როგორ არიეს ტრამპმა და ილონ მასკმა ისედაც შეშლილი მსოფლიო - "დიდი დონალდის" "შეტევა" კანადაზე, გრენლანდიაზე და პანამაზე
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია BBC-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „შანსი არ არსებობს“: რას ფიქრობენ კანადაში, დანიასა და პანამაში დონალდ ტრამპის ტერიტორიულ პრეტენზიებზე?“ პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლებიც მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებს ეხება და ის რეაქციები, რომლებიც დონალდ ტრამპის განცხადებებმა გამოიწვია კონკრეტული ქვეყნების მთავრობებში.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, რომელიც ორი კვირის შემდეგ ისევ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი, ბოლო დღეებში რამდენიმე განცხადება გააკეთა ტერიტორიულ პრეტენზიებზე რამდენიმე ქვეყნის მიმართ: კანადას მან შესთავაზა, რომ აშშ-ის 51-ე შტატად გადაიქცეს (უკვე მერამდენედ!), დანიას მოსთხოვა (უკვე მეორედ!) – „გრენლანდია უნდა მომყიდოო“, ხოლო პანამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იგი უკვე მოლაპარაკებას აწარმოებს ქვეყნის ხელისუფლებასთან, პანამის არხის დაბრუნების მიზნით.
ზოგიერთი პრეტენზია ახალი არ არის და მათ დონალდ ტრამპი ადრეც აჟღერებდა, მაგრამ რეაქცია აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის განცხადებების მიმართ უკიდურესად მკვეთრი აღმოჩნდა. დონალდ ტრამპმა უკრაინის ნატოში გაწევრების საკითხზეც და რუსეთთან ომზეც გამოხატა თავისი პოზიცია, რაც ძალიან განსხვავდება ჯო ბაიდენისა და ევროკავშირის ლიდერების ნათქვამებისაგან.
კანადა: „51-ე შტატად? შანსი არ არის“
„ბევრ კანადელს სურს, რომ მათი ქვეყანა აშშ-ის 51-ე შტატი გახდეს... ჩვენ მეტად ვეღარ მოვითმენთ უდიდეს სავაჭრო დეფიციტს კანადასთან და აღარ გავაგრძელებთ სუბსიდიების მიცემას იმისათვის, რომ კანადამ იტივტივოს და არ ჩაიძიროს. პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ ყველაფერი კარგად იცის და ამიტომ გადადგომა სურს“, - დაწერა დონალდ ტრამპმა ექვს იანვარს თავის სოციალურ ქსელში - Truth-ში. პოსტი მას შემდეგ გამოჩნდა ქსელში, როცა კანადის პრემიერ-მინისტრმა გადადგომა გამოაცხადა.
დონალდ ტრამპის აზრით, ამერიკელებს კანადელებთან ერთად ისეთი დიდი ქვეყნის შექმნა შეუძლიათ, სადაც გადასახადები შემცირდება, სავაჭრო ტარიფები გაუქმდება, ხოლო ორივე ქვეყანა - უფრო სწორად, გაერთიანებული სახელმწიფო - სრულიად დაცული იქნება რუსული და ჩინური სამხედრო გემებისაგან. და თუ კანადა უარს იტყვის აშშ-ში შტატის სტატუსით გაერთიანებაზე, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამ ქვეყნიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 25%-იან ტარიფებს დააწესებს - ინაუგურაციიდან პირველივე დღეს.
ჯასტინ ტრიუდომ, რომელიც ჯერჯერობით კანადის პრემიერ-მინისტრად რჩება, ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე, დონალდ ტრამპს უპასუხა: „შანსი არ არსებობს იმისა, რომ კანადა აშშ-ის ნაწილი გახდება“ და დაამატა, რომ ორ ქვეყანას შორის ისედაც ღრმა და მჭიდრო პარტნიორობა არსებობს ვაჭრობაში და უსაფრთხოების სფეროებშიო.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჟოლიმ აღნიშნა „იქს-ქსელში“, რომ დონალდ ტრამპი სრულიად ვერ აცნობიერებს კანადის ძლიერებას და ვერ ხვდება, თუ რატომ არის კანადა ძლიერი სახელმწიფო“. „ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა განვითარებულია. კანადელები ძლიერი ხალხი ვართ. ჩვენ მუქარების გამო არასოდეს დავიხევთ უკან“, - დაწერა მინისტრმა.
ჯასტინ ტრიუდოს რეპლიკაზე უკიდურესად მკვეთრი კომენტარი დატოვა ილონ მასკმა, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იქნება. „გოგონა, შენ უკვე კანადის გუბერნატორი აღარ ხარ, ამიტომ შენი აზრი არაფერს ცვლის“, - დამცინავად დაწერა ილონ მასკმა. სხვათა შორის, ჯასტინ ტრიუდოს „კანადის გუბერნატორს“ უწოდებდა დონლდ ტრამპიც - მას მხედველობაში ჰქონდა გუბერნატორის თანამდებობა, რომელსაც აშშ-ის ცალკეული შტატების ხელმძღვანელები იკავებენ.
დანია: „გრენლანდიას გასაყიდად არ გავიტანთ“
დონალდ ტრამპის კიდევ ერთი ტერიტორიული პრეტენზიის ობიექტია მსოფლიოში უდიდესი კუნძული გრენლანდია, რომელიც ამჟამად დანიის შემადგენლობაშია, ავტონომიის სტატუსით. შობის დღესასწაულის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიის დაუფლება და გაკონტროლება აშშ-ისათვის უკიდურესად და აბსოლუტურად აუცილებელია“.
„გრენლანდია ჩვენი კუნძულია და მის გაყიდვას არასოდეს ვაპირებთ. ჩვენ არ უნდა წავაგოთ თავისუფლებისათვის ხანგრძლივი ბრძოლა“, - უპასუხა დონალდ ტრამპს მუტე ეგედემ, გრენლანდიის ავტონომიის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა.
დანიამ, რომლის შემადგენლობაშიც გრენლანდია შედის, ტრამპის განცხადების შემდეგ კუნძულის თავდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაზარდა.
დანიის მეფე ფრედერიკ მეათემ თავის საახალწლო მიმართვაში მოსახლეობისადმი განაცხადა, რომ დანიის სამეფოსა და გრენლანდიის ერთობა მტკიცეა და რომ „ჩვენ ბედმა ერთად ცხოვრება გვარგუნა“. გარდა ამისა, მეფის 6 იანვრის ბრძანებით, უნდა შეიცვალოს დანიის სამეფოს სახელმწიფო გერბი, რათა გრენლანდიისა და ფარერის კუნძულების ჰერალდიკური სიმბოლოები - დათვი და ცხვარი მასზე უფრო დიდად და შესამჩნევად უნდა იყოს გამოსახული.
დონალდ ტრამპის განცხადება გავრცელდა მისი ვაჟის, დონალდ ტრამპი-უმცროსის გრენლანდიაში ყოფნის ფონზე: სამშაბათს, 7 იანვარს უმცროსი დონალდი ავტონომიის დედაქალაქ ნუუკში პირადი თვითმფრინავით ჩაფრინდა. მისი თქმით, ვიზიტს კერძო ხასიათი აქვს და მას დაგეგმილი არ აქვს გრენლანდიის ოფიციალურ პირებთან შეხვედრა.
თუმცა მეორე დღეს მამამისმა კვლავ გაიმეორა ადრე გაჟღერებული სურვილი გრენლანდიის და პანამის არხის აშშ-ის კონტროლქვეშ გადასვლის თაობაზე და უარი განაცხადა იმის გამორიცხვაზე, რომ ამას სამხედრო გზით გააკეთებს.
„მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: ჩვენ გრენლანდია და პანამის არხი ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის გვჭირდება“, - თქვა არჩეულმა პრეზიდენტმა თავის ფლორიდის რეზიდენცია „მარა-ლაგოში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, - "მე არ შემიძლია ჩემს თავზე ავიღო იმის პასუხისმგებლობა, რომ სამხედრო მოქმედებას არ განვახორციელებ. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ჩვენ რაღაც მსგავსის გაკეთებამ მოგვიწიოს“.
დონალდ ტრამპის ახალ მუქარებს გამოეხმაურნენ უკვე დანიის ფარგლებს გარეთაც. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ მას პირადად არ სჯერა, რომ ამერიკა სერიოზულად ფიქრობს გრენლანდიაში შეჭრას, თუმცა ევროკავშირი თავს არავის დააჩაგვრინებს და მას ვერავინ შეაშინებს. „თუ საკითხს ასე დავაყენებთ - ვთქვათ, ხომ არ დაბრუნდა დრო, როცა გადარჩენას მხოლოდ ძლიერები და შეგუებულები ახერხებდნენ? -მე ასე ვიტყვი: „დიახ, დაბრუნდა“, - ხაზი გაუსვა ჟან-ნოელ ბარომ.
სხვათა შორის, დონალდ ტრამპმა გრენლანდიის დასაკუთრების განზრახვა ჯერ კიდევ 2019 წელს გამოამჟღავნა. გრენლანდიის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა კიმ კილსენმა უპასუხა, რომ „გრენლანდია არ იყიდება“, ხოლო დანიის პრემიერმა-ქალმა მეტე ფრედერიკსონმა აშშ-ის პრეზიდენტის წინადადება აბსურდულად ჩათვალა. სამაგიეროდ, დონალდ ტრამპმა მეტე ფრედერიკსონს „საზიზღარი“ უწოდა და კოპენჰაგენში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
გრენლანდია ჩრდილოეთ ამერიკიდან ევროპისაკენ უმოკლეს გზაზე მდებარეობს, რაც აშშ-ისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. კუნძულზე აღმოჩენილია ნავთობისა და სხვა წიაღისეულის საბადოები, იქვე განლაგებულია აშშ-ის კოსმოსური ბაზა „პაიტუფიკი“.
საერთოდ, გრენლანდიის გაყიდვის (ყიდვის) იდეა ახალი არ არის. პირველად ეს საკითხი აშშ-ის მე-17 პრეზიდენტმა - ენდრიუ ჯონსონმა დააყენა, 1860-იან წლებში.
პანამა: „არხის ყოველი მეტრი პანამას ეკუთვნის“
დონალდ ტრამპის მესამე პრეტენზია ეხება პანამის არხის - მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი სანაოსნო არტერიის კონტროლს, რომელიც წყნარ და ატლანტის ოკეანეებს ერთმანეთთან აკავშირებს. 1903 წლიდან 1999 წლამდე არხს აშშ აკონტროლებდა, ამჯამად კი იგი პანამის სახელმწიფოს ეკუთვნის.
21 დეკემბერს დონალდ ტრამპმა პანამა იმაში დაადანაშაულა, რომ ამერიკის გემებს არხში გავლისას ძალიან მაღალ ტარიფს ახდევინებსო და ამიტომ დაიმუქრა, რომ არხს ისევ აშშ-ის კონტროლქვეშ დააბრუნებდა. არჩეული პრეზიდენტი თვლის, რომ არხი გადამწყვეტ როლს ასრულებს აშშ-ის ეკონომიკისა და ეროვნული უსაფრთხოებისათვის, ამიტომ არ შეიძლება იმის დაშვება, რომ არხი საეჭვო ქვეყნებს ჩაუვარდეთ ხელში, ვთქვათ - ჩინეთს.
ამის საპასუხოდ პანამის პრეზიდენტმა ხოსე რაულ მულინომ განაცხადა, რომ „პანამის არხის ყოველი კვადრატული მეტრი და მის გასწვრივ მდებარე ტერიტორია პანამას სამუდამოდ ეკუთვნის - აწ და მარადის“, ჩინეთი არხს ვერ გააკონტროლებს და საერთოდ, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია პანამის სახელმწიფოს თავაზიანად უნდა მოეპყრას.
დონალდ ტრამპს თავისი პანამელი კოლეგის შენიშვნა აინუნშიც არ ჩაუგდია და გამოაქვეყნა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სურათი აშშ-ის დროშით და წარწერით: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აშშ-სთან შეერთებულ არხში“. 7 იანვარს კი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არხის სტატუსის საკითხზე უკვე მოლაპარაკებას აწარმოებს პანამის ხელისუფლებასთან. თავის მხრივ, პანამის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან არანაირი კონტაქტები არ ჰქონია. მინისტრის - ჰავიერ ვასკესის თქმით, არხის საკითხი არავისთან არ განიხილება და „ის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისათვის ბრძოლის ნაწილად ითვლება“.
დონალდ ტრამპი: „უკრაინა ნატოს წევრი არ გახდება, ეს ქვაზეა ამოტვიფრული“
ტერიტორიულ პრეტენზიებთან ერთად დონალდ ტრამპმა აზრი გამოთქვა უკრაინა-რუსეთის ომზე და ნატოზე. არჩეული პრეზიდენტის თქმით, მას კარგად ესმის რუსეთის გრძნობები ნატოს გაფართოებასთან და ალიანსში უკრაინის პოტენციურ წევრობასთან დაკავშირებით
„პრობლემის დიდ ნაწილი ის არის, რომ რუსეთი პუტინამდეც, დიდი ხნის წინ, მრავალი წლის განმავლობაში ამბობდა - უკრაინას თავი დაანებეთ, ნატო უკრაინაში არ უნდა იყოს. ეს ნათქვამი ქვაზე ამოტვიფრულივითაა. ჯო ბაიდენი კი თავისას არ იშლიდა - არა, უკრაინას ნატოს წევრობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდესო. წარმოიდგინეთ, როგორი რეაგირება ექნება რუსეთს, როცა მის ზღურბლზე ნატოს წევრი უკრაინაა... მე შემიძლია რუსების გრძნობების გაგება, ამასთან დაკავშირებით“, - თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, ვლადიმერ პუტინს ინაუგურაციის შემდეგ შეხვდება და უკრაინასთან ომში ზავი ექვს თვეში ან უფრო ადრეც დაიდება.
დონალდ ტრამპს არ გახსენებია ის, რომ არჩევნებამდე ომის დასრულებას 24 საათში აპირებდა.
მოამზადა სიმონ კილაძემ