"მეც ვიღლები, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მეტყობა, როცა სახლის კარს დავკეტავ..." - ნანუკა ქაჯაია ოჯახსა და პროფესიაზე
ახალ წელსაც რუსთაველზე შეხვდა... მუშაობდა... მუშაობა მისთვის უცხო არ არის, მაგრამ სხვა დროს ახალი წლის ღამეს არ უმუშავია და არც გარეთ შეხვედრია. ამიტომ ეს ყველაზე განსხვავებული ახალი წელი იყო მის ცხოვრებაში... ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე იმ დღეს რაღაც ახალი ძალა, ენერგია და სულ სხვა მუხტი იგრძნობოდა.
"ტვ პირველის" ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას მიაჩნია, "ეს მუხტი იმის განცდას ქმნის, რომ ყველაფერი ისე გამოვა, როგორც ჩვენ გვინდა... ადამიანები ქუჩაში მხოლოდ ახალი წლის შესახვედრად არ იდგნენ, იდგნენ ერთმანეთის მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად. მქონდა განცდა, რომ აქციაზე დგომით იმ მიზნის ერთგულებასაც ვაჩვენებდით ყველა ერთად, რომლისთვის თვეზე მეტია, ვიბრძვით".

ნანუკა ქაჯაია ის რეპორტიორია, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მუშაობისას თითქმის არ იღლება. სად და როგორ პოულობს ამხელა ენერგიას, როდის ისვენებს, როგორ აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და როგორია მისი ემოციები, ამაზე AMBEBI.GE-სთვის მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ. - როგორც გავარკვიეთ, სხვა დროს, ახალი წლის ღამეს არ გიმუშავია. საერთოდ როგორი საახალწლო ტრადიცია გაქვს?
- ჩვენს ოჯახში ასეთი ტრადიციაა - ახალ წელს სახლში უნდა შევხვდეთ - მე, დედა და ჩემი დები. რადგან ეს ამჯერად არ გამოგვივიდოდა - ყველა რუსთაველზე უნდა ვყოფილიყავით, ტრადიცია რუსთაველზე გადმოვიტანეთ. მე, დედა და ჩემი დები ახალ წელს იქ შევხვდით, სადაც ყველა - ქვეყნის მთავარ გამზირზე.

- ქვეყანაში საოცარი დღეებია - უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტი, ამ ყველაფერს აქტიურად აშუქებ და ფაქტობრივად, მუდმივად ეპიცენტრში ხარ... პროცესს, რაც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს, როგორც მოქალაქე, როგორ აფასებ?
- გეთანხმებით. საოცარი დღეებია, მაგრამ ამავდროულად მძიმე. ყველა ვხვდებით, რომ ახლა ბევრი რამ წყდება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენთვის თითოეული მოქალაქისთვის. თითქოს უფსკრულის პირისპირ დაგვაყენეს და ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები კატასტროფის შემობრუნებას საკუთარი ძალებით ვცდილობთ. რასაც ვაკვირდები და ვუსმენ, ადამიანებს საშინელი უსამართლობის განცდა აქვთ. არანაირი ნდობა აღარ აქვთ ე.წ. ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ჯერ არჩევნები გააყალბა, შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეაჩერა, მერე ვნახეთ წარმოუდგენელი ძალადობა - ადამიანების ცემა, წამება და დამცირება. საბოლოოდ მივიღეთ კრიზისი, როგორც პოლიტიკური და ძალიან მალე ალბათ ეკონომიკური კრიზისის წინაშეც აღმოვჩნდებით. გააგრძელეთ კითხვა