩის წინ, ხორვატიის ანალოგიურად, რაინდული ფეხბურთის სურვილითაა გამსჭვალული: "არ მგონია, რომ ფრანგები ყრუ დაცვაში ჩაიკეტონ, რადგანაც მათ შესანიშნავი შემტევი ფეხბურთელები ჰყავთ. ლამაზი ფეხბურთის მოლოდინში ვარ და არ მაქვს თამაშის მეტოქის შეცდომებზე აგების სურვილი. ესპანეთის ნაკრები 23 უძლიერესი ფეხბურთელითაა დაკომპლექტებული და ჯერ ბოლომდე არ მაქვს მოფიქრებული სასტარტო შემადგენლობა" – განაცხადა ესპანელთა გამოცდილმა მწვრთნელმა.

"გუნდში სასტიკი კონკურენციაა და შემადგენლობის შერჩევის უდიდესი პრობლემა. აქედან გამომდინარე, სათადარიგოთა სკამზე მყოფი მოთამაშეები მშვიდად უნდა ველოდოთ ჩვენს მომენტს და იმავდროულად მუდმივ მზადყოფნაში ვიმყოფებოდეთ მოედანზე შესასვლელად" – დასძინა ლონდონის "ჩელსიში" მოთამაშე ხუან მანუელ მატამ.

ესპანეთის ნაკრები დონეცკის დონბას არენაზე 2000-მდე გულშემატკივრის მხარდაჭერის მოლოდინშია. ფრანგები შედარებით მეტ ქომაგს ელიან, მაგრამ მატჩის ბედი მიახლოებითაც რომ ტრიბუნებზე ვერ გადაწყდება, ეს ორივე მხარემ შესანიშნავად უწყის...

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელ ლორან ბლანის თქმით, მის გუნდში ყველაფერი წესრიგშია და გუნდიც საბრძოლო განწყობითაა გამსჭვალული: "ბენზემამ და რიბერიმ ტრავმები მოიშუშეს და უკვე ივარჯიშეს გუნდთან ერთად. გარკვეული დაძაბულობა იყო ფეხბურთელებს შორის შვედებთან წაგებული მატჩის შემდეგ, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი გასახდელშივე მოგვარდა. ესპანეთის ნაკრები პლანეტის უძლიერესი გუნდია და გარკვეულწილად ეს "ბარსელონასა" და "რეალის" ფეხბურთელთა შეთამაშებულობის დამსახურებაცაა. როგორი ტაქტიკური სქემაც არ უნდა შევარჩიოთ, ჩვენს განაპირა მცველებს დიდი დროის გატარება კუთხურის ალმის ნიშნულებთან მოუწევთ. ყველანაირად ვეცდებით, რომ მეტოქეს არ დავუთმოთ სათამაშო ინიციატივა და იტალიელთა და ხორვატთა მსგავსად, მჭიდრო მეურვეობის ფონზე, სახიფათოდ შევუტიოთ მეტოქეს და მოსვენება არ მივცეთ მას მოედნის ნებისმიერ წერტილში. სათამაშო სქემის შერჩევისას ვიხელმძღვანელებთ ფერნანდო ტორესის მოედანზე ყოფნა-არყოფნის მიხედვით " – განაცხადა ლორან ბლანმა.

თუნდაც ამ ინტერვიუდან გამომდინარე, აშკარაა, თუ ვის ენიჭება ვიოლინოს გასაღების როლი დღევანდელ შეხვედრაში. მსოფლიოს წამყვან საბუკმეიკერო კანტორებში ევროპის ჩემპიონთა გამარჯვებაზე ფსონი 1,75-დან 1,85-მდე, ხოლო საფრანგეთის ნაკრების მოგებაზე კი 4,50-დან 5,50-მდე მერყეობს.

ერთი კია, რომ სტატისტიკა საპირისპიროზე მეტყველებს. საქმე ისაა, რომ ესპანეთის ნაკრებს არასოდეს მოუგია ფრანგებისათვის ოფიციალურ შეხვედრაში...

აი გერმანიის ნაკრებმა კი გუშინდელი გამარჯვებით ზედიზედ მოგებული ოფიციალური მატჩების სერია 15-მდე გაზარდა და ამ მაჩვენებლით აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. ანათვალი იწყება 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისათვის ურუგვაის ნაკრებთან ანგარიშით 3-2 მოგებული მატჩით. მას შემდეგ ბუნდესნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ათივე თამაში მოიგო და გუშინ ამ ციფრს მიმდინარე ტურნირზე მოპოვებული ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაც მიუმატა. წინა რეკორდი – ზედიზედ 14 მატჩში მოგება ერთდროულად სამ გუნდს – საფრანგეთის, ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებს ეკუთვნოდა.

გერმანული მანქანის რისხვა გუშინ საკუთარ თავზე საბერძნეთის ნაკრებმა იგემა. ბერძნების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მომენტი ხელიდან არ გაუშვიათ და მეორე ტაიმის დასაწყისში შესანიშნავად მოთამაშე სამარასმა, გერმანელთა კართან შექმნილი პირველივე სახიფათო ეპიზოდი გოლად აქცია, გაათანაბრა რა ანგარიში ამ მატჩში. მაგრამ 1-1 მოედანზე მიმდინარე მოვლენების მიხედვით, დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. გერმანელებმა გარდა იმისა, რომ კიდევ სამი ბურთის გატანა მოახერხეს, ცალკე აღნიშვნის ღირსია, თუ რა ძალით იყო გატანილი ეს გოლები.

განსაკუთრებით ხედირას გოლის შემხედვარე კი წარმოიდგენ, ხომ არსებობდა იმის ალბათობაც, გერმანიისა და რუსეთის ნაკრებები ერთმანეთს მაინცდამაინც 22 ივნისს რომ დაპირისპირებოდნენ...

იოაჰიმ ლიოვმა სასტარტო შემადგენლობაში მიროსლავ კლოზე დააყენა. გამოცდილი ფეხბურთელი ნელ-ნელა უახლოვდება გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლიადორ – გერდ მიულერის რეკორდს და მით უფრო სასიხარულოა, რომ გუშინდელ მატჩში იგი გატანილი გოლის გარეშე არ დარჩენილა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი სრულიად სამართლიანად აღიარეს იოზილი. მარიო გომესი, მიუხედავად იმისა, რომ მინდორზე მატჩის მე-80 წუთზე გამოჩენისთანავე ბევრს ეცადა ევრო 2012-ის ბომბარდირთა სიაში დაწინაურებას, ეს არ გამოუვიდა და ახლა უკვე ოცნების ასრულებას ნახევარფინალურ მატჩში ეცდება ინგლისის, ან იტალიის ნაკრების წინააღმდეგ. პორტუგალიელთა მეტოქეს კი დღევანდელი მატჩი გამოავლენს. კრიშტიანუ რონალდუს გუნდს, სტატისტიკა კარგს არაფერს უქადის საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშში. აი ესპანელებთან კი პორტუგალიელებს მინიმალური ანგარიშით 1-0 აქვთ მოგებული შეხვედრა შინაურ კედლებში 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე.

არჩილ ბენაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)