„უკრაინა ომის წაგების რისკის წინაშე დგას, მაგრამ ტრამპის მიერ კიევისათვის თავსმოხვეული გარიგება უარესი იქნება" - The Washington Post
ამერიკული გაზეთის - „ვაშინგტონ პოსტის“ (The Washington Post) 7 იანვრის ნომერში გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით - „უკრაინა ომის წაგების რისკის წინაშე დგას, მაგრამ ტრამპის მიერ კიევისათვის თავსმოხვეული გარიგება უარესი იქნება“. პუბლიკაციის დედააზრი ასეთია: უკრაინა მძიმე მდგომარეობაშია, მისი არმია უკან იხევს, მატულობს დეზერტირობა... ევროპა ომით დაიღალა, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშვიდობო დიპლომატიური მოლაპარაკების დაწყებას აპირებს, ტერიტორიული დათმობის საფუძველზე... მაგრამ მხოლოდ დიპლომატიური გარიგება შედეგს არ მოიტანს, ტერიტორიის დაკარგვის გამო უკრაინელები ყველაფერს დასავლეთს დააბრალებენ, რომელმაც კიევს უღალატა...
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
სისხლისმღვრელი ომის მესამე წლის ბოლოს უკრაინა გარდამტეხ მომენტს უახლოვდება. არმია უკან იხევს, ტოვებს ტერიტორიებს, იღუპებიან ჯარისკაცები და მშვიდობიანი მცხოვრებლები, იკარგება დრო.
როგორც ჩანს, მომდევნო რამდენიმე კვირაში გამოჩნდება, გაუძლებს თუ არა უკრაინა ომს, დარჩება თუ არა თავის ადრინდელ საზღვრებში, სრული უსაფრთხოების გარანტიებით ან გაიმარჯვებს რუსეთი, ვლადიმერ პუტინი ტერიტორიებით „დაჯილდოვდება“ და უფრო თამამად იმოქმედებს.
კონფლიქტის დარეგულირების ფორმატს შორს მიმავალი შედეგები ექნება, უკრაინის მიღმა. ფაქტობრივად, უარყოფილი იქნება აზრი, რომელიც რიგ ამერიკელ იზოლაციონისტებში არსებობს, რომ უკრაინის პრობლემა მხოლოდ ევროპის პრობლემას წარმოადგენს. სასწორზე დევს აშშ-ისა და ნატოს ავტორიტეტი, რომლებმაც დაუყონებლივ გაუწოდეს დახმარების ხელი კიევს, რუსეთის აგრესიის დაწყებისთანავე და დაჰპირდნენ - „იმდენად დაეხმარებოდნენ, რამდენადაც საჭირო იქნებოდა“, რუსეთის თავდასხმის მოსაგერიებლად.
უკრაინა ნატოს წევრი არ არის, ამიტომაც დაპირება არ არის განმტკიცებული წერილობითი ხელშეკრულებით და გარანტიებით და მთლიანად არის დამოკიდებული ვაშინგტონისა და ევროპული ქვეყნების დედაქალაქების ნებაზე. თუ უკრაინა უკანდახევას გააგრძელებს და დამარცხდება, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ აშშ-სა და მის ნატოელ მოკავშირეებს არ ჰყოფნით ნებისყოფა და პრინციპულები არ არიან... რომ მათ დაპირებას „ხანგრძლივობის ვადები“ აქვს და მხოლოდ მომდევნო არჩევნებამდე მოქმედებს. როგორად აღიქვამს ასეთ სიგნალს ჩინეთი, რომლის ლიდერს, ავტოკრატ სი ძინპინს დემოკრატიული ტაივანის ხელში ჩაგდება აქვს განზრახული?
დღემდე უკრაინელები გმირულად უმკლავდებოდნენ ვლადიმერ პუტინის მცდელობებს - მიუერთოს უკრაინა რუსეთის „აღორძინებულ“ იმპერიას. უკრაინელებმა გაუძლეს, ჯო ბაიდენისა და მისი ევროპელი მოკავშირეების გაუბედაობის მიუხედავად, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ყოყმანობდნენ, თუ როგორი სისტემის იარაღი გაეგზავნათ უკრაინისათვის და მიეცათ თუ არა კიევისათვის უკვე გაგზავნილი იარაღის სრულფასოვანი გამოყენების უფლება.
საბოლოო ჯამში, უკრაინამ მიიღო დასავლური მოწინავე ავიაგამანადგურებლები, თანამედროვე ტანკები და შორი მოქმედების რაკეტები, მაგრამ, სამწუხაროდ, ტექნიკის დიდი ნაწილის მიწოდება სრულიად გაუმართლებლად ყოვნდებოდა და რამდენიმე თვით გვიანდებოდა. ასეთი ვითარებით ისარგებლა რუსეთმა და ბრძოლის ველზე გარკვეულ წარმატებას მიაღწია.
ამ ყველაფრის შედეგად რუსეთის არმია აგრძელებს თავის შეტევას დონბასიდან დასავლეთისაკენ და უკრაინის ტერიტორიებს არნახული ტემპებით იპყრობს. რუსეთი უკვე აკონტროლებს ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე მეტს და ყოველდღიურად სულ უფრო მიიწევს უკრაინის სიღრმეში, განსაკუთრებით პოკროვსკის (თითქმის ალყაშია) და კურახოვოს (თითქმის უკვე ოკუპირებულია) რაიონებში. უკან დაიხიეს უკრაინელმა ჯარისკაცებმაც, რომლებმაც აგვისტოში რუსეთის კურსკის ოლქის სამხრეთი ნაწილის ოკუპირება მოახდინეს და რუსებს ადრე დაკავებული ტერიტორიის 40% უკან ჩააბარეს. უფრო მეტიც - ისინი რისკავენ, რომ რუსეთის არმიის ალყაში აღმოჩნდებიან, რომელსაც ჩრდილო-კორეელი სამხედრო ქვედანაყოფები ეხმარებიან.
