"ეს ქალბატონი აქვეყნებს ჩემი რენტგენის ფოტოს საჯაროდ... მეტისმეტი ქაჯობაა რაც გააკეთა!" - ალეკო ელისაშვილისა და ნინო ნადირაძის "დაპირისპირება" გრძელდება
ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ნინო ნადირაძის პოსტს პასუხობს:
"ეს ქალბატონი აქვეყნებს ჩემი რენტგენის ფოტოს საჯაროდ. ამ ქალს ვინმემ აუხსნას, რომ ეს არის ჩემი პირადი ინფორმაცია, პირადი ინფორმაციის გამოქვეყნება კი აკრძალულია და დაუშვებელია. თან აკრძალულია და თან ძალიან არაეთიკურია ასეთი ქმედება. მეტისმეტი ქაჯობაა რაც გააკეთა! ეს რაც შეეხება რენტგენის ფოტოს გამოქვეყნებას, თორემ დიაგნოზი რომ შეცვალეს და დამალეს ეგ ცალკე ამბავია და მაგ ამბავზე პასუხს ვაგებინებ მაგ ქალსაც და მის ფაშისტურ კლინიკასაც" - წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ალეკო ელისაშილმა ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავდა, რომ არასწორი დიაგნოზი დაუსვეს:
"როგორც ჩანს, "ვივამედი" ისე აცხობს და წერს აქციებზე ნაცემი და დაკავებული ხალხის დიაგნოზებს, როგორც ზემოდან დაურეკავენ და დაავალებენ.
ჩემი დაკავებისას თავი გაიგიჟეს, გამოკვლევები ჩამიტარეს, რენტგენიც გადამიღეს და მხოლოდ დაჟეჟილობა გაქვსო. ბოლო დროს ტკივილმა მომიმატა, დღეს ტომოგრაფია გადავიღე და ნეკნი მქონია მოტეხილი.
წარმომიდგენია, სხვა უფრო მძიმე დაზიანებების დროს დიაგნოზებში რას ჯღაბნიან. სცემთ, აკავებთ ხალხს, ჯანდაბას, დიაგნოზი მაინც უთხარით მართალი, იქნებ, ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის ამბავს წყვეტს.
12 წლის შემდეგ "ქართული ოცნების" ერთადერთი მიღწევა ის აღმოჩნდა, რომ ნაცებს გადაასწრეს სადიზმში, ფეხებზე კიდიათ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.
მაგრამ რაც არ უნდა აცხოთ და აფორმოთ ვივამედში დიაგნოზები, ვერც მძარცველ პოლიციას ვეღარ აღუდგენთ რეპუტაციას და აღარც ისტერიულ ბოდვებში მყოფ ქართულ ოცნებას ეშველება მაგით რამე. სადაც უკვე აქამდე დავიდნენ, მართლა წასულია ამათი საქმე და აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად!" - დაწერა ალეკო ელისაშვილმა.
პოლიტიკოსის მსგავს პოსტს სოციალურ ქსელში ნინო ნადირაძემ უპასუხა:
"არავის გაუბედავს, თქვენიანების გარდა "ვივამედზე" ზეწოლა და დიაგნოზების კარნახი, არანაირი მწვავე ტრავმა არ აღინიშნებოდა, ვიმეორებ, მწვავე, ტკივილგამაყუჩებელიც კი არ გააკეთებინა მორიგე ექიმს. არაპროფესიონალიც დაინახავს" - დაწერა ნინო ნადირაძემ.