ირანულ-რუსული სკანდალი - ირანელმა გენერალმა პუტინის არმია სირიაში ღალატში დაადანაშაულა
ომში წაგების შემდეგ რომ გენერლები ერთმანეთს ადანაშაულებენ, არახალი ამბავია და ეტყობა ისტორიულადაც მოდის(ამის მაგალითად ქართველებს აფხაზეთისა და აგვისტოს ომებიც გვეყოფა), მაგრამ ძალზე საინტერესო სიტუაცია იქმნება, როდესაც ორი სტრატეგიულად დაკავშირებული სახელმწიფოდან ერთის მაღალჩინოსანი გენერალი მეორე ქვეყანას ფაქტობრივად დიდ ღალატში სდებს ბრალს...
The New York Times-ი ხელწამოსაკრავი გამოცემა ნამდვილად არ არის და მის მიერ გამოქვეყნებული სკანდალური ინფორმაცია ნამდვილად იმსახურებს დიდ ყურადღებას, მით უმეტეს, რომ საქმე ეხება საქართველოს მეზობელ რუსეთსა და ირანს.
ამერიკული საინფორმაციო საშუალება აქვეყნებს მასალას იმის შესახებ, რომ გასულ კვირას თეირანის ერთ-ერთ მეჩეთში სიტყვით გამოვიდა მაღალჩინოსანი ირანელი გენერალი ბეჰრუზ ესბათი, რისი აუდიოჩანაწერიც ხელში ჩაუვარდათ ჟურნალისტებს.
ირანელი გენერლის სენსაციური განცხადება
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ უფროსი სარდალი, ბრიგადის გენერალი ბეჰრუზ ესბათი სირიაში ირანული სამხედრო დაჯგუფებების სირიელ და რუს სამხედრო მეთაურობებთან კოორდინაციას ახორციელებდა და მასზე მეტად ბევრს არ ეცოდინება, თუ რამ გამოიწვია უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური კატასტროფა, როდესაც სწორედ ირანელი და რუსი სამხედროების დახმარებით ათი წლის განმავლობაში შენარჩუნებული ბაშარ ასადის რეჟიმი, სულ რაღაც ათ დღეში ჩამოიშალა ალეპოდან დამასკოსკენ „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის“ მებრძოლების შეტევების დაწყების შედეგად.
ირანელი გენერალის გულწრფელობამ შოკში ჩააგდო თეირანის მეჩეთში შეკრებილები,რადგან მან რამდენიმე სენსაციური აღიარება გააკეთა...
პირველი - „მე არ მგონია,რომ სირიის დაკარგვა ისაა, რითაც უნდა ვიამაყოთ ირანში. ჩვენ სერიოზული მარცხი განვიცადეთ. ჩვენ ძალიან მძიმე დარტყმა მოგვაყენეს“ - გენერლის ეს პირდაპირობა ეწინააღმდეგება ირანის ისლამური სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სირიაში ასადის რეჟიმის დამხობით ირანს ბევრი არაფერი დაუკარგავს.
მეორე- „რუსეთი,რომელიც გვიმტკიცებდა, რომ ბომბავს „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის“ შტაბებსა და ავტოკოლონებს, სინამდვილეში ბომბებს უდაბნოში ყრიდა“-ერთგვარ ღალატში ამხელს ირანელი გენერალი სირიაში მოქმედ რუსულ სამხედრო კონტინგენტს, რომლის ჰმეიმიმიდან აფრენილი საფრონტო ბომბდამშენებს წესით ზუსტი დაბომბვებით უნდა შეეჩერებინათ შეტევაზე გადასული „ჰაიათ ტაჰრირ აშ-შამის“ მებრძოლებით სავსე პიკაპების კოლონები.
"შესაძლოა არსებობდა ფარული შეთანხმება თელ-ავივსა და მოსკოვს შორის"
მესამე - „როდესაც ისრაელის ავიაცია სარაკეტო დარტყმებს აყენებდა სირიის ტერიტორიაზე განთავსებულ ირანული სამხედრო ფორმირებების პოზიციებს, რუსულ სამხედრო ბაზებზე სპეციალურად გამორთავდნენ რადიოლოკატორებს, რითაც კიდევ უფრო წაახალისებდნენ ისრაელს ასეთი საჰაერო დარტყმების გასაგრძელებლად, შესაძლოა არსებობდა ფარული შეთანხმება თელ-ავივსა და მოსკოვს შორის“-აცხადებდა ირანელი გენერალი ბეჰრუზ ესბათი.
მეოთხე და მთავარი- „ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო ურთიერთობების დაძაბვა ოფიციალურ თეირანსა და დამასკოს შორის,რადგან პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა უარყო ირანის ხელისუფლების თხოვნა...სირიის ტერიტორიიდან ირანულ შეიარაღებულ ფორმირებებს ზურგიდან მეორე ფრონტი გაეხსნათ იმ ისრაელისთვის,რომელიც სამხედრო ოპერაციას ახორციელებდა ღაზას სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ“-განუცხადა ირანელმა გენერალმა მეჩეთში შეკრებილებს.
თუკი ირანელი მაღალჩინოსანი გენერლის ბეჰრუზ ესბათის თეირანის ერთ-ერთ მეჩეთში სიტყვით გამოსვლის აუდიოჩანაწერი ავთენტურია,გამოდის,რომ ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობა მისი სტრატეგიული პარტნიორების-ირანისა და რუსეთის შეუთანხმებელმა და ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედებმა გამოიწვიეს,რასაც დაემატა თავად ასადის ხელისუფლებაში არსებული დიდი ბიუროკრატია,კორუფცია(სირიის ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ნაწილი ისრაელის სპეცსამსახურების მოსყიდულიც კი აღმოჩნდა) და სირიელი სამხედროების პანიკაში ჩავარდნა,როდესაც დაინახეს,რომ ვის იმედზეც იყვნენ-რუსები და ირანელები იქით შველოდნენ თავს და აღარ აპირებდნენ სამხედრო დახმარების გაძლიერებას...