კურახოვო დაეცა?! - იქნება თუ არა შემდეგი პოკროვსკი
სასწაული არ მოხდა, უკრაინული კურახოვო რუსმა ოკუპანტებმა, სამწუხაროდ მთლიანად დაიპყრეს, რაც გარდაუვალიც გახლდათ...
7 იანვრის ბლოგში „კურახოვოს ალყა: ახალი მარიუპოლის საფრთხე?! - დაუშვებს თუ არა ზელენსკი საბედისწერო შეცდომას“, ვწერდით, რომ მიწასთან გასწორებული კურახოვოს გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელი გახლდათ, რადგან ის ორ „ტომარაში“ იყო მოქცეული და უმჯობესი იქნებოდა, თუკი კურახოვოსთვის ჯერ კიდევ მებრძოლი უკრაინელები დროულად და ორგანიზებულად დაიხევდნენ და ამით თავს დააღწევდნენ ორმაგ ალყაში მოხვედრას... 11 იანვრის DeepState-ს ოპერატიულ რუკაზე კარგად მოჩანს, რომ კურახოვოს უკვე მთლიანად დაეპატრონენ რუსი ოკუპანტები, თუმცა უკრაინის გენშტაბი ამას ოფიციალურად ჯერ კიდევ არ აღიარებს.
ასევე ჯერ უცნობია შეძლეს თუ არა უკრაინელმა სამხედროებმე დროული, ორგანიზებული უკანდახევა და ხომ არ ჩარჩნენ ალყაში, განსაკუთრებით კი კურახოვოს დანგრეულ თბოელექტროსადგურთან, სადაც ბოლომდე ინარჩუნებდნენ პოზიციებს, თუმცა ამას აზრი დაკარგული ჰქონდა...
კურახოვოდან ჩრდილოეთით, შევჩენკოსთან რუსეთის საოკუპაციო ძალები დასავლეთით ყველაზე წინწაწეულ პოზიციებზე იმყოფებიან და ხუთიოდე კმ-ში მიუახლოვდნენ დნეპროპეტროვსკის ოლქის საზღვარს, რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინის აგრესორი არმია უკრაინის მორიგ, უკვე შიდა ოლქში აპირებს ახალი უკრაინული მიწების დაპყრობას...

თუმცა, შევჩენკოდან რუსების იერიში უფრო ჩრდილოეთით იქნება მიმართული, ვიდრე დასავლეთისკენ, რათა სამხრეთიდან მიადგნენ პოკროვსკს-უკრაინის დონეცკის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ქალაქს...
პოკროვსკი საბჭოთა პერიოდიდან ითვლებოდა უკრაინაში ქვანახშირის წარმოების მთავარ ადგილად და მისი დაკარგვა ფაქტობრივად შეაჩერებს უკრაინაში ფოლადის გამოდნობას, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანია, რომ პოკროვსკი არის მსხვილი ლოგისტიკური ჰაბი, საიდანაც ხორციელდება ფრონტის მომარაგება ჩრდილოეთით კონსტანტინოვკა-კრამატორსკი-სლოვიანსკის მიმართულებით იმ სამხედრო ტვირთებით, რომლებიც დნიპროდან და პავლოგრადიდან იგზავნება.

მტერი ცდილობს სამხრეთიდან-შევჩენკოდან და აღმოსავლეთიდან-კრასნი იარიდან შეტევებით ისეთივე „მარწუხებში“ მოაქციოს პოკროვსკი, როგორიც ეს მას წარმატებით გამოუვიდა იმავე კურახოვოს ალყაში მოქცევისა და დაპყრობის შემთხვევაში.
პოკროვსკის დაცემის შემთხვევაში კი უკრაინის არმია რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან დნეპროპეტროსკის ოლქში დონეცკის ოლქთან შედარებით ნაკლები დასახლებული პუნქტებია, რაც პუტინის აგრესორ არმიას უფრო სწრაფად წინსვლის საშუალებას გაუადვილებს, თვით მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპირომდე, საიდანაც ფრონტის ხაზამდე ახლა 150 კმ-ია დარჩენილი პირდაპირი ხაზით.
განვლილი 2024 წელი მთლიანად უკანდახევებით აღინიშნა და თუკი ამ წლის დასაწყისიდანვე უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა სასწრაფოდ რაიმეს არ შეცვლის აღმოსავლეთ ფრონტზე, პირველ რიგში კი თავდაცვის ტაქტიკას არ დახვეწს იმისთვის, რომ მოწინააღმდეგემ ვეღარ შეძლოს ფლანგებიდან წარმატებით შეტევები, რუსი ოკუპანტები ასეთი ტემპით მდინარე დნეპრთან რამდენიმე თვეში გავლენ...