უკრაინა თავისი არმიის პირად შემადგენლობას კარგავს, თანაც - მიუტევებლად სწრაფი ტემპით. გავრცელებული აზრი, რომ დანაკარგები 400 ათასი მოკლული და დასახიჩრებულია, ძალიან შემცირებულ შეფასებას წარმოადგენს. სამწუხაროა, რომ უკრაინის არმიაში სულ იზრდება დეზერტირობა - ომით გაწამებული ათასობით ჯარისკაცი ფრონტიდან გარბის. მთავრობა მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი და იძულებულია, მამაკაცების ჯარში გაწვევის ასაკი 27 წლიდან 25 წლამდე შეამციროს. ამერიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ჯარში ახალგაზრდები სრულწლოვანი ასაკის (ანუ 18 წლის) მიღწევისთანავე უნდა გაიწვიოს, მაგრამ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჯერჯერობით ამ მოთხოვნას ეწინააღმდეგება - უფრთხილდება მათ სიცოცხლეს. გარდა ამისა, ახალი ქვედანაყოფების შესაქმნელად უკრაინას ცეცხლმსროლელი იარაღი და სამხედრო ტექნიკა აღარ ჰყოფნის.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის უფლებამოსილებას 20 იანვრის ინაუგურაციის შედეგად მიიღებს. იგი პირობას დებს, რომ შეეცდება, კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს (ჯერ აცხადებდა, რომ 24 საათში, ახლა კი ამბობს, რომ - რამდენიმე თვეში, მაგრამ როგორ, დღემდე უცნობია). საერთოდ, დონალდ ტრამპი ხშირად აკეთებს წინააღმდეგობრივ განცხადებებს - მაგალითად, ჯერ ამბობს, რომ შეამცირებს უკრაინისადმი დახმარებას, მაგრამ შემდეგ აცხადებს, რომ კიევს არ მიატოვებს. აღსანიშნავია, რომ ტრამპის გუნდმა წამოაყენა წინადადება, რომ შეწყდეს ცეცხლი ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, ზავის განსამტკიცებლად უკრაინაში სამშვიდობო კონტინგენტი გაიგზავნოს და უკრაინის ნატოში მიღების საკითხი 20 წლით გადაიდოს. თუმცა 29 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამ წინადადებას კატეგორიულად არ დაეთანხმა და კრემლისათვის მიუღებლად ჩათვალა.
კიდევ ერთი ცუდი ამბავი უკრაინისათვის: ევროპაში ომით გამოწვეული დაღლილობა მატულობს. ევროპელები ისეთ განწყობაზე დგებიან, რომ აუცილებელია ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება.
ომი განუწყვეტლივ „ნთქავს“ ევროპული ქვეყნების ისედაც მცირე სამხედრო არსენალს. ევროპელები თანდათანობით მიდიან იმ აზრამდე, რომ მოლაპარაკება ფორმულით „მიწა (ტერიტორია) მშვიდობის სანაცვლოდ“ საუკეთესო საშუალებაა კონფლიქტის დასარეგულირებლად, თუ ამერიკა უკრაინის დახმარებას შეამცირებს. გერმანია, რომელიც უკრაინის ინტერესების ერთ-ერთ მტკიცე დამცველს წარმოადგენს, ამჟამად გაურკვეველ პოლიტიკურ სიტუაციაში იმყოფება: კანცლერ ოლაფ შოლცს წინ, თებერვალში, მძიმე საარჩევნო კამპანია ელოდება. გარდა ამისა, ევროპაში ძალას იკრებენ უკიდურესად მემარჯვენე პარტიები, რომლებიც მზად არიან რუსეთთან კომპრომისს დათანხმდნენ.
საეჭვოა, რომ უკრაინამ სისხლისმღვრელი და დამანგრეველი ომის კიდევ ერთი წელი გადაიტანოს. დიახ, მოლაპარაკება საჭიროა, მაგრამ მხოლოდ დიპლომატიური დარეგულირების მცდელობას დამღუპველი შედეგების მოტანა შეუძლია: ეს იქნება ჯილდო ვლადიმერ პუტინისათვის, მისთვის ტერიტორიის გადაცემას და შესვენების უფლების მიცემას, რომელსაც კრემლი ძალების მოსაკრებად გამოიყენებს და აგრესიას ისევ განახორციელებს.
კონფლიქტის უსამართლო და უთანასწორო დარეგულირება ასევე გააბოროტებს უკრაინელებს, რომელთა სახლები, სკოლები და ქარხნები დანგრეულია, მეგობრები და ახლობლები კი - დაღუპულნი. შესაბამისად, უკრაინის მოსახლეობის რისხვა, ძირითადად, მიმართული იქნება დასავლეთის ქვეყნების მიმართ, რომლებმაც „კიევს უღალატეს“. აქედან გამომდინარე, აშშ-ს, მის მოკავშირეებს და უკრაინას ომის წაგება არ შეუძლიათ. შესაბამისად, რუსეთთან დამღუპველი „სამშვიდობო“ ხელშეკრულების დადება დაუშვებელია.
მოამზადა სიმონ კილაძემ