"რუსულ ორბიტაზე დაბრუნებით ლარი “დადნება”, ეკონომიკური ზრდის განულდება და გვექნება სრული “არმაგედონი” - ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის საგანგაშო პროგნოზი - კვირის პალიტრა

"რუსულ ორბიტაზე დაბრუნებით ლარი “დადნება”, ეკონომიკური ზრდის განულდება და გვექნება სრული “არმაგედონი” - ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის საგანგაშო პროგნოზი

“დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის მთელი კაპიტალი არის დასავლეთში, ან დასავლეთისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. ის სანქციები კი, რომლის მხოლოდ მსუბუქი ფორმა გაჟღერდა, მე ვფიქრობ, ივანიშვილს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიაღებინებს, ქონების დაკარგვას არ გარისკავს და იძულებული იქნება, დათმოს ძალაუფლება და შეინარჩუნოს დოვლათი. ორივეს შენარჩუნებას ვერ შეძლებს, ამიტომ არჩევანის გაკეთება მოუწევს. დანარჩენები კიდევ უბრალოდ “ჩამოიშლებიან”, - ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე პროცესები ეკონომიკაზე ეფექტს აუცილებლად მოახდენს, თუმცა მისი ვარაუდია, რომ ვადამდელი არჩევნები მაინც დაინიშნება, რაც მოლოდინების კუთხით, უკვე დადებითი იმპულსია.

“ეკონომიკური საკითხები დამოკიდებულია იმაზე, პოლიტიკური პროცესები როგორ გაგრძელდება. ფაქტია, კრიზისი მუდმივად ვერ იქნება, ან უნდა გადაწყდეს ვადამდელი არჩევნების დანიშვნით, ან “ქართული ოცნების” მიერ ავტორიტარული რეჟიმის სრული გაფორმებით. ეს ორი, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ შედეგს იძლევა. რა მოხდება, ეს რთული სათქმელია, მაგრამ მე ვფიქრობ, “ქართული ოცნება” მაინც იძულებული გახდება ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. რაც იქნება ძალიან კარგი გამოსავალი. ერთი დარწმუნებული ვარ, თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, ამას მაშინვე დადებითი იმპულსი ექნება ეკონომიკაზე. ეს ავტომატურად “ქართული ოცნების” დამარცხებას და ქვეყნის ნორმალურ ეკონომიკური პროცესების დაბრუნებას ნიშნავს და არა ქვეყნის იზოლაციას და რკინის ფარდის ჩამოშვებას ევროკავშირთან. როგორც კი არჩევნები დაინიშნება, მაშინვე დადებითი ეფექტი ექნება მოლოდინებზეც.

თუ არ არის საშველი და ივანიშვილი შეძლებს ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას, ასევე, ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას (რომლის ალბათობა ძალიან მცირეა), მაშინ მთლიანი ეკონომიკა ჩამოიქცევა, რაც ლარიდან დაიწყება. იმიტომ, რომ მთელი ცივილური სამყაროსგან იზოლირებულად, ჩვენი ეკონომიკის ფუნქციონირება არ შეგვიძლია. ლარი “დადნება”, ამას მოჰყვება ინფლაცია, ეკონომიკური ზრდის განულება (თუ უარყოფით ბალანსში გადასვლა არა) და გვექნება სრული “არმაგედონი”. ეს მოხდება იმ მცირე ალბათობის შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” და ივანიშვილი დარჩება ხელისუფლებაში”,- ამბობს გიგა ბედინეიშვილი.

კითხვაზე, რა აძლევს მას იმის თქმის საფუძველს, რომ დიდი ალბათობით არჩევნები დაინიშნება და ეკონომიკაზე ეს დადებით იმპულსს გააჩენს? ფინანსისტი ამბობს, რომ ქუჩის პროტესტი და დასავლეთის მიერ ქმედით ნაბიჯებზე გადასვლა.

განაგრძე კითხვა