საქართველო დიდ ტრაგედიას გადაურჩა: ვინ და რატომ ცდილობდა კიშინიოვ-თბილისის ავიარეისზე დანაღმული სათამაშოს შეტანას?! - არშემდგარი უბედურების ორი ვერსია - კვირის პალიტრა

საქართველო დიდ ტრაგედიას გადაურჩა: ვინ და რატომ ცდილობდა კიშინეუ-თბილისის ავიარეისზე დანაღმული სათამაშოს შეტანას?! - შეუმდგარი უბედურების ორი ვერსია

7 იანვარს, როდესაც ქრისტეშობას აღვნიშნავდით, ვიღაცას დიდი ტრაგედიის განხორციელება ჰქონდა ჩაფიქრებული და შეიძლება - ჩვენს თბილისშიც...

ყოველ შემთხვევაში, მოლდოვას დედაქალაქ კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში, სატვირთო გზავნილების ტერმინალში, მოლდოვას მესაზღვრეებმა და მებაჟეებმა საეჭვოდ მიიჩნიეს ამანათი, რომელშიც იდო დისტანციურად მართვადი სათამაშო ავტომობილი.

1-nag-1736326115.jpg

მოლდოველი გამნაღმველი კიშინეუს აეროპორტში...

ამის შემდეგ ეს ამანათი სპეციალურ X-სკანერში გაატარეს და სასწრაფოდ გამნამღველები გამოიძახეს, რადგან სათამაშო ავტომობილი საშიში სიურპრიზით აღმოჩნდა - მასში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული...

მაგრამ რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ეს ფეთქებადსაშიში ამანათი უნდა ჩაეტვირთათ იმ სამგზავრო თვითმფრინავში, რომელიც 7 იანვრის საღამოს ასრულებდა კიშინეუ-თბილისის რეისს...

2-nag-1736326371.jpg
X-სკანერში გამოჩნდა, რომ უკრაინიდან თბილისში გასაგზავნ ამანათში მოთავსებულ დისტანციურად მართვად სათამაშო მანქანაში ფარულად იყო ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა...

რა შეიძლება ყოფილიყო დაგეგმილი?

ორი ძირითადი ვერსია:

პირველი - ტერორისტს ან ტერორისტების ჯგუფს დაგეგმილი ჰქონდა დანაღმული სათამაშო მანქანის აფეთქება უშუალოდ კიშინეუ-თბილისის სამგზავრო რეისის შესრულებისას, როდესაც ეს ამანათი განთავსებული იქნებოდა სამგზავრო თვითმფრინავის სატვირთო ნაკვეთურში.

poto-1736326474.png
კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტი, სადაც აღმოაჩინეს საშიში ამანათი თბილისში გამოგზავნამდე...

მეორე - ამანათი ჩამოვიდოდა თბილისში, აეროპორტის საბაჟო ტერმინალის უპრობლემოდ გასვლის შემთხვევაში, მას მიიტანდნენ ადრესატამდე, სადაც უკვე დისტანციურად (სათამაშო ავტომობილის დისტანციურად მართვის მოწყობილობის გამოყენებითაც) განხორციელდებოდა აფეთქება.

მოლდოვის მხარე ჯერ არ ასაჯაროებს, თუ კონკრეტულად ვინ გახლდათ ამანათის ადრესატი საქართველოში, თუმცა ცნობილია,რომ კიშინეუს აეროპორტის საფოსტო ტერმინალში ეს ამანათი უკრაინიდან ჩავიდა...

4-nag-1736326255.jpg
კიშინეუ-თბილისის რეისებს ავიაკომპანია Air Moldova-ს სამგზავრო თვითმფრინავები ასრულებენ - სათამაშო მანქანაში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის უშუალოდ ფრენის დროს ამოქმედება გამოიწვევდა თვითმფრინავის დაზიანებას და შეიძლება - ავიაკატასტროფასაც...

ეს კი იძლევა კიდევ ერთი ვერსიის განხილვის საშუალებას - ომის პირობებში მყოფ უკრაინაში ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების შოვნა-დამზადება დღეს პრობლემას არ წარმოადგენს (ომგამოვლილებს ამის უდიდესი გამოცდილება დაუგროვდათ) და არ არის გამორიცხული, ვინმემ დანაღმა სათამაშო ავტომობილი და საქართველოში კონკრეტულ ადამიანს გამოუგზავნა, სულაც - პირადული დაპირისპირების გამო...

ერთი ეგაა, რომ სათამაშო მანქანა ადრესატამდე მიღწევის შემთხვევაში, შეიძლება ჯერ სულაც ბავშვის ხელში აღმოჩენილიყო...