რას გეგმავს სალომე ზურაბიშვილი?! - "მას აქვს შანსი ოპოზიციის გამაერთიანებელი იყოს, მაგრამ..."
გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ დავით ზურაბიშვილის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 6 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა.
- ამ წინააღმდეგობის მოძრაობაში თუ რამე პრობლემაა, ის არის, რომ არ არსებობს ისეთი მასშტაბის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც პროტესტს სათავეში ჩაუდგება. ყველა ოპოზიციური პარტია არაპოპულარულია, რაც არჩევნების შემდეგ უფრო გაძლიერდა. აუცილებელია ახალი ძალის გამოჩენა, ოღონდ არ არის აუცილებელი შემადგენლობა იყოს ახალი. რაღაც ტიპის კონფიგურაციაა საჭირო.
გამოსავალი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიას ან რაიმე ტიპის მოძრაობას ჩამოაყალიბებს. ის არის ახლა ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოებაც აღიარებს და გარე ლეგიტიმაციაც აქვს.
არ ვიცი, რამდენად შეძლებს ამას, თუმცა შანსი აქვს. სხვა ლიდერი, რომელიც საპროტესტო მუხტის გაერთიანებასა და ერთ კალაპოტში მოქცევას შეძლებს, არ ჩანს.
- აქციის მონაწილეების ნაწილის აზრით, სალომე ზურაბიშვილი ყალბ მოლოდინს ქმნის. პირველად ეს მოსაზრება მაშინ გავრცელდა, როდესაც განაცხადა, რომ აქციაზე განცხადებას გააკეთებდა, მაგრამ არსებითად ახალი არაფერი უთქვამს. მეორე, მოლოდინი გაჩნდა 29 დეკემბერს, იმ დღესაც ხალხის ნაწილი მისგან უფრო პრინციპულ ნაბიჯს ელოდა...
- ვფიქრობ, საპროტესტო ელექტორატის ნაწილს ძალიან დიდი გართულება აქვს ლეგიტიმაციის თემაზე. არადა, ეს საკითხი გარკვეულია, ლეგიტიმაცია არა აქვს ხელისუფლებას და აქვს სალომე ზურაბიშვილს. ამაზე ზედმეტი აქცენტირება, სამართლებრივი ჩაკირკიტება აღარ არის საჭირო. ახლა აქცენტი ისეთი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებაზე უნდა იყოს, რომელიც დასავლეთისთვის ალტერნატივა იქნება. ვფიქრობ, დასავლეთი "ქართული ოცნების" საპირწონეს ჯერ ვერ ხედავს.
არის ოთხი ბარიერგადალახული პარტია, რომლებიც პროცესშიც მონაწილეობენ, მაგრამ პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან. ახლა ალტერნატივაა გამოსაკვეთი და სულაც არ არის მნიშვნელოვანი ზურაბიშვილი სასახლეში დარჩებოდა თუ არა, ან პრეზიდენტს დავუძახებთ თუ არა ყაველაშვილს. ალტერნატიული პოლიტიკური ძალა ამ პროტესტის მასშტაბს უფრო გაზრდის.
არის ხალხი, რომელსაც სურს დაინახოს კონკრეტული ალტერნატივა, თუ ბიძინა არა, მაშინ ვინ? ასეთი ვითარება იყო 90-იან წლებში, როდესაც ამბობდნენ, არ გვინდა ზვიადიო, მაშინ ვინ გინდათო, ისმოდა კითხვა, პასუხი კი არ იყო. მერე რაც მოხდა, გახსოვთ...
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ალტერნატივა. თუ ალტერნატივა არ მოიძებნა, დასავლეთსაც გაუჭირდება მკაცრი ნაბიჯების გადადგმა, ვიღაცასთან ხომ უნდა ილაპარაკოს. პოლიტიკური ურთიერთობები ვერ ჩაკვდება, არჩევნებიც ხომ უნდა ჩაატაროს ვინმემ. დავუშვათ, გადადგა კობახიძე და დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები. არ მივიღოთ მონაწილეობა? ბოლოს და ბოლოს, საბჭოთა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა "მრგვალმა მაგიდამ", შეიცვალა ხელისუფლება და ასე გამოცხადდა დამოუკიდებლობა.
- პოლიტიკური ალტერნატივა შეიძლება თუ არა იყოს კოალიციური მთავრობა?
- კი, მაგრამ სად არის? კი ამბობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, გთავაზობთ პოლიტიკურ მთავრობასო, მაგრამ სინამდვილეში არ გვთავაზობენ. ასე რომ იყოს, ოპოზიციას უკვე წარმოდგენილი უნდა ჰყავდეს კონკრეტული პირები, რომლებიც ამ მთავრობას შეადგენენ. სხვათა შორის,
ზურაბიშვილს ჰქონდა ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეა, მისი ინიციატივა იყო, დაესახელებინათ პრემიერი და მინისტრები, რომლებიც მოამზადებდნენ არჩევნებს. ეს სწორი იყო, მაგრამ მაშინ ოპოზიციამ არ გაიზიარა და ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო იმისა, რომ არჩევნებში უკეთესი შედეგი ვერ მიიღეს.
არ ვამბობ, რომ არჩევნები არ გაყალბდა, მაგრამ ოპოზიციას გამოკვეთილი ალტერნატიული ძალა რომ ჰქონოდა წინასაარჩევნო პერიოდში, აღარ იქნებოდა მიშა სააკაშვილის დაბრუნებაზე საუბარი. როდესაც ალტერნატივაზე საუბრობ, კონკრეტულ პერსონებში უნდა იყოს გამოხატული.
- საზოგადოების ნაწილში გაჩნდა ეჭვი, რომ ოპოზიცია გარიგდა ხელისუფლებასთან.
- ეს ლოგიკურიც არის, როდესაც ხალხს არაფერს სთავაზობ, ეჭვი უჩნდება...
- გაითვალისწინებს ოპოზიცია შეცდომებს?
- მეეჭვება, იმ ოთხმა პარტიამ შეთანხმება შეძლოს, მათი გამაერთიანებელი შეიძლება სალომე ზურაბიშვილი იყოს. ახლა მხოლოდ მას აქვს შანსი ლიდერიც თავად იყოს და პოლიტიკური მოთამაშეებიც თავად შეარჩიოს. სხვა პერსონა, რომელსაც საპროტესტო აქციის მონაწილეების მხარდაჭერა ექნება, ჯერ არ ჩანს.