როგორ ხვდებიან „რობინზონები“ ახალ წელს ქიზიყში
2024 წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო ფერმერი თავიანთი ფერმერული ისტორიებით გაგაცანით. თუმცა ზურა ქადაგიშვილი მაინც მათ შორის გამორჩეულია. ახალგაზრდა კაცმა ფერმა რეკორდულად მცირე დროში, 7 თვეში გამართა, აამუშავა, კარგი შედეგიც მიიღო და 2025 წელს უკმაყოფილო სულაც არ ხვდება.
- შარშან დეკემბერში განსხვავებული ცხოვრება მქონდა, იყო ჩვეულებრივი თბილისური, გიჟური, ქაოსური ცხოვრება. ვმუშაობდი ჩემი პროფესიით და მივყვებოდი დინებას. 2024 წელს კი, როგორც ცა და დედამიწა, ყველაფერი შეიცვალა.
ფიქრის შემდეგ, წლის დამდეგს, ნელ-ნელა ვაყალიბებდი, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მაინც არ მჯეროდა, რომ ამ ყველაფერს შევძლებდი, რომ გადავდგამდი ამ ნაბიჯს.
ეს წელი ჩემს ცხოვრებაში განსხვავებული ფურცელი აღმოჩნდა. ვარ შრომისგან დაღლილი, მაგრამ სასიამოვნოდ დაღლილი. თავს მეტად კარგად ვგრძნობ. სხვა განცდა ახლა არა მაქვს. როცა რაღაც საკუთარს ქმნი, მეტად სასიამოვნოსთან ერთად, ეს სიამაყის გრძნობასაც გძენს.
- 7 თვის განმავლობაში თქვენი ნამოქმედარი შეაფასეთ. რის გაკეთება შეძელით?
- ჩემს მამულში რამდენიმე თვეში პატარა ინფრასტრუქტურა შევქმენი. დაახლოებით 3500 კილოგრამი ბიოორგანული პამიდორი მოვიყვანე და გავყიდე, გავზარდე 30 ფრთა ქათამი, ასევე ნიფნიფა და ნუფნუფა. თავიდან მათ გაყიდვას არ ვაპირებდი, მაგრამ მერე ამ პროდუქტზე მომხმარებლის აზრი მაინტერესებდა და ღორის ხორცი ამიტომ გავყიდე. კარგი გამოხმაურებაც მოჰყვა, მომხმარებელს მოეწონა. გადაწყვეტილი მაქვს ამ პროდუქტითაც მეტად დავინტერესდე... მყავს ორი ცხენი და ერთი კვიცი, გავზარდე 20 ბოცვერი, პირადი მოხმარებისთვის ბევრი სხვადასხვა ბოსტნეულიც მოვიყვანე - მთელ ზაფხულს ოჯახს ბიონატურალური ბოსტნეული გვქონდა. ჩვენს ნაკვეთზე ასევე ბევრი ჯონჯოლია, პაპა-ბებიის დარგულ-დანატოვარი, რომელიც დავკრიფეთ და ქართული ტრადიციული მეთოდით დავამწნილეთ.
პაპა-ბებიის დატოვებული კაკლის ხეები დავბერტყეთ, კაკალი შევაგროვეთ და დავაბინავეთ, ასევე სხვადასხვა ხილი, მათ შორის, შინდი, რომლისგანაც კომპოტები გავაკეთეთ. მწვანე პამიდორი მწნილად ჩავდეთ და ნაწილი გავყიდეთ. პროდუქტების მოყვანა-დამუშავებისა და გაყიდვის გარდა, ექვსი ქვეყნიდან სტუმრები მივიღეთ.
- რადგან შექმენით კემპინგის სერვისიც.
- კი, მოეწონათ გარემო. აქ საოცარი ბუნებაა, ზღვის დონიდან მაღლა ვართ, სიგრილეა, ზაფხულში დასასვენებლად კომფორტული ადგილია. გვაქვს ასევე ცხენისა და კვადროციკლის ტურები (კვადროციკლს ვქირაობთ) და ეს ორი სერვისიც გაიყიდა - ტურისტებმა შეიძინეს. ვუმასპინძლე ორ ექსკურსიასა და ორ სხვადასხვა ადგილობრივ ღონისძიებას.
- ეს ყველაფერი ასე რეკორდულ დროში როგორ შეძელით?
- რა თქმა უნდა, ყველაფერი დავგეგმე, რა, როგორ და რის მერე უნდა გამეკეთებინა, მაგრამ რაც მთავარია, ჩემი პროფესია ძალიან დამეხმარა. ასევე რამდენიმე ელემენტი, რომელიც დავიცავი - დროის სწორად დაგეგმარება, ფიზიკური ძალის სწორად გადანაწილება, სრულფასოვანი ძილი - ეს ფორმულები იყო ყველაზე მთავარი.
- ალბათ, შეცდომებიც იქნებოდა.
- კი, იყო და უმეტესად ბოსტნეულის მოყვანაში, მეტ მოსავლიანობას ველოდებოდი. უბრალოდ, რაღაცები ვერ გავითვალისწინე,
გამოუცდელობის გამო დროულად ვერ შევნიშნე, თან ამა თუ იმ სოციალურ გვერდს მივმართავდი, ინტერნეტს, ფერმერებს აზრს ვეკითხებოდი. ამ დროს ყოველთვის არის ხოლმე განსხვავებული აზრები, ერთი გეუბნება, მარცხნივო, მეორე - მარჯვნივო.
ბოსტნეულს ასეთი რაღაცები არ უყვარს. შეცდომებიც ამის გამო დავუშვი, თუმცა მომდევნო წელს ყველაფერს გამოვასწორებ, უკვე ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო. ყველაზე დიდი მასწავლებელი პრაქტიკა, დრო და რეალობაა. ამ შეცდომებს აღმოვფხვრი. სამაგიეროდ, ცხოველებისა და ფრინველების მოვლა ნაკლებად გამიჭირდა, ბოსტნეულის მოვლა უფრო სათუთი საქმე ყოფილა.
- რა ემოციაა, როდესაც ბებოსა და პაპის საკარმიდამო ნაკვეთზე, მათ დანატოვარ მამულში, სადაც ისინი შრომობდნენ, ჩანაფიქრს ასხამ ხორცს?
- მოკლედ გიპასუხებთ - ძალიან ხშირად, მუშაობისას, თვალზე ცრემლი მადგებოდა.
- ამჟამად რა ხდება?
- პამიდვრისგან მიწის ნაკვეთი რომ გავათავისუფლე, ხელახლა დავამუშავე და ისპანახი დავთესე, ცოტა დამიგვიანდა, მაგრამ მთლად ჩემი ბრალიც არ იყო. ზღვის დონიდან მაღლა ვართ, პამიდორიც გვიან მოდის და გვიან ილევა, ამიტომ მიწა ოქტომბრის ბოლოს გათავისუფლდა. ბევრმა მითხრა, მათ შორის გამოცდილმა აგრონომებმა, რისკი მაღალიაო, რადგან ტემპერატურა ძალიან დაეცა, მაგრამ გავრისკე. ისპანახი სიცივეს უძლებს, გაღივების პერიოდში მიწაში დაბალი ტემპერატურა არ უნდა დაემთხვეს. რადგან თავი უკვე ამოყო, ახლა შემდგომ პროცესებს დაველოდები, რა როგორ იქნება.
მიწის ნაკვეთის დამუშავება წელიწადში ორჯერაა შესაძლებელი და მინდა ორჯერვე მივიღო სარგებელი.
ყველაფერი შესაძლებელია, მთავარი მონდომებაა. მომავალ წელსაც ჩემს მეურნეობაში საქმიანობა იმ თანამიმდევრობით წარიმართება, რაც გამოცდილებამ მასწავლა.
- ანუ 2024 წლით კმაყოფილი ხართ.
- დიახ, ძალიან კმაყოფილი ვარ და, რა თქმა უნდა, არ გავჩერდები, საქმეს გავაფართოებ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 7 თვის განმავლობაში ჩემს ბიზნესს საძირკველი ნამდვილად ჩაეყარა.
- გამოცდილებამ რა აჩვენა?
- საქმის გაგრძელების სურვილი გამიჩინა. ასე ვთქვათ, საძირკველი ჩაყრილია და ბეტონიც გამშრალია. იმას ვგულისხმობ, რომ კლიენტების ნდობა ჩვენი ბრენდის მიმართ უკვე გაჩენილია. უკვე მყავს ჩემი ბოსტნეულით დაინტერესებული ერთგული მომხმარებელი, ინტერესია სხვადასხვა სერვისის მიმართაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მთავარია მეტი მონდომება და უკვე ბევრი რამ შედარებით სწრაფად და მარტივად წავა წინ. მთავარია, წარმატებულად გავიარე რთული პერიოდი.
- თბილისიდან წამოსვლისა და შემდეგ ამ ტრიალ ნაკვეთზე დასახლებულმა საკუთარ თავს "რობინზონ კრუზო" უწოდეთ. ახალი წლის შეხვედრას "რობინზონი" სად აპირებს?
- ცხადია, ჩემს მამულში, რაც ძალიან სასიამოვნო იქნება. აქაურობა ხომ ჩემი წარმატების ათვლის წერტილია. აქ შევხვდებით მე და ჩემი ოჯახი ახალ წელს ჩვენი პატარა ნობათით, რაც ამ ტერიტორიამ მოგვცა.
- რა იქნება 2025 წელს თქვენი პირველი სადღეგრძელო თქვენი ხელით აშენებულ იმ 9 კვადრატულ მეტრ ოთახში გაშლილ სუფრასთან?
- ცოტა ეგოისტურად უნდა ვთქვა - ჩემი ეკოქიზიყის სადღეგრძელოს დავლევ.
- საახალწლოდ ჩვენს მკითხველს, ფერმერებს, საქართველოს მოსახლეობას რას უსურვებთ?
- არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მშვიდობას როგორც ქვეყანაში, ასევე ოჯახებში, ბიზნესში. ყველა ჩანაფიქრი, რაც აქვთ, ასრულებოდეთ. ეს მარტივი არ არის, მაგრამ უნდა მოვინდომოთ, გვქონდეს ყველას მეურნეობის, ბიზნესის განვითარების საშუალება. მშვიდობა, ჯანმრთელობა და მიზნის ასრულება - ეს სამი რამ არის მთავარი.