გვახსოვდეს - ნაზი შამანაური! - კვირის პალიტრა

გვახსოვდეს - ნაზი შამანაური!

1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში ტრადიციულად ვაჟაობა აღინიშნებოდა. ჟურნალისტმა ნაზი შამანაურმა სიტყვა ითხოვა, მაგრამ ნება არ მისცეს. მაშინ მან საზოგადოებას მიმართა, მომეცით საშუალება, გადმოგცეთ, რა უჭირს ან რა ულხინს ვაჟას სამშობლო კუთხეს, მთიელ ხალხს: გუდამაყრის, მთიულეთის, ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობას. ვაჟასადმი პატივისცემა მარტო ვაჟაობაზე შეკრებით, გულზე მჯიღის ცემითა და პატრიოტული ლექსებით ხომ არ გამოიხატებაო. ამის თქმა იყო და რაიკომის მდივნის მითითებით ნაზიც და დედამისიც სარა ინაშვილი მილიციამ დააპატიმრა. ნაზის ჩამოართვეს 77-გვერდიანი ნარკვევი, რომელიც ფაქტობრივად იყო ჟურნალისტური გამოძიება დუშეთის რაიონში მომხდარ ბოროტმოქმედებათა, რომელთა უკან ამ რაიონის მესვეურები იდგნენ. ნარკვვს საფუძვლიანად გაეცნენ რაიკომის მდივანიცა და ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელებიც და დედა-შვილს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში "მკურნალობა" მიუსაჯეს. შამანაურმა პროტესტის ნიშნად 70 დღე იშიმშილა. მედპერსონალი მისი შიმშილობის შეწყვეტას იმით ცდილობდა, რომ "ლანცეტს სასამდე აჭერდნენ, კოვზს ბურღივით უტრიალებდნენ ხახაში ზეწრებით შეკოჭილს" (ამას ნაზის დღიურებში ვკითხულობთ). ბოლოს სასიკვდილოდ სცემეს და თავის ქალის მძიმე ტრავმით 1983 წლის 6 იანვარს მე-9 საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ერთ კვირაში გარდაიცვალა.

ნაზის მეგობარი, ბელა წვერაძე, იგონებს: "ის ებრძოდა ყოველივეს, რაც უსამართლოდ მიაჩნდა. იცავდა ჩაგრულს, ღარიბს, უპატრონოს, მოხუცს. მან საზოგადოება დაყო ორ ნაწილად: მომხვეჭელები, ქურდები, ავაზაკები და პატიოსანი ჩაგრულები. ნაზიკომ უკან დახევა არ იცოდა, მაგრამ სიმართლის დამტკიცება იმ დროს თითქმის შეუძლებელი იყო".

ცნობილია, რომ ნაზი შამანაური დისიდენტი არ ყოფილა. ის სოციალისტურ ხელისუფლებას კი არ ებრძოდა, არამედ ამ ხელისუფლების თითქმის ყველა რგოლში მოკალათებულ პირებს, ათასგვარი ბოროტებისა და უმსგავსობის ჩამდენთ.

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ნაზი შამანაური დღიურებს წერდა. საბედნიეროდ ამ დღიურებმა დღის სინათლე იხილა. ეს ერთი პატარა ნაწყვეტიც მისი ჩანაწერებიდან ნათელყოფს ნაზის პიროვნულ სიმაღლეს: "რას მთხოვენ? – უარვყო ჩემი პიროვნება? ეს არ მოხდება. ამქვეყნად არსებობს დიდი ზნეობრივი ფასეულობანი - ეს არის ხალხისა და ჩემი სამშობლოს სიყვარული, რასაც არც ერთ შემთხვევაში არ ეღალატების. სულიერად დაავადებულები არა ვართ... რისთვის გვთხოვენ ხელწერილს, თუ გიჟები ვართ? მე მთავრობას არ ვუჩივი. მე ვუჩივი უსამართლობას, უკანონობას... მე ვთქვი სამშობლოს ზრდისა და ამაღლების საჭირო სიტყვა, რომელიც დღეს საზოგადოებას აღელვებს".

ვერავინ დარჩება გულგრილი ამ დღიურების მიმართ. გაუგონარი სადიზმი, ცინიზმი მედპერსონალისა და თან ყოვლის დამთრგუნავი გულახდილობაც, რომლითაც ლამობენ დედა-შვილს გული გაუხეთქონ: "ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ასეთია ზევიდან ბრძანება. თქვენ საშიშ პიროვნებებად ხართ მიჩნეულნი და თქვენ არავინ გაგათავისუფლებთ. თქვენისთანები აქ წლობით არიან".

