ტრამპის დილემა: "აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა არ იცის, თუ როგორ შეწყვიტოს ომი და..." - Financial Times
„აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯერჯერობით არ იცის, თუ როგორ შეწყვიტოს ომი და, შესაბამისად, არ აქვს განზრახული, შეაჩეროს ამერიკის სამხედრო დახმარების ნაკადი უკრაინის მიმართ“, - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორები - ჰენრი ფოი, მაქს სედონი და ემი კაზმინი).
„დონალდ ტრამპი ომის შეწყვეტის ვადებს ცვლის, კიევის მხარდაჭერის ნიშნად“, - ასეთი დედააზრია გატარებული პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიის შინაარსს:
ტრამპის დილემა - როგორ შევაჩეროთ ომი?!
როგორც ავტორები აღნიშნავენ, ორი ევროპელი ოფიციალური წყარო, რომლებმაც თავიანთი ვინაობა არ დაასახელეს, ამბობს, რომ დონალდ ტრამპის გუნდს, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ვერ გადაუწყვეტია, თუ კონკრეტულად როგორ შეაჩეროს რუსეთ-უკრაინის ომი, ამიტომ ამერიკის დახმარებას უკრაინა ინაუგურაციის - 20 იანვრის შემდეგაც მიიღებს.
„დონალდ ტრამპის გუნდი ძალის გამოვლენის იდეებით არის გატაცებული და აუცილებლობად თვლის, რომ არჩეული პრეზიდენტი ძლიერ პოლიტიკოსად უნდა გამოიყურებოდეს. ამიტომ გუნდის წევრები უკრაინის მიმართ თავიანთ მიდგომას თანდათან ცვლიან“, - ამბობს ერთ-ერთი წყარო, „ფაინენშელ ტაიმსთან“ საუბარში.
დონალდ ტრამპმა ამ კვირაში განაცხადა, რომ იმედი აქვს, ომის შეწყვეტის შეთანხმების დადებას რამდენიმე თვის - ნახევარი წლის შემდეგ - მიაღწევს, თუმცა იგი, როგორც გვახსოვს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ ომს აუცილებლად შეწყვეტს ერთი დღე-ღამის - 24 საათის - განმავლობაში, როგორც კი პრეზიდენტად იქნება არჩეული.
ომი 100 დღის შემდეგ დამთავრდება?!
დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში - კიტ კელოგმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ (Fox news) ეთერში ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისი მიზანია, ომი 100 დღის განმავლობაში შეაჩეროს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.
ევროპელი ლიდერები და ოფიციალური პირები დონალდ ტრამპს და მის გუნდს უმტკიცებენ, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარების გაგრძელება უკრაინისადმი აუცილებელია იმისათვის, რომ კიევის პოზიციები მყარი იყოს იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის მაგიდასთან დაჯდომაზე უარს განაცხადებს, ომის დაწყებიდან თითქმის სამი წლის შემდეგ.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ, რომელიც გასულ კვირას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს მისსავე რეზიდენციაში - მარა-ლაგოში (ფლორიდის შტატში) შეხვდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროსაც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას: „მე მჯერა, რომ აშშ უკრაინის მხარეს იქნება. დონალდ ტრამპი, რასაკვირველია, ომის მშვიდობიან გადაწყვეტაზე იფიქრებს და იმოქმედებს, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ეს უკრაინის მიტოვებას ნიშნავს“.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ, ომის შეწყვეტის წინ მტკიცე გარანტიები უნდა მიიღოს, უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. „ჩვენ კარგად გვახსოვს და ვიცით, რომ რუსეთი ხშირად არღვევს ხოლმე თავისივე ხელმოწერილ შეთანხმებებს. უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ჩვენ არ ვართ დარწმუნებულნი, რომ რუსეთი აგრესიას ისევ არ გაიმეორებს“, - აღნიშნა ჯორჯა მელონიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს, დაარწმუნოს ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები, რომ უკრაინისათვის საუკეთესო გარანტიას ნატოს წევრად მიღება წარმოადგენს, მაგრამ არც ჯო ბაიდენი და არც დონალდ ტრამპი ასეთი ნაბიჯის მომხრენი არ არიან. იგივე პოზიცია აქვს ზოგიერთ ევროპელ ლიდერს, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ჩათვლით. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ კი უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო-სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნის იდეა წამოაყენა.
რა სურს პუტინს?!
თავის მხრივ, კრემლი, პრინციპში, მიესალმება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ძალისხმევას, დიალოგის დაწყებისა და მშვიდობის დასამყარებლად. ვლადიმერ პუტინს სურს ისეთი შეთანხმების გაფორმება, რომლშიც ჩაწერილი იქნებოდა გარანტია - უკრაინა არასოდეს გახდება ნატოს წევრი და რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უარს იტყვის თავის აღმოსავლეთ ფლანგზე დაგეგმილ ზოგიერთ სამხედრო ოპერაციაზე.
„მას [ვლადიმერ პუტინს] სურს, შეცვალოს საერთაშორისო წესრიგი ისე, რომ რუსეთის მიმართ რაიმე მუქარა და საფრთხე არ არსებობდეს. იგი ძალიან არის დაინტერესებული იმით, თუ როგორი იქნება მსოფლიო ომის შემდეგ“, - ამბობს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი კრემლიდან