მოლდოვური ტრანსფერის მოლოდინში - კვირის პალიტრა

მოლდოვური ტრანსფერის მოლოდინში

ივანიშვილი გურიაში იყო კვირას, სააკაშვილმა სამეგრელო მოიარა იმ დღეებში, მე კი განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე გახლდით!

მინდა, ჩემი შთაბეჭდილება გაგიზიაროთ და თან მეშინია, არ წამომაძახოთ, - შენმა უმადურმა თვალებმა ხომ ვეღარაფერი დაინახა ამ ხელისუფლების გაკეთებული, მაგ გარემონტებულ-გაწკრიალებულ ქუჩას რაღას ერჩიო?!

ამიტომ ცუდს არაფერს ვიტყვი, მხოლოდ ვთხოვ პრეზიდენტსა და ქალაქის მერს, აღმაშენებელზე გაისეირნონ ამ დღეებში, ასე 2-ზე, 3-ის ნახევარზე...

თუმცა პრეზიდენტმა შესაძლოა, ვეღარ მოიცალოს "პლეხანოვზე საგულაოდ", რადგან კიშინიოვის მერმა მერიაში გამართულ თათბირზე განაცხადა, - სააკაშვილს პრეზიდენტობის მეორე ვადა ეწურება და თუ გვინდა, ჩვენი ქვეყანაც საქართველოსავით აყვავდეს, მოლდოვის პრეზიდენტად მოვიწვიოთო!

ე.ი. მიშას "ტრანსფერს" გვთავაზობენ, რონალდოს და მესის "პონტში".

(ისე, ერთი "იაღლიში" მოუვიდა იმ მოლდოველს, რადგან შეიძლება სამსახური დაკარგოს: მიშა იქ მარტო არ წავა, უგულავასაც თან წაიყვანს და ჩვენი გიგი არც იქ დასჯერდება დედაქალაქის მერობაზე ნაკლებ თანამდებობას).

"პლეხანოვზე გულაობა" შემთხვევით არ მიხსენებია: ჩემს ბიჭობაშიც და მამაჩემის თაობის ახალგაზრდობაშიც, ალბათ უფრო ადრეც, რუსთაველისა და მაშინდელი პლეხანოვის გამზირები სწორედ სასეირნო, "თვალწყლისდასალევინებელი" ფუნქციით იყო დატვირთული. თბილისელები და ჩამოსულები, განსაკუთრებით უქმე დღეებში (უსაქმურები კი "ისე" დღეებშიც) რამდენიმეჯერ აივლ-ჩაივლიდნენ, ერთმანეთს ხვდებოდნენ, ამბებს იგებდნენ, "ბირჟას ამაგრებდნენ"... თუმცა ამაში არაფერი იყო განსაკუთრებული, მსოფლიოს ყველა ქალაქში ასეა.

ჰოდა, მორჩა "ბირჟავიკობა"; მაქედან იწყება "ქუჩის აკადემია", მერე - ძველბიჭობა, მერე - "კაიბიჭობა", მერე - ქურდული, მერე - ბიძინისტობა-რუსულიფულობა და ამიტომ, დაივიწყეთ ეგ საბჭოთა კავშირის დროინდელი "ჰობიო" (თუმცა საფრანგეთი არ ყოფილა სსრკ-ს წევრი, მაგრამ ელისეს მინდვრებზეც ისევე სეირნობენ, როგორც აღმაშენებელზე... ნუუუ, ისევე არა, ცოტა უკეთესად, მაგრამ მაინც...). კარგი, ბატონო, დაგეთანხმეთ, სახლისკენ წავალ ავტობუსით და... აქ იწყება ის, რის გამოც მინდა, პრეზიდენტსა და მერს იქ სეირნობა მივუსაჯო: მეგობარს გავყევი საქმეზე. 2 საათზე იყო დაბარებული. მზე მარცხნიდან (როდესაც თამარ მეფის ქუჩის მხრიდან მარჯანიშვილისკენ მიდიხარ) აჭერდა. არც ერთი ხე აღარ დგას (რამდენიმეფოთლიან ჯოხს თუ ხედ არ ჩავთვლით). მარჯვენა ტროტუარი გახურებულ ტაფას ჰგავდა (მარცხნივ არა უშავდა - შენობების ჩრდილში შეიძლებოდა სიარული)... მერე, შე კაი კაცო, იქითა ტროტუარით ვერ წახვედიო? - მკითხავთ. გადავედი, აბა რა ვქენი - გიჟი კი არ ვარ, მაგრამ ვინც შორს მიდის და ავტობუსს ელოდება?! "მთლად უფროსის" ბრძანებით, ავტობუსის მოსაცდელიც კი არ დაუდგამთ, "ახალმოფასადებულ" შენობებს დამიმახინჯებსო. და რა ქნას იმ ადამიანმა, რომელიც ავტობუსს ელოდება აღმაშენებელზე, მზე აჭერს (ჩრდილში 38 გრადუსი იყო, მზეში - 52!!!) და ნახევარი საათი ელოდება "ყვითელ ავტობუსს"? მეორე მხარეს გადავიდეს და ტრანსპორტი რომ გამოჩნდება, მერე აქეთ გამოიქცეს?

ვინც ეს პროექტი მოიფიქრა, იმის ტვინში ერთხელ მაინც თუ გაირბინა აზრმა, რომ ჩემ თვალწინ იმ დღეს გულწასულმა ქალბატონმა მზის დარტყმა მისი წყალობით მიიღო?!

ამიტომ, როგორც თურმე ბერია (ლავრენტი პავლოვიჩი) აყენებდა ახალაშენებული ხიდის ქვეშ მთავარ ინჟინერს ცოლ-შვილით, ისევე თქვენც, ბატონებო, თუ "გულაობა" ქურდული მენტალიტეტია, მაშინ მოდით და, ერთხელ სხვებთან ერთად დაელოდეთ ავტობუსს (15 წუთში სურათს გადაგიღებთ და ცუდ ხასიათზე რომ ვიქნები, თქვენს სახეებს დავხედავ ხოლმე).

...ივანიშვილის გურულ ვოიაჟზე როგორმე შემდეგ "პროვოკაციაში" ვისაუბროთ; უფრო საინტერესო ჩემთვის, მიშას მომავალი მოგზაურობაა - საინტერესო იმიტომ, რომ ამიერიდან ეს მოგზაურობა ჟურნალისტების გარეშე ჩაივლის - ეტყობა, იმდენად უხერხული რაღაცები ხდება, რომ "რუსთავ-იმედებიც" კი ვეღარ "აპრავებენ".

P.S. კინაღამ ტყუილი გამომივიდა: მიშა მხოლოდ სამეგრელოში არ ყოფილა, ყვარელში - საკუთარ მამულშიც იყო და ვენახში საზაფხულო სამუშაოები ჩაატარა. ჩაატარა რა, მეზობლებს დაუძახა და ეს ძველი ქართული ტრადიციაა - მეზობლები რომ ერთმანეთს ეხმარებიანო, - განაცხადა (ოღონდ თვითონ რატომ არ ეხმარება იმ გლეხებს, აღარ უთქვამს).

მე სხვა რამ მაინტერესებს: სამუშაო დღეს, მაშინ, როდესაც ოფიციალური შვებულება არა აქვს, ჩვენი ბიუჯეტიდან "მსუყედხელფასირებული" პრეზიდენტი რატომ აცდენს სამსახურს? პროვოკატორობის გარეშე, მართლა მაინტერესებს, სხვათა შორის.

P.P.S. ობამა პუტინს შეხვდა და ჩვენმა ტელევიზიებმა სასხვათაშორისოდ ჩამოთვალეს ის საკითხები, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მათ შორის აზრთა სხვადახვაობას იწვევს. საქართველოზე არაფერი უთქვამს...

პროვოკატორი

ჟურნალი "გზა"