მუსიკოსების მოსალოდნელი "პოლიტიკური მიგრაცია" და შოუთი ვერგაკეთებული ბიზნესი. - კვირის პალიტრა

მუსიკოსების მოსალოდნელი "პოლიტიკური მიგრაცია" და შოუთი ვერგაკეთებული ბიზნესი.

ანუ "მე და ჩემნაირები უკვე სექსუალურ უმცირესობას წარმოვადგენთ"

ჩემი რესპონდენტი ის ადამიანია, რომელმაც 24 წლის წინ ქუთაისში პირველი ქართული ანდერგრაუნდჯგუფი, "აუთსაიდერი" ჩამოაყალიბა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა, არა ჯგუფის ცხოვრებაში... დღემდე რობი კუხიანიძე და "აუთსაიდერი" სათქმელსა და პროტესტს მუსიკის საშუალებით გამოხატავს. მათ კი სათქმელი საკმაოდ ბევრი აქვთ. ამიტომაც მე და რობი ვისხედით და ვსაუბრობდით ყველაფერზე. ყველაფერზე, რაზეც საუბარი შეიძლება.

- როგორ ბრძანდებით, რობი?

- 46 წლის განმავლობაში ბოლო 20 დღე ყველაზე ბედნიერი ვარ, რადგან ბაბუა გავხდი, ჩვენს ოჯახს პატარა ალექსანდრე შემოემატა. ჯერ დრო მჭირდება, რომ ეს ბედნიერება გავითავისო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კარგი ბაბუა ვიქნები.

- მახსოვს, ამას წინათ ამბობდით, რომ ახალი კლიპის გადაღება გსურდათ.

- კი, ნუცა კუხიანიძესთან ერთად ვაპირებ კლიპის გადაღებას. მუშაობას არ ვწყვეტ, არაერთ სიმღერას ვწერ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ სიმღერებს დანიშნულება არა აქვს. ფუნქციაც კი ვერ მოვუძებნე... რთულია დღეს მუსიკოსობა, საქართველოში სულ რამდენიმე ჯგუფია, რომელიც ფინანსდება, მაგრამ მე მუსიკის ისეთ სფეროს ვემსახურები, არავის მოვთხოვ, მოდი, დამაფინანსე-მეთქი. როკ-მუსიკოსები ხშირად წუწუნებენ, აუ, რატომ მერია არ გვაფინანსებსო?! რატომ უნდა მაფინანსებდეს მერია? მთელი ცხოვრებაა, პროტესტის ნიშნად ვმღერი და ჩემს პროტესტში ფული მოვთხოვო ვინმეს?! მაშინ ხომ ჩემი მუსიკა მნიშვნელობას დაკარგავს?! არის რამდენიმე ისეთი მუსიკალური ჯგუფი, რომელიც სახელმწიფოს დაკვეთაზე მუშაობს და კარგ ფულს იღებს, მაგრამ არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც საკუთარი სიამოვნებისთვის გამართავს შენს კონცერტს და თუნდაც ამ სახით გამოხატავს პროტესტს ბევრი რამის მიმართ. საქართველოში ყველაზე დიდი პროფესია, რომლითაც ფული იშოვება, პოლიტიკოსობაა. ნახეთ, რა ხდება, გამოჩნდა ვიღაც ფულიანი კაცი და ყველა მისკენ გარბის. ცოტა ხანში თქვენ მუსიკოსების სირბილსაც ნახავთ. დიდი მიგრაცია დაიწყება!

ვარდების რევოლუციის დროს მე წვიმის მუსიკოსი ვიყავი. მახსოვს, აქციაზე შევარდნაძის მხარდამჭერი მუსიკოსები რომ მოდიოდნენ და დაგვცინოდნენ... რევოლუციის შემდეგ, პირველივე კონცერტზე ისინი, ვინც ჩვენ დაგვცინოდა, სცენაზე იდგნენ, მე კი კონცერტზე არ მიმიწვიეს.

დღეს ბევრი ადამიანი რეალობას მოსწყდა, თითქოს ვერ ხედავენ, ნახევარი საქართველო ნაგავში რომ იქექება... ჩემი ასაკის ადამიანებს კარგად ახსოვთ 1990-იანი წლები, იმ ავადსახსენებელ დროსაც კი არ იყო ამდენი გაღატაკებული ადამიანი. მე იმ დროს ვარ გაზრდილი, როცა სახელმწიფო და ქურდული მენტალიტეტის მქონე ადამიანები ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ. რასაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებდა, ქურდული მენტალიტეტი აკონტროლებდა და პირიქით... ახლა ოფიციალურად, შავად კი არა, "ჭრელფერად" გეუბნებიან, - ჩმორი ხარ, დაახვიე აქედან, ჩუმად იყავიო... ბედნიერი ვარ, რომ ქურდობა იშვიათად ხდება და წყნარად ვცხოვრობთ, მაგრამ პიროვნების თავისუფლების შემცირების ხარჯზე არ შეიძლება ამ ყველაფრის კეთება.

რაც შეეხება ჩვენს შოუბიზნესს, მკვდარზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერსო, არა? პატარა სახელმწიფოში რთულია, შოუთი ბიზნესი აკეთო. ბოლო დროს "აუთსაიდერი" თითქოს მოთხოვნადი გახდა, კონცერტზე რამდენიმე სიმღერაში იმდენ ფულს მთავაზობდნენ, არასოდეს რომ არ გადაუხდიათ... - ვთქვათ, სიმღერა ვიმღერე, მერე-მეთქი? - ვიკითხე. - მერე ერთი-ორი სიტყვის თქმა მოგიწევს, რომ შენი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსიროო, მითხრეს. - გედოს ეგ ფული, სადაც გიდევს, წავალ სახლში და 1 ცალ კვერცხს შევჭამ-მეთქი, ვუთხარი და წამოვედი. არც სახლი მაქვს, არც ფული, მაგრამ ვიღაცის "ბანაკში" არასოდეს ვიქნები.

ბოლო დროს "დიმპიტაურა" სიმღერები შემოვიდა მოდაში, საზოგადოება ყოველთვის უსმენდა ამ სტილის მუსიკას, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, მისი პოპულარიზაცია სახელმწიფოს დაკვეთაა. ჩვენი პოპულარული მომღერლები რესტორნებსა და საქორწილო სუფრებს ვერ გასცდნენ. თავადვე აღიარებენ, ჩავდივართ ისრაელში და ქორწილებში ვმღერითო...

ამ ბოლო დროს სექსუალური უმცირესობების პატივისცემას ითხოვენ, რას ჰქვია, პატივს არ ვცემ, ვინ რა დამიშავა, მაგრამ ერთი მე მკითხონ, რომელ უმრავლესობაში ვარ? მე და ჩემნაირები უკვე სექსუალურ უმცირესობას წარმოვადგენთ და არა მგონია, ჩვენს უფლებებსაც ისევე იცავდნენ, როგორც მათსას. დღეს აქტუალურია მარიხუანას ლეგალიზების თემაც. არ შეიძლება საქართველოში ნარკოტიკების ლეგალიზება, ხალხო! მაგრამ თუ ტურიზმი გვინდა, განვითარდეს, იძულებული ვართ, ეს დათმობა გავაკეთოთ...

ხშირად მეკითხებიან, რა არის, რას მღერიო? რაღაცები არ მომეწონა, ვდგავარ და ვმღერი! ვმღერი, რომ იქნება ომი, რა, არ იყო ომი?! ომში ვცხოვრობთ, მშვიდობამდე ჯერ შორს ვართ. ადრე ტელევიზიები "აუთსაიდერის" სიმღერების ჩამონათვალს რომ ითხოვდნენ, სირცხვილით ვერ ვაძლევდით, ისეთი სახელები ერქვა... სიმღერისთვის სახელი არასოდეს დამირქმევია, ამას ჩემ მაგივრად ხალხი აკეთებს. ყველა ტექსტი კი ქართული რეალობის გამოძახილია.

- და მაშინ, როცა ამ სიმღერებს ქუთაისში მღეროდით, როგორი იყო საზოგადოების რეაქცია?

- თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენმა სიმღერებმა თბილისელები უფრო გააკვირვა, თორემ ქუთაისში უარყოფითი რეაქცია არავის ჰქონია. მაშინ, როცა ყველას ძალიან უჭირდა და არც სინათლე იყო, ჩვენს აპარატურას ხელის ურმით დავატარებდით და კონცერტებს ვმართავდით. მაგალითად, ერთ დღეს დავდგებოდით მერიასთან, გამოვაცხადებდით "მერის თანადგომის დღეს" და კონცერტს ვმართავდით. უამრავი ადამიანი მოდიოდა. ზუსტად იმ პერიოდში ჩვენი ჯგუფის მაგალითზე 8 ჯგუფი მაინც შეიქმნა, რომლებიც ჩვენი მიმართულებით "მოძრაობდნენ". უამრავი გაჭირვების მიუხედავად, "აუთსაიდერი" დღემდე ცოცხლობს და მღერის.

ელენე ბასილიძე (სპეციალურად საიტისთვის)