ნაზი შამანაურმა ჯერ უცხო ენათა ინსტიტუტში (ფრანგული ენის განხრით), შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა. მუშაობდა გაზეთ "სამშობლოში". მისი სტატიები და თარგმანები თითქმის ყველა გაზეთში იბეჭდებოდა. მისი ნარკვევების გმირები იყვნენ მერაბ ბერძენიშვილი, რევაზ ლაღიძე, მცხეთელი მინდია – მამულაშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, უწმინდესი და უნეტარესი ეფრემ II, მრავალშვილიანი დედა თუ საჭრეთლის ოსტატი. მე მაშინ "ნორჩი ლენინელის" რედაქციაში ვმუშაობდი. ჩვენიც ხშირი სტუმარი გახლდათ. ისეთი მოკრძალებული იყო, გაგიჭირდებოდა, დაგეჯერებინა, რომ ბრძოლა შეეძლო. მისმა ერთმა სტატიამ "ჭირმა თავი მალა, მაგრამ", რომელიც გაზეთ "სოფლის ცხოვრებაში" გამოქვეყნდა, ისიც შემოკლებით, შეცვალა დამოკიდებულება რედაქტორებისა ნაზის მიმართ.

1991 წელს შოთა ჭინჭარაულმა გამოსცა წიგნი ნაზი შამანაურზე სათაურით "ჩემი სიმართლე ჩემი მტერია". მასში რამდენიმე პირადი წერილია დაბეჭდილი. მათ შორის ჩვენი რედაქტორისთვისაც დატოვებული, რომელიც ასე მთავრდება: "ყველას და ყველას. როგორ მიხარია, თქვენკენ რომ მოვიჩქარი. თქვენ სხვანაირი სითბო გაქვთ ჩემთვის გადანახული. მენატრებით. სულ მუდამ ბედნიერება, ზღვა სიხარული დაგეკვებოთ". ამავე წერილში რედაქციის ყველა მუშაკს მის მიერ შერქმეული სახელით გვიხსენებს: "ნათელა – ფაქიზო სამყაროვ, მზია – თეთრო ნისლო, მედეა - ფიფქო, მარიკა (მე) – ლამაზო კრუხო! შვილებო, მოდით, ასე; დაიხსომეთ ცხოვრებაში ათასი მზაკვარია". სწორედ მზაკვრებმა შეიწირეს ეს უმშვენიერესი სულის ნიჭიერი ჟურნალისტი, ჩვენ ვერაფერი ვუშველეთ. საზოგადოების ძალისხმევას მხოლოდ ის მოჰყვა, რომ ნაზის დედა, რომელიც შვილის დასატირებლადაც კი არ გამოუშვეს, გაათავისუფლეს "ექიმ-ჯალათებისგან" (როგორც ზვიად გამსახურდიამ უწოდა მაშინ ფსიქიატრიული სააავადმყოფოს მედპერსონალს).

ნაზი შამანაურმა მოახერხა და ვრცელი წერილი გაუგზავნა საავადმყოფოდან პოეტებს – ირაკლი აბაშიძესა და ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელშიც სულისშემძვრელად არის აღწერილი მისი მწარე თავგადასავალი. იგი ამგვარად მთავრდება: "სულერთია, რაც არ უნდა ფარონ მავან და მავანმა პირებმა, სატკივარი არ დაიფარება. რადგან ასეთი სატკივარი "გვაჟრჟოლებს და ტანში გვზარავს"... საჭიროა ერთიანი ძალა საქართველოს და ქართველი ხალხის გადასარჩენად. ამას მოითხოვს საქართველოს ერთიანი, მღვიძარე სული... სიცოცხლის არსი და დანიშნულება თანამდებობაში როდია! ხალხი პატარაა, მაგრამ ქვეყანას თვალწარმტაცი სიმწვანით მოსავს. მაშ, რაშია ადამიანის ამქვეყნიური დანიშნულება, თუ არა სამშობლოს სამსახურში!.."

ეს სიტყვები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ქვეყანას მუდამ სჭირდება და, რაკი სჭირდება, ებადებიან კიდეც ნაზი შამანაურის მსგავსი ადამიანები.