პუტინი ვიქტორ ორბანს აშანტაჟებს?! - რა კომპრომატები შეიძლება ჰქონდეს კრემლის ბინადარს უნგრეთის პრემიერ-მინისტრზე - კვირის პალიტრა

პუტინი ვიქტორ ორბანს აშანტაჟებს?! - რა კომპრომატები შეიძლება ჰქონდეს კრემლის ბინადარს უნგრეთის პრემიერ-მინისტრზე

„ჩვეულებრივი ადამიანები“ საკმაოდ ხშირად იცვლიან გადაწყვეტილებებს და ამას ყოველთვის მოეძებნება ახსნა/დასაბუთება: ზოგჯერ მარტივი, ზოგჯერ - რთული. აი, „არაჩვეულებრივი ადამიანები“ (ანუ პოლიტიკოსები) კი, როდესაც საკუთარ სტრატეგიულ გზას რადიკალურად ცვლიან და წლობით ნაქადაგები მოწოდება-ლოზუნგების საპირისპირო გადაწყვეტილებებს იღებენ, ამის ახსნა/დასაბუთება ძალზე რთულია: მათთვისაც და ჩვენთვისაც. რა საშინაო და საგარეო ფაქტორები აიძულებს პოლიტიკოსს, ამგვარი „სალტო-მორტალე“ (ანუ „სასიკვდილო ნახტომი“), მილიონობით ამომრჩევლის თვალწინ შეასრულოს და „პოლიტიკური თვითმკვლელობა“ ჩაიდინოს? ვინ და რა მოქმედებს ამ დროს პოლიტიკოსის „ჰარაკირზე“?

გამოცანა - როგორ ჩაეხუტა პუტინს ის, ვინც კრემლის ბინადარს წლების განმავლობაში აკრიტიკებდა?!

ერთი გამოცანა მინდა, შემოგთავაზოთ. გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან ე.წ. სოციალისტური ბანაკის ერთ-ერთ ქვეყანაში გამოჩნდა პროგრესული და დემოკრატიული იდეებით დამუხტული ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელიც არ ერიდებოდა და არ უშინდებოდა რეპრესიებს, სათქმელს პირდაპირ ამბობდა: მტერს - მტერს, ხოლო მოყვარეს - მოყვარეს უწოდებდა; საბჭოთა კავშირს, სრულიად სამართლიანად, - „რუსულ იმპერიად“ მოიხსენიებდა; მრავალპარტიულ და თავისუფალ არჩევნებს მოითხოვდა; უშიშროების სისტემის რადიკალური რეფორმირებისა და ლუსტრაციის აქტიური მხარდამჭერი გახლდათ. მოკლედ: დემოკრატიის „ტრუბადური“ იყო. რამდენიმე წლის შემდეგ, ღიპიანი პარტიული ჩინოვნიკებით განაწამებმა ამომრჩეველმა ჩვენს „ვარსკვლავთ ბიჭუნას“ დიდი ნდობა გამოუცხადა და საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა მოაპოვებინა. ასე გახდა ჩვენი გამოცანის გმირი 35 წლის ასაკში პრემიერ-მინისტრი. ახალგაზრდა პოლიტიკოსმა, რომელიც თანამოაზრეების გუნდთან ერთად მოვიდა ხელისუფლების სათავეში, ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები დაიწყო, საგარეო ვექტორად კი ქვეყნის ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მაქსიმალური დაახლოება აირჩია. უკვე 1999 წელს ეს ქვეყანა ნატოს წევრი გახდა. იმ პერიოდში ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ხშირად აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას, განსაკუთრებით - ვლადიმერ პუტინის „პრეზიდენტად დანიშვნის“ შემდეგ.

2000 წლის 24 თებერვალს ამ ქვეყნის დედაქალაქში აშშ-ის FBI-ის ოფისი გაიხსნა, ტერორიზმთან, საერთაშორისო კრიმინალთან და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაციების ჩასატარებლად.

2002 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა და ოპოზიაციაში გადაბარგდა. იმ პერიოდში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ხოლო შემდეგ, როგორც უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მკაცრად აკრიტიკებდა მთავრობას, რუსეთის სულ უფრო მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცევის გამო. 2007 წელს მან ერთ-ერთ გამოსვლაში ბრალი დასდო რუსეთს, ენერგეტიკული გიგანტების („გაზპრომი“, რაო ეესი“ „როსნეფტი“ და „როსატომი“) მეშვეობით მის ქვეყანაზე კონტროლის დამყარების მცდელობაში, - ახალგაზრდა თაობამ, რომელიც მხარს გვიჭერს, არ უნდა დაუშვას, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპაში „გაზპრომის“ „ყველაზე მხიარული ყაზარმა“ გახდესო, – განაცხადა მაშინ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა.

2008 წელს ის კვლავ აგრძელებდა რუსეთის ხელისუფლების კრიტიკას და ევროპის სხვა ქვეყნების მთავრობებს, რუსეთის ენერგეტიკულ რესურსებზე სულ უფრო მზარდი დამოკიდებულების გამო, "პუტინის მარიონეტებს" უწოდებდა. ხოლო ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების - „სამხრეთის ნაკადის“ პროექტში ჩართვისთვის საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება ეროვნულ ღალატში დაადანაშაულა.

მოულოდნელად კი ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა: 2009 წლის ნოემბერში ის სანქტ-პეტერბურგში პუტინს ეახლა, იმას, ვისაც წლების მანძილზე დაუნდობლად აკრიტიკებდა. ფორმალურად ის რუსეთის მმართველი პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ ყრილობაზე მიიწვიეს. ყურადსაღები და წინასწარ გათვლილი ოპერაციაა: იწვევენ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს და არა - ხელისუფლების წარმომადგენელს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩვენმა „გმირმა“ არა მარტო შეწყვიტა პუტინისა და რუსეთის კრიტიკა, არამედ - ევროპაში პუტინის მთავარი აპოლოგეტი და „ევროპელი პუტინისტი“ გახდა.

ამის შემდეგ იწყება რუსეთის იმპერიისა და პირადად პუტინის ქება/განდიდების წლები. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს გარემოებაც დაეხმარა მას, როდესაც 2010 წლის აპრილში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ გაიმარჯვა და ის კვლავ პრემიერ-მინისტრი გახდა. რა გასაკვირია, იცის პუტინმა თავისიანების დახმარება!

"პუტინის დივერსანტი" ევროკავშირში?!

შესაძლოა, ბევრისთვის უკვე ცხადი გახდა, რომ ჩვენი „გმირი“ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია, რომელსაც ხშირად ევროკავშირში შეგზავნილ „პუტინის დივერსანტსაც“ კი უწოდებენ. 2010 წლის შემდეგ ორბანი ევროკავშირის ნერვებზე ისე „უკრავს“, როგორც უნიჭო მუსიკოსი ელექტროგიტარაზე.

picture4-1736489343.jpg

2022 წლის დასაწყისი, ორბანი პუტინს სტუმრობდა და „დისტანციურად ეფერებოდა“. ასეა – „სიყვარულსა მალვა უნდა“.

უნგრეთში და მის ფარგლებს გარეთაც ბევრს აინტერესებს, თუ რა მოხდა 2009 წლის ნოემბერს სანქტ-პეტერბურგში ისეთი, რომ ვიქტორ ორბანს გონება ერთბაშად „გაუნათდა“ (თუ დაუბნელდა?) და პუტინს ასე „დაუნდობლად ჩაეხუტა“? განიხილება რამდენიმე ვერსია, რომელთაგან, ჩემი აზრით, ყველას აქვს არსებობის უფლება. მთავარი კითხვა კი ამგვარია: ხომ არ ხდება პუტინის ხელთ არსებული კომპრომატებით ორბანის დაშანტაჟება?

აშანტაჟებს თუ არა პუტინი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს?!

კარგადაა ცნობილი, თუ როგორ „ოსტატურად“ იყენებს მოსკოვი „შანტაჟის ხელოვნებას“. კომპრომატები, შესაძლოა, იყოს ძველიც და ახალიც. უნგრელი პოლიტოლოგები და ექსპერტები, რომლებიც უნგრეთის (ჩათვალეთ, იგივე საბჭოთა) კომუნისტური რეჟიმის სპეცსამსახურებთან ვიქტორ ორბანის შესაძლო კავშირებს სწავლობენ, დიდ პრობლემას აწყდებიან: უშიშროების არქივებიდან გამქრალია ძალზე ბევრი დოკუმენტი, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს „ფიდესის“ შექმნის პერიოდს ეხება, ხოლო ამ პარტიის ლიდერების აგენტურულ-ოპერატიული დამუშავების (რაც უფრო ადრე დაიწყო) შესახებ მხოლოდ ფრაგმენტული ინფორმაციაა შემორჩენილი.

უნგრელი ექსპერტების მტკიცებით, არსებული საარქივო დოკუმენტების მიხედვითაც ირკვევა, რომ ვიქტორ ორბანისა და მისი მეგობრების წრეში უშიშროების რამდენიმე აგენტი-ინფორმატორი იყო. თავად ორბანს არასოდეს უარყვია ეს ვერსია და მხოლოდ იმას იმეორებდა, რომ იმ დროს "მის წინააღმდეგ გამოიყენებოდა საიდუმლო სამსახურის სხვადასხვა ტაქტიკა" და რომ მას და მის მეგობრებს "მჭიდროდ აკონტროლებდნენ".

თუმცა უნგრელმა ექსპერტებმა არქივებში მიაკვლიეს ერთ პატარა ხელნაწერს და

picture3-1736489343.jpg

ისინი ამტკიცებენ, რომ ეს არის უნგრულ ენაზე ვიქტორ ორბანის ხელით დაწერილი ბარათი, სადაც ვკითხულობთ: „იშტვან ჩაკი, ტემეშვარი, ფიდესის ფარული წევრი გაბორ დიერი. ჯგუფი წევრი კევერი“. მათი აზრით, იშტვან ჩაკი კომუნისტური რეჟიმის უშიშროების ოფიცერი იყო, საიდუმლო აგენტი, ფსევდონიმით - „თემეშვარი“, „ფიდესის“ წევრი ჟოლტ შეშაკია, ხოლო „კევერი“, „ფიდესის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ვიქტორ ორბანის მეგობარი - ლასლო კევერი, რომელიც გარკვეული პერიოდი უკვე დამოუკიდებელი უნგრეთის რესპუბლიკის სპეცსამსახურების კურატორი იყო, ხოლო 2010 წლიდან - უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეა. რა აკავშირებდა ვიქტორ ორბანს იშტვან ჩაკთან? როდის და როგორ მოხვდა ორბანის ხელნაწერი უშიშროების არქივებში?“ – ეს კითხვები კვლავ პაუსხგაუცემელია.

picture2-1736489343.jpg

ეს კი უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის მესამე დეპარტამენტის (უშიშროება) მესამე განყოფილების (იდეოლოგიური) მეორე ქვეგანყოფილების (სტუდენტ ახალგაზრდობასთან მუშაობა) სიდუმლო დოკუმენტის ასლია, რომლის დედანი ოპერატიული აღრიცხვის განყოფილებაში ინახებოდა.

picture1-1736489343.jpg

პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი, 1999 წელი.

ამასთან დაკავშირებით არსებობს ვერსია, რომ უნგრეთის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ „ფიდესის“ პარტიის შექმნაში და გულმოდგინედ არჩევდნენ მომავალ ლიდერებს. თავად ვიქტორ ორბანის განცხადებით, ახალგაზრდობაში მას სჯეროდა კომუნისტური იდეალების (ერთი პერიოდი სკოლის ახალგაზრდული კომიტეტის თავმჯდომარეც ყოფილა), თუმცა სამხედრო სამსახურის შემდეგ იგი დემოკრატიის დასავლური მოდელის მხურვალე მხარდამჭერი და ანტიკომუნისტი გამხდარა. ინტერვიუში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ: „...ოთხმოციანი წლების დასაწყისიდან ჩვენს წინააღმდეგ სპეცსამსახურები ყველანაირ მეთოდებს იყენებდნენ. გვითვალთვალებდნენ, აგენტები შემოგვიგზავნეს, მოსასმენი მოწყობილობები დაამონტაჟეს სამუშაო ადგილზე, ბინაში და საძინებელშიც კი...“.

შეიძლება ზოგიერთს გული აუჩუყდა და შეეცოდა „ახალგაზრდა დისიდენტი“, თუმცა რეალობა სულ სხვაა: ვიქტორ ორბანს, მის მეუღლეს - ანიკო ლევაის, მათ მეგობრებსა და მთლიანად „ფიდესს“ მფარველობდა და პატრონობდა უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის ყოვლისშემძლე შინაგან საქმეთა მინისტრი იშტვან ხორვატი, რომელსაც საკუთარი „ოპერატიული კომბინაციები“ ჰქონდა, სადაც „ფიდესს“ განსაკუთრებული ადგილი ეკავა.

(მეხუთე ნაწილის დასასრული)