საბრძოლო ოცეული დაკომპლექტდა - კვირის პალიტრა

საბრძოლო ოცეული დაკომპლექტდა

ვისი იმედი უნდა გვქონდეს ლონდონში?

ქვესათაურში დასმულ კითხვაზე დღესვე შეგვიძლია პასუხის გაცემა, - უმთავრესად თავისუფალი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებისა და ძიუდოისტების. ამის თქმის უფლებას ისტორია გვაძლევს: ბოლო ორ ოლიმპიადაზე მოპოვებული ხუთი ოქროს მედლიდან ოთხი სპორტის ამ სამი სახეობის წარმომადგენლებისაა: ზურაბ ზვიადაურის, ირაკლი ცირეკიძის (ძიუდო), მანუჩარ კვირკველიასი (ბერძნულ-რომაული) და რევაზ მინდორაშვილისა (თავისუფალი).

2004 წელს ათენში ორი ოქრო ავიღეთ (ერთი ძალოსნობაში), ოთხი წლის შემდეგ პეკინში - სამი. თუ ლოგიკის ჯაჭვს გავყვებით, 2012 წელს ლონდონში ოთხჯერ უნდა აჟღერდეს საქართველოს ჰიმნი. თუმცა, მანამდე ერთი თვეა, ოლიმპიადა 27 ივლისს დაიწყება და 12 აგვისტოს დასრულდება. ლიცენზიების გაცემის ვადა ამოიწურა და მოჭიდავეთა ნაკრებები მზადების დასკვნით ფაზას გადიან. თუმცა, ჯერ მაინც არ გარკვეულა, ამა თუ იმ წონით კატეგორიაში ვინ დაიცავს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელს. ის კი ცნობილია, რომ სამივე სახეობის 21 წონიდან 20-ში ჩვენიანი იჭიდავებს. მხოლოდ ბერძენ-რომაელებმა ვერ მოახერხეს 55 კგ-ში ლონდონის საგზურის მოპოვება. ეს მარცხად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან ისინი სრული შემადგენლობით აქამდე ერთხელაც არ წასულან, ისევე როგორც თავისუფალი სტილით მოჭიდავეები. თუმცა, თავისუფლებმა წლეულს პირველად მოახერხეს შვიდივე წონით კატეგორიაში ლიცენზიების მოპოვება.

***

თითო სახეობაზე ცალკე ვთქვათ. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 2011 წლის სექტემბერში მსოფლიოს ჩემპიონატზე იყოჩაღეს და ოთხი საგზური გაიფორმეს: მალხაზ ზარქუა (60 კგ), დავით ხუციშვილი (74 კგ), დავით მარსაგიშვილი (84 კგ) და დავით მოძმანაშვილი (120 კგ). სპორტის ამ სახეობაში დასკვნითი სალიცენზიო ტურნირები გვიან გაზაფხულზე გაიმართა, ჯერ ბულგარეთში, შემდეგ ჩინეთში. ამ ორ შეჯიბრებაზე დარჩენილი სამი ლიცენზია მოვიპოვეთ: ოთარ თუშიშვილმა 66 კგ-ში, გიორგი გოგშელიძემ 96-ში და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა 55 კგ-ში.

დღეს რთული სათქმელია, ვისგან უნდა ველოდოთ უკეთეს შედეგს, რადგან ოლიმპიადა ერთი კონკრეტული შეჯიბრებაა, რომლისთვისაც ყველა სათანადოდ უნდა მოემზადოს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ფიზმომზადება საზღვარგარეთ გაიარეს, ხოლო ამჟამად საქართველოში ვარჯიშობენ.

***

ბერძნულ-რომაულში 55 კგ-ზე უკვე მოგახსენეთ. პირველი ლიცენზია მანუჩარ ცხადაიამ (66 კგ) მოიპოვა. მის გარდა ლონდონში გაემგზავრებიან რეზო ლაშხი (60 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ), ლადო გეგეშიძე (84 კგ), იოსებ ჯაბიძე (96 კგ) და გურამ ფერსელიძე (120 კგ).

როგორც ხედავთ, შემადგენლობაში არ არის 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია. დღევანდელი გუნდი ახალგაზრდულია და ვნახოთ, როგორ გაამართლებს მწვრთნელთა და ჩვენს იმედს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ამჟამად შეკრებას დუშეთში გადიან, თვის ბოლოს გერმანიისკენ აიღებენ გეზს, საიდანაც მინსკში გადაფრინდებიან. ხოლო ოლიმპიადისთვის დასკვნითი შეკრება ბორჯომში იგეგმება.

***

როგორც გითხარით, ლონდონში ძიუდოისტები სრული, შვიდკაციანი შემადგენლობით გაემგზავრებიან. თუმცა, ზოგ წონაში ჯერ გაურკვეველია, კონკრეტულად ვის დაეყრდნობიან მწვრთნელები. ამის მიზეზი ისაა, რომ ლიცენზიას არა კონკრეტული სპორტსმენი, არამედ ფედერაცია იღებს და თუ რომელიმე წონაში რამდენიმე კანდიდატია, მწვრთნელმა უნდა აარჩიოს საუკეთესო. მსოფლიოს რეიტინგში (რომელიც სეზონის შეჯამების შემდეგ მაისში გამოქვეყნდა) 22 საუკეთესოს შორის ერთი ქვეყნიდან ორი ან მეტი ძიუდოისტი თუ მოხვდა, მხოლოდ ამ შემთხვევაშია საჭირო მწვრთნელის გადაწყვეტილება, თორემ, თუ 22-ეულში მხოლოდ ერთია, მას ვერავინ შეცვლის (ტრავმაც რომ მიიღოს).

ასე და ამგვარად, ქართველ ძიუდოისტთა ნაკრებში მხოლოდ სამ წონით კატეგორიაში არაა ცნობილი ოლიმპიადაზე წამსვლელთა ვინაობა: 60 კგ-ში მსოფლიოს რეიტინგის 22 საუკეთესოს შორის არიან ამირან პაპინაშვილი და ბეთქილ შუკვანი; 100 კგ-ში - ლომერ ჟორჟოლიანი და ირაკლი ცირეკიძე; +100 კგ-ში ადამ ოქრუაშვილი და ზვიად ხანჯალიაშვილი.

ჩნდება კითხვა: როდის დაასახელებს მწვრთნელი საბოლოო შემადგენლობას? 7 ივლისს საოლიმპიადო განაცხადების შეტანის ბოლო დღეა. საქართველოს ნაკრები უცხოური შეკრებიდან 4 ივლისს დაბრუნდება. ჰოდა, 4-სა და 7-ს შორის გავიგებთ ძიუდოისტთა საბოლოო შვიდეულს.

დანარჩენ ოთხ წონაზეც დავწეროთ: 66 კგ-ში საქართვლოს ღირსებას ლაშა შავდათუაშვილი დაიცავს, 74 კგ-ში - ნუგზარ ტატალაშვილი, 81 კგ-ში - ავთანდილ ჭრიკიშვილი, ხოლო 90 კგ-ში - ვალერი ლიპარტელიანი.

ძიუდოისტთა ნაკრები სპარინგშეხვედრებს ესპანეთსა და ჩეხეთში გამართავს.

***

20 სპორტსმენისგან ხუთმა მაინც არ უნდა მოიპოვოს ოლიმპიური ოქრო? - შეიძლება ვინმემ ესეც იკითხოს. მაგრამ დღეს ჩინ-მედლებზე ლაპარაკი არ შეიძლება, სამივე ნაკრებში, ძირითადად, ახალგაზრდული შემადგენლობაა თავმოყრილი და ისინი ზედმეტი პასუხისმგებლობით არ უნდა დავტვირთოთ. თითოეული სპორტსმენისგან ნამდვილ ქართულ ჭიდაობას უნდა ველოდოთ.

ